საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: გურამ მურადოვი
28 ნოემბრიდან, ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების საპასუხოდ, თბილისის ქუჩებში მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ მიზანმიმართული წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გარდა, დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციების დასაშლელად სხვადასხვა სპეციალური საშუალების მასშტაბურად გამოყენება, როგორიცაა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. სპეციალური საშუალებები განსაკუთრებით აქტიურად 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში გამოიყენებოდა და ხშირ შემთხვევაში, არ არსებობდა მათი გამოყენების კანონიერი საფუძველი, დარღვეული იყო პროპორციულობის მოთხოვნები და მათი გამოყენების წესი.
სახალხო დამცველის შეფასებით, ამ დროის განმავლობაში, საპროტესტო აქციებს არსებითად მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით, დაირღვა შეკრების თავისუფლება. ომბუდსმენმა მშვიდობიანი მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი დააფიქსირა.[1] სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ აქციის ინდივიდუალური მონაწილეების მიმართ პროპორციული რეაგირების ღონისძიებების გამოყენების ნაცვლად, სამართალდამცავებმა მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ გენერალიზებული სპეციალური საშუალებების გამოყენებით უფლებაში ჩარევის პროპორციულობის სტანდარტი დაარღვიეს.[2]
წყლის ჭავლის გამოყენება
მასობრივი საპროტესტო აქციების პირველ დღეებში, საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლი სხვა ქიმიურ საშუალებებთან შერევითაც გამოიყენეს. 30 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დაადასტურა, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც დემონსტრანტებს არბევდნენ, გარეული იყო სხვა ნივთიერებაც, მათ შორის, ცრემლსადენი გაზიც, თუმცა არ დაუზუსტებია სხვა ნივთიერებები. ამასთან, მისი მტკიცებით, სპეციალური საშუალებების გამოყენებისას სამინისტრო პროპორციულობის ტესტით ხელმძღვანელობს, მოსალოდნელი ზიანის და საფრთხის აღსაკვეთად.[3]
ამის საპირისპიროდ, მედიაში გავრცელებული კადრები ადასტურებს, რომ მართალია, საპროტესტო აქციის დაშლის დაწყებამდე, ხშირ შემთხვევებში პოლიცია ავრცელებდა გაფრთხილებას სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, თუმცა ისეთი გენერალიზებული სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძველი, როგორც წყლის ჭავლია, არ არსებობდა. ამასთან, მრავალრიცხოვანი დემონსტრაციის პირობებში, მოქალაქეთა ნაწილის გადმოცემით, ზოგიერთ შემთხვევაში, გაფრთხილების ხმა მათ ლოკაციამდე არ აღწევდა, შესაბამისად, მათთვის სურვილის შემთხვევაში, დემონსტრაციის დატოვების და უსაფრთხო ადგილას გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღება შეუძლებელი იყო.
იქიდან გამომდინარე, რომ აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა პროტესტს მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდა, მათ მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებით საპროტესტო აქციის დაშლის არც ლეგიტიმური მიზანი არსებობდა და არც აუცილებლობა. ამასთან, პოლიციას არ უცდია იმ პირების საპროტესტო აქციიდან გარიდება, რომლებიც, სავარაუდოდ, გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს. ამის ნაცვლად, ძალოვნები მრავალათასიანი საპროტესტო აქციის დაშლას წყლის ჭავლის საშუალებით იწყებდნენ. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, განურჩეველი ეფექტებისა და მაღალი პოტენციური ზიანის მქონე საშუალებები, როგორიცაა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, მხოლოდ გენერალიზებული ძალადობის ვითარებაში უნდა იქნეს გამოყენებული, ხალხის დაშლის მიზნით, და მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალადობის შემაკავებელი ყველა საშუალება იქნა გამოყენებული. ამასთანავე, მათი გამოყენება მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც ადამიანებს დაშლის შესაძლებლობა აქვთ და არა მაშინ, როდესაც გასასვლელი გზები ან სივრცე ჩახერგილია. მათ გამოყენებამდე, ხალხს უნდა მიეცეს გაფრთხილება და დაშლის საშუალება.[4] ნებისმიერი გადაწყვეტილება წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ, უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტუალურ ფაქტორებს, როგორიცაა განსაკუთრებულად ცივი ამინდი, რამაც შეიძლება მისი გავლენა გაამწვავოს. წყლის ჭავლის გამოყენება უნდა შეწყდეს მაშინვე, როდესაც ადამიანები ძალადობას შეწყვეტენ ან დაიშლებიან.[5]
რაც შეეხება წყლის ჭავლისა და ქიმიური ნივთიერებების შერევას, Amnesty International-ის თანახმად, წყლისა და ქიმიური ნივთიერებების ერთდროულად გამოყენება შეუძლებელს ხდის ამ გამაღიზიანებლების ზუსტი დოზის კონტროლს, რასაც, დამატებით, შეიძლება ხანგრძლივი ეფექტი ჰქონდეს ადამიანებზე, რომელთა ტანსაცმელიც ამ ხსნარით იჟღინთება.[6] ამგვარად, წყლის ჭავლის ქიმიურ ნივთიერებებთან კომბინაციამ და წნევით დემონსტრანტებზე მიმართვამ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების რეალური რისკები შექმნა და შერეული ნივთიერებების რაობის შესახებ ინფორმაციის არარსებობის პირობებში, უცნობია, როგორი ეფექტი ექნება მათ გამოყენებას აღნიშნული სპეციალური საშუალებების ქვეშ მოხვედრილი ადამიანების ჯანმრთელობაზე სამომავლოდ.
ქიმიური ნივთიერებების გამოყენება
საპროტესტო აქციების დაწყების პირველ კვირაში ასევე გამოვლინდა საპოლიციო ძალების მიერ ქიმიური საშუალებების, - წიწაკის სპრეის და უფრო მასშტაბურად, ცრემლსადენი გაზის დიდი რაოდენობით გამოყენება, მათ შორის, სპეციალური იარაღით გასროლის ფორმით, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ.[7] ასევე, ხშირ შემთხვევაში, ცრემლსადენი გაზის გასროლა ხდებოდა მჭიდროდ მდგომი დემონსტრანტების მასის მიმართ, რაც რუსთაველის გამზირის სივიწროვის გათვალისწინებით, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ართულებდა დემონსტრანტების მიერ ტერიტორიის დატოვებას, რასაც ბევრად მძიმე ეფექტები ჰქონდა აქციის მონაწილეებზე. მაგალითად, სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზის კაფსულები ჩააგდო ალყაში მოქცეულ დემონსტრანტებს შორის, რომლებსაც ტერიტორიის დატოვების საშუალება არ ჰქონდათ.[8] სუნთქვის გართულებასთან ერთად, დემონსტრანტების ალყაში მოქცევამ, შეიძლება მათ შორის პანიკის დათესვა გამოიწვიოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც პოლიციას მიღებული აქვს საპროტესტო აქციის დაშლის გადაწყვეტილება, პროტესტის მონაწილეების ჯგუფის ალყაში მოქცევა და მათთვის გასასვლელი გზების ჩაკეტვა, ამ მიზნის საწინააღმდეგოდ, მოქალაქეების დასჯის, მათთვის ზიანის მიყენების და დაშინების განზრახვებზე მიანიშნებს.
მედიამ ასევე დააფიქსირა პოლიციელების მიერ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების სახურავებიდან ცრემლსადენი გაზის კაფსულების გადმოყრის ფაქტებიც.[9] რამდენიმე მშვიდობიანი დემონსტრანტი გაზის კაფსულების სროლის შედეგად მძიმედ დაშავდა, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თვალის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანების გამო, ერთი კვირის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა.[10] ამასთან დაკავშირებით, ქიმიური სპეციალური საშუალებების ჭურვით გასროლას, თუ ის ადამიანს პირდაპირ მოხვდა, შეუძლია გამოიწვიოს გამჭოლი ჭრილობები, ტვინის შერყევა, სხვა დაზიანებები და სიკვდილიც კი.[11] ამ მძიმე საფრთხეების გათვალისწინებით, ამ ვაზნების ადამიანებისთვის დამიზნება დაუშვებელია. ამის ნაცვლად, ეს იარაღი გასროლილ უნდა იქნეს გარკვეული კუთხით, ადამიანებზე მაღლა.[12] უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ იდენტიფიცირებული ცრემლსადენი გაზის კაფსულის, GL 202-ის მწარმოებლის ინსტრუქციებშიც მსგავსი მითითებაა გაცემული: ეს საშუალება გასროლილი უნდა იყოს 45 გრადუსიანი დახრით; ადამიანის მიმართ ამ იარაღის პირდაპირ გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაზიანება ან სიკვდილი.[13]
5 დეკემბერს, ჯანდაცვის მუშაკებმა და ექიმებმა პეტიცია გაავრცელეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შეწყვეტის მოთხოვნით. პეტიციის თანახმად, 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, შსს-ის მიერ მომწამლავი ნივთიერებების გამოყენების შემდეგ, კლინიკებს ყოველდღიურად აკითხავენ ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად, მწვავე სიმპტომები განუვითარდათ. ჯანდაცვის მუშაკების განცხადებით, შემაშფოთებელია აღნიშნული ქიმიური ნივთიერებების ხანგრძლივი და მასიური გამოყენება, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, გაავრცელოს ინფორმაცია, რომელი ქიმიური ნივთიერებები იქნა გამოყენებული, რათა ექიმებმა დაზარალებული ადამიანების შესაბამისად მკურნალობა შეძლონ.[14] ცრემლსადენ გაზთან ხანგრძლივი ექსპოზიციის შემაშფოთებელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა უფროსმაც და ჯანდაცვის სამინისტროს ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს ჯანმრთელობისთვის არსებულ რისკებზე დროული ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდა.[15]
ცრემლსადენი გაზი არის ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებების ერთ-ერთი სახეობა და გავრცელებულია ხელში დასაჭერი სპრეების, ხელით სასროლი ყუმბარების ან იარაღით გასასროლი ჭურვების სახით. ეს ნივთიერებები სწრაფად წარმოშობს ფიზიკური უუნარობის ეფექტებს თვალების და ზედა სასუნთქი გზების მგრძნობელობის გაღიზიანებით, რომლის ეფექტები მისი გამოყენებიდან მოკლე ვადაში წყდება. Amnesty International-ის რეკომენდაციით, ცრემლსადენი გაზი, რომლებსაც თავისი ბუნებით, განურჩეველი ეფექტები აქვს, რადგან ერთნაირად აზიანებს როგორც მოძალადე, ისე - მშვიდობიან ადამიანებს, არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთ ვითარებებში, როდესაც ადამიანებს ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ აქვთ.[16] ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქიმიური საშუალებების მიზანია, ადამიანის სენსორული სისტემის „გაღიზიანება“და ამ გზით, შეკრების ადგილის დატოვების იძულება და არავითარ შემთხვევაში - მისი ჯანმრთელობის დაზიანება, როგორც ეს სპეციალური საშუალებების არასათანადო წესით გამოყენებისას ვიხილეთ.
წიწაკის სპრეის გამოყენება
ფართომასშტაბიანი პროტესტის მიმდინარეობისას, ასევე დაფიქსირდა სპეცრაზმის მიერ უკვე დაკავებული პირებისთვის სახეში წიწაკის სპრეის შესხმის ფაქტებიც,[17] რასაც სავარაუდოდ დემონსტრანტებისთვის ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზანი ჰქონდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანახმად, მართალია, წიწაკის სპრეი ქიმიურ იარაღად არ არის მიჩნეული და მისი გამოყენება დაშვებულია სამართალდამცავი მიზნებისთვის, მან შესაძლოა, გამოიწვიოს რესპირატორული პრობლემები, გულისრევა, თავბრუსხვევა, თვალების გაღიზიანება და სპაზმი, მკერდის ტკივილი, დერმატიტი და ალერგიები. წიწაკის სპრეის დიდი რაოდენობის დოზამ კი შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქსოვილების ნეკროზი ან შინაგანი სისხლდენაც.[18]
მოვუწოდებთ:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს:
[1] საქართველოს სახალხო დამცველი, 29.11.2024 https://www.facebook.com/share/p/1Jhrbtkggx/
[2] საქართველოს სახალხო დამცველი, 29.11.2024 https://www.facebook.com/share/p/1YwQE6vy2H/
[3] რადიო თავისუფლება, „შსს ამბობს, რომ „წყლის ჭავლში, შესაძლოა, რაღაც იყო გარეული“, 30.11.2024
https://www.radiotavisupleba.ge/a/33221645.html
[4] Amnesty International, Use of Force, Guidelines for Implementation of the UN Principles on the Use of Forms and Firearms by law Enforcement Officials, 2015, p. 37
https://policehumanrightsresources.org/content/uploads/2015/01/ainl_guidelines_use_of_force_0.pdf?x86271 იხ. ასევე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს“, 29.11.2024 https://gyla.ge/post/%20Darebva-kvlav-araprprciuli-zaliat-da-ukanonod-mimdinareobs
[5] Ibid, p. 159
[6] Amnesty International, Use of Force, Guidelines for Implementation of the UN Principles on the Use of Forms and Firearms by law Enforcement Officials, p. 159
[7] ფორმულა, “საპოლიციო ძალები გაზის კაფსულებს ისვრიან”, 02.12.2024 https://www.facebook.com/watch/?v=1047940050416414
[8] რადიო თავისუფლება, “"ოცნება" დემონსტრანტებს ორგანიზებული დანაშაულითა და რეპრესიული პოლიტიკით ებრძვის - DRC”, 07.12.2024 https://www.radiotavisupleba.ge/a/33230442.html
[9] ფორმულა, „სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს რუსთაველის თეატრის სახურავიდან ისვრიან“, 04.12.2024 https://www.facebook.com/watch/?v=3898865273768331&rdid=UOIUP5mpT7lNDBvc
[10] რადიო თავისუფლება, „საპროტესტო აქციის დაშლისას მძიმედ დაშავებული 21 წლის ალექსი თირქია რეანიმაციაში რჩება”, 03.12.2024 https://www.radiotavisupleba.ge/a/33225006.html
[11] Amnesty International, Chemical Irritants in Law Enforcement, 2021, p. 7 https://www.amnesty.nl/content/uploads/2021/07/Amnesty-position-paper-chemical-irritants.pdf?x84346
[12] Ibid, p. 13
[13] ტვ ფორმულა, „რით გვარბევს და გვწამლავს ივანიშვილის რეჟიმი?!“, 09.12.2024 https://www.facebook.com/DroebaOfficial/videos/1251722559435075
ასევე: https://www.condornaoletal.com.br/gl-202/?lang=en
[14] manifest.ge ექიმების და ჯანდაცვის მუშაკების მოთხოვნა დემონსტრანტების მიმართ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებით, 05.12.2024 https://cutt.ly/IeX56JOA
[15] On.ge „ამირან გამყრელიძე აქციის მონაწილეებზე ძალადობის, ჰოსპიტალიზაციისა და გაზით მოწამვლის ფაქტებს ეხმაურება“, 07.12.2024 https://on.ge/story/137908-%E1%83
[16] Amnesty International, Use of Force, Guidelines for Implementation of the UN Principles on the Use of Forms and Firearms by law Enforcement Officials, p. 21
[17] რადიო თავისუფლება, „ლაზარე მაღლაკელიძე დაკავებისას ძალადობაზე“, 07.12.2024 https://cutt.ly/SeCBWJPq
[18] ECtHR, Ali Güneş v. Turkey, no. 9829/07, paras 37-38, 2012 https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-110262
ინსტრუქცია