[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

მშვიდობის მოლოდინში: ალიევის და ფაშინიანის შეხვედრა ემირატებში

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გამართული სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერთა მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირაა განხილვის საგანს წარმოადგენს. დღის წესრიგის და შეხვედრის შინაარსის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ბოლომდე უცნობი იყო. ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ პირველი ცნობები არა ქვეყნის მეთაურთა ოფიციალური წარმომადგენლების ან საგარეო საქმეთა სამინისტროების, არამედ თურქი ჟურნალისტების მხრიდან გავრცელდა. ოფიციალური წარმომადგენლები შეხვედრაზე ბოლომდე არ საუბრობდნენ და მხოლოდ შესაბამისი ინფორმაციის დროულად გავრცელებას დაგვპირდნენ.

მოლაპარაკებები თითქმის ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისინი სხვადასხვა ფორმატში გაიმართა - როგორც ქვეყნების ხელმძღვანელებს შორის ერთი-ერთზე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრების და მრჩევლების მონაწილეობით. ახალი იმპულსი მოლაპარაკებებს ბაქოსა და მოსკოვის უთანხმოებამ, ასევე თურქეთისა და აშშ-ს მხრიდან მხარეებს შორის სწრაფი შერიგების მხარდაჭერამ მისცა. რუსეთი პროცესიდან გამოთიშული აღმოჩნდა.

ერთი მხრივ, შეხვედრა სომხეთ-აზერბაიჯანის საერთო ნორმალიზაციის კონტექსტში ეწერება, რადგანაც საგარეო აქტორების შუამავლობის გარეშე გაიმართა. თავდაპირველად მოლაპარაკებები „რუსული ფორმატის“ ჩარჩოში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც უმაღლეს დონეზე ოთხ სამმხრივ განცხადებას მოეწერა ხელი. მოგვიანებით მხარეები მოლაპარაკებებს პარალელურად ბრიუსელის (2021 წლის დეკემბრიდან) და ვაშინგტონის (2022 წლის ბოლოდან) შუამავლობით მართავდნენ. არჩეული ფორმატი ადასტურებს, რომ ერევანი და ბაქო ორმხრივ კომუნიკაციას ამჯობინებენ, რომელსაც სათავე 2024 წლის ოქტომბერში ყაზანში გამართულ ბრიქსის სამიტზე ჩაეყარა და გაგრძელება 2025 წლის მაისში ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაზე მიიღო.

პარალელურად სომხეთი თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას აგრძელებს. 20 ივნისს პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით დასავლელ მეზობელს ეწვია და თურქეთის ლიდერთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრაზე „განიხილეს კონტაქტები სომხეთსა და თურქეთს შორის, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად დაწყებული დიალოგის პროცესი და მიმდინარე მოვლენები“. ამასთან ერდოღანმა განსაკუთრებული აქცენტი „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებებში კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობაზე გააკეთა“.

ამ ვიზიტს კი სომხეთის და თურქეთის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრები მოჰყვა. შესაბამისად, ემირატებში გამართული შეხვედრა შეგვიძლია არა მხოლოდ ორმხრივი სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის ჩარჩოში, არამედ რეგიონულ კონტექსტშიც განვიხილოთ, რომელიც თავის თავში თურქულ ფაქტორსაც მოიცავს. პროსახელისუფლებო გამოცემები აზერბაიჯანსა და სომხეთში შეხვედრას რეგიონის ისტორიაში გადამწყვეტს უწოდებენ და დესტრუქციულ ძალებზე საუბრობენ, რომლებიც თითქოს სამშვიდობო პროცესის ჩაშლას ცდილობენ - ცხადია, აქ მოსკოვი იგულისხმება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ორი ქვეყნის შერიგებას უჭერს მხარს, თავად კონფლიქტის მონაწილეებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია სამხრეთ კავკასიაში რუსული გავლენების შემცირებად აღიქმება.

შეხვედრის წინაპირობები

სომხეთის და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაცია ნიკოლ ფაშინიანის ახალი პოლიტიკის ნაწილია. ამ პოლიტიკის ფორმულირება მთიანი ყარაბაღის რეგიონის დაკარგვის ფონზე მიმდინარეობს. სომხეთში „ყარაბაღის კონსენსუსის“ დამთავრების შემდეგ ყოფილი არაღიარებული რესპუბლიკა ხელისუფლებამ სომხური ეროვნულ-ნაციონალური პროექტის რეალიზაციის საქმეში მძიმე ტვირთად და ხელის შემშლელ ფაქტორად ღიად გამოაცხადა. ფაშინიანმა დაიწყო ახალი ლეგიტიმაციის ძიება ახალი სომხეთისთვის, რომელსაც იგი „რეალურს“ უწოდებს და მას მითიურ სომხეთს უპირისპირებს. ეს არის ტერიტორიულ პრეტენზიებზე უარის თქმა და გეოპოლიტიკური მინიმალიზმის სტრატეგია, „მიაცუმის“ ელიმინირება, სომხეთის სახელმწიფოს ექსკლუზიური როლის გაძლიერება და დიასპორის გავლენის შემცირება. ამ პოლიტიკის ნაწილია რუსეთზე, როგორც ერთადერთ უსაფრთხოების გარანტორზე უარის თქმა და სომხეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში მისი გავლენების შემცირება. ბოლო პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი სავარაუდოდ დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომლის წევრობაც ერთი წლის წინ შეაჩერა, ხოლო დაფინანსება 2025 წლის მარტიდან შეწყვიტა. მშვიდობა ყარაბაღზე უარის თქმის სანაცვლოდ - ამ იდეით სომხეთის ხელისუფლება ანკარასთან დიალოგში შედის.

პარალელურად კი დაიწყო ურთიერთობების უკიდურესად გაუარესება აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის. მეორედ მიმდინარე წლის განმავლობაში.

ერთი შეხედვით, ორმხრივ ურთიერთობებში მასშტაბური კრიზისის თრიგერებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. პირველ შემთხვევაში მიზეზი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მიერ 2024 წლის 25 დეკემბერს „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდება იყო, ხოლო მეორედ რუსი ძალოვნების მოქმედება, რომელთაც ეკატერინბურგში ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ ანტიკრიმინალური სპეცოპერაცია ჩაატარეს. მაგრამ ამ ორ ისტორიას ბევრი გადაკვეთის წერტილი გააჩნია.

ორივე შემთხვევაში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თავიდანვე შეურიგებელი პოზიცია დაიკავა და რუსული სამართალდამცავი თუ სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენა. დეტალების და ნიუანსების გარკვევის არასაჯარო მექანიზმების ნაცვლად საქმეში მწვავე კრიტიკა ჩაერთო. თვითმფრინავის კატასტროფის შემთხვევაში ვლადიმირ პუტინის ზარის და მობოდიშების შემდეგაც ილჰამ ალიევმა რუსეთის დადანაშაულება გააგრძელა, ხოლო 2025 წლის თებერვალში ბაქოში „რუსული სახლი“ დახურა. ალიევი დაპირების მიუხედავად 9 მაისს მოსკოვში ტრადიციულ აღლუმზეც არ ჩავიდა.

ოფიციალურ მიზეზად აზერბაიჯანის ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის - ჰეიდარ ალიევის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩაითვალა. თუმცა იმ პერიოდში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა - 5 მაისს რუსეთში შესვლაზე უარი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატ აზერ ბადამოვს უთხრეს. იგი შავ სიაში სახელმწიფო დუმის დეპუტატის, ნიკოლაი ვალუევის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ შეიყვანეს. ბადამოვს მხარი სხვა დეპუტატებმა დაუჭირეს და ერთ-ერთმა მათგანმა, რასიმ მუსაბეკოვმა ღიად განაცხადა, რომ „რუსეთი ზესახელმწიფო არ არის“.

და ბოლოს, ეკატერინბურგის ინციდენტი - ძალოვანების სპეცოპერაციას ორი ეთნიკური აზერბაიჯანელის სიცოცხლე შეეწირა. ბაქომ საპასუხოდ სახელმწიფო ვიზიტები და კულტურული ღონისძიებები გააუქმა, აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეები დააკავა და მათი დემონსტრაციული “პრეზენტაციაც” მოაწყო. მთავარმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჯმა“ (რომელიც ჯერ კიდევ 1920 წლის მარტში, პირველი რესპუბლიკის პერიოდში შეიქმნა) რუსეთი მესამე რაიხს შეადარა. გამოცემა „კომერსანტის“ მტკიცებით, რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები „პოსტსაბჭოთა ისტორიაში ყველაზე ღრმა კრიზისში შევიდა“.

ცხადია, რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსოლიდაციის დასრულების და „ყარაბაღის გათავისუფლების“ აზერბაიჯანის განახლებული სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ ქცევის შემდეგ ბაქო საგარეო გავლენების მინიმიზებით არის დაკავებული. ერთ-ერთი ამოცანა ამ მხრივ საერთაშორისო აქტორების წინააღმდეგ ბრძოლაა. ბაქო აკრიტიკებს საფრანგეთს და ევროკავშირს, რომლის მისიასაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ოფიციალური ერევანის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. 2023-2025 წლებში ალიევი ბაიდენის ადმინისტრაციას „ორმაგი სტანდარტებით“ მოქმედებასა და აზერბაიჯანის მიმართ ზედმეტად მკაცრ დამოკიდებულებას არაერთხელ აბრალებდა. ეუთოს მინსკის ჯგუფს კი ოფიციალური ბაქო არაეფექტურ და მოძველებულ მექანიზმად მიიჩნევს, რომლის გაუქმებასაც ფაქტიურად ერევანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთ წინაპირობად ასახელებს.

ცხადია, რომ ამ კონტექსტში რუსეთის მიმართულებასაც აზერბაიჯანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მოძებნა რა ყარაბაღის გასაღები (თურქეთის უპრეცედენტო მხარდაჭერის პირობებში), აზერბაიჯანმა მოსკოვის გავლენებისგან გათავისუფლება დაიწყო. მთიანი ყარაბაღის დაბრუნება, თურქეთსა და ისრაელთან სამხედრო-სტრატეგიული კოოპერაციის გაძლიერება, ზომიერ-პოზიტიური დამოკიდებულება დასავლეთის მხრიდან და ირანთან არსებული პრობლემების და წინააღმდეგობების მოგვარება აზერბაიჯანს მნიშვნელოვან რეგიონულ ძალად აქცევს, რომლის ეროვნულ ინტერესებშიც მოსკოვზე დამოკიდებულების ზრდა ნამდვილად არ შედის.

სამი მთავარი თემა

დღეს მოლაპარაკებების დღის წესრიგში სამი საკითხი დგას: სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა, საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაცია და სატრანსპორტო კომუნიკაციების ამუშავება. სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით მხარეებმა ძირითად პროგრესს უკვე 2025 წლის მარტში მიაღწიეს, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი ბოლო ორი პუნქტის შესრულებასაც დათანხმდა. ის საერთაშორისო სასამართლოებიდან საჩივრების გამოთხოვას და საზღვარზე მესამე ძალის წარმომადგენელთა განთავსებაზე (რაც სომხეთში ევროკავშირის მონიტორინგის მისიასაც მოიცავს) უარის თქმას გულისხმობდა. ეს ნაბიჯები შეიძლება შეთანხმებაზე სწრაფად ხელმოწერის სანაცვლოდ სომხეთის მორიგ დათმობად ჩაითვალოს: თუ ადრე ერევანი აზერბაიჯანს სთავაზობდა პარალელურად შეეტანათ განაცხადი ეუთოში მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ, გამოეწვიათ სასამართლო საჩივრები საერთაშორისო ინსტანციებიდან და ხელი მოეწერათ შეთანხმებისთვის, ახლა სომხეთმა ამ პოზიციაზე უარი თქვა და ცალმხრივ დათმობებზე წავიდა. სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტი მხარეებმა საბოლოოდ 2025 წლის 13 მარტს შეათანხმეს.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მიერ სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოსაწერად წამოყენებული წინაპირობები კვლავ აქტუალურია: სომხეთმა უნდა შეცვალოს კონსტიტუცია და პრეამბულადან 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე მინიშნებები ამოიღოს. ბაქოს აზრით, იქ აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიებია წამოყენებული. სომხეთმა არსებულ დოკუმენტში ტერიტორიული პრეტენზიების არსებობა უარყო. მეტიც, ერევანმა აზერბაიჯანის ტერიტორია ფართობით 86,6 ათასი კვადრატული კილომეტრი ოფიციალურად აღიარა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის იანვარში ახალი კონსტიტუციის მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა, ხოლო იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ტექსტი მზად 2026 წლის დასაწყისში იქნება. სავარაუდოდ, ახალი კონსტიტუციის მიღების რეფერენდუმი საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ჩატარდება, რომელიც 2026 წლის ივნისშია დაგეგმილი. შესაბამისად ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი ჩიხში შევიდა: ერევანი ზემოთაღნიშნული წინაპირობების შესრულების გათვალისწინებით ხელმოწერის თარიღის და ადგილის შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს. ბაქო კი აცხადებს, რომ ხელმოწერა მხოლოდ კონსტიტუციის შეცვლის შემთხვევაშია შესაძლებელი. ეს პოზიცია ემირატებში შეხვედრამდე ორი დღით ადრე კვლავ გაჟღერდა. შესაბამისად ამ მიმართულებით პროგრესი ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. ეს შეიძლება მხოლოდ აზერბაიჯანის მხრიდან დათმობებზე წასვლის შემთხვევაში მოხდეს, რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციას, მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში არ შეინიშნება. საკითხის მოგვარებას ართულებს საზღვრის სიგრძე, რომელიც ათას კილომეტრზე მეტს შეადგენს და რთული რელიეფი, მათ შორის მთის მასივები. დამატებით პრობლემად აზერბაიჯანის მიერ სომხეთის 200 კვადრატული კილომეტრის ოკუპაციაც რჩება, სადაც საფორტიფიკაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ეს ნათლად მიუთითებს ბაქოს სურვილზე 2021 წლის ნოემბერსა და 2022 წლის სექტემბერში დაკავებულ დომინანტ პოზიციებზე გამაგრდეს. მიუხედავად ამისა, 2024 წელს მხარეებმა საზღვრის 12,7 კილომეტრიანი მონაკვეთის დელიმიტირება მოახერხეს, სადაც სამხედროების ნაცვლად მესაზღვრეები განლაგდნენ. გასული წლის აგვისტოში საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში საერთო კომისიის რეგლამენტის შეთანხმებაც მოხერხდა. მხარეებს შორის აგრძელებს მუშაობას დელიმიტაციის და დემარკაციის ორმხრივი კომისია, რომლის მე-11-ე შეხვედრაც 2025 წლის დასაწყისში გაიმართა. მიმდინარე შეხვედრის დროს დელიმიტაციის მარშრუტი მოინიშნა - ჩრდილოეთით, საქართველოს საზღვრიდან სამხრეთით, ირანის საზღვრამდე.

სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის თემა ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბრის სამმხრივ განცხადებაში გვხვდება. მეცხრე პუნქტის თანახმად, რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი უნდა გახსნილიყო, ხოლო სომხეთი თავის თავზე აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებისა და ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას აიღებდა. განცხადების თანახმად, კონტროლი სატრანსპორტო მიმოსვლაზე რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოებს უნდა განეხორციელებინათ.

აზერბაიჯანი ამ კომუნიკაციისთვის ექსტერიტორიული სახის მიცემას მოითხოვს: ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შექმნას. ამ მიდგომის თანახმად, კომუნიკაციაზე მაკონტროლებელი ორგანოები არ უნდა განთავსდეს. სომხეთი კი თანახმაა ყველა კომუნიკაცია ფუნქციონირების ერთიანი პრინციპების საფუძველზე გაიხსნას. 2023 წლის ოქტომბერში ერევანმა პროექტი „სამყაროს გზაჯვარედინი“ წარმოადგინა.

ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრამდე, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მნაცაკან საფარიანმა განაცხადა, რომ ერევანი განიხილავს აშშ-ს წინადადებას ნახიჭევანთან დამაკავშირებელი გზის ზედამხედველობის გადაცემის შესახებ „სომხეთის სუვერენიტეტის, იურისდიქციისა და ტერიტორიული მთლიანობის“ დაცვის პირობით. საუბარია ამერიკულ კერძო კომპანიაზე, რომელსაც აღნიშნულ დერეფანზე ხალხისა და ტვირთის მოძრაობის ზედამხედველობის უფლება გადაეცემა. Middle East Eye-ს წყაროს ინფორმაციით, იდეა კერძო კომპანიის შესახებ, რომელსაც სომხეთიც და აზერბაიჯანიც დაეთანხმება, თავდაპირველად თურქეთმა წამოაყენა. დღეს კომუნიკაციათა მარშრუტიც და მათი მოდალობაც მოლაპარაკებების საგნად რჩება. ბაქო აცხადებს, რომ ამ საკითხზე სომხეთის მხრიდან დათმობებს ელოდება.

მოლაპარაკებათა შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ ხუთსაათიანი შეხვედრის დეტალები სომხური და აზერბაიჯანული მხარეების ლაკონური ოფიციალური განცხადებებიდან ბუნდოვანი რჩება, გარკვეული დასკვნების გაკეთება მაინც შეიძლება.

პირველ რიგში, ორივე სახელმწიფო დაინტერესებულია მოლაპარაკებები ორმხრივ ფორმატში, მედიატორებად მესამე მხარეების ჩართვის გარეშე გააგრძელოს. სავარაუდოდ, ბაქოს აზრით, პირდაპირი მოლაპარაკებები მისთვის უფრო ხელსაყრელია, რადგანაც აზერბაიჯანული მხარე უპირატესობას ინარჩუნებს და შეუძლია სომხეთს საკუთარი პერსპექტივა თავს მოახვიოს. ერევანისთვის კი პირდაპირი მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის ყველაზე მოკლედ გზად აღიქმება. მეტიც, მოლაპარაკებების არარსებობა ესკალაციის რისკს ზრდის. შესაბამისად თუ აზერბაიჯანული მხარე მხოლოდ ორმხრივ მოლაპარაკებებს ემხრობა, სასურველია ამ ფორმატის შენარჩუნება.

მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ პრეს-რელიზები თითქმის იდენტურია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხარეებმა საბოლოო ტექსტის შეთანხმებაზე დრო დახარჯეს. მასში აღნიშნულია, რომ განხილვის საგანი იყო საკითხების სამივე ბლოკი - სამშვიდობო შეთანხმება, საზღვარიც და კომუნიკაციებიც.

სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, პროგრესი არ ჩანს. თუმცა აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ ვრცელდება ინფორმაცია დოკუმენტის შესაძლო პარაფირების შესახებ. მას შეუძლია პროცესი სხვა, მაგალითად კომუნიკაციების გახსნის მიმართულებით დააჩქაროს, რაც პროცესისადმი ახალი აქტორების ინტერესს გაზრდის. ამავდროულად, სომხეთის ხელისუფლებას მშვიდობის მიღწევის გზაზე დადებითი შედეგების დემონსტრირება 2026 წლის ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ სურს.

მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომუნიკაციების გახსნაში აშშ-ს ჩართვის საკითხი განიხილება. სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციისადმი ინტერესი სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც დაადასტურა, რომელმაც სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად ხელმოწერის იმედი გამოთქვა. კომუნიკაციების გახსნის მიმართულებით სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ სხვადასხვა ვარიანტები განიხილება, რომლებიც სამ პრინციპს - სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და იურისდიქციას გაითვალისწინებს. აზერბაიჯანი კვლავ საუბრობს ექსტერიტორიულ პრინციპზე, აღიარებს სომხეთის იურისდიქციას ე.წ. ზანგეზურის დერეფანზე, მაგრამ ნებისმიერი სახის სასაზღვრო ან საბაჟო კონტროლს ეწინააღმდეგება. ფუნქციების ნაწილი ამ მხრივ შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციებს, ან კერძო კომპანიებს გადაეცეთ. არც სომხური და არც აზერბაიჯანული მხარე უკვე 2020 წლის ნოემბრის სამმხრივი განცხადების მეცხრე პუნქტს აღარ ახსენებს, რომლის მიხედვითაც რუსი მესაზღვრეების განთავსება იყო გადაწყვეტილი.

საინტერესოა, რომ გარკვეული საკითხები პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში ვერ მოხვდა. პირველ რიგში, საუბარი იყო მხოლოდ სიუნიკის მარშრუტის გახსნაზე (ე.წ. ზანგეზურის დერეფანი). ერევნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნიკაციები ნახიჭევანიდან ირანში, საზღვრის გახსნა თურქეთთან, ასევე რუსეთისკენ აზერბაიჯანის გავლით სარკინიგზო და საავტომობილო გზების ამოქმედება. შეხვედრაზე არ განუხილავთ არც სომეხი დაკავებული პირების - როგორც სამხედრო ტყვეების, ასევე მთიანი ყარაბაღის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მომავალი. სავარაუდოდ ეს საკითხები დღის წესრიგში ეტაპობრივად დადგება.

სამხრეთ კავკასიის ტრანსფორმაცია

დღეს სამხრეთ კავკასიის პრობლემები უკრაინაში მიმდინარე ომის და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო საინფორმაციო დღის წესრიგის პერიფერიაზეა. თუმცა ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციების მნიშვნელობის იგნორირება არ შეიძლება. იგი პოსტსაბჭოთა სივრცეში კვლავ ერთ-ერთ ყველაზე ტურბულენტურ სივრცედ რჩება.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აშშ, ევროკავშირი (კერძოდ საფრანგეთი) და ნატო მოსკოვთან „შეჯიბრებითი თანამშრომლობიდან“ მის „შეკავებაზე“ გადავიდნენ, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში. დასავლეთის და რუსეთის პოზიციები საერთაშორისო დღის წესრიგში ჰოლისტური გახდა, რომელშიც ნიუანსების ადგილი უკვე არ არის. ერთი შეხედვით სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ დასავლეთიც და რუსეთიც დიდწილად მშვიდობის ერთი და იგივე ფორმულას აყენებს - საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია, რეგიონში სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა და ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა. ამავდროულად თითოეული მხარე საკუთარ თავს პროცესის ექსკლუზიურ მოდერატორად განიხილავს, ხოლო ეთნოპოლიტიკური კონფლიქტის დასრულებას კავკასიაში საკუთარი პოზიციების გაძლიერებად და საპირისპიროდ, გეოპოლიტიკური კონკურენტის გავლენის მინიმიზაციად აღიქვამს.

ცხადია, რომ უკრაინაში სამხედრო შეჭრის და დასავლეთთან ფართომასშტაბიან კონფრონტაციაში ჩაბმის შემდეგ რუსეთისთვის კავკასიური მიმართულების პრიორიტეტულობა შესუსტდა. ამან კი სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ს, ევროკავშირის, ნატოს და ამ ორგანიზაციების კონკრეტული წევრების გააქტიურება გამოიწვია. აქტივობების სპექტრი ფართოა და როგორც საფრანგეთის მხრიდან სომხეთისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების გაზრდას, ასევე ოფიციალური ერევნის მხრიდან ევროკავშირის წევრობის მცდელობას და მისი ამ მისწრაფების თავად ორგანიზაციისგან მხარდაჭერასაც მოიცავს. ამავე კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ აშშ-ს მცდელობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენა უზრუნველყოს.

დასავლეთის და რუსეთის კონფრონტაცია კავკასიური გეოპოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, მაგრამ რეგიონალური მოზაიკა გაცილებით უფრო ჭრელია. მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულმა სიტუაციამ მკაფიოდ აჩვენა ე.წ. „საშუალო სიძლიერის სახელმწიფოების“ რესურსები და შესაძლებლობები - ქვეყნების, რომელთაც გააჩნიათ მკაფიო მიზანი, ნება და გამბედაობა საკუთარი ეროვნული ინტერესები გაატარონ. ამის საუკეთესო მაგალითი თურქეთია.

2020 წლის „შემოდგომის ომამდე“ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მის მიღმა არსებული სახელმწიფო ასე ღიად პოსტსაბჭოთა ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტში არასდროს ჩარეულა. თურქეთმა დაარღვია ტაბუ და სამხედრო გზით ჩაერია რეგიონში, რომელსაც მოსკოვისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღეს ანკარა პოსტსაბჭოთა კავკასიაში უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ იქცა, რომელიც ასევე ცდილობს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების შესუსტებით ისარგებლოს. თურქეთის საბოლოო მიზანიც რეგიონში მშვიდობის დამყარებაა, რომელსაც მისი სახელი ერქმევა.

შესაბამისად, დღეს სამხრეთ კავკასიაში რეგიონული უსაფრთხოების სისტემის გადატვირთვა მიმდინარეობს. ურთიერთობათა არსებული ფორმატები და მოდელები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ურყევად გამოიყურებოდა, ტრანსფორმირდება და გადაფასებას განიცდის. რეგიონში ტრადიციულად აქტიური მოთამაშეების გარდა ახალი აქტორებიც ჩნდებიან თავისი ამბიციებით და წარმოდგენებით იდეალურ კავკასიაზე.

რა გამოწვევების წინაშე დგას ამ პირობებში საქართველო?

პირველ რიგში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრის დროს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს განიხილავენ. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სომხეთსა და ირანს შორის ჯულფის სარკინიგზო განშტოების სრულად ამოქმედების შემთხვევაში, საქართველოს სატრანზიტო ბრუნვა მნიშვნელოვნად დაზარალდება.

ამ შემთხვევაში ჩინეთიდან სამხრეთ კავკასიაში მიმავალი კონტეინერების მფლობელებისთვის საქართველოს ნავსადგურების ნაცვლად ირანის სამხრეთში არსებული ნავსადგურების გამოყენება და შემდგომ რკინიგზით სომხეთის და ნახიჭევანის გავლით ტვირთის პირდაპირ თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა ნავსადგურებამდე მიტანა ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი იქნება. ცალკე აღსანიშნავია სომხეთის საექსპორტო პროდუქცია, რომლის ტრანსპორტირებისთვის ალტერნატიული გზები გაიხსნება.

ცხადია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შერიგება და რეგიონში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბება სამხრეთ კავკასიისთვის ახალ შესაძლებლობებსაც შექმნის. სამხრეთ კავკასიის როლი იზრდება და მას ევროკავშირის და ჩინეთის დამაკავშირებელ გზაზე დიდი პოტენციალი აქვს. რეგიონში ჩნდება ნორმალური, მშვიდი განვითარების შესაძლებლობა, რაც ეკონომიკური კეთილდღეობის წინაპირობაა.

საქართველოს ყველანაირი წინაპირობა აქვს, რომ შუა დერეფნის, ევროკავშირის და ჩინეთის დამაკავშირებელი გზის საკვანძო ნაწილი გახდეს. თუმცა ქვეყნის იზოლაციონისტური პოლიტიკა მას სტრატეგიული მნიშვნელობის დაკარგვით ემუქრება.

***

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შეხვედრა ალიევის და ფაშინიანის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები იყო - მანამდე ორი ლიდერი მხოლოდ მედიატორების თანდასწრებით ან საერთაშორისო სამიტების ფარგლებში ხვდებოდნენ. ეს შეხვედრა რამდენიმე წლიანი მუშაობის კულმინაციაა. სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომელიც უკვე შედგენილია, თუმცა ხელმოწერილი არ არის, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობდა; სამუშაო ჯგუფებს საზღვრის დელიმიტაციის საკითხში ვიცე-პრემიერები ხელმძღვანელობენ; პირდაპირი კავშირის არხი ორი ლიდერის მრჩევლებს - არმენ გრიგორიანსა და ჰიკმეტ გაჯიევს შორისაც არსებობს.

თუმცა შეხვედრამ აჩვენა, რომ მხოლოდ რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლის სურვილი ორ სახელმწიფოს შორის ათწლეულობით მიმდინარე მტრობის და ორ ლიდერს შორის არსებული უნდობლობის გადასალახად საკმარისი არ არის. მიუხედავად პოზიციების დაახლოებისა, შეხვედრაზე გარღვევა არცერთი საკითხის მიმართულებით მოხდა - არ გამოცხადდა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი. ჯერჯერობით არაფერი კონკრეტული ისმის კომუნიკაციების გახსნის შესახებაც.

თუმცა პირდაპირი მოლაპარაკებები აბუ-დაბიში არის მესიჯი, რომ გაურკვევლობის და პარალელურად მიმდინარე გლობალური კონფლიქტების პირობებში, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები კავშირს ინარჩუნებენ და ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბრობენ. დღეს ბევრი თვლის, რომ გაურკვევლობა და ქაოსი კრეატიული მოქმედებების შესაძლებლობას ქმნის. მაგრამ სამხრეთ კავკასიაში ქაოსი დიდი ხნის განმავლობაში იყო გაბატონებული და ამას დადებითი შედეგები არავისთვის მოუტანია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“