[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

“დამასკო სამ დღეში“ და უკრაინაში ომის სხვა გვერდითა ეფექტები -  როგორ დაკარგა რუსეთმა სტრატეგიული გავლენები სირიაში, სომხეთსა და მოლდოვაში

სირიაში მოკავშირე რეჟიმის ელვისებური დაცემა, სომხეთის დრეიფი დასავლეთისკენ და მოლდოვაში პროდასავლური ვექტორის გამარჯვება, უკრაინის საკითხზე ვლადიმირ პუტინის გადაჭარბებული, რაციონალური პოლიტიკის ჩარჩოებიდან გასული კონცენტრაციის ნათელი ილუსტრაციაა. მის გამო იგი პირდაპირი მნიშვნელობით მზად არის ყველაფერი, მათ შორის ძველი წარმატებებიც კი დათმოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული რეჟიმის ხელმძღვანელები საკუთარ თავს ცივსისხლიან რეალისტებად წარმოაჩენენ, რეალური პოლიტიკა კრემლში დიდი ხანია გეოპოლიტიკამ, ხოლო თავად გეოპოლიტიკა პირველ რიგში - უკრაინის მიმართულებით პოლიტიკამ ჩაანაცვლა.

სირია უკრაინის ჩრდილქვეშ

ბაშარ ასადმა, ბენ ალის, მუბარაქისა და კადაფისგან განსხვავებით არაბული გაზაფხულის რევოლუციების პირველი ტალღა გადაიტანა და რუსეთისა და ირანის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნება მოახერხა. თუმცა, 2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმი მაინც დაეცა და ამით არაბული გაზაფხული მისი დაწყებიდან ათ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ დასრულდა. ასეთი კრახი ავტომატურად რუსეთისა და ირანის სისუსტედ უნდა განვიხილოთ.

2015 წელს სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, პუტინს სუნიტური სამყაროს გადამტერებით და ავღანური სცენარის განმეორებით აშინებდნენ, სადაც საბჭოთა კავშირი მრავალი წელი გაიჭედა და საბოლოო ჯამში კონფლიქტიდან დასაშლელად გამზადებული გამოვიდა. თუმცა, სირიაში რუსეთს ამერიკული ავღანეთის განმეორება უფრო გამოუვიდა. თავდაპირველ სწრაფ გამარჯვებასა და მხარდაჭერილი რეჟიმის მოჩვენებით სიმყარეს, მოკავშირე რეჟიმის არმიის სწრაფი ჩამონგრევა მოყვა.

ეს შედარება კი კრემლისთვის განსაკუთრებით მტკივნეული უნდა იყოს. 2021 წლის ზაფხულში ამერიკელთა ქაბულიდან გასვლის კადრები რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი წყარო და რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთი სიგნალი იყო. აშშ-ს ჩავარდნა ავღანეთში რუსეთის ხელმძღვანელობამ ამერიკელთა სისუსტისა და უუნარობის ნიშნად მიიღო. ჩათვალა, რომ ისინი კიევშიც ბრძოლას, მოკავშირე ხელისუფლების ევაკუაციას ამჯობინებდნენ.

რუსეთის ინტერვენცია სირიაში, თავიდანვე დაკავშირებული იყო უკრაინასთან. რუსეთში არაბული გაზაფხული კიევური მაიდნის გაგრძელებად, ანუ თავად რუსეთის რეჟიმის შეცვლის რეპეტიციად ითვლებოდა. ასადისთვის ავიაციის და სპეცრაზმის გაგზავნა არა მეგობრის დახმარებას ან გეოპოლიტიკური ამოცანის შესრულებას, არამედ რეჟიმების შეცვლის ტალღის შეჩერებასა და სირიაში ლიბიური სცენარის აღკვეთას ემსახურებოდა. ეს იქნებოდა შურისძიება დასავლეთზე კადაფისა და იანუკოვიჩისთვის. სწორედ ამ უკანასკნელის დამარცხების შედეგად გადაწყვიტა პუტინმა ახლო აღმოსავლეთში გააქტიურება.

ალეპოსთან რუსული ჯარების გამოჩენასა და უკრაინაში 2014 წლის ზამთარში განვითარებულ მოვლენებს შორის კიდევ ერთი კავშირი იყო. ბირთვული სახელმწიფოს მიერ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ანექსიამ, რომლის საერთაშორისო საზღვრებსაც იგი აღიარებდა, საბრძოლო რაკეტით სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებამ და დასავლეთთან სანქციების ომმა რუსეთი საერთაშორისო პოლიტიკური ნორმიდან ამოაგდო. სირიაში ჯარების გაგზავნა უკრაინული ისტორიის გადაფურცვლად, დასავლეთთან ურთიერთობების უკრაინიდან უფრო გლობალურ ფორმატში გადაყვანად ითვლებოდა.

2015 წლის სირიის კამპანია რუსეთს დასავლეთთან ერთად საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოაჩენდა. ეს მტერი ორივესთვის ნაცნობი ისლამური ტერორიზმი იყო. ასეთი რამ პუტინმა მისი მმართველობის დასაწყისშიც გააკეთა, როდესაც ჩეჩნეთში ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჯორჯ ბუში უმცროსის მიერ „საერთაშორისო ტერორიზმის“ წინააღმდეგ დაწყებული „ჯვაროსნული ლაშქრობის“ ნაწილად წარმოაჩინა. დასავლეთთან დაახლოება ხდებოდა არა იდეოლოგიური ღირებულებების ან ინსტიტუტების, არამედ ერთობლივი მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნდამენტზე. ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც მოკავშირეებს კაპიტალისტური კოლონიური იმპერია და კომუნისტური ტოტალიტარული დიქტატურა წარმოადგენდნენ.

რუსეთის სირიის კონფლიქტში ჩაბმით, დასავლეთმა საერთო მოწინააღმდეგის სახეხატი მიიღო და აღდგა კავშირები დასავლელ და რუს სამხედროებს შორის, ხოლო გლობალურ დონეზე რუსეთმა შეწყვიტა იმ ქვეყნად ფუნქციონირება, რომელსაც მხოლოდ უკრაინის შესახებ ესაუბრებიან.

უკრაინაში შეჭრამდე, გლობალურ სამხრეთთან არსებული დადებითი ურთიერთობაც, დიდწილად სირიაში წარმატებასა და იმ იდეაზე იყო დაფუძნებული, რომ რუსეთს მეგობარი რეჟიმების დაცვა შეუძლია. პუტინის ხელისუფლება არ გამოიყურებოდა პერსპექტიულ ინვესტორად ან ტექნოლოგიების წყაროდ (თუ არ ჩავთვლით სამხედრო და ბირთვული ტექნოლოგიების შეზღუდულ სახეობებს), მაგრამ იყო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ექსპორტიორი - ან საკუთარი შეიარაღებული ძალების პირდაპირი ჩართვის, ან რუსული კერძო სამხედრო კომპანიების გზით.

სწორედ ამიტომაც არის ასადის რეჟიმის დაცემა მოსკოვისთვის განსაკუთრებით მტკივნეული. მან გლობალურ სამხრეთთან ურთიერთობაში რუსეთის მთავარ პრობლემას გაუსვა ხაზი. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა რუსეთის მხრიდან ამ ქვეყნებისთვის გაკეთებული ერთადერთი ღირებული შეთავაზება იყო და აღმოჩნდა, რომ მისი საექსპორტო რესურსი შეზღუდულია. აღმოჩნდა, რომ რუსეთს არ შეუძლია ერთდროულად ორ ფრონტზე ეფექტიანად მოქმედება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გააზრებაც, რომ რუსეთს შეუძლია მეგობარი რეჟიმის სამხედრო და პოლიტიკური კონტროლის ქვეშ ტერიტორიების დაბრუნება, მაგრამ არ შეუძლია იქ სიცოცხლის და განვითარების უზრუნველყოფა. ირანის და რუსეთის მიერ დაკავებულ სირიის რეგიონებში მილიონობით ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე ცხოვრობდა და სახელმწიფო თუ ზოგიერთი საზოგადოებრივი დაწესებულების აღდგენა ამ ფაქტს ვერ ცვლიდა.

სირიაში რუსეთმა ბოლო წლების უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური გამარჯვება, ქვეყნიდან შორს სამხედრო ძალის გამოყენების ერთადერთი წარმატების ისტორია დაკარგა. იგი კვლავ იქცა ქვეყნად, რომელიც მთელი ძალებით იბრძვის მის მეზობლად, ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში, მაგრამ დიდად არ ანაღვლებს, რა დაემართებათ მის მხარდამჭერ რეჟიმებს ოდნავ მოშორებითაც კი. და ეს მაშინ, როდესაც პალმირას შენარჩუნების, ისტორიულად რუსეთის მეგობარი რეჟიმისა და აღმოსავლეთის ქრისტიანების გადარჩენის, ფერადი რევოლუციების შეჩერების და რუსული იარაღით მსოფლიოს ყველა ტერორისტის განადგურების ირგვლივ უზარმაზარი პროპაგანდისტული კამპანია იყო აგებული კონცერტებითა და აღლუმებით.

დანარჩენი სამყაროსთვის გასაგები გახდა, რომ რუსეთისთვის არსებობს რეჟიმები, რომელთა გადასარჩენად იგი ყველაფრის გასაღებად არის მზად და არსებობს რეჟიმები, რომლებიც კრემლისგან ამ პრივილეგიას ვერ დაიმსახურებს. თუმცა დანარჩენი სამყაროსთვის გაუგებარია, თუ სად გადის ეს ზღვარი.

სომხეთის დასავლური დრეიფი

შვიდი წლის განმავლობაში, რაც ნიკოლ ფაშინიანი სომხეთს ხელმძღვანელობს, რუსეთთან ურთიერთობების რადიკალურ გადახედვაზე საუბარი არაერთხელ დაიწყო. მოსკოვს საპასუხოდ ყოველთვის შეეძლო ეთქვა, რომ ქვეყნებს შორის ვაჭრობა სტაბილურია, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა გრძელდება და ყარაბაღის დარეგულირების საკითხშიც რუსეთი სულ მცირე ცდილობს მისი ფორმალური მოკავშირის მდგომარეობის შემსუბუქებას.

თუმცა ყველა ეს კონტრარგუმენტი 2023 წლის შემოდგომამდე მუშაობდა. როდესაც სომხებმა ყარაბაღი საბოლოოდ დაკარგეს, მათ დასვეს შეკითხვა, რამდენად სწორი იყო მთელი იმედის რუსეთზე, როგორც მთავარ მოკავშირეზე დამყარება. შედეგად, უკრაინასთან ომის გამო რუსეთის და დასავლეთის დაპირისპირებამ და სომხეთის სურვილმა გადაეხედა საკუთარი ტრადიციული საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის, არსებული წესრიგი დაანგრია და ძლიერი ბიძგი მისცა სომხეთის დასავლურ სამყაროსთან დაახლოების პროცესს. მან უკვე მიაღწია იმ მასშტაბებს, რომელიც სამხრეთ კავკასიის პატარა სახელმწიფოსა და დასავლეთს შორის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არასდროს ყოფილა.

2025 წლის მარტის ბოლოს, სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. 14 იანვარს კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხელი მოაწერეს სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. სომხეთმა დასავლეთისგან მიიღო იაფი კრედიტები მასშტაბური მშენებლობებისთვის და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის პროექტებისთვის, ასევე მიიღო მხარდაჭერა თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. ევროკავშირმა ხანმოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზების გაუქმების პროცესის ინიცირება მოახდინა და სომხეთს გამოუყო სახსრები მშვიდობის ფონდიდან, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნების უსაფრთხოების მხარდასაჭერად შეიქმნა.

სომხეთმა რუსეთი აიძულა ქვეყანაში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობაც შეემცირებინა. რუსმა მესაზღვრეებმა დატოვეს აზერბაიჯანთან და ირანთან არსებული საზღვარი, ასევე ერევნის აეროპორტში დაკავებული პოსტები, სადაც ათწლეულების განმავლობაში იმყოფებოდნენ. სომხეთმა ფაქტობრივად შეაჩერა საკუთარი მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში და სამხედრო ბლოკის დატოვებითაც დაიმუქრა, რადგანაც იგი ფაშინიანის ხელისუფლების აზრით ვეღარ უზრუნველყოფს რუსული იარაღის შეღავათიან ფასებში შეძენას. თუ ეს მოხდება, მოსკოვი არა მხოლოდ მძიმე რეპუტაციულ დარტყმას მიიღებს, არამედ გრძელვადიან რისკებსაც შეეჯახება რეგიონში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის ყოფნის მხრივ.

ცხადია, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაწყვეტას. საჯარო განცხადებებში სომხეთის ხელისუფლება მუდმივად საუბრობს მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე და მსოფლიოს სხვადასხვა ძალის ცენტრებთან ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე. თუმცა პრაქტიკაში, იმ ფონზე, რომ რუსეთის მთელი ყურადღება უკრაინისკენ არის გადატანილი, სომხეთი დასავლეთთან ურთიერთობებს აღრმავებს.

რაც უფრო გრძელდება სომხეთის დრეიფი დასავლეთისკენ, მით უფრო თავშეკავებულია მოსკოვის განცხადებები. ისინი მინიშნებებს აკეთებენ ევროკავშირში გაწევრიანების და აშშ-დან მომავალი კონკრეტული დახმარების ჰიპოთეტურობაზე, თუმცა სომხეთის ხელისუფლების მიმართ არავითარი მუქარა არ ისმის. მოსკოვის თავშეკავებულობის მიზეზი არა ახალ რეალობასთან შეგუება ან რუსეთზე ყარაბაღის დაკარგვის გამო სომხეთის წყენის სამართლიანობის აღიარება, არამედ უკრაინაში მიმდინარე ომია, რომლის გამოც რუსეთს სხვა მეზობლებისთვის დრო და რესურსები არ რჩება.

ერევანში ჩათვალეს, რომ სომხეთმა რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის დიდი საფასური უკვე გადაიხადა და ეს საფასური ყარაბაღია. ეს პოზიცია შესაძლოა მიამიტურად მოსჩანდეს სამმილიონიანი ქვეყნისთვის, რომელიც რუსულ იმპორტზეა დამოკიდებული. თუმცა სომხეთის დასჯის ინსტრუმენტები რუსეთს ბევრი ნამდვილად არ აქვს და არც ყველა მათგანი გამოიყურება საკმარისად ეფექტიანად.

ოპოზიციური ძალებისა და გასამხედროებული ორგანიზაციების დახმარებით სამხედრო გადატრიალების მოწყობა, შეუძლებელია. პრაქტიკაში მრავალჯერ გამოჩნდა, რომ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები საკმარის მუხტს ვერ კრეფს. სომხეთში არის ხალხი, ვინ პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს, მაგრამ მათი რიცხვი, ვინც კრემლის პროპაგანდას ეთანხმება, აბსოლუტური უმცირესობაა. კრემლის მომხრეები აბსოლუტურ უმცირესობაში არიან სამხედროებს შორისაც, რაც სამხედრო პუტჩის შესაძლებლობას პრაქტიკულად გამორიცხავს.

კონსპიროლოგიური ვერსია, რომ რუსეთი სომხეთს აზერბაიჯანის ხელით დასჯის, ასევე გამორიცხულია. ბაქო ბოლო წლებია ამტკიცებს, რომ იგი მოსკოვის აზრებს, განსაკუთრებით პრინციპულ საკითხებში, არ ითვალისწინებს. ახალი ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამორიცხული არ არის, თუმცა ამ გადაწყვეტილებას მოსკოვში ვერ მიიღებენ.

და ბოლოს, ხშირად ისმის მოსაზრება, რომ რუსეთი სომხეთს ეკონომიკურად გაჭყლეტს: ქვეყანა იღებს რუსულ გაზს, ელექტროქსელებს რუსული პასპორტის მქონე ოლიგარქის კომპანია აკონტროლებს, რკინიგზა რუსეთის რკინიგზის მფლობელობაშია, ხოლო ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ყოფნის გამო სომხური მაღაზიები სავსეა რუსული საქონლით. მაგრამ რამდენად აქვს რუსეთს ფუფუნება შეზღუდული საერთაშორისო ვაჭრობის პირობებში მეზობელი ქვეყნების ბაზრებიც დაკარგოს? მითუმეტეს, როდესაც ასეთი ეკონომიკური ზეწოლის ეფექტურობა საეჭვოა - სომხეთში ბლოკადის ქვეშ ცხოვრებას მიჩვეულნი არიან.

ბევრი რამე სომხეთის და რუსეთის სამომავლო ურთიერთობაში ახალი პარტნიორების - უპირველეს ყოვლისა, უსაფრთხოების სფეროში პარტნიორების, საფრანგეთისა და საბერძნეთის ეფექტიანობაზე იქნება დამოკიდებული. პასუხი ამ შეკითხვაზე სომხეთისთვის სავარაუდოდ დიდად დამაიმედებელი არ არის - ახალი პარტნიორები სამხრეთ კავკასიურ ქვეყანას იარაღს სიამოვნებით მიაწვდიან, სანამ სომხები მასში ფულს გადაიხდიან, თუმცა აზერბაიჯანთან ახალი ომის შემთხვევაში უფრო სომხეთის ადვოკატების როლს შეასრულებენ, ვიდრე სამხედრო მოკავშირეების.

ეს გაცილებით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც თურქეთმა გააკეთა აზერბაიჯანისთვის, ან ნატომ უკრაინისთვის, თუმცა მეტია იმაზე, რაც რუსეთმა გააკეთა სომხეთისთვის 2020 წლის შემდეგ. „სომხეთი არასდროს ელოდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან სამხედრო ჩარევას... ჩვენ პირველ რიგში პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებას ველოდით“ - განაცხადა ფაშინიანმა. ასეთ მხარდაჭერას კი სომხეთი დასავლეთისგან აუცილებლად მიიღებს.

სომხეთს მოკავშირეები პირველ რიგში ბაქოს შესაჩერებლად სჭირდება. რუსეთმა უკვე პრაქტიკაში აჩვენა, რომ იგი ამის გაკეთებას არ აპირებს. ევროპას კი ეს შესაძლოა უკეთ გამოუვიდეს. თუ რაიმე ათქმევინებს აზერბაიჯანს მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე უარს, ეს ევროკავშირში მისი ენერგომატარებლების ექსპორტისთვის პრობლემების შექმნა და პუტინსა და ლუკაშენკოსთან ერთ ბლოკში მოხვედრაა.

დაკარგული მორიდება - როგორ შეცვალა ომმა მოლდოვა

„ჩემთვის რუსეთი - არის ომი. სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ხალხს არ აფასებს, სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფერი ღირს. ეს არის ქვეყანა, სადაც თუ სახელმწიფოს მეთაურს გააკრიტიკებ, ხუთ წუთში დაგაკავებენ“ - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ. ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დსთ-ს სამიტებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

სიტყვები „რუსეთი“, „ომი“, „აგრესორი“ ერთმანეთთან კავშირში მოლდოვის ლიდერის თითოეულ საჯარო გამოსვლაში ისმის. უკრაინას მან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო რუსეთის ქმედება ტოტალურად დაგმო.

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა აგრესიულმა ომმა, მოლდოვის პოზიცია მნიშვნელოვნად შეცვალა. კიშინიოვი მოსკოვის მეგობრების რიცხვში უკრაინაში შეჭრამდეც არ შედიოდა და მას უფრო უფრთხოდა, ვიდრე საერთო შეხების წერტილებს ეძებდა. მიუხედავად ამისა, ომამდე მოლდოვის ხელისუფლების ქცევა და რიტორიკა რუსეთის მიმართ განსხვავებული იყო.

საპრეზიდენტო კამპანიის დროს მაია სანდუ თითოეულ ნაბიჯს მილიმეტრამდე ზომავდა და კამპანიას გამაერთიანებელი დღის წესრიგით აწარმოებდა, რათა მოლდოვის პოლიტიკური ველის სხვადასხვა პოლუსებიდან ხმების მაქსიმალური მოსავალი მიეღო. მისი საკვანძო დაპირებები ეხებოდა არა საგარეო პოლიტიკას, რომელიც პოლარიზაციის წყაროს წარმოადგენს, არამედ ყველასთვის საერთო ბრძოლას კორუფციასა და სიღარიბესთან. იგი მოსახლეობას მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოებას ჰპირდებოდა, მაგრამ პარალელურად აშშ-სთან, რუსეთთან, უკრაინასა და რუმინეთთან კარგი ურთიერთობების დამყარების აუცილებლობაზე საუბრობდა. ამ მიდგომის წყალობით, სანდუმ არჩევნებში პრორუსი პოლიტიკოსის, იგორ დოდონის დამარცხება მოახერხა.

ომის დაწყების შემდეგ კიშინიოვი მოლოდინის რეჟიმში გადავიდა. მაშინ, დღევანდელი დღისგან განსხვავებით, ცხადი არ იყო, რომ უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ხნით გაძლების რესურსი ჰქონდა. სცენარი, რომელშიც რუსეთი ოდესის მეზობელ არაღიარებულ დნესტრისპირეთს მიაღწევდა, მოსალოდნელად ითვლებოდა და მოლდოვასთვის კრიტიკულ მოცემულობას წარმოადგენდა.

თუ ომის დასაწყისში მოლდოვა ხაზს უსვამდა, რომ კონსტიტუციის თანახმად იგი ნეიტრალური ქვეყანაა და ევროპულ სანქციებს ამიტომაც არ უერთდება, მოგვიანებით პოზიცია გადაიხედა. ევროკავშირის სანქციების რეჟიმების უმრავლესობას მაია სანდუს ხელისუფლება უკვე შეუერთდა. ასევე მოლდოვა რუსეთის მოქალაქეებს მასობრივად უარს ეუბნება ქვეყანაში შესვლაზე.

მოლდოვაში რუსული სახელმწიფო მედიის საინფორმაციო და ანალიტიკური პროგრამების ტრანსლირება აკრძალულია. ექვსი მოლდოვური ტელეარხის მაუწყებლობა, რომლებიც რუსული კონტენტის რეტრანსლირებას ეწეოდნენ, ტელევიზიისა და რადიოს საბჭოს მიერ შემდეგი ფორმულირებით არის შეჩერებული - დუმილისთვის. იგულისხმება, რომ მოლდოვის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან აფილირებულმა ამ ტელეარხებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი არ დაგმეს. ქევყანაში პროპაგანდასთან ბრძოლის და საინფორმაციო დაცვის ეროვნული ცენტრი - PATRIOT-იც გამოჩნდა, რომლის სამიზნე ქვეყანაც ყველასთვის ნათელია.

დაბოლოს, მოლდოვამ გააუქმა ის ხელშეკრულებები, რომელიც დსთ-ში მისი მონაწილეობის დროს დაიდო და ამ ორგანიზაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან გამოსვლის პროცედურა დაიწყო.

ამ პერიოდში მაია სანდუმ ბრიუსელისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო. ქვეყანა სხვადასხვა ევროპული ფონდებისგან ასობით მილიონ ევროს იღებს. დახმარება მიმართულია გაძვირებული ბუნებრივი აირის შესაძენად და მოსახლეობისთვის საწვავზე გაზრდილი ხარჯების კომპენსაციისთვის. პოლიტიკური კუთხით მხარდაჭერა კი ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების დაჩქარების გარდა, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის კიშინიოვში გამართვითაც გამოიხატა, რომელშიც ორმოცდაათი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მონაწილეობდა. ამ მასშტაბის შეხვედრები მოლდოვაში მანამდე არ გამართულა.

ამ ფონზე, 2024 წელს მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი იყო. სოციალური გამოკითხვების იდილიური სურათი რეალურ ციფრებთან შეჯახებისას დაიმსხვა. ქვეყნის კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის, როგორც სახელმწიფოს ოფიციალური საგარეო-პოლიტიკური კურსის აღბეჭვდას მხარი მოსახლეობის 50,39% დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგ 49,61% იყო. ევროკავშირის მომხრეთა უპირატესობა გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე გამოკითხვებით იყო მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები მხოლოდ ქვეყნის შიგნით ტარდება და მრავალრიცხოვანი და დიდწილად პროევროპული დიასპორის განწყობებს არ ითვალისწინებს. საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გამარჯვება მეორე ტურში მოახერხა და ხაზი გაუსვა კიშინიოვში კარგ აქტივობასა და საზღვარგარეთ მოლდოველი ამომრჩევლის „განსაკუთრებულ მობილიზაციას“. მოლდოვური საზოგადოების არასასიამოვნო პოლარიზაცია თვალშისაცემი გახდა.

შედეგები შესაძლოა შოკისმომგვრელად მოსჩანს, მაგრამ რეალურად ქვეყნის პარადოქსული საზოგადოებრივი განწყობების გამომხატველია. მოლდოვა პირველი და ერთადერთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკა იყო, სადაც სსრკ-ს დაშლიდან ათი წლის შემდეგ ხელისუფლებაში კომუნისტური პარტია დაბრუნდა. ისინი ძალაუფლებაში დსთ-სთან ურთიერთობების გაღრმავებისა და რუსეთსა და ბელორუსთან სამოკავშირეო სახელმწიფოში შესვლის დაპირებით მოვიდნენ. ამ პარტიის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ვორონინმა კი ორ წელიწადში ევროინტეგრაციის საკითხში ეროვნული კომისიის შექმნას მოაწერა ხელი. სწორედ ამ მოვლენიდან იწყება მოლდოვის ევროინტეგრაციის ათვლა. კომუნისტური პარტიის მმართველობისას, 2007 წელს ევროინტეგრაციას მოსახლეობის 72% უჭერდა მხარს.

2009 წელს ძალაუფლება პროდასავლურმა ალიანსმა ევროპული ინტეგრაციისთვის გადაიბარა. მისი მმართველობისას მოლდოვამ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მიიღო, ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა შექმნა. მაგრამ სწორედ მათი მმართველობის დროს ჰქონდა ევროინტეგრაციას საზოგადოებაში ყველაზე დაბალი მხარდაჭერა - 39,5% 2015 წელს. სწორედ ამ პროევროპული კოალიციიდან გამოვიდა დღევანდელი პროდასავლური ხელისუფლების მთავარი მოწინააღმდეგე - გაქცეული ოლიგარქი ილან შორი.

ბოლო არჩევნებიც და რეფერენდუმიც ამ ტენდენციის გაგრძელებაა: მოლდოვა არ უნდა აღვიქვათ შავ-თეთრ და ორგანზომილებიან ქვეყნად. ეს კარგად ჩანს, თუ პრეზიდენტის არჩევნებსა და რეფერენდუმზე ხმის მიცემის შედეგებს გავაანალიზებთ.

ერთი მხრივ დნესტრისპირეთის - პრორუსული რეგიონის, რომელსაც კიშინიოვი უკვე 30 წელზე მეტია ვერ აკონტროლებს, ათასობით მაცხოვრებელი დნესტრის მარჯვენა მხარეს გადმოვიდა, რომ მაია სანდუსა და ევროინტეგრაციისთვის დაეჭირა მხარი. მეორე მხრივ რუმინეთისა და ევროკავშირის მოსაზღვრე უნგენის რაიონში, რეფერენდუმზე კონსტიტუციაში ევროპული კურსის ჩაწერის მოწინააღმდეგეებმა - 56,75% - 43,25% წინააღმდეგ გაიმარჯვეს. იგივე შეიძლება ითქვას კაგულის, ლეოვის და რუმინეთთან მოსაზღვრე სხვა რეგიონების შესახებაც.

მოლდოვაში პრორუსულმა პარტიამ შეიძლება პროევროპელი კანდიდატი დააყენოს, პროევროპელმა პოლიტიკოსმა პრორუსი ამომრჩევლების ხმები მიიღოს, ხოლო დნესტრისპირეთის მაცხოვრებელმა საკუთარ ქვეყნად მოლდოვა და არა არაღიარებული რესპუბლიკა მიიჩნიოს. ეს რთული მრავალფეროვნება უნდა ახსოვდეთ როგორც მოლდოველ პოლიტიკოსებს, ისე მის საგარეო პოლიტიკურ პარტნიორებსა და იმ ანალიტიკოსებს, რომელთაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაანალიზება სურთ.

საქართველოს უკანდახევა

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკაში ერთი კონსტანტა არსებობდა. პოლიტიკური შეხედულებებით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხელისუფლებები პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდნენ. ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ქვეყნის გაწევრიანება საქართველოს სუვერენიტეტის გაძლიერების და ქვეყანაში რუსეთისგან მომავალი საფრთხის შემცირების მთავარ ინსტრუმენტად განიხილებოდა.

ეროვნული უსაფრთხოების ამოცანები საქართველოსგან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში ღირებულებითი მიდგომის რეალიზებას, დემოკრატიული მმართველობის ნორმების დამკვიდრებას და ადამიანის უფლებების დაცვას მოითხოვდა. ქვეყნის დემოკრატიზაცია მის ვესტერნიზაციას მკაფიოდ დაუკავშირდა.

კულტურულ და ისტორიულ სფეროშიც საქართველოს ევროპული არჩევანის აქტუალიზება აქტიურად ხდებოდა. მმართველი ძალები საუბრობდნენ 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, როგორც ევროპულ სახელმწიფოზე და მუდმივად უსვამდნენ ხაზს საქართველოს ცივილიზაციურ კავშირებს ძველ საბერძნეთსა და ზოგადად ევროპასთან. წარმოდგენები ევროპულ საქართველოზე ქვეყნის ეროვნული იდენტობის და იდეოლოგიის განუყოფელ ნაწილად იქცა. საქართველოს პოლიტიკური არჩევანი გააძლიერა ნარატივმა, რომლის თანახმადაც ევროპა საქართველოს ბედისწერა და კულტურული სახლია.

რუსეთ-უკრაინის ომმა ევროკავშირის როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაზე ფუნდამენტური გავლენა მოახდინა. დღის წესრიგში დადგა გაერთიანების მეტად ღრმა ინტეგრაციისა და შიდა რეფორმირების საკითხი, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. პარალელურად კი ევროკავშირში დაჩქარებულად გაწევრიანების კუთხით შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა. „[ევროკავშირის] გაფართოება აღარ არის ოცნება, წინსვლის დროა“, - ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ეს სიტყვები 2023 წლის 28 აგვისტოს, სლოვენიაში ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას თქვა და დაამატა, რომ 2030 წლისთვის, გაფართოებისთვის, ორივე მხარე - როგორც ევროკავშირი, ასევე მომავალი წევრებიც უნდა მოემზადოს. 2023 წელს საქართველომ ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღო. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სტრატეგიულმა მდებარეობამ კი მისი მნიშვნელობა ევროპისთვის გაზარდა. საქართველოს გაუჩნდა შანსი ენერგეტიკული მილსადენების კვანძად გადაქცეულიყო, რომლის დახმარებითაც კასპიის ზღვის ენერგორესურსები დასავლეთის ბაზრებზე მოხვდებოდა და ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო დერეფნის კუთხითაც მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა.

ევროპასთან ურთიერთობის მსგავსი წარსულის შემდეგ დასავლეთისთვის საქართველოს ამჟამინდელი ზურგის შექცევა მხოლოდ მთავრობის მიერ სტრატეგიული პრიორიტეტების გადააზრებით შეიძლება ავხსნათ. 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პრიორიტეტად მშვიდობის შენარჩუნება გამოაცხადა. რუსეთთან ურთიერთობების დაახლოება მთავრობისთვის დასავლელი პარტნიორების გაღიზიანების ფასადაც კი მისაღები გახდა. ევროპასთან ურთიერთობის გაუარესების პიკად იქცა 28 ნოემბერი, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩერა.

საქართველოს მთავრობამ რუსეთზე დაწესებული სანქციების ლოგიკა და ეფექტურობა გააკრიტიკა. უმაღლესი თანამდებობის პირები ნატოს გაფართოებას უკრაინაში ომის მთავარ მიზეზად სულ უფრო ხშირად ასახელებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლება აქტიურად ავითარებს გლობალური ომის პარტიაზე, მის მიერ საქართველოში დაგეგმილ რევოლუციასა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე კონსპირაციულ თეორიას. დემოკრატიის გავრცელების დასავლური პოლიტიკა ისეთი ჰიბრიდული რეჟიმის ინტერესებს, როგორიც ქართული ოცნების ხელისუფლებაა, საფუძველშივე ეწინააღმდეგება. ამიტომაც ასეთი რეჟიმები ხშირად ავრცელებენ საგარეო შეთქმულების თეორიებს და ქვეყნის შიგნით კრიტიკოსებს უცხოეთის აგენტებად მოიხსენიებენ.

პროევროპული და პროდასავლური დისკურსი, რომელიც 1990-იანი წლებიდან საქართველოში დომინირებდა, თანდათან ჩაანაცვლა დისკურსმა სუვერენიტეტის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, იდენტობისა და ტრადიციების პატივისცემის შესახებ. „ქართული ოცნება“ კი ეტაპობრივად ტრანსფორმირდა პოპულისტურ, კონსერვატორულ პოლიტიკურ პარტიად, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს სხვა პოპულისტურ და არალიბერალურ ძალებთან, რომლებიც საქართველოს დემოკრატიზაციის ხარისხს ყურადღებას არ აქცევენ.

საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს საშინაო განზომილებაც აქვს. საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვა დემოკრატიზაციასა და საშინაო რეფორმებს მძლავრ იმპულსს აძლევდა. ამ პროცესის შეჩერება კი ქვეყანაში დემოკრატიის უკან დახევას და ჰიბრიდული ავტორიტარიზმის დამყარებას ნიშნავს. სახეზე გვაქვს ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების კონსოლიდაცია, დამოუკიდებელი ინსტიტუტების დემონტაჟი და დემოკრატიული პოლიტიკური ბრძოლისთვის პოლიტიკური სივრცის შემცირება.

ცხადია, რომ პოლიტიკის ასეთმა რადიკალურმა ცვლილებამ ქართულ ოცნებაზე რუსული გავლენების არსებობის შესახებ ეჭვები გააჩინა. მითუმეტეს, მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება ევროპის მიმართ გატარებული ე.წ. „სუვერენული პოლიტიკის“ გამო ღიად შეაქო და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები დასავლეთისგან მართულ რეჟიმის შეცვლის სტრატეგიად შეაფასა. მიუხედავად ამისა, დასავლეთში ბევრი რუსულ გავლენებზე საუბარს თავს არიდებს. მაგალითად, ტომას დე ვაალი მიიჩნევს, რომ „ოცნებას რუსეთის უფრო ეშინია, ვიდრე მასთან შეერთება სურს“. ნილ მაკფარლეინის აზრით კი ბიძინა ივანიშვილს არა პრორუსული, არამედ პირადი ინტერესები ამოძრავებს: „ივანიშვილი არც პრორუსია და არც პროდასავლელი. იგი პრო-ივანიშვილია“.

მაგრამ ფაქტად რჩება, რომ ბოლო წლებში პოლიტიკის რადიკალური ცვლილების შედეგად „ქართული ოცნება“ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესებს მნიშვნელოვნად დაუახლოვდა. ივანიშვილის ხელისუფლებამ დასავლური და კერძოდ ევროპული დემოკრატიზაციის პროგრამა საშინაო საქმეებში არასასურველ ჩარევად მიიჩნია, რომელიც მის სურვილს, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება, პირდაპირ ეწინააღმდეგება. საქართველოს ხელისუფლების საშინაო პოლიტიკური მიზნების რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დამთხვევამ მოსკოვს რეგიონში საკუთარი გავლენების გაფართოების და დასავლური გავლენების შემცირების შესაძლებლობა მისცა.

მაშინ, როდესაც რუსული დომინაცია სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, თურქეთის მზარდი როლის და სომხეთის რუსეთისგან დისტანცირების პირობებში მცირდებოდა, ქართული ოცნების ხელში საქართველოს გეოპოლიტიკური ტრანსფორმაცია რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად იქცა. პროცესი, რომლისთვისაც ომის დასაწყისში შეგვეძლო “თავშეკავებული ნეიტრალიტეტი“ გვეწოდებინა, დასავლეთთან ურთიერთობების თითქმის ბოლომდე გაწყვეტად სწრაფად გადაიქცა.

უკრაინაში ომის დაწყებით რუსეთმა დასავლეთის მხრიდან წესებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვის და რუსული რევანშიზმის შეკავების უნარი გამოსცადა. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი პირველივე დღიდან რუსეთის დაუმარცხებლობაში იყო დარწმუნებული, რამაც მისი დამოკიდებულება ომის მიმართ დიდწილად განსაზღვრა. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა აგრესიული მეზობელი არ გაეღიზიანებინა. მან წარმატებით მოახდინა წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთთან ომის განახლების შიშის ექსპლუატირება და პრაგმატული და ფრთხილი პოლიტიკური ძალის იმიჯი შეიქმნა, რომელიც არასასურველ რისკებს თავიდან ირიდებს. ამავდროულად, პირადი ინტერესებიდან გამომდინარეც რუსეთის გამარჯვება და დასავლეთის დასუსტება ავტორიტარული რეჟიმისთვის, რომელიც მთავარ აქცენტს ძალაუფლების შენარჩუნებასა და ქვეყანაში ეკონომიკური რესურსების ხელში ჩაგდებაზე აკეთებს, ბევრად ხელსაყრელი მოცემულობაა.

უკრაინაში ომმა გამოიწვია სამხრეთ კავკასიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებაც. გაიზარდა თურქეთის და ირანის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენები. „ქართული ოცნების“ გაუბედავი პოლიტიკის წყალობით, რომელმაც უკრაინის მიმართულებაზე რუსეთის მაღალი კონცენტრაცია და სხვა მიმართულებით პროაქტიული ნაბიჯების გასატარებლად რესურსების ნაკლებობა არ გაითვალისწინა, საქართველომ ევროკავშირთან დაახლოების და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შანსი ხელიდან გაუშვა. მომდევნო ასეთი შესაძლებლობის გაჩენა საქართველოსაც და ევროკავშირსაც გაცილებით დიდი ფასი დაუჯდებათ. დასავლეთისგან იზოლირებით და დემოკრატიული მიღწევების ნიველირებით საქართველო რეგიონული ჰეგემონებისთვის ადვილი ლუკმა გახდება.

***

პუტინი იმდენად კონცენტრირებულია უკრაინაზე, რომ საზღვრებიდან მოშორებით ერთადერთი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირის დაკარგვა ან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭება, მას გულგრილს ტოვებს. თავისი არსით ლოკალურმა კონფლიქტმა სხვა ყველაფერი განდევნა და მისთვის გლობალური მნიშვნელობა შეიძინა. უკრაინის ომში პოტენციური გამარჯვება მისთვის გლობალური უმრავლესობის ძველ მსოფლიო ელიტასთან გამარჯვებას უთანაბრდება. სხვას არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველაფერი, მათ შორის რუსეთის ბედიც ხერსონთან და ვოლჩანსკთან წყდება.

სხვა საქმეა, რომ რუსული გამარჯვების სახეხატი იმდენად ბუნდოვანია, რომ უკიდურესად შეზღუდული და ლოკალური წარმატებაც რუსეთში შესაძლოა დიდი ხნის ნანატრ და ყოვლისმომცველ ტრიუმფად წარმოაჩინონ. მაგრამ ეს მხოლოდ შიდა აუდიტორიისთვის. დანარჩენი მსოფლიოს დარწმუნება ასე მარტივი არ იქნება. მათი დარწმუნება საკუთარ სიძლიერეში რუსეთს თავიდან მოუწევს და რამდენად ექნება მას ამის უნარი და ძალა, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“