[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

სომხეთის პროდასავლური გეზის ანალიზი

სომხეთი აქტიურად აგრძელებს თავისი გეოპოლიტიკური პოზიციის გადაფასებას სამხრეთ კავკასიის კონტექსტში. 2020 წელს, ყარაბაღის ომში დამარცხების შემდეგ, სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების დალაგებისა და ნორმალიზების კუთხით დაიწყო მუშაობა. ამავდროულად, სომხეთის მთავრობა ცდილობს მჭიდრო კავშირები დამყარებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. იმისდა მიუხედავად რომ ამ პროცესებს დღევანდელი მოცემულობით ხელშესახები შედეგები ჯერ არ გამოუღია მათ აქვთ პოტენციალი სომხეთს შეუქმნან ახალი შესაძლებლობები - ცვლილებები რომლებიც ზეგავლენას იქონიებს არა მხოლოდ უშუალოდ ქვეყანაზე არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაზე

დღეს სომხეთი გახლავთ სამხრეთ კავკასიის ყველაზე მონახულებადი დედაქალაქი. სომხეთი ხშირად მასპინძლობს დიპლომატიურ ვიზიტებს, კონფერენციებსა და სამუშაო სამიტებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორების დიდი ნაწილი კვლავ მეზობელი ქვეყნებიდან და რეგიონში დაინტერესებული ქვეყნების მხრიდან შემოედინება, აღსანიშნავია სტუმრიანობის ახალი ტენდენცია. ბოლო თვეების განმავლობაში თვალშისაცემია, დასავლეთის ქვეყნების დელეგაციების ვიციტის სიჭარბე, რაც სომხეთის ევროკავშირთან და აშშ-სთან გაღრმავებულ თანამშრომლობაზე მიუთითებს.

ბოლოდრეინდელი მაღალი რანგის სტუმრებს შორის აღსანიშნავია კაია კალასი, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი. მისი ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განაცხადეს რომ დასრულდა მოლაპარაკებები ახალი დღის წესრიგის შემუშავების გარშემო, დოკუმენტზე რომლის ფარგლებშიც გადაიხედა არამხოლოდ ფორმალური ურთიერთობების გაღრმავება არამედ მისი მაშტაბების გაფართოება.[1] ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, ამ კავშირების თანდათანობითი განმტკიცება შესაძლოა საფუძვლად დაედოს სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ, მაღალ დონეზე გადასვლას. 

რას მოიცავს თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადასვლა ჯერ კიდევ უცნობია. სომხეთს ამბიციური სამომავლო გეგმები აქვს. 2023 წლის შემოდგომას, სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ პაშენიანმა, განუცხადა ევროპის პარლამენტს რომ სომხეთი მზად არის ევროკავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად და განსამტკიცებლად თუ ამის სურვილი მეორე მხარესაც მოიძებნება.[2] შარშან ევროკავშირსა და სომხეთს შორის შეთანხმება შედგა სამ წლიან გეგმაზე, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის კრიტიკული სფეროების განვითარებას და რომლის ბიუჯეტიც შეადგენს 270 მილიონ ევროს.[3]  მიმდინარე წლის ზაფხულს, სომხეთის მთავრობამ მიიღო ახალი კანონი რომლის ფარგლებში ოფიციალურად განცხადდა ქვეყნის სურვილი გახდეს ევროკავშირის წევრი.[4]

გადამწყვეტი სიტყვა მაინც ბრიუსელიდან უნდა გაისმას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას გამოხატავს, სომხეთთან ურთიერთობების ფორმალიზება ჯერჯერობით არ მომხდარა. ფორმალურად, სომხეთი კვლავ რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი თავდაცვითი და ეკონომიკური ბლოკების - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ერევანმა შეაჩერა წევრობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO), ის ჯერ კიდევ ერიდება მოსკოვთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას, რადგან რუსი ოფიციალური პირები აფრთხილებენ, რომ ეს შესაძლოა სერიოზული ფულადი სახსრების დანაკარგით დასრულდეს.[5] საქართველოს უკუსვლა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთ ბარიერს უქმნის სომხეთს; ამგვარი ვითარება აფერხებს იმ პროცესებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში შესაძლოა უფრო სწრაფად და შეუფერხებლად წარმართულიყო.

თუ სომხეთი და ევროკავშირი განაგრძობენ ამ მიმართულებით თანმიმდევრულ მოქმედებას, ეს მათ საშუალებას მისცემს, მომავალი ნაბიჯებისთვის უკეთ მოემზადონ. ამ ეტაპზე, ევროკავშირი თავს იკავებს სომხეთის კანდიდატურის განხილვა გაუთანაბროს უკრაინა/მოლდოვის (აგრეთვე ევროკავშირის წევრობის მოსურნე ქვეყნები) კანდიდატურას. ევროკავშირის გაფართოების დღის წესრიგი დღევანდელი პირობებითაც მნიშვნელოვან გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რაც კიდევ უფრო მძაფრდება ევროპაში მემარჯვენე ძალების აღმავლობითა და მოსახლეობის გააქტიურებული შეშფოთებით მიგრაციისა და ცხოვრების ხარჯების მატებაზე.[6] თუმცა, დროთა განმავლობაში ეს დინამიკა შეიძლება შეიცვალოს და სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს ახალი პერსპექტივები გაუჩნდეს.

იძულებითი დაჩქარება

სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობის გადააზრება დიდწილად განპირობებულია რუსეთის მიმართ მზარდი უკმაყოფილებით. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, სომხეთს დარჩა მხოლოდ დასუსტებული ჯარი და კოვიდ პანდემიისგან შემცირებული ეკონომიკა. აზერბაიჯანი დაესაკუთრა  სადავო ტერიტორიების უმეტეს ნაწილს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი გაიზარდა და გარდაისახა დაძაბულობის კერად. 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებმა შეამსუბუქა სომხეთის სამოქალაქო დაძაბულობები, თუმცა ქვეყანა მოწყვლადი დარჩა პოტენციური განახლებადი შეტაკებების მიმართ.

თავდაპირველად, სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა მიუხედავად იმედგაცრუებისა, რომელიც მოსკოვის გადაწყვეტილებამ გამოიწვია ომში ჩაურევლობის შესახებ. მოსკოვის ამგვარი თავშეკავება, როგორც ჩანს, თურქეთთან პირდაპირი დაპირისპირების და აზერბაიჯანთან ესკალაციის შიშით იყო განპირობებული. ყველაფრის მიუხედავად, რუსეთი კვლავ გახლდათ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი, ვინაიდან CSTO-ს წევრობა სომხეთს ფაქტიურად უზღუდავდა სხვა სამხედრო მოკავშირეების მოძიებას. რუსი სამშვიდობო ძალები განლაგდნენ მთიანი ყარაბაღში, რაც შეთანხმებული იყო გიუმრიში მდებარე სამხედრო ბაზასთან, აგრეთვე რუსმა მესაზღვრეებმა კონტროლი აიღეს სომხეთის საზღვრის რამდენიმე სტრატეგიულ მონაკვეთზე.[7]

სომხეთის მოლოდინი, რომ რუსეთის სამხედრო გავლენის გაძლიერება რეგიონში სტაბილურობას უზრუნველყოფდა, მალევე გაქარწყლდა. 2021 წლის გაზაფხულზე აზერბაიჯანულმა ძალებმა საზღვრისპირა ტერიტორიებზე წინსვლა დაიწყეს, ხოლო შემოდგომისთვის უკვე სერიოზული შეტაკებები დაიწყო მთიან ყარაბაღში. მიუხედავად რუსეთის მხრიდან გამოხატული შეშფოთებისა, მოსკოვმა ვერ მოახერხა პროცესების შეჩერება ან დაძაბულობის შემცირება.[8]

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრამ კიდევ უფრო დააჩქარა ეს მოვლენები. მოსკოვის გეოპოლიტიკური ჩართულობის განზავებამ გამოიწვია მისი გავლენის შემცირება სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანმა დაიწყო რუსი სამშვიდობოების და მესაზღვრეების იგნორირება. 2022 წლის მიწურულს აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა და დაიკავა ისეთი სტრატეგიული წერტილები, რომლებიც ახალი დაძაბულობის შემთხვევაში სომხეთის ორად გაყოფის საფრთხეს ქმნის.[9] 2023 წელს კი სომხური მოსახლეობის გაქცევის შემდეგ მთიანი ყარაბაღი ბლოკადასა და შემდგომში აზერბაიჯანის სრულ დაქვემდებარებაში მოექცა.

ამ რთულ პერიოდში, ევროკავშირი სომხეთის მთავარ გარე მხარდამჭერად იქცა. 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, ბრიუსელმა დააინიცირა დახმარების პროგრამები სამხრეთ სომხეთში, რომელიც ახალ ფრონტის ხაზებთან სიახლოვის გამო განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდა.[10]  2023 წელს, სომხეთის წინააღმდეგ განხორციელებული საზღვრისპირა თავდასხმების შემდეგ, ევროკავშირმა განათავსა სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია; ანალოგიური იმ მისიისა, რომელიც 2008 წლის ომის შემდგომ საქართველოში შეიქმნა.[11] მისიის არსებობის ფონზე, მიუხედავად გარკვეული ინციდენტებისა, სერიოზული ესკალაცია თავიდან იქნა აცილებული და ვითარება ეტაპობრივად სტაბილურდება.

ამავდროულად, სომხეთმა რუსეთისგან დისტანცირება დაიწყო. მან შეწყვიტა CSTO-ს სამიტებზე დასწრება და საწევრო მოსაკრებელის გადახდა. მართალია მაღალი დონის შეხვედრები კვლავ იმართება და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი პერიოდულად სტუმრობს მოსკოვს, თუმცა ახალი ერთობლივი პროგრამები ან პროექტები არ დაინიცირებულა

ომი ბიუროკრატიასთან (ბიუროკრატიის წინააღმდეგ გალაშქრება)

ევროკავშირთან დაახლოების გზაზე სომხეთს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. აღნიშნული თანამშრომლობა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით. ნებისმიერი შეფერხება ან რეგრესული ნაბიჯი შესაძლოა სერიოზულ რისკად იქცეს მთელი პროცესისთვის.

სომხეთში რეფორმების განხორციელების პროცესში კონსერვატიული ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. ადგილობრივი ჩინოვნიკები და ექსპერტები ხშირად გაბერილ და არაკვალიფიციურ პერსონალს ასახელებენ როგორც მთავარ მიზეზს, თუ რატომ ჩაიშალა ფაშინიანის 2018 წლის მშვიდობიანი რევოლუციის შემდეგ განხორციელებული ზოგიერთი რეფორმა. კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა ასევე ხელს უშლის ევროკავშირის პარტნიორობასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელებას. „სომხეთის დაბალი შესაძლებლობები ამ რეფორმების ათვისების მხრივ ახალ ჰორიზონტებზე ფიქრის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს“, - განაცხადა მოლაპარაკებებში ჩართულმა ევროკავშირის წარმომადგენელმა.[12]

ერთ-ერთი საკვანძო და სიმბოლური განხილვის საგანი გახლავთ ვიზა ლიბერალიზაცია, რაც სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისას ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლებას გულისხმობს. ეს პროცესი ოფიციალურად დაიწყო გასული წლის სექტემბერში და საჭიროებს სომხეთის მხრიდან როგორც პირადობის მოწმობების განახლებას აგრეთვე თანმხლები რეფორმების განხორციელებას.[13]

სომხეთს, ერთის მხრივ, მართებს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და შესაძლოა, უნივერსალური დაზღვევის მექანიზმის გაფართოება, რათა თავიდან აიცილოს ევროპისკენ მიმართული სამედიცინო მიგრაცია უვიზო რეჟიმის ფარგლებში.[14] მეორეს მხრივ, საჭიროა ეფექტური საცხოვრებელი პოლიტიკის გატარება ყარაბაღელი ლტოლვილების მიმართ, რათა შემცირდეს მათი ევროკავშირში თავშესაფრის ძიების მოტივაცია.[15]

ორივე ინიციატივა დიდ ფინანსურ და ადმინისტრაციულ რესურსებს მოითხოვს, მათ შორის, კვალიფიციურ საჯარო მოხელეებს, რომლებიც შეძლებენ პოლიტიკის განხორციელებას და ევროკავშირის პარტნიორებთან ეფექტურ კომუნიკაციას. სომხეთისთვის ეს საკმაოდ რთული ამოცანა შეიძლება აღმოჩნდეს. „სხვადასხვა სამინისტროებში საკმარისი ინგლისურად მოსაუბრე ადამიანების მოძიებაც კი რთულია,“ — განაცხადა სომხეთის ერთ-ერთი ოფიციალური პირი, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის პროგრამებზე მუშაობს.[16]

მოუხელთებელი მშვიდობა

რეგიონული სტაბილურობა რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობად სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ნებისმიერი ესკალაცია ან ახალი ომის დაწყება სერიოზულად დააზიანებს დაგეგმილ თანამშრომლობას ბრიუსელთან და შეაფერხებს ევროპული ინვესტიციების ქვეყანაში შემოდინებას. კონფლიქტის განახლება სამხრეთ კავკასიაში, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გაამწვავებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შიშებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში და შეამცირებს მათ მზაობას სომხეთთან დაახლოების მიმართულებით.

მიმდინარე გეოპოლიტიკური რეალობის პირობებში, სომხეთმა გააძლიერა ძალისხმევა მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით. მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ, სომხეთმა და თურქეთმა სპეციალური წარმომადგენლების გზით დიალოგი დაიწყეს საერთო საზღვრის გახსნისა და ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლო გზებზე.[17]  ამავდროულად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მიუხედავად პერიოდული დაძაბულობისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელთა ფარგლებში მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მშვიდობის ხელშეკრულების ტექსტზე და თანმდევ თემებზე პროგრესი შეინიშნება.[18]

სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალური ხელმოწერა მნიშვნელოვან გარღვევას მოასწავებდა - არა მხოლოდ ძალადობის განახლების უშუალო რისკის შემცირების კუთხით, არამედ რეგიონული ვაჭრობისა და ტრანსპორტის გრძელვადიანი შესაძლებლობების გახსნის მიმართულებითაც. სომხეთზე გამავალი სტაბილური დერეფანი გააძლიერებდა სამხრეთ კავკასიის, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარი სატრანზიტო მარშრუტის როლს. როგორც ევროკავშირმა, ასევე შეერთებულმა შტატებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ მოვლენების ასეთ განვითარებას, რაც გულისხმობს არამხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, არამედ რეგიონის ინფრასტრუქტურული განახლების მიმართულებით შესაძლო ფინანსურ ინვესტიციებს. კერძოდ, აშშ-ის ხელისუფლებამ წამოაყენა ინიციატივა კერძო კომპანიის ჩართვის შესახებ, რომელიც მხარს დაუჭერს სატრანსპორტო მიმოსვლის ორგანიზებას აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის, სომხეთის სამხრეთით გამავალი მარშრუტის ფარგლებში.[19] წინადადება ამჟამად განხილვის ეტაპზეა ბაქოსა და ერევანში.

თუმცა პროცესის წარმატება აგრეთვე დამოკიდებულია მოსკოვის პოზიციაზე. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, მოსკოვი საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც სამხრეთ კავკასიის მთავარი მედიატორისა და სომხეთის უსაფრთხოების გარანტის როლში. კრემლი სამხრეთ კავკასიას კვლავ სტრატეგიულ ზონად განიხილავს და ფრთხილად ეკიდება ნებისმიერ მცდელობას, რომელიც პოსტ-საბჭოთა რეგიონში დასავლეთის როლის ზრდას გულისხმობს. უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, რუსეთი კვლავაც ცდილობს შეინარჩუნოს ცენტრალური როლი რეგიონული სატრანზიტო მომავლის ფორმირებაში და, უფრო ფართო კონტექსტში, სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში.

წარსულში რუსეთის წინააღმდეგობამ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებას არაერთხელ შეუშალა ხელი. 2013 წელს, მოსკოვის პირდაპირი ზეწოლის შედეგად, სომხეთმა უკან დაიხია და არ მოაწერა ხელი ევროკავშირთან უკვე მომზადებულ ასოცირების ხელშეკრულებას.[20] შედეგად, ერევანმა არჩევანი გააკეთა შედარებით შეზღუდულ ყოვლისმომცველ და გაფართოებულ პარტნიორობის შეთანხმებას (CEPA) სასარგებლოდ, რომელიც ძალაში სრულად მხოლოდ 2021 წელს შევიდა. „ჩვენ განვითარების ევროპული სტანდარტები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სტანდარტებით ჩავანაცვლეთ“, - მოგვიანებით აღნიშნა ყოფილმა სომეხმა მომლაპარაკებელმა. „ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ბიზნესები - საწარმოო ქარხნებიდან დაწყებული, უბნის კაფეებით დამთავრებული - ამ ჩარჩოებში მოქმედებდნენ. ჩვენ ამით წლები დავკარგეთ“.[21]

დღეს კი ერევანში ოფიციალური პირები მტკიცედ აცხადებენ, რომ 2013 წლის მსგავსი უკუსვლა აღარ განმეორდება. ევროკავშირთან ახალი პარტნიორობის დღის წესრიგი სცდება ტრადიციულ სფეროებს, როგორიცაა ვაჭრობა, მობილობა და კულტურა. პირველად, იგი მოიცავს საერთო ჩართულობის მექანიზმებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში. 2023 წელს ევროკავშირმა სომხეთს მიაწოდა შეზღუდული დახმარება ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, რომელიც არა-ლეტალურ მხარდაჭერასა და საგანგებო მზადყოფნას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დახმარება სიმბოლური იყო, მას შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს უფრო ღრმა თანამშრომლობას.[22] ივნისში კი მხარეებმა გააფორმეს ახალი შეთანხმება, რომელიც აფართოებს სომხეთის როლს ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში.[23]

ეკონომიკის ჯაჭვები

სომხეთის მთავრობა კვლავ შეშფოთებულია იმით, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა დიდ წილად არის დამოკიდებული რუსეთზე.[24]  ბუნებრივ გაზს სომხეთი რუსეთიდან შეღავათიან ფასად იღებს, და ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი კვლავ რუსული კონტროლის ქვეშ რჩება. სავაჭრო ურთიერთობები რუსეთ-სომხეთს  შორის ბოლო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდაგანსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა რუსეთს, რამაც სომხეთი ერთ-ერთ მთავარ სატრანზიტო გზად აქცია.[25]

ამ დამოკიდებულების შემცირება სომხეთის ერთ ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. უკვე ორი წელზე მეტია, რაც სომხეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აწარმოებენ მოლაპარაკებებს რუსეთის ენერგეტიკულ სისტემაზე დამოკიდებული ბირთვული ელექტროსადგურის ჩანაცვლებაზე.[26] ერევანი ასევე განიხილავს რუსი მოქალაქეების ფლობელობაში მყოფ მსხვილი კომპანიების მომავალს. მაგალითად, მთავრობამ გაზარდა წილი ქვეყანაში ყველაზე დიდ სამთო-შემოწმებით საწარმოშისომხეთის უმსხვილეს გადამხდელ კომპანიაშიდა 2025 წლის ივლისში გაეროვნულა ერევნის ელექტროგადამცემი კომპანია. მაგალითად, სომხეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის ივლისში გაზარდა მფლობელობის წილი ქვეყნის უმსხვილეს სამთო საწარმოში, რომელიც წარმოადგენს სომხეთის უმნიშვნელოვანეს გადამხდელს, და ეროვნული კონტროლის ქვეშ მოაქცია ერევნის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი.[27]

ჯერ უცნობია, რამდენი დრო დასჭირდება რუსეთის ეკონომიკური გავლენის შემცირებას. პროგრესი შესაძლოა მნიშვნელოვნად დაჩქარდეს იმ შემთხვევაში, თუ სომხეთმა და თურქეთმა შეძლეს საზღვრის გახსნა და პირდაპირი ვაჭრობის აღდგენა. ამ მიმართულებით დიალოგი ბოლო სამი წლის განმავლობაში შეჩერებულია, რაც უკავშირდება აზერბაიჯანთან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების არქონას. ანალიტიკოსების შეფასებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის საფუძველი გახდეს.[28]  სომხეთში ოფიციალურ დონეზე განიხილავენ შესაძლებლობას, რომ შეთანხმების შემთხვევაში ქვეყანა გაზის იმპორტს აზერბაიჯანიდან დაიწყებს.[29]

რთული არჩევნები

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება, შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ცდილობს მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება, რათა გააგრძელოს მეზობლებთან მშვიდობის დამყარება და გააძლიეროს დასავლეთთან კავშირები.

თუმცა, რუსეთის მხრიდან არჩევნებში ჩარევის საფრთხე კვლავ არსებობს. გავრცელებული ცნობების თანახმად, სერგეი კირიენკო, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო პროცესებს კურირებს, გახდა სომხეთის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი.[30] ადგილობრივი დამკვირვებლები ამჩნევენ საეჭვო ონლაინ პლატფორმების რაოდენობის ზრდას, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს გარემოება შესაძლოა სერიოზული გამოწვევა გახდეს ქვეყნის ხელისუფლებისთვის.[31]

ფაშინიანის გუნდი როგორც ჩანს უკვე მზად არის ურთულესი ბრძოლისთვის. გასულ წელს რეიტინგის მკვეთრი ვარდნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა მიდგომები შეიცვალა: გაიპარსა მისი ცნობილი წვერი, გააქტიურდა სოციალურ ქსელებში და გაზარდა რეგიონალური ვიზიტების რაოდენობა. ამჟამად, ფაშინიანი ხშირად სტუმრობს სომხეთის რეგიონებს მის მეუღლესთან ერთად, და ორივე ერთად ცდილობენ დაანახონ ამომრჩეველს ქვეყნის განვითარების მათებური ხედვა, რომელიც ემიჯნება ძველ ნაციონალისტურ პოლიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანის პოპულარობა ეტაპობრივად აღდგენას იწყებს, იგი ჯერ კიდევ არ აღწევს იმ დონეს, რომელიც მყარი და დამაჯერებელი გამარჯვებისთვის იქნებოდა საკმარისი.[32]

ფაშინიანის წინასაარჩევნო სტრატეგიის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტად შეიძლება იქცეს ევროკავშირთან ურთიერთობების განმტკიცება. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, სომხეთი გახდება პირველი სამხრეთ კავკასიის ქვეყანა რომელიც უმასპინძლებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მაღალი დონის სამიტს. აღნიშნულ სამიტზე იქნებიან წარმოდგენილნი ევროპის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები და მათი პარტნიორი სახელმწიფოები.[33]  სომხეთის საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებს, ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართ საზოგადოებრივ მზარდ მხარდაჭერას. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი კვლავაც ფრთხილობენ და შიშობენ, რომ დასავლეთისკენ გადახრამ შესაძლოა რუსეთის პროვოცირება და სერიოზული ეკონომიკური დაღმავლობა გამოიწვიოს. ეს ურთიერთსაწინააღმდეგო განწყობები პოლიტიკურ ლანდშაფტზეც ახდენს გავლენას, რაც სპექტრის სხვადასხვა პარტიებს საკუთარი პოზიციების გადახედვისკენ უბიძგებს. ისევე როგორც მოლდოვაში, სომხეთის საარჩევნო კამპანიაც სულ უფრო მეტად იძენს გეოპოლიტიკური დაპირისპირების შინაარსს - დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ.

პოლიტიკური პროცესები სომხეთში თანმდევად გართულდა სამოციქულო ეკლესიასთან არსებული დაძაბულობის ფონზე.[34]  მიმდინარე წლის გაზაფხულიდან პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა არაერთხელ გააკეთა საჯარო მოწოდება კათოლიკოსის გადადგომის შესახებ, რაც უკავშირდება გავრცელებულ ვარაუდებს ცელიბატის წესის შესაძლო დარღვევაზე. ივლისში უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რამდენიმე სასულიერო პირი, პოლიტიკური ფიგურა და სამოქალაქო აქტივისტი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან მთავრობის დამხობის შეთქმულებაში. მიუხედავად მწვავე რიტორიკისა, ეს კონფლიქტი ჯერ არ გადაიზარდილა მასობრივ პროტესტში ან ისეთ მოძრაობაში, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს რეალურ საფრთხეს შეუქმნიდა.

სამომავლო ხედვა

ბრიუსელისა და ერევნის ოფიციალური პირები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და სომხეთს შორის თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ასეთი მჭიდრო.[35] მართლაც, სომხეთმა და ევროკავშირმა ბოლო წლებში მოახერხეს ღრმა და ყოვლისმომცველი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც ვაჭრობის, განათლებისა და მოგზაურობის ფარგლებს გასცდნენ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაც მოიცვეს. ევროკავშირის დამკვირვებლების მანქანები ამჟამად სომხეთის სასაზღვრო რეგიონებს პატრულირებენ და სოფლის მრავალი მაცხოვრებლისთვის ეს ევროპელებთან პირველი შეხვედრაა.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სომხეთი აზერბაიჯანთან და შემდგომ თურქეთთან მშვიდობიან მოლაპარაკების მიღწევას. საზღვრებზე მყარი მშვიდობა არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის დამატებით გარანტიას შექმნის, არამედ ევროკავშირთან უფრო აქტიური ეკონომიკური ინტეგრაციის საფუძველსაც გააძლიერებს. ამავდროულად, სტაბილურობა გაანეიტრალებს ევროპულ სკეპტიციზმს იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთთან დაახლოება შესაძლოა ახალი კონფლიქტების წარმოშობის რისკს შეიცავდეს.

საქართველოში უფრო სტაბილური პოლიტიკური გარემო სომხეთს დაეხმარებოდა ევროკავშირთან დაახლოების პროცესის დაჩქარებაში. 2022 წელს სომხეთის მაღალი რანგის პირები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი, აქტიურად ლობირებდა საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად ევროპის დედაქალაქებში. ერევანში არსებობდა მოსაზრება, რომ საქართველოს პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე რეგიონს მთლიანობაში გაუხსნიდა პერსპექტივებს; მით უმეტეს, რომ ბრიუსელში გაფართოებაზე მსჯელობა ხშირად რეგიონული მიდგომით მიმდინარეობს. თუმცა 2024 წელს საქართველოს საგარეო კურსის მოულოდნელმა ცვლილებამ სომხეთი იძულებული გახადა, მიეღოთ ახალი მოცემულობა და შეენარჩუნებინათ პრაგმატული კავშირები ერთადერთ მეზობელთან, რომელსაც სახმელეთო წვდომა აქვს როგორც ევროპის აგრეთვე რუსეთის ბაზარზე. მიუხედავად ამისა, სომეხი ჩინოვნიკები კვლავაც სტუმრობენ თბილისს და ცდილობენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილების გაზიარებას. თუმცა ეს ინიციატივები უფრო მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა საქართველო რომ დღემდე პროევროპული კურსით მოძრაობდეს და შუამავლის როლს თამაშობდეს ორმხრივ პროცესებში.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება შესაძლოა ეტაპობრივი და დროში გაწელილი პროცესი იყოს, თურქეთთან კონსტრუქციული კავშირის შენარჩუნება სომხეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. ეს ქვეყანას დასავლეთის ყურადღების ცენტრში აყენებს და აძლევს შესაძლებლობას განავითაროს ინსტიტუტები და მმართველობა იმ მიმართულებით, რაც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ინტეგრაციულ ბლოკებს არ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეფერხდა, თურქეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება (რომელიც უკვე თავსებადია ევროკავშირის საბაჟო და პროდუქტის სტანდარტებთან) სომხეთს ევროპასთან ეკონომიკური დაახლოების მოსამზადებელ ალტერნატიულ გზას სთავაზობს.

საბოლოოდ, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მომავალი ფართო რეგიონულ გეოპოლიტიკურ ბალანსზეა დამოკიდებული. ერევანი მზადაა კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. რამდენად შორს წავა ბრიუსელი, დამოკიდებული იქნება როგორც ევროპაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, სადაც სკეპტიციზმი ძლიერდება, ასევე რუსეთ-უკრაინის ომზე და მოსკოვის მიერ დასავლეთთან დიალოგის მზაობაზე.

ამ ვითარებაში სომხეთი რთული ბალანსის დაცვას ცდილობს. ქვეყანა ერთვება მაღალი რისკის შემცველ პარტნიორობებში მტკიცე გარანტიების გარეშე, მაშინ როდესაც დასავლეთთან თანამშრომლობის კონკრეტული წინსვლა შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, მისი ძირითადი პრიორიტეტები, საზღვრის სტაბილურობა და ეროვნული განვითარება, ვერ იქნება უზრუნველყოფილი აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან უწყვეტი დიალოგის გარეშე. შესაბამისად, სომხეთს სხვა არჩევანი არ რჩება, გარდა იმისა, რომ გააგრძელოს ძალისხმევა.

სომხეთის დემოკრატიული არჩევანი სამხრეთ კავკასიაში იშვიათ ალტერნატივას ქმნის არსებული ავტორიტარული დინამიკის საპირწონედ. თუმცა ამ პერსპექტივის რეალიზებისთვის ერევანს ესაჭიროება პრაქტიკული მხარდაჭერა ევროკავშირისგან, სანდო გლობალური მოთამაშისგან, რომელიც რეალურ ძალას წარმოადგენს გეოპოლიტიკურ ბალანსში. რისკები სერიოზულია, სომხეთი მცირე და ეკონომიკურად სუსტი სახელმწიფოა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით კვლავ რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად ამისა, მისი მიღწევები შესაძლოა რეგიონულ დონეზე მნიშვნელოვნად აისახოს. თუკი საქართველო მომავალში ევროპულ კურსს დაუბრუნდება, სომხეთის გამოცდილება შეიძლება იქცეს როგორც მაგალითად, ისე პარტნიორობით საფუძვლად რეგიონის ინტეგრაციის განახლებისთვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „პრესრელიზი სომხეთ-ევროკავშირის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ“, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 1 ივლისი.

[2]. "ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა ევროპის პარლამენტში“, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სამინისტრო, 2023 წლის 17 ოქტომბერი.

[3] „ევროკავშირი, აშშ, სომხეთი, ერთობლივი მაღალი დონის შეხვედრა სომხეთის მდგრადობის მხარდასაჭერად“, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი, 2024 წლის 5 აპრილი.

[4] ოლესია ვარტანიანი, „შეუძლია თუ არა სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვამ საბოლოოდ რეალური რეფორმები მოიტანოს?“, Carnegie Politika, 2025 წლის 22 იანვარი.

[5] „რუსეთი სომხეთის ევროკავშირში ორიენტაციის გაძლიერებაზე მკაცრ გაფრთხილებებს იძლევა“ — „აზატუტუნი“ (რადიო თავისუფლება), 2025 წლის 20 ივნისი.

[6] ბოიანა ზორიჩი, „ევროკავშირის გაფართოება და ინტეგრაცია: მხარდაჭერისა და სკეპტიციზმის ხმები“, ევროკავშირის უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის მოკლე მოხსენება, 2025 წლის 19 ივნისი.

[7] „რუსეთი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მეტ ჯარს განალაგებს“, Azatutyun (რადიო თავისუფლება), 2021 წლის 5 აგვისტო.

[8] სოსი ტატიკიანი, „ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები გზაჯვარედინზე: ნორმატიულ ღირებულებებსა და პრაგმატიზმს შორის“, EVN-ის ანგარიში, 2025 წლის 14 მაისი.

[9]. მარი დიუმულინი და გუსტავ გრესელი, „მთიანი ყარაბაღის შემდეგ: როგორ შეუძლიათ ევროპელებს გააძლიერონ სომხეთის მდგრადობა“, ევროპის საგარეო ურთიერთობების საბჭო, 2023 წლის 19 სექტემბერი.

[10] „სომხეთი - მდგრადი სიუნიქი“, Team Europe Tracker, ევროკომისია.

[11] „ევროკავშირის მისიის შესახებ სომხეთში“, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური (EEAS).

[12] ავტორის ინტერვიუ, 2025 წლის აპრილი.

[13]. ემა ღალუმიანი, „შენგენის ვიზების ლიბერალიზაციის პროცესები სომხეთისთვის: მნიშვნელოვანი ეტაპი ევროკავშირში ინტეგრაციისა და ევროკავშირში მომავალი გაწევრიანების გზაზე“, Caucasus Watch, 2025 წლის 25 ივნისი.

[14] სერინე სააკიანი, სტეფანი ნგო, ადანა დებორა უგოჩი ჩუკვუმა, ჯანლუკა კაფანია, ფედერიკა სეჩი, ჰუიჰუი ვანგი, მანუკ მიკაელიანი და ლორკი ლიბარიდიანი, „სომხეთი - პირველადი ჯანდაცვის შეფასების ანგარიში: პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება“, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი: მსოფლიო ბანკის ჯგუფი, 2024 წლის 12 ნოემბერი.

[15] ოლესია ვარტანიანი, „სომხეთის ევროკავშირის ამბიცია“, EVN-ის ანგარიში, 2025 წლის 20 იანვარი.

[16] ავტორის ინტერვიუ, 2025 წლის მარტი.

[17] ოლესია ვარტანიანი, „რატომ ცდილობს სომხეთი თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას“, Carnegie Politika, 2025 წლის ივნისი.

[18]. ოლესია ვარტანიანი, „სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ფანჯარა იხურება“, Carnegie Politika, 2025 წლის 26 მარტი.

[19] ოლესია ვარტანიანი, „რატომ ცდილობს სომხეთი თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას“, Carnegie Politika, 2025 წლის ივნისი.

[20] თომას დე ვაალი, „სომხეთი რუსეთისგან დაშორების გზას ადგას“, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდი, 2024 წლის 15 ივლისი.

[21] ავტორის ინტერვიუ, 2025 წლის აპრილი.

[22] სოსი ტატიკიანი, „ევროპის სამშვიდობო ფონდის პირველი დახმარების ღონისძიება სომხეთისთვის“, EVN-ის ანგარიში, 2024 წლის 31 ივლისი.

[23] „ევროკავშირმა და სომხეთმა პარტნიორობის დღის წესრიგზე პოლიტიკური შეთანხმების შესახებ განაცხადეს“, ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობლები, 2025 წლის 1 ივლისი.

[24] ჰუგო ფონ ესენი და იაკობ ჰედენსკოგი, „სომხეთის ევროპული იმედები საქართველოს კრიზისის ფონზე: ევროკავშირის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში“, SCEEUS-ის ანგარიში No. 8, 2025, სტოკჰოლმი: შვედეთის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, 2025 წლის 17 ივნისი.

[25] დიმიტრი ჩერვიაკოვი და დოქტორი რიკარდო ჯუჩი, „სომხეთის ეკონომიკური გავლენა რუსეთზე: ბოლოდროინდელი მოვლენები“, პოლიტიკის კვლევა 03/2023, ბერლინი: გერმანიის ეკონომიკური გუნდი, 2023 წლის ივნისი.

[26] „ევროკავშირი და აშშ აძლიერებენ ბირთვულ უსაფრთხოებას სომხეთში“, ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლები, 2025 წლის 5 ივნისი.

[27] „სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაცია: დეტალები“, JAMnews, 2025 წლის 9 ივლისი.

[28] დიმიტრი ჩერვიაკოვი და დოქტორი რიკარდო ჯუჩი, „სომხეთი-თურქეთის საზღვრის გახსნა: სავაჭრო შედეგები“, საინფორმაციო ბიულეტენი No. 5/2022, ბერლინი: გერმანიის ეკონომიკური გუნდი, 2022 წლის მაისი-ივნისი.

[29] „ფაშინიანი არ გამორიცხავს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის შეძენას“, - მედიამასტიკა, 2025 წლის 29 მაისი.

[30] არშალუის ბარსეღიანი, „რუსეთი თავის ჩინოვნიკებს ავალებს, რომ რუსეთის ინტერესები სომხეთში რბილი ძალის გამოყენებით წინ წაწიონ“, OC Media, 2025 წლის 11 ივლისი.

[31]. ნერსეს კოპალიანი, „სამთავრობო უწყებების ძირგამომთხრელი ქმედებები და არჩევნებში ჩარევა: რუსეთისა და სომხეთის 2026 წლის არჩევნები“, EVN-ის უსაფრთხოების ანგარიში, 2025 წლის აპრილი.

[32] არშალუის მგდესიანი, „პოლიტიკური ანტისეპტიკური საშუალება: როგორ იქცევა სომხეთის ევროპული დღის წესრიგი ელექტორატის მობილიზებისა და ძალაუფლებისადმი ნდობის აღდგენის ინსტრუმენტად“, IPG Journal, 2025 წლის 11 აპრილი.

[33] „ერევანი 2026 წელს ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტს უმასპინძლებს“, CivilNet, 2025 წლის 23 მაისი.

[34] რომან ჩერნიკოვი, „პრემიერ-მინისტრი ეკლესიის წინააღმდეგ: რატომ აპატიმრებს სომხეთის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი მღვდლებს გადატრიალების სავარაუდო შეთქმულების ბრალდებით“, Meduza, 2025 წლის 4 ივლისი.

[35] „სომხეთი: უმაღლესი წარმომადგენლის/ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის გამოსვლა ერთობლივ პრესკონფერენციაზე“, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, 2025 წლის 30 ივნისი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“