[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

„ჩაკეტე ქუჩა“ − საპროტესტო მოძრაობების ტრანსფორმაცია პოსტსაბჭოთა სომხეთში

შესავალი

დღეს მსოფლიოში გაძლიერდა კონფლიქტები, არასტაბილურობა და ავტორიტარული ტენდენციები.  შესაბამისად, სახალხო პროტესტები კვლავაც ხშირი მოვლენაა. აღმოსავლეთ ევროპა იქცა რეგიონად, სადაც ფართომასშტაბიანი საპროტესტო მოძრაობები დაიწყო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სერბეთი და სლოვაკეთი, რომლებიც ამ ქვეყნებში წინა წლებში არსებული პროტესტების მემკვიდრეობას ეფუძნება. ამ კონტექსტში საინტერესოა რეგიონის კიდევ ერთი ქვეყნის − სომხეთის გამოცდილება. პოსტსაბჭოთა პერიოდში სომხეთში არაერთი საპროტესტო ტალღა ყოფილა, რომელთა კულმინაციად შეიძლება 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუცია“ ჩაითვალოს.  სტატიაში განხილულია სომხეთის საპროტესტო გამოცდილება პოსტსაბჭოთა პერიოდში და იმ პროტესტების მემკვიდრეობა, რომლებიც წინ უძღოდა 2018 წლის მოვლენებს, გაანალიზებულია ის საპროტესტო დინამიკა, რომელიც „ხავერდოვან რევოლუციას“ ახასიათებდა. კერძოდ, ყურადღება მიმართულია არაძალადობრივ პროტესტსა და ძალადობას შორის ურთიერთკავშირზე – როგორც ხელისუფლების, ისე დემონსტრანტების მხრიდან, ასევე იმაზეც, თუ როგორ აისახება ძალადობა საზოგადოებრივ მობილიზაციაზე და, შედეგად, პროტესტების საბოლოო შედეგზე.

2018 წელს სომხეთში, გაჩნდა ახალი ტერმინი: „ფოღოც ფაკელ“ რაც სიტყვასიტყვით „ქუჩის გადაკეტვას“ ან „გზის დაბლოკვას“ ნიშნავს. ტერმინი აღნიშნავდა პროტესტის განსაკუთრებულ ფორმას, როცა მომიტინგეები დგებოდნენ (ან ნელა დადიოდნენ) ქუჩის შუაში და  მოძრაობას აჩერებდნენ. ასეთი იყო პროტესტის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა 2018 წლის მოვლენების დროს, რომელთა შედეგადაც შეიცვალა მთავრობა და, შეიძლება ითქვას, სომხეთის მთელი პოლიტიკური და სოციალური-ეკონომიკური სისტემა. ამ მოვლენებს „ხავერდოვანი რევოლუცია“ ეწოდება – სახელი, რომელიც თავად მომიტინგეებმა აირჩიეს, რათა  ხაზი გაესვათ პროტესტის არაძალადობრივი ხასიათისთვის (Abrahamyan, Shagoyan 2018). მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს როგორც არაძალადობრივი, ისე ძალადობრივი პროტესტის გამოცდილება ჰქონია, ეს პროტესტი მომიტინგეების არაძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდა. 2018 წლის პროტესტმა სომხეთი რამდენიმე კვირით გააჩერა, ქვეყანა ფაქტობრივად ვეღარ იმართებოდა, ხოლო მმართველი რესპუბლიკური პარტიის მთავრობა, სერჟ სარგსიანის ხელმძღვანელობით, იძულებული გახდა, გადამდგარიყო.  რამდენიმე კვირის განმავლობაში სომხეთი თითქოს დაემსგავსა ანარქისტების იდეალს – ქვეყანას, სადაც ხელისუფლებამ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი საზოგადოებაზე. თუმცა, ასე დიდხანს არ გაგრძელებულა: ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი, პრემიერ-მინისტრად აირჩიეს და ახალი პოლიტიკური სისტემა ჩამოაყალიბეს. ამ მოვლენების შემდეგ, რამდენიმე წელი „ქუჩის გადაკეტვა“ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ტაქტიკად იქცა, რომელსაც პროტესტების დროს სხვადასხვა ჯგუფი კონკრეტული დღის წესრიგის გასატარებლად იყენებდა. პროტესტები სხვადასხვა შედეგით სრულდებოდა. 2022-2024 წლებში, იმავე ტაქტიკას მიმართეს პროტესტის მონაწილეებმა, რომლებიც პრერევოლუციური რეჟიმის აღდგენას ცდილობდნენ, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწიეს, რამაც ამ ტაქტიკის ნაკლიც გამოააშკარავა: „ქუჩების გადაკეტვა“ მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი მობილიზაცია ან, სულ მცირე, მაშინ, როდესაც მთავრობას დემოკრატიული ლეგიტიმაცია აკლია.  

სომხეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ პროტესტი წარმატებული იყო 2018-ში. როცა არაძალადობრივი, მაგრამ აგრესიული მეთოდები გამოიყენეს − მაგალითად, ქუჩების გადაკეტვა, სამთავრობო შენობების ბლოკირება, შეტაკებები და ა. შ. პროტესტის მონაწილეები ფრთხილობდნენ, რათა არ ჩართულიყვნენ ძალადობრივ ქმედებებში, თუმცა  ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეს და ქვეყნის მართვა შეუძლებელი გახადეს, რის შედეგადაც მოქმედი მთავრობა იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ამასთანავე, იმ რამდენიმე შემთხვევამ, რომელსაც ძალადობა ახლდა, წარმატებას ვერ მიაღწია – როგორც მონაწილეთა მცირე რაოდენობის, ასევე იმ მიზეზით, რომ პროტესტის ძალადობრივმა ხასიათმა მას ლეგიტიმურობა დაუკარგა საზოგადოების ფართო ფენებში და ხელისუფლებას ძალადობისა და რეპრესიების გამართლების საფუძველი მისცა. თავის მხრივ, ხელისუფლების რეპრესიებმა არაერთგვაროვანი შედეგი გამოიღო – ზოგ შემთხვევაში პროტესტი ჩაახშო, ხოლო სხვაგან საზოგადოების მობილიზაციის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.

                       

სომხეთის საპროტესტო ტრადიცია: 1965 წელი და „ყარაბაღის მოძრაობა“

სომხეთს საპროტესტო მოძრაობებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მსგავსად, სომხეთში პროტესტები საბჭოთა კავშირის დაშლამდეც გამართულა (Suny 1993, გვ. 113-161; Panossian 2006, გვ. 266-290; Zolyan 2020). სომხეთში პროტესტის მასშტაბური ტალღა 1965 წლის აპრილში აგორდა: მომიტინგეები მოითხოვდნენ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში განხორციელებული სომეხთა გენოციდის აღიარებასა და ხსოვნის პატივისცემას. ეს პროტესტი შთაგონებული იყო გენოციდის აღიარების კამპანიით, რომელსაც სომხური დიასპორის სხვადასხვა ჯგუფი აწარმოებდა ახლო აღმოსავლეთის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში. მთავრობის პასუხი მკაცრი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, აქციები დაშალეს და ორგანიზატორები დააკავეს. თუმცა, პროტესტის მონაწილეებს მძიმე სასჯელები არ მიუღიათ და მათი მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კიდეც. 24 აპრილი გენოციდის ხსოვნის დღედ არაოფიციალურად დააწესეს და ერევანში გენოციდის მსხვერპლთათვის მემორიალის მშენებლობა დაიწყო. ეს რბილი პასუხი იმით იყო განპირობებული, რომ პროტესტი არ იყო პირდაპირ მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ, თუმცა, მასობრივი აქციები, სინამდვილეში, გამოწვევა იყო საბჭოთა სისტემისთვის. პროტესტის შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ შერეულ სტრატეგიას მიმართა: სომხებს მისცეს საშუალება, გამოეხატათ უკმაყოფილება თურქეთის მიმართ (ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ თურქეთი ნატოს წევრი იყო), მაგრამ საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ მიმართული აქტივობები მკაცრად ისჯებოდა (1965 წლის პროტესტებისა და მისი შედეგების შესახებ იხ: Panossian 2006, გვ. 320-323; Suny 1993, გვ. 186; Dadrian 1977, გვ. 246-247).

1980-იან წლებში, „პერესტროიკის“ დროს, საქართველოსა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად, სომხეთშიც დაიწყო საპროტესტო მოძრაობების ახალი ტალღა. პირველი მასშტაბური პროტესტი, რომელიც გაბატონებულ მსოფლმხედველობას დაუპირისპირდა, რომელიც 1987 წლის ოქტომბერში გაიმართა, გარემოსდაცვითი პროტესტი იყო, რომელიც არ უკავშირდებოდა მთიანი ყარაბაღის საკითხს (Suny 1993, გვ. 196). თებერვალში კი ერევანში დიდი აქციები დაიწყო, რომელთა მოთხოვნაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის საბჭოთა აზერბაიჯანიდან საბჭოთა სომხეთში გადატანა იყო. მოძრაობა, რომელიც ამ აქციებით დაიწყო, ცნობილია, როგორც „ყარაბაღის მოძრაობა“. თავდაპირველად მისი მიზანი იყო სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანება, სომხურად „მიაცუმი.“ თუმცა, რადგან მოსკოვმა არ დააკმაყოფილა მომიტინგეთა მოთხოვნები, აქციებმა ანტისაბჭოთა და ანტიმოსკოვური ხასიათი მიიღო და საბოლოოდ, დამოუკიდებლობის მოთხოვნამდე მივიდა. 1990 წლის ზაფხულისთვის მოძრაობამ დაამხო კომუნისტური პარტია სომხეთში: 1990-იან წლებში ჩატარებულმა არჩევნებმა ხელისუფლებაში მოიყვანა დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსები, რომელთაც დააარსეს პარტია − „სომხური ეროვნული მოძრაობა.“

ყარაბაღის მოძრაობა კარგად არის შესწავლილი, რადგან ამ საკითხზე ბევრ მკვლევარს უმუშავია (Malkhassian 1996, Marutyan 2009). ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყარაბაღის მოძრაობა მოდელად და ათვლის წერტილად იქცა იმ საპროტესტო მოძრაობებისთვის, რომლებიც სომხეთში პირველ პოსტსაბჭოთა ათწლეულში გაიმართა. ასევე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყარაბაღის მოძრაობა ძირითადად არაძალადობრივი იყო. თუმცა, ჰქონდა ადგილი გარკვეულ ძალადობრივ ეპიზოდებსაც, მათ შორისაა 1990 წლის 27 მაისის სისხლიანი შეჯახება საბჭოთა არმიასა და შეიარაღებულ არაფორმალურ ჯგუფებს შორის, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ საპროტესტო მოძრაობა, უმეტესწილად, მშვიდობიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ  ძალა გამოიყენა მის წინააღმდეგ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალადობის ბევრი შემთხვევა მოხდა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ეთნიკური ნიშნით − სომხეთში, აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში. თუმცა, ამ შემთხვევაში, გვაინტერესებს  ძალადობა მთავრობის საწინააღმდეგოდ განწყობილ პროტესტანტებსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის და არა − ძალადობა ეთნიკური ჯგუფებს შორის.  

სომხეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებას 1991 წელს თან მოჰყვა ომი მთიან ყარაბაღში და ყარაბაღის საკითხი ახალშექმნილი ქვეყნის იდენტობის მთავარ განმსაზღვრელად იქცა. ამასთანავე, ყარაბაღის მოძრაობა მეტისმეტად რომანტიზებული და მითოლოგიზებული იყო. თუმცა, როცა 1990-იან და 2000-იან წლებში სომხეთში ავტორიტარული რეჟიმი გამყარდა, ყარაბაღის მოძრაობაში დემოკრატიული და ანტისამთავრობო განწყობები შემცირდა და პირიქით, გამოიკვეთა ნაციონალისტური ასპექტები (Iskandarayan, Harutyunyan 1999).

არჩევნების, პროტესტის და რეპრესიების ციკლი სომხეთის პოლიტიკაში

დამოუკიდებელ სომხეთში მასობრივი პროტესტი პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. პოსტსაბჭოთა სომხეთის პოლიტიკური რეჟიმი ხასიათდება, როგორც ჰიბრიდული ან ავტორიტარული (Lucan and Way, 2010). ასეთ რეჟიმებში დემოკრატიული თავისუფლებების გარკვეული დონე არსებობს, რაც საშუალებას აძლევს შედარებით ძლიერ ოპოზიციას, არჩევნებში კონკურენცია გაუწიოს ხელისუფლებას. თუმცა, როგორც წესი, არჩევნებს მოქმედი მთავრობა იგებს, რომელიც მიმართავს „ჭუჭყიან“ მეთოდებს – არა მხოლოდ არჩევნების აშკარად გაყალბებას, არამედ, „მართვადი დემოკრატიის“ უფრო დახვეწილ მეთოდებსაც. ხშირად, ასეთ არჩევნებს საპროტესტო მოძრაობები მოჰყვება ხოლმე, რაც ზოგჯერ მთავრობის დამხობით სრულდება. ამის კარგი მაგალითია სხვადასხვა პოსტსოციალისტურ/პოსტსაბჭოთა ქვეყანაში 1990-იანი წლების ბოლოს დაწყებული პროცესები, მათ შორის სერბეთში, საქართველოსა და უკრაინაში.[1] თითქმის მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში სომხეთი კონკურენტული ავტორიტარიზმის ნათელ მაგალითად რჩებოდა, სადაც მმართველი ძალა რეგულარულად იგებდა არჩევნებს, რომელთაც ხშირად გაყალბების ბრალდებები ახლდა თან და არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლებიც მუდმივ მოვლენად იქცა. სადავო არჩევნებს მოჰყვებოდა პროტესტი და ძალადობრივი რეპრესიები. რეპრესიების შემდეგ დგებოდა შედარებითი ლიბერალიზაციის ხანა, როდესაც არსებული ხელისუფლება ოპოზიციასა და საპროტესტო მოძრაობებს აღარ თვლიდა საშიშად. ამგვარი ციკლი 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებას მუდმივად სდევდა თან.  

სადავო არჩევნების შემდგომ პროტესტს  მთავრობამ  ძალადობრივად პირველად 1996 წელს უპასუხა. მაშინ მოქმედი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი ცდილობდა, ისევ გაემარჯვა არჩევნებში. ოპოზიციამ გაერთიანება გადაწყვიტა და მხარი დაუჭირა ვაზგენ მანუკიანს, რომელიც ადრე ტერ-პეტროსიანის მოკავშირე იყო. 1996 წლის 22 სექტემბრის არჩევნებს მრავალი დარღვევა და გაყალბება ახლდა თან, მაგრამ ოფიციალური შედეგებით ტერ-პეტროსიანმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. მანუკიანის მხარდამჭერებმა შედეგები არ აღიარეს და ქუჩებში მასობრივი პროტესტი დაიწყო. თავდაპირველად, აქციები მშვიდობიანი იყო, თუმცა 1996 წლის 26 სექტემბერს ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პროტესტანტებმა ეროვნული ასამბლეის შენობას შეუტიეს, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობდა. თავად ვაზგენ მანუკიანმაც ითამაშა როლი ძალადობრივ ქმედებებში: ის ცესკო-ში მოლაპარაკებებისთვის მივიდა, თუმცა შესვლის წინ შეკრებილ ხალხს უთხრა, რომ „მიჰყოლოდნენ“, თუკი 20 წუთში არ დაბრუნდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მანუკიანი დათქმულ დროში არ დაბრუნდა და მომიტინგეების ნაწილმა შენობაზე შეტევა დაიწყო, რაც სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილის ცემით დასრულდა. ამ დროს პოლიციამ, რომელიც აღჭურვილი იყო სპეცსაშუალებებითა და წყლის ჭავლით, ხალხის დაშლა დაიწყო. ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერები დააკავეს, ზოგმა დამალვა მოასწრო. ოპოზიციონერი პარლამენტარები მეორე დღეს პარლამენტის სხდომაზე სცემეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩებში პოლიციის მძიმე შეიარაღებული დანაყოფები პატრულირებდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ, რეპრესიები შედარებით შემსუბუქდა. ლევონ ტერ-პეტროსიანი მეორე ვადით პრეზიდენტად დაინიშნა, მაგრამ სადავო არჩევნებმა და ძალადობრივმა დაპატიმრებებმა მისი დემოკრატიული ლეგიტიმაცია მნიშვნელოვნად დააზიანა. ორი წლის შემდეგ, 1998 წელს, ტერ-პეტროსიანი მისივე მთავრობის წევრებმა ჩამოაგდეს, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც „რბილი“ გადატრიალება. პრეზიდენტის გადაყენების ძირითადი მიზეზი იყო მისი კომპრომისული პოზიცია მთიანი ყარაბაღის საკითხზე, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1996 წლის მოვლენებმაც (ვრცლად ამ მოვლენებზე იხ. Astourian 2000, Zolyan 2010).

იმედები არ გამართლდა − ტერ-პეტროსიანის გადაყენებას დემოკრატიის აღდგენა არ მოჰყოლია. ტერ-პეტროსიანი თავიდან ლიბერალი და დემოკრატი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც კარიერის გვიან ეტაპზე საარჩევნო მანიპულაციებსა და რეპრესიებს მიმართა, ხოლო მის მემკვიდრეებს დემოკრატიისადმი პატივისცემა თავიდანვე არ ჰქონიათ. 1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ორი მთავარი კანდიდატი მონაწილეობდა: საბჭოთა სომხეთის ყოფილი კომუნისტი ლიდერი, კარენ დემირჩიანი და მთიანი ყარაბაღის ყოფილი ლიდერი, რობერტ ქოჩარიანი, რომელიც ტერ-პეტროსიანის გადაყენების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო. არჩევნები ორ ტურად ჩატარდა და საბოლოოდ გამარჯვებულად ქოჩარიანი გამოცხადდა. გაყალბების ბრალდებები მრავლად იყო, თუმცა ამჯერად ოპოზიციამ, დემირჩიანის ხელმძღვანელობით, არჩევნების შედეგების გასაჩივრება არ გადაწყვიტა. შედეგად შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც დემირჩიანი გაერთიანდა ქოჩარიანის მოკავშირესთან, თავდაცვის მინისტრ ვაზგენ სარგსიანთან – კიდევ ერთ მთავარ ფიგურასთან, რომელიც ტერ-პეტროსიანის ჩამოშორების პროცესში მონაწილეობდა. ამ ახალი ალიანსმა 1999 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. არჩევნები შედარებით თავისუფალი იყო, რადგან დარღვევების საჭიროება უბრალოდ არ არსებობდა – მმართველ ძალასა და მთავარ ოპოზიციურ ბლოკს შორის უკვე არსებობდა შეთანხმება. კოალიციამ ძალაუფლება გაიყო: სარგსიანი პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო დემირჩიანი – პარლამენტის თავმჯდომარე. ეს გამარჯვება შეიძლებოდა სომხეთში ახალი დემოკრატიული კულტურისა და კოალიციური პოლიტიკის დასაწყისი ყოფილიყო, თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. 1999 წლის 27 ოქტომბერს,  დემირჩიანი, სარგსიანი და რამდენიმე სხვა დეპუტატი პარლამენტში მოკლეს. ამ ტერორისტული აქტის შემდეგ, პრეზიდენტმა ქოჩარიანმა ძალაუფლება კიდევ უფრო განიმტკიცა. ბევრი სომეხი დარწმუნებულია, რომ  ამ მკვლელობების უკან ქოჩარიანი იდგა, თუმცა დღემდე არ არსებობს ამ ბრალდების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება.

ქოჩარიანი, რომელმაც შეძლო მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთის ახალ ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან, დემოკრატი არასდროს ყოფილა. მისი მმართველობის პერიოდში ტერ-პეტროსიანის დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები კიდევ უფრო განმტკიცდა. ეს ტენდენციები აშკარად აისახა როგორც არჩევნებზე, ასევე პროტესტებზეც. 2003 წელს ქოჩარიანი მეორე ვადით იყრიდა კენჭს, ხოლო მისი მთავარი მეტოქე კარენ დემირჩიანის ვაჟი, სტეფან დემირჩიანი იყო. ოპოზიციური ძალების უმეტესობა დემირჩიანის გარშემო გაერთიანდა. 1998 წლის მსგავსად, პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ხოლო მეორე ტურში გამარჯვებულად ქოჩარიანი გამოაცხადეს. ისევ მრავლად იყო გაყალბების ბრალდებები. თუმცა, მამისგან განსხვავებით, სტეფან დემირჩიანმა არ აღიარა არჩევნების შედეგები და თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ერევანში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, მაგრამ ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია და დროთა განმავლობაში პროტესტი დასუსტდა. არც პროტესტის მონაწილეები და არც ხელისუფლება იმ დროს ფართომასშტაბიან ძალადობას არ მიმართავდა, თუმცა, დემირჩიანის მხარდამჭერებმა ვერ შეძლეს ახალი, ეფექტური პროტესტის სტრატეგიის შემუშავება, რამაც მოქმედი ხელისუფლების პოზიცია გაამყარა. ქოჩარიანმა მოიგო დრო, სანამ პროტესტი თანდათან არ გაილია. პროტესტის ერთადერთი შედეგი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აისახა. სასამართლომ არჩევნების შედეგები ძალაში დატოვა, თუმცა პრეზიდენტს ურჩია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ნდობის რეფერენდუმი ჩაეტარებინა. ეს რეკომენდაცია სავალდებულო არ ყოფილა. თუმცა, როგორც შემდგომ ვიხილავთ, რეფერენდუმი არასოდეს ჩატარებულა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ კრიზისი ვერ გადაჭრა – მან უბრალოდ დროებით გადაავადა ოპოზიციასა და მთავრობას შორის საბოლოო დაპირისპირება.

2003 წლის ბოლოს საქართველოში მომხდარ ვარდების რევოლუციას სომხეთში ყურადღების გარეშე არ ჩაუვლია: ქართველმა ოპოზიციამ შეძლო ის, რაც სომხურმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა. საქართველოს მოვლენები შთაგონების წყაროდ იქცა სომხური ოპოზიციისთვის, რომელიც 2004 წლის გაზაფხულზე კვლავ ქუჩაში გამოვიდა. ამჯერად, პროტესტის მოთხოვნა სრულიად ლეგიტიმური იყო: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება და ნდობის რეფერენდუმის ჩატარება. თუმცა, ხელისუფლების პასუხი ამჯერად განსხვავდებოდა. 2004 წლის 4 აპრილს, როდესაც პროტესტის მონაწილეები ეროვნული ასამბლეის შენობასთან დაბანაკდნენ, მათზე შეტევა სპეცრაზმმა მიიტანა. 1996 წლისგან განსხვავებით, როცა ძალადობას თავიდან პროტესტის მონაწილეებმა მიმართეს, ამჯერად პოლიციამ ძალა ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე გამოიყენა. ბევრი დემონსტრანტი დააკავეს, ოპოზიციური მედიაისა და პარტიების ოფისები პოლიციამ გაჩხრიკა და დახურა. საპროტესტო მოძრაობა ჩაახშვეს მანამ, სანამ ის ხელისუფლებისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცეოდა. ცხადია, ნდობის რეფერენდუმი არასდროს ჩატარებულა (ვრცლად ამ მოვლენებზე იხ. Zolyan 2020)

არჩევნების, პროტესტისა და რეპრესიების ციკლი 2008 წელს კიდევ ერთხელ განმეორდა, თუმცა ამჯერად – განსაკუთრებული სისასტიკით. მაშინ მოქმედი ხელისუფლების კანდიდატი იყო რობერტ ქოჩარიანის მმართველი გუნდის წევრი, პრემიერ-მინისტრი და სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, სერჟ სარგსიანი. ხოლო ოპოზიციას სათავეში პოლიტიკის ვეტერანი, სომხეთის პირველი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი ჩაუდგა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველობის ბოლოს, განსაკუთრებით კი 1996 წლის რეპრესიების შემდეგ, ტერ-პეტროსიანი პოპულარობით არ სარგებლობდა, 2008 წელს ბევრმა სომეხმა ქოჩარიანისა და სარგსიანის ტანდემთან შედარებით ის ნაკლებ ბოროტებად მიიჩნია. ტრადიციულად, არჩევნების კვლავ გაყალბების ბრალდებები ახლდა თან, ხოლო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარგსიანი პირველივე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა. სომეხი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რომელიც შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევდა, მასობრივად გავიდა ქუჩაში. ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერები ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც დღეების განმავლობაში აპროტესტებდნენ ხელისუფლების ქმედებებს. პროტესტის მონაწილეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდებოდა, ხოლო ქოჩარიანისა და სარგსიანის ზოგიერთი მოკავშირე ოპოზიციის მხარეს გადავიდა. უკვე აშკარა გამოჩნდა განხეთქილება ელიტებს შორის – ერთ-ერთი აუცილებელი პირობა რევოლუციური პროცესისთვის.

     თუმცა, მოქმედი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ძალაუფლების დათმობას მარტივად არ აპირებდა. 2008 წლის 29 თებერვალს ის მოსკოვს ეწვია და ვლადიმირ პუტინს შეხვდა.  მეორე დღეს, 1-ლი მარტის დილას, პოლიციამ იერიში მიიტანა ერევნის თავისუფლების მოედანზე დაბანაკებულ პროტესტის მონაწილეებზე. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები სასტიკად სცემეს და დააკავეს. ეს პროვოცირებული ძალადობა კიდევ უფრო მასშტაბური პროტესტის დაწყების მიზეზად იქცა. ერევნის ცენტრში დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. ხელისუფლებამ არამხოლოდ სპეცრაზმი და აღჭურვილობა, არამედ ცეცხლსასროლი იარაღიც იხმარა, აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ დაღუპულები და დაშავებულები. გარდა სამართალდამცველებისა, ხელისუფლებამ გამოიყენა ნიღბიანი შეიარაღებული ჯგუფებიც, რომელთა წევრებიც ძირითადად მსხვილი ბიზნესმენების – ე.წ. "ოლიგარქების" პირად  დაცვაში მუშაობდნენ. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე სისხლიან შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა – 8 დემონსტრანტი და 2 პოლიციელი. ასობით ადამიანი დაშავდა და დააპატიმრეს. სომხეთს, საქართველოსგან განსხვავებით, რომელმაც 1990-იან წლებში სამოქალაქო დაპირისპირება გადაიტანა, მსგავსი მასშტაბის ძალადობა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მანამდე არ ენახა. 1-ლი მარტის მოვლენები, როდესაც ერევნის ქუჩები ნამდვილ ბრძოლის ველად გადაიქცა და სისხლი დაიღვარა, სომხური საზოგადოებისთვის უმძიმეს ტრავმად იქცა (ვრცლად Human Rights Watch, 2009).

როგორც წინა წლებში, 2008 წლის მოვლენების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები ისევ დააპატიმრეს. ლევონ ტერ-პეტროსიანი, რომელსაც, როგორც ყოფილი პრეზიდენტს, სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავდა, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში მოათავსეს. მისი მრავალი მოკავშირე კი ან დააპატიმრეს, ან იძულებული გახადეს, ქვეყანა დაეტოვებინა. შემდეგი ორი წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებამ ოპოზიცია რეალურ საფრთხედ აღარ მიიჩნია, ტერ-პეტროსიანის  თანამებრძოლების უმეტესობა გაათავისუფლეს. სერჟ სარგსიანმა შეძლო ძალაუფლების განმტკიცება, 2013 წელს ის მეორე ვადით ხელახლა აირჩიეს. ოპოზიციამ კვლავ გააპროტესტა არჩევნების შედეგები, რასაც ისევ მოჰყვა საპროტესტო აქციები. თუმცა, 2013 წლის პროტესტი 2008 წლის მოვლენებთან შედარებით სუსტი აღმოჩნდა და ხელისუფლებას სერიოზული წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია.

 

ახალი სტრატეგიის ძიებაში: პროტესტები „ხავერდოვანი რევოლუციის“ წინ

2013 წლის საპროტესტო გამოსვლები არჩევნების, პროტესტისა და რეპრესიების ციკლის ბოლო მოვლენა იყო. თუმცა, სომხურ საზოგადოებაში კვლავ არსებობდა მაღალი საპროტესტო მზაობა. მომდევნო წლებში პროტესტის ხასიათი შეიცვალა, რაც საბოლოოდ 2018 წლის „ხავერდოვან რევოლუციით“ დასრულდა. თავიდან გაჩნდა მრავალი მცირე მასშტაბის საპროტესტო აქცია, რომლებიც კონკრეტულ თემებს − ეკოლოგიას, ურბანულ განვითარებასა თუ სოციალურ კეთილდღეობას ეხებოდა. ამ აქციებში ძირითადად მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფები მონაწილეობდნენ, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, ფემინისტები, ეკოაქტივისტები და ურბანისტები, რომლებიც უშუალოდ არ იყვნენ დაკავშირებულნი პოლიტიკურ ძალებთან. როგორც წესი, ამგვარ პროტესტებზე  ხელისუფლება უფრო ნაკლებად რეაგირებდა, ვიდრე არჩევნებთან დაკავშირებულ დემონსტრაციებზე. სახელმწიფოს პასუხი მოიცავდა, ერთი მხრივ, პროტესტების ბუნებრივად განლევის მოლოდინს და მეორე მხრივ − გარკვეულ შემთხვევებში დათმობასაც. შესაბამისად, რამდენიმე აქციამ წარმატებასაც მიაღწია: მაგალითად, 2013 წელს − ერევნის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასების ზრდის საწინააღმდეგო კამპანიამ და ბრძოლამ მაშტოცის პარკის გადასარჩენად. ამ აქციებმა არსებითად ვერ შეცვალა პოლიტიკური ლანდშაფტი, მაგრამ ხელი შეუწყო ახალი აქტივისტების მობილიზაციას (Zolyan 2020). სოციალური კეთილდღეობის საკითხები ამ პროტესტებში შედარებით ნაკლებად იყო წარმოდგენილი, რაც, შესაძლოა, იმით აიხსნებოდეს, რომ სომხურ საზოგადოებაში სოციალური პრობლემების განხილვა არასდროს ყოფილა აქტუალური. ბევრი ფიქრობდა, რომ საზოგადოებაში არსებული პრობლემების უმეტესობის, მათ შორის, სოციალური სირთულეების მთავარი მიზეზი კორუფცია და მმართველი ელიტისთვის დამახასიათებელი ავტორიტარიზმი იყო. აქედან გამომდინარე, მოელოდნენ, რომ თუ ეს საკითხები გადაწყდებოდა, შეიქმნებოდა სოციალური პრობლემების მოგვარების საფუძველიც. თუმცა, როგორც ქვემოთ ვიხილავთ, 2015 წელს სომხეთში სოციალური და ეკონომიკური საკითხებისადმი მიძღვნილი მასშტაბური საპროტესტო აქციებიც გაიმართა, სახელწოდებით − „ელექტრო ერევანი“.

„ხავერდოვანი რევოლუციის“ წინ, ორი მნიშვნელოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებმაც  საფუძველი შეუქმნა 2018 წლის პროტესტების წარმატებას. 2015 წლის ზაფხულში მშვიდობიანი „ელექტრო ერევანი“, ხოლო 2016 წლის ზაფხულში −  შეიარაღებული ამბოხი. „ელექტრო ერევანი“ იყო მასშტაბური პროტესტი, რომელსაც პოლიტიკური პარტიების ნაცვლად ახალგაზრდა აქტივისტები ხელმძღვანელობდნენ. აქციების მიზეზი გახდა ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა, რაც რუსეთის საკუთრებაში მყოფი „სომხეთის ელექტროენერგიის ქსელების“ არასწორი მენეჯმენტით იყო განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის დეკლარირებული მიზანი ეკონომიკური იყო, მალევე გამოიკვეთა მისი ფართო პოლიტიკური მნიშვნელობაც. ზოგიერთი მონაწილე მას სამთავრობო პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლად აღიქვამდა, ხოლო სხვები, განსაკუთრებით, საერთაშორისო მედია, რუსეთის გავლენის საწინააღმდეგო პროტესტად წარმოაჩენდა. უკრაინული „მაიდანის“ პარალელები გაჩნდა როგორც რუსულ, ასევე დასავლურ მედიაში. რუსულენოვანმა მედიამ ამ მოვლენას „ელექტრო-მაიდანი“ უწოდა, თუმცა მომიტინგეთა უმეტესობამ ეს შედარება უარყო.

„ელექტრო ერევანი“ გამოირჩეოდა სიცოცხლით სავსე და საზეიმო ატმოსფეროთი, რომელიც ახალგაზრდა თაობას მოქმედებისკენ უბიძგებდა და ასევე, გამოცდილ პოლიტიკურ აქტივისტებსა და ახალგაზრდებს შორის  ნდობას აჩენდა. წინა პერიოდის არჩევნებთან დაკავშირებული პროტესტებისგან განსხვავებით, რომელთაც გამოცდილი პოლიტიკური ლიდერები ხელმძღვანელობდნენ, ამჯერად აქციებს გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყოლია, არც ხანგრძლივი სიტყვებით გამოდიოდა ვინმე პროტესტის პოლიტიკურ დღის წესრიგის წარმოსაჩენად. ამის ნაცვლად, პროტესტის მთავარი ტაქტიკა ერევანში ბაგრამიანის გამზირის გადაკეტვა იყო, რაც ქალაქში მოძრაობას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროტესტი სრულიად მშვიდობიანად წარიმართა, რამაც ბევრი ადამიანი მიიზიდა, ხოლო მთავრობას შეუზღუდა რეპრესიების გატარების შესაძლებლობა. მართალია, პოლიციამ პროტესტის დასაწყისშივე სცადა მისი დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით, მაგრამ ამ ქმედებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო − უფრო მეტი ხალხი გამოვიდა ქუჩაში. ამის შემდეგ, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას ძალადობრივ შემთხვევები თითქმის აღარ ყოფილა. თუმცა, მთავრობამ მოახერხა ზოგიერთი აქტივისტის დარწმუნება, რომ ბაგრამიანის გამზირი გაეხსნათ და პროტესტი თავისუფლების მოედანზე გადაეტანათ, რამაც პროტესტის გავლენა შეასუსტა. შედეგად, ნაწილი დემონსტრანტებისა ბაგრამიანის ქუჩაზე დარჩა და განაგრძო გზის ბლოკირება, ხოლო სხვები ახლომდებარე თავისუფლების მოედანზე გადავიდნენ. ამ შიდა გაყოფამ, სადაც ზოგიერთი მომიტინგე ნაკლებად რადიკალური მიდგომის მომხრე იყო, საბოლოოდ დაასუსტა მოძრაობა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ გაითვალისწინებდა პროტესტის მოთხოვნებს სომხეთის ენერგოსექტორთან დაკავშირებით. როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, ხელისუფლებამ ქუჩები გაწმინდა, რითაც საპროტესტო მოძრაობა საბოლოოდ დაასრულა. „ელექტრო ერევანმა“ შემოიტანა ისეთი სტრატეგიები, რომლებიც მოგვიანებით 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ დროსაც გამოიყენეს, თუმცა ამ მოძრაობას აკლდა ძლიერი ლიდერები და ერთიანი პოლიტიკური დღის წესრიგი (ელექტრო ერევნის შესახებ იხ.: Andreasyan, Derluguian 2015). 

„ხავერდოვან რევოლუციამდე“ იყო პოლიტიკური პროტესტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, რომელიც „ელექტრო ერევნისგან“ და სხვა სომხური საპროტესტო მოძრაობებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა, რადგან ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა (ამ მოვლენებზე იხ. de Waal, 2016). 2016 წლის 17 ივლისს შეიარაღებული ჯგუფი, რომელშიც ძირითადად ყარაბაღის ომის პირველი ვეტერანები და მათი ახალგაზრდა ნათესავები იყვნენ გაერთიანებულნი, ავტომატური იარაღით თავს დაესხა პოლიციის შენობას ერევნის გარეუბანში. თავდასხმისას მაღალი რანგის პოლიციის ოფიცერი მოკლეს, ხოლო რამდენიმე სამართალდამცველი ტყვედ აიყვანეს. ჯგუფმა საკუთარ თავს „სასნა წრერ“ ანუ „სასუნის უშიშარნი“ უწოდა. სახელი სომხური ეროვნული ეპოსიდან, ლიტერატურული ძეგლიდან აიღეს, რომელსაც სომხურ კულტურაში ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც „ვეფხისტყაოსანს“ ქართულში (სასუნი სომხეთის ისტორიულ რეგიონია, რომელიც ახლა აღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს). შეიარაღებულები პოლკის შენობაში გამაგრდნენ და მოსახლეობას მოუწოდეს მასობრივი აჯანყებისკენ, რათა დაემხოთ მთავრობა, რომელიც, მათი აზრით, არალეგიტიმური იყო. ისინი ასევე ეწინააღმდეგებოდნენ მთიანი ყარაბაღის საკითხზე შესაძლო დათმობებს, რომელთაც, გავრცელებული ინფორმაციით, სერჟ სარგსიანის მთავრობას განიხილავდა. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აჯანყება 2016 წლის აპრილის „ოთხდღიანი ომის“ შემდეგ მოხდა. გავრცელებული ხმების მიხედვით, რომლებიც მოგვიანებით მეტწილად დადასტურდა, სომხეთის ხელისუფლებას რუსეთი „ლავროვის გეგმის“ მიღებას აიძულებდა. ეს გეგმა სერიოზულ დათმობებს ითვალისწინებდა აზერბაიჯანის სასარგებლოდ.

შენობაში გამაგრებულების გარდა, რამდენიმე ათასი აჯანყებული, უმეტესწილად, ახალგაზრდა კაცები, შენობის ახლოს გამაგრდნენ. პროტესტებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა, თუმცა სასიკვდილო იარაღი არ გაუსვრიათ. პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ხმოვანი ყუმბარები, რის შედეგადაც ბევრი მომიტინგე და გამვლელი დაშავდა, რის შემდეგაც პოლიცია ძალადობაში დაადანაშაულეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერები ცდილობდნენ, პროტესტს შეერთებოდნენ და პროტესტის არაძალადობრივ ფორმებს დაჰბრუნებოდნენ. თუმცა, შეიარაღებული ჯგუფის ლიდერებმა ფაშინიანის დახმარებაზე უარი თქვეს და აცხადებდნენ, რომ ის ცდილობდა პროტესტი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა. საბოლოოდ, პოლიციის შენობაში გამაგრებული „სასნა წრერის“ წევრები ხელისუფლებას დანებდნენ.

ძალადობის განზრახ გამოყენება სწორედ ისაა, რაც ამ ეპიზოდს პოსტსაბჭოთა სომხეთის სხვა დანარჩენი საპროტესტო მოძრაობებისგან განასხვავებს. წინა საპროტესტო მოძრაობები თავს მშვიდობიანად მიიჩნევდნენ და თუ ძალადობა ხდებოდა, ის აღიქმებოდა, როგორც პასუხი მთავრობის ძალადობრივ ქმედებებზე. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მრავალი კითხვაა პასუხგაუცემელი. მაგალითად, გაურკვეველია, თუ როგორ მოახერხეს მძიმე ტექნიკით შეიარაღებულმა პირებმა კარგად დაცული პოლიციის შენობაში შეღწევა. გავრცელდა რამდენიმე კონსპირაციული თეორია, რომელთა მიხედვითაც, ადგილი ჰქონდა უცხო ქვეყნების ჩარევას, ზოგი კი მიიჩნევდა, რომ ეს ყველაფერი თავად მთავრობის პროვოკაცია იყო. ასე იყო თუ ისე, ძალადობის გამოყენებას უკუშედეგი მოჰყვა, რადგან ბევრმა სავარაუდო პროტესტანტმა მასთან ასოცირება აღარ ისურვა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ შეძლო სიტუაციის გაკონტროლება, ეს შემთხვევა  იქცა გაფრთხილებად, რომელიც სარგსიანის მმართველობის მიმართ დიდ უკმაყოფილებაზე მიანიშნებდა. სომხების ერთი ნაწილი მხარს უჭერდა ამ ჯგუფის ქმედებებს, ხოლო მეორე − მთავრობას ადანაშაულებდა ქვეყნის სამოქალაქო ომამდე მიყვანაში. ასევე, ამ სიტუაციამ პოლიციისა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს დაანახა, რომ მოქმედი მთავრობის დაცვა სახიფათო ამოცანა იყო, რამაც სამომავლოდ, ძალადობის გამოყენების სურვილი შეასუსტა.

 

რევოლუცია, რომელსაც არავინ ელოდა

დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, 2018 წლის სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუცია“ თითქმის გარდაუვალი იყო, რადგან ავტორიტარული რეჟიმი კორუფციამ, დემოკრატიული ლეგიტიმაციის ნაკლებობამ და საგარეო ზეწოლამ დაასუსტა (იხ.: Abrahamyan, Shagoyan 2018; Broers and Ohanian 2020). მაგრამ, ამასთანავე იმ დროს რეჟიმი თითქოს დაუმარცხებელი ჩანდა, რადგან რამდენიმე საპროტესტო ტალღას გაუძლო. 2015 წლის დეკემბერში სომხეთში გაიმართა საკონსტიტუციო რეფერენდუმი, რომელმაც ქვეყნის საპარლამენტო რესპუბლიკად ტრანსფორმაცია დააკანონა.  გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, რეფორმის მიზანი იყო, მოქმედ პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეენარჩუნებინა ძალაუფლება და მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2018 წელს, პრემიერ-მინისტრის სავარძელი დაეკავებინა. ამ მიზნის მისაღწევად სარგსიანს საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდებოდა, რაც მან 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად უზრუნველყო. წინა საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, 2017 წლის არჩევნებს არ მოჰყოლია მასშტაბური პროტესტი, თუმცა საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ ძალიან დაბალი იყო. თავად სარგსიანი საჯაროდ უარყოფდა, რომ ხელისუფლებაში დარჩენა  მეორე ვადის დასრულების შემდეგაც სურდა.

ეს განცხადებები, შესაძლოა, სარგსიანის ერთ-ერთ მძიმე შეცდომად ჩავთვალოთ.  2018 წელს, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ ის ისევ აპირებდა ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღშფოთდა − პრეზიდენტმა საჯაროდ მოატყუა ხალხი. სარგსიანის მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს სომხეთში საპროტესტო აქციები დაიწყო. თავდაპირველად, ეს იყო მცირე მასშტაბის გამოსვლები, რომელსაც ორი ჯგუფი ხელმძღვანელობდა: ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულება“ და სამოქალაქო ინიციატივა „უარყავი სერჟი“, რომელიც ძირითადად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და უპარტიო აქტივისტებისგან შედგებოდა. 2018 წლის 31 მარტს, ფაშინიანმა, რომელიც იმ დროს ოპოზიციონერი დეპუტატი იყო, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად დაიწყო მსვლელობა ერევნისკენ სარგსიანის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. მსვლელობის სლოგანი იყო „Qayl ara“ – „გადადგი ნაბიჯი“. ამავე დროს, „უარყავი სერჟი“ ერევანში სხვადასხვა სახის აქციებს აწყობდა, რომელთაც ხშირად კარნავალური ხასიათი ჰქონდა – მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის დროს ხურდებს აგროვებდნენ სარგსიანისთვის პენსიის უზრუნველსაყოფად, რითაც მიანიშნებდნენ, რომ ის უნდა გადამდგარიყო. ერევნისკენ მსვლელობისას ფაშინიანს ბევრი აქტივისტი შეუერთდა და როცა მისი ჯგუფი ქალაქში შევიდა, ის „უარყავი სერჟის“ მოძრაობას შეუერთდა. ამ ორი ჯგუფის სლოგანების გაერთიანებით შეიქმნა საერთო საპროტესტო მოწოდება – „Qayl ara, Merzhir Serzhin“, ანუ „გადადგი ნაბიჯი, უარყავი სერჟი“. ეს სლოგანი მალევე გავრცელდა მთელი სომხეთის ქუჩებში და ძალიან წარმატებულიც აღმოჩნდა – იგი მარტივად დასამახსოვრებელი და გამეორებადი იყო, შეიცავდა როგორც პოლიტიკურ მოთხოვნას, ასევე მოქმედებისკენ მოწოდებას.  

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბური ხდებოდა, მათი წარმატება ჯერ კიდევ არ იყო გარანტირებული. 17 აპრილს სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად აირჩია. აქამდე, 16 აპრილს, ფაშინიანის ხელმძღვანელობით დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობასთან მიახლოება სცადეს, რადგან ფაშინიანს, როგორც დეპუტატს, შენობაში შესვლის უფლება ჰქონდა. პოლიციამ ძალა გამოიყენა აქციის მონაწილეების შესაჩერებლად – კერძოდ, მათ მიმართ გამოიყენეს ხმოვანი ყუმბარები, რამაც ზოგიერთ დემონსტრანტს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ფაშინიანმა, როცა ცდილობდა, პარლამენტის შენობას გარს შემორტყმული მავთულხლართები გადაეჭრა, ხელი დაიზიანა. შეხვეული ხელი მისი „რევოლუციური“ იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

პოლიციას პროტესტი საწყის ეტაპზევე რომ დაეშალა, შესაძლოა, ეს საკმარისი ყოფილიყო აქციების შესაჩერებლად. თუმცა, ძალის გამოყენებამ პროტესტი კიდევ უფრო გაამწვავა, ხელი შეუწყო მის რადიკალიზაციას და მასშტაბურ მობილიზაციას. აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტები ძალადობას არ მიმართავდნენ. ფაქტობრივად, პროტესტის დასაწყისიდანვე ლიდერები არა მხოლოდ ხაზგასმით აღნიშნავდნენ მის არაძალადობრივ ბუნებას, არამედ აქტიურად მოუწოდებდნენ და არწმუნებდნენ მხარდამჭერებს, რომ ძალადობისგან თავი შეეკავებინათ − მაშინაც, როცა პოლიციის ან პროსამთავრობო ძალების მხრიდან ძალადობას აწყდებოდნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყო „Vostikany merne“ – „პოლიციელი ჩვენიანია“, რაც ხაზს უსვამდა იმას, რომ დემონსტრანტები პოლიციას მტრად არ აღიქვამდნენ და ცდილობდნენ, სამართალდამცველებიც გადაებირებინათ. დემონსტრანტები ძალადობას არ მიმართავდნენ, მაგრამ მათ სხვა, მეტად საინტერესო ტაქტიკა გამოიყენეს: დეცენტრალიზებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია (Abrahamyan, Shagoyan 2018).

17 აპრილს დემონსტრანტები მთელ ერევანში დილიდანვე გაიფანტნენ, ბლოკავდნენ ქუჩებს, აჩერებდნენ ტრანსპორტს და აქციებს სხვადასხვა ადგილას მართავდნენ. როცა პოლიცია ჩნდებოდა, დემონსტრანტები სწრაფად იშლებოდნენ და რამდენიმე კვარტლის მოშორებით სხვა ქუჩას კეტავდნენ. მოძრაობის ლიდერების მითითებით, პროტესტის მონაწილეები ძალადობას არ მიმართავდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი არაძალადობრივი იყო, ეს პასიურობას არ ნიშნავდა. დემონსტრანტები კეტავდნენ ქუჩებს, ბლოკავდნენ სამთავრობო შენობებს, ზოგჯერ კი ქონებაზე თავდასხმასაც არ ერიდებოდნენ − მაგალითად, პროტესტის დასაწყისში ჩამოაგდეს საზოგადოებრივი რადიოს შენობის კარი. ბევრი აქტივისტი დააკავეს, მაგრამ დაუმორჩილებლობა პოლიციის განყოფილებებშიც გაგრძელდა. მაგალითად, რამდენიმე დაკავებულმა აქტივისტმა, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში ერთ ოთახში ჩაკეტეს, სადაც პოლიციელები არ იმყოფებოდნენ, ჩამოხსნეს სერჟ სარგსიანის ფოტო კედლიდან და ფანჯრიდან გადააგდეს. ამ ინციდენტის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და პროტესტის მობილიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი, რასაც მსგავსი ქმედებები სხვა ადგილებშიც მოჰყვა (Abrahamyan, Shagoyan 2018). საპროტესტო გამოსვლებს ხშირად სანახაობრივი ხასიათიც ჰქონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოლიციამ დემონსტრანტებზე თავდასხმას და მათი დაკავების მცდელობებს თავი ანება. საბოლოოდ, პროტესტი დაახლოებით 40 დღე გაგრძელდა − აპრილის დასაწყისიდან 8 მაისამდე, როცა ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.

რამდენიმე დღეში დემონსტრანტებმა შეძლეს, რომ ფაქტობრივად მთელი ქვეყანა და განსაკუთრებით, დედაქალაქი ერევანი, უმართავი გამხდარიყო. გადაკეტილი ქუჩების გამო სამთავრობო უწყებების საქმიანობა მთელ ქალაქში შეჩერდა. დღის განმავლობაში პროტესტის მონაწილეები ერევნის სხვადასხვა უბანში ქუჩებს კეტავდნენ, ხოლო საღამოს რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებოდნენ. ეს თავყრილობები უფრო ჰგავდა ტრადიციულ მიტინგებს, სადაც მოძრაობის ლიდერები სიტყვით გამოდიოდნენ. რესპუბლიკის მოედანზე ნიკოლ ფაშინიანი და სხვა ლიდერები მკაფიოდ აყალიბებდნენ პროტესტის პოლიტიკურ დღის წესრიგსა და მოთხოვნებს. ამრიგად, პროტესტმა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გააერთიანა: ერთი მხრივ, ანარქისტული, დეცენტრალიზებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მეთოდები, ხოლო მეორე მხრივ, პროტესტის ტრადიციული ფორმები, რომელთა ცენტრში კონკრეტული ლიდერები და პოლიტიკური ძალები იდგნენ. სწორედ ამ ორი ელემენტის შერწყმა იქცა მოძრაობის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზად.

დემონსტრანტებმა ინტერნეტი და განსაკუთრებით კი, სოციალური ქსელები წარმატებით გამოიყენეს. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყოველი საპროტესტო აქციის ჩანაწერი და ასევე, სოციალური ქსელები აქტიურად გამოიყენებოდა პროტესტის კოორდინაციისთვის. გავრცელდა წესი, რომლის დროსაც დემონსტრანტები საკუთარ მოქმედებებს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ, რაც სხვა ადამიანებს შთააგონებდა, შეერთებოდნენ პროტესტს. ისინი, თავის მხრივ, ასევე ავრცელებდნენ კადრებს, რაც კიდევ უფრო მეტ ადამიანს განაწყობდა საპროტესტოდ (Abrahamyan, Shagoyan 2018). სოციალური ქსელები გამოიყენეს პოლიციისა და პროსამთავრობო ჯგუფების ძალადობის გამოსააშკარავებლადაც. დაბოლოს, სოციალური მედია  იქცა პლატფორმად, სადაც საპროტესტო მოძრაობა საკუთარ გზავნილებს ავრცელებდა და ამავე დროს, ფსიქოლოგიურ წნეხში ამყოფებდა ხელისუფლების მხარდამჭერებს. 

საპროტესტო მოძრაობის კიდევ ერთი ასპექტი, რომელმაც, სავარაუდოდ, მის წარმატებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება იყო. პროტესტის დღის წესრიგი მკაფიოდ შემოიფარგლებოდა მთავარი მიზნით − სერჟ სარგსიანის მმართველობის აღკვეთით. ეს იყო მარტივად გასაგები და ყველასათვის მისაღები მოთხოვნა. რა თქმა უნდა, სარგსიანის გადადგომა უფრო ფართო პოლიტიკურ მიზნებთან ასოცირდებოდა, რომლებიც შეიძლება სამ მთავარ მოთხოვნაში გავაერთიანოთ: ავტორიტარული რეჟიმის დასრულება, საარჩევნო მანიპულაციების აღმოფხვრა და ცენტრალიზებული კორუფციული სისტემის დემონტაჟი. რაც შეეხება სომხეთის მომავალს, მოძრაობის ლიდერები აღნიშნავდნენ, რომ ეს საკითხები უკვე დემოკრატიული მექანიზმების ამოქმედების − განსაკუთრებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობას მკაფიო პოლიტიკური პროგრამის არქონას უწუნებდნენ, შესაძლოა, სწორედ ეს იქცა მისი წარმატების ერთ-ერთ მთავარი ფაქტორად. ავტორიტარულ სისტემაში საზოგადოებისთვის გაცილებით მარტივია გაერთიანდეს ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ვიდრე ე.წ. „პოზიტიური“ დღის წესრიგის გარშემო. შედეგად, მოძრაობამ მოახერხა ისეთი ადამიანების მობილიზება, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ სხვადასხვა საკითხზე − იქნებოდა ეს სომხეთის საგარეო პოლიტიკა, ყარაბაღის კონფლიქტი და ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ერთ საკითხზე ყველანი თანხმდებოდნენ: სარგსიანის რეჟიმი უნდა დასრულებულიყო.

საინტერესოა საპროტესტო მოძრაობის საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგიც. სომხეთის „ხავერდოვან რევოლუციას“ საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი მოვლენებისგან ყველაზე მეტად სწორედ ეს ასპექტი განასხვავებს. მართალია, ქოჩარიანისა და სარგსიანის მმართველობის პერიოდში სომხეთის მთავრობები აცხადებდნენ, რომ მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა ჰქონდათ (სომხეთში ამას "კომპლემენტარიზმი" ეწოდება), რეალურად, 1990-იანი წლების ბოლოდან, მთიანი ყარაბაღის მოუგვარებელი კონფლიქტის გამო, სომხეთი რუსეთზე აღმოჩნდა დამოკიდებული. მას შემდეგ, რაც კონფლიქტის მოგვარების მცდელობები წარუმატებლად დასრულდა, სომხეთი იძულებული გახდა, უსაფრთხოების სფეროში რუსეთის დახმარების იმედად ყოფილიყო,  რათა აზერბაიჯანი და თურქეთი შეეკავებინა. ცხადია, რუსეთი უსაფრთხოების გარანტიისთვის  დიდ ფასს ითხოვდა სომხეთისგან, იმდენად, რომ ქვეყანა სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საინფორმაციო და კულტურის სფეროებში რუსეთზე გახდა დამოკიდებული (Vardanyan, Zolyan 2024). ამ ფონზე, პროდასავლურ ან ანტირუსულ მოძრაობას გამარჯვების მცირე შანსი ჰქონდა. ოპოზიციის ლიდერები არ ივიწყებდნენ, რომ ქოჩარიანის 2008 წლის 1-ლი მარტის  ვიზიტს მოსკოვში სისხლიანი დარბევა მოჰყვა, რის შემდეგაც მან პროტესტი „ანტირუსულად“ წარმოაჩინა. ამიტომ, 2018 წელს საპროტესტო მოძრაობის ლიდერები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ იმისთვის, რომ მოძრაობას გეოპოლიტიკური დღის წესრიგი არ ჰქონია. ისინი არ მოითხოვდნენ და არც ელოდნენ მნიშვნელოვან დახმარებას დასავლეთისგან. მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც სკეპტიკურად უყურებდა პროტესტს − ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ფაშინიანსა და მის მოკავშირეებს წარსულში რუსეთი არაერთხელ გაუკრიტიკებიათ, მეორე მხრივ კი −  არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოძრაობაში. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ კრემლი სკეპტიკურად უყურებდა ნებისმიერი სახის მასობრივ საპროტესტო მოძრაობას. თუმცა, საბოლოოდ, მოსკოვმა არჩია დაეჯერებინა პროტესტის ლიდერებისთვის და სომხეთის შიდა საქმეებში პირდაპირ ჩარევას და რევოლუციის ჩახშობას მორიდებოდა.[2]

22 აპრილისთვის მოძრაობამ იმდენად წარმატებულად მოახერხა მთავრობის პარალიზება, რომ სერჟ სარგსიანი იძულებული გახდა, პირდაპირ ეთერში მოლაპარაკებასა და დებატებს დასთანხმებოდა ნიკოლ ფაშინიანთან. ეს დებატები, რომელიც YouTube-ზეა ხელმისაწვდომი, აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ, ვინც საპროტესტო მოძრაობებითაა დაინტერესებული. ელეგანტურად გამოწყობილი სარგსიანი, უპირისპირდება წვერებიან, ზურგჩანთიან და ხაკისფერ შარვლიან ფაშინიანს, რომელიც ლაშქრობიდან დაბრუნებულს ჰგავს. შეხვედრა მხოლოდ რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან სარგსიანმა მალევე დატოვა დარბაზი. ამის შემდეგ დებატები ფაშინიანის პრესკონფერენციად იქცა − ის პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს, ხოლო მისი ზურგჩანთა იმ ცარიელ სკამზე იდო,  რომელიც სარგსიანმა მიატოვა. შეხვედრა თითქმის ყველა სომეხმა იხილა ტელეფონის, ლეპტოპის ან ტელევიზორის ეკრანზე და ის მთავრობის მარცხის სიმბოლურ, ვიზუალურ სახე-ხატად იქცა.

ცხადია, მთავრობა ბოლოჯერ კიდევ ეცადა, სიტუაცია გაეკონტროლებინა − იმავე საღამოს დააკავეს ფაშინიანი და მოძრაობის სხვა ლიდერები. თუმცა, უკვე ძალიან გვიანი იყო. ამან კიდევ უფრო გააძლიერა მობილიზაცია და 22 აპრილის საღამოს ქუჩებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა. მეორე დღეს, 23 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერები გაათავისუფლეს, რამდენიმე საათში კი სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მის სიტყვაში იყო ერთი ფრაზა, რომელიც ეგრევე იქცა მემად: „ფაშინიანი მართალი იყო, მე ვცდებოდი“. ამ ამბის გავრცელებასთან ერთად,  სომხეთის ქალაქებსა და სოფლებში პროტესტი სახალხო ზეიმში გადაიზარდა.

სარგსიანის გადადგომით რევოლუცია არ დასრულებულა. საპროტესტო გამოსვლები კიდევ ორი კვირა გრძელდებოდა, სანამ პარლამენტმა, რომელიც კვლავ სარგსიანის პარტიის მიერ კონტროლდებოდა, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად არ აირჩია და ახალი მთავრობა არ ჩამოყალიბდა. თუმცა, რევოლუციის ბედი სწორედ 23 აპრილს გადაწყდა − ამის შემდეგ სამთავრობო სისტემა ფაქტობრივად დაიშალა, ხოლო ფაშინიანის ხელმძღვანელობით მოქმედმა მოძრაობამ ქვეყანაზე კონტროლი მოიპოვა. 1-ელ მაისს, ფაშინიანის გაპრემიერებას ხელი შეუშალა სარგსიანის რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც უარი თქვა მის არჩევაზე. საპასუხოდ ფაშინიანმა საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა, რასაც ქვეყნის თითქმის ყველა დაწესებულება და ბიზნესი შეუერთდა. ამის შემდეგ ძველმა ელიტამ გააცნობიერა, რომ წინააღმდეგობა უშედეგო იყო. ფაშინიანმა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირობებიც შექმნა და პირობა დადო, რომ „პოლიტიკურ შურისძიებას“ არ მიმართავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ძველი რეჟიმის ფუნქციონერები პოლიტიკურ დევნას არ დაექვემდებარებოდნენ.

 

რატომ იყო 2018 წლის პროტესტი წარმატებული?

რა იყო 2018 წლის საპროტესტო მოძრაობის წარმატების საიდუმლო? რატომ მარცხდებოდა წინა საპროტესტო მოძრაობები მანამდე, ხოლო ამ უკანასკნელმა რატომ გაიმარჯვა? როგორც ხშირად ხდება ასეთ შემთხვევებში, გავრცელდა კონსპირაციული თეორიები. ზოგი პროტესტის წარმატებას გარე ძალებს უკავშირებდა. მოსაზრებები კი  პოლიტიკურ შეხედულებებზე იყო დამოკიდებული − ერთი ნაწილი დასავლეთს (სოროსი, აშშ, არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.) ადანაშაულებდა, მეორე კი − რუსეთს. კიდევ ერთი გავრცელებული თეორიის მიხედვით, სარგსიანი და ფაშინიანი ფარულად შეთანხმდნენ. ამ თეორიის მიმდევრები ამბობენ, რომ სარგსიანი რთული არჩევანის წინაშე იდგა მთიანი ყარაბაღის გამო: ან უნდა წასულიყო მნიშვნელოვან დათმობებზე, ან შეჰგუებოდა ომის პერსპექტივას. ამიტომ, ის თითქოსდა თავად ეძებდა ძალაუფლების დათმობის გზებს. ამ თეორიას საფუძველს მთიანი ყარაბაღის 2020 წლის მძიმე ომიც უქმნის, როცა ფაშინიანს  მარცხის აღიარება მოუწია. თუმცა, ამ ვერსიის სერიოზულად მიღება რთულია, რადგან ის სრულად გამორიცხავს საზოგადოების განწყობებს, ხალხის გრძნობებს, იმედებსა და მისწრაფებებს, რომლებმაც ეს მოვლენები შექმნა. კონსპირაციის ასეთი თეორიების გავრცელება, შესაძლოა, აიხსნას ერთი მხრივ, ფსიქოლოგიური ფაქტორით, როცა რთული მოვლენების მარტივად ახსნა  ხდება საჭირო, ხოლო მეორე მხრივ,  პროპაგანდით – განსაკუთრებით, რუსული პროპაგანდით, რომელსაც დიდი გავლენა აქვს სომხეთის პოლიტიკაზე.

რა იყო ამ წარმატების საიდუმლო? სინამდვილეში, წარმატება სხვადასხვა ფაქტორის ერთიანობამ განაპირობა. ერთ-ერთი ფაქტორი რეჟიმს უკავშირდებოდა, რომელსაც რესურსები ამოეწურა და საზოგადოების მიერ აღიქმებოდა, როგორც კორუმპირებული, წარუმატებელი და სომხეთის განვითარების დამაბრკოლებელი. კიდევ ერთი ფაქტორი იყო სომხეთის პოლიტიკური კულტურა, რომელიც, მართალია შორსაა ჩამოყალიბებული დემოკრატიული კულტურისგან, მაგრამ შეუწყნარებელია მართვის ავტორიტარული მეთოდებისა და ძალადობის მიმართ. შიდა პოლიტიკაზე კონცენტრირებამ შესაძლებელი გახადა უცხოური (რუსეთის) ჩარევის თავიდან აცილება და სომხების გაერთიანება მათი გეოპოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებს არ ჰქონდათ უცხოური დახმარების მოლოდინი და მთლიანად საკუთარ ძალებზე იყვნენ დამოკიდებულნი. მოძრაობის კოორდინაციისა და წარმომადგენლობის როლი პოლიტიკურმა ლიდერებმა იკისრეს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ მკაფიო და გასაგები პოლიტიკური მიზნების განსასაზღვრად,  რომლებიც მისაღები იყო ფართო საზოგადოებისთვის (ავტორიტარული რეჟიმის მოშორება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კორუფციასთან ბრძოლა).

დაბოლოს, სომხურმა საპროტესტო მოძრაობამ მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა წინა წლებში წარუმატებელი აქციებით და შეიმუშავა ახალი მეთოდები და ტექნოლოგიები. შედეგად, 2018 წლის პროტესტის მონაწილეებმა გამოიყენეს სხვადასხვა მეთოდის კომბინაცია, რომელიც იმ კონკრეტულ კონტექსტში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მათ შორის:

  • დეცენტრალიზებული, ჰორიზონტალური საპროტესტო ქმედებები, როგორიც იყო ქუჩების გადაკეტვა და სამთავრობო შენობების ბლოკირება, რამაც ქვეყნის მართვა რამდენიმე დღეში საკმაოდ გაართულა;
  • არაძალადობრივი პროტესტის მეთოდები, რამაც ფართო საზოგადოებრივი მობილიზება უზრუნველყო და ხელისუფლებას ძალადობის საბაბი მოუსპო;
  • სოციალური ქსელების წარმატებით გამოყენება.
  • ძლიერი პოლიტიკური ლიდერობისა და დეცენტრალიზებული ბრძოლის მეთოდების კომბინაცია: პოლიტიკური ლიდერები განსაზღვრავდნენ მოძრაობის მიზნებს, სტრატეგიას და მეთოდებს, ხოლო ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს – სად და როგორ გამართულიყო პროტესტი, აქტივისტთა დეცენტრალიზებულ ქსელი იღებდა.

 

ეპილოგი: ტექნოლოგიები საკმარისი არ არის

ცხადია, საპროტესტო მოძრაობები ჰოლივუდის ფილმებივით „ბედნიერი დასასრულით“ არ მთავრდება. მაშინაც კი, როდესაც პროტესტი წარმატებულია, ყოველთვის თენდება „მეორე დილა“ და რევოლუციის ყველაზე რთული პერიოდიც მას შემდეგ იწყება, რაც საპროტესტო მოძრაობის ლიდერები რეჟიმის დამხობას ახერხებენ. ზოგჯერ, საწყისი სირთულეების მიუხედავად, დემოკრატია მყარდება და საზოგადოება დემოკრატიული განვითარების გზას ადგება – როგორც, მაგალითად, პორტუგალიაში „მიხაკების რევოლუციის“ შემდეგ, ან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წლის რევოლუციების შემდეგ (ორივეგან გადამწყვეტი ევროკავშირის მხარდაჭერა იყო). სხვა შემთხვევებში მოვლენები მძიმე სცენარებით ვითარდებოდა – რაც ან სამოქალაქო კონფლიქტს, ან კიდევ უფრო რეპრესიული რეჟიმის დამყარებას იწვევდა. ამის მაგალითად გამოდგება რუსეთი 1917 წლის შემდეგ, ირანი 1980-იან წლებში, ან ზოგიერთი არაბული ქვეყანა „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ.

ამ თვალსაზრისით, სომხეთის შემთხვევა სადღაც შუაშია. ერთი მხრივ, რევოლუციის შემდეგ ქვეყანამ რამდენიმე ეგზისტენციალური კრიზისი გადაიტანა – 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემია და ყარაბაღის ომი, 2021-2022 წლებში სასაზღვრო სამხედრო დაპირისპირებები აზერბაიჯანთან, 2023 წელს კი სომეხთა იძულებითი გამოდევნა მთიანი ყარაბაღიდან, რასაც მძიმე შიდა არასტაბილურობა მოჰყვა. მეორე მხრივ კი, 2025 წლის დასაწყისში აშკარაა, რომ რევოლუციის შემდეგ წარმატებით ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური სისტემა შეიძლება დახასიათდეს, როგორც არასრული დემოკრატია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკით. გარდა ამისა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ (2022 წელს), სომხეთისთვის არამხოლოდ ახალი გამოწვევები, არამედ ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდა – მათ შორისაა ეკონომიკური ზრდა და რუსეთისგან დამოკიდებულების შემცირების პერსპექტივა. ამრიგად, მიუხედავად უკანასკნელი წლების ძლიერი შოკებისა და ტანჯვისა, დღეს სომხეთი უფრო წარმატებული და დამოუკიდებელია, ვიდრე 2018 წლამდე იყო. თუმცა, რადგან როგორც მსოფლიო, ისე რეგიონიც მუდმივ ცვლილებებშია, ჯერ კიდევ რთულია ზუსტად ვთქვათ, როგორი იქნება სომხეთის დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა მომავალში (სომხეთის პოსტრევოლუციურ გამოცდილებაზე იხ: Gevorgyan და Antonyan, 2024).

ბუნებრივია, რომ რევოლუციის შემდეგ სომხეთში სხვადასხვა მასშტაბისა და ხასიათის პროტესტი გრძელდება. ცხადია, რევოლუცია არ დასრულებულა იმ დღეს, როცა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად აირჩიეს. წინა რეჟიმის სხვადასხვა წევრი კვლავ ინარჩუნებდა კონტროლს პარლამენტზე, ერევნის მუნიციპალიტეტზე, სასამართლოებზე და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე. უმეტეს შემთხვევაში „ძველი რეჟიმის“ ნარჩენების ჩამოშორება სწორედ მასობრივი მობილიზაციის, აქციების, პროტესტებისა და სხვადასხვა ქმედებების საშუალებით ხდებოდა. თუმცა, პროტესტები არც მაშინ შეწყვეტილა, როცა რევოლუციურმა მთავრობამ ქვეყნის სრულად გაკონტროლება შეძლო.  

პოსტრევოლუციურ სომხეთში შეიძლება განვასხვაოთ ორი ტიპის პროტესტი. პირველია კონკრეტული სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა მოთხოვნების მქონე ჯგუფების პროტესტები, რომლებიც სახალხო აქციებს ყველაზე წარმატებულ გზად მიიჩნევდნენ, რათა საკუთარი ხმა ხელისუფლებისთვის მიეწვდინათ. ეს პროტესტები მასშტაბით, ხასიათით, თემატიკითა და მეთოდებით განსხვავდებოდა. ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, ამულსარში დაგეგმილი ოქროს მომპოვებელი საბადოს წინააღმდეგ პროტესტმა, თვეები გასტანა, საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთავრობას. მეორემ, „საპროტესტო რეივმა“, რომელიც ტექნო კლუბის, „პოლიგრაფის“ დახურვას აპროტესტებდა პოლიციის რეიდის შემდეგ,  საზოგადოების შედარებით მცირე ნაწილის ყურადღება მიიპყრო. ზოგი პროტესტი წარმატებული იყო, ზოგიც – წარუმატებელი, ხოლო ზოგიერთმა მიზანს ნაწილობრივ მიაღწია. თუმცა, ყველა შემთხვევაში პროტესტის მიზანი უშუალოდ მთავრობა კი არა, არამედ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა იყო.

პოსტრევოლუციურ სომხეთში პროტესტის მეორე ტიპს პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა და მიზნად რევოლუციური მთავრობის დამხობას ისახავდა. თავდაპირველად ფაშინიანის მთავრობა ძალიან პოპულარული იყო, თუმცა 2020 წლის ომში კატასტროფულმა მარცხმა საზოგადოების მხარდაჭერას მძიმე დარტყმა მიაყენა და წინარევოლუციური ელიტისა და მათი მხარდამჭერების გააქტიურებას შეუწყო ხელი.  ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით პროტესტი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე დაიწყო და 2021 წლის ზაფხულის ვადამდელ არჩევნებამდე გაგრძელდა. ზოგი აქცია ძალადობრივ ხასიათს ატარებდა: 2020 წლის 9 ნოემბრის ღამეს, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა, გაბრაზებულმა ხალხმა პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის შენობებს შეუტია, დაარბია და როგორც 1990 და 1996 წლებში, პარლამენტის თავმჯდომარე დემონსტრანტებმა სცემეს. ამ თავდასხმებს წინააღმდეგობა თითქმის არ მოჰყოლია, რადგან ჩანდა, რომ სამხედრო მარცხით ხელისუფლებაც გაოგნებული იყო. თუმცა, ამ პროტესტებს მკაფიო მიზანიც აკლდა და არც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოჰყოლია. რამდენიმე დღეში ფაშინიანის მთავრობამ ვითარების გაკონტროლება შეძლო, თუმცა აქციები მაინც გაგრძელდა. საბოლოოდ, პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, სადაც ფაშინიანის „რევოლუციურმა“ ბანაკმა ისევ გაიმარჯვა, თუმცა, „ძველი რეჟიმის“ წარმომადგენლებმა ხმების მეოთხედი მიიღეს და პოზიციები გაიუმჯობესეს. არჩევნების შედეგები ყველა მხარემ აღიარა, რის შემდეგაც პოლიტიკური კრიზისი მშვიდობიანად, დემოკრატიული გზით გადაწყდა.

ფაშინიანის მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლები  2022-2024 წლებშიც გაგრძელდა. ხშირად პროტესტის მონაწილეები მიმართავდნენ იმავე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, რომლებსაც 2018 წლის რევოლუციის დროს იყენებდნენ, მაგალითად, ქუჩებისა და მოედნების გადაკეტვას, სამთავრობო შენობების დაბლოკვას, სოციალური ქსელების გამოყენებას და სხვ. ასევე, ამ პროტესტების დროს ხშირად ხდებოდა ძალადობრივი ინციდენტებიც, როგორც პროტესტანტების, ასევე საპოლიციო ძალების მხრიდან. თუმცა, ახლა სხვა ვითარება იყო, რადგან ფაშინიანის მთავრობას დემოკრატიული ლეგიტიმაცია ჰქონდა. მართალია, ახლაც დიდია იმედგაცრუება ფაშინიანის მთავრობის მიმართ, მაგრამ ოპოზიციას კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს, რადგან ის სომხეთის  რევოლუციის წინა რეჟიმთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, როგორც 2021 წლის არჩევნებმა აჩვენა, უკვე არსებობს დემოკრატიული მექანიზმი მთავრობის შესაცვლელად, ამიტომ ამომრჩეველთა უმრავლესობას აღარ სჭირდება „ქუჩის გადაკეტვა“ იმისთვის, რომ საკუთარი ხმა გააგონოს ხელისუფლებას.

პოსტრევოლუციური სომხეთი,  პროტესტების, ძალადობისა და პოლიტიკური რეჟიმის  ურთიერთობების გაგების თვალსაზრისით გვიჩვენებს, რომ საპროტესტო მოძრაობების მექანიზმი ძალიან განსხვავდება ავტორიტარულ რეჟიმებსა და საარჩევნო დემოკრატიებში. საპროტესტო მოძრაობის მიერ 2018 წელს გამოყენებული მეთოდები და ტექნოლოგიები ძირითადად ორი მიმართულებით მუშაობდა: პროტესტებს ფართო საზოგადოება უჭერდა მხარს, ხოლო მთავრობას არ ჰქონია დემოკრატიული ლეგიტიმაცია. რევოლუციის შემდეგ იგივე მეთოდები და ტექნოლოგიები ვეღარ გამოდგებოდა, რადგან პროტესტები მიმართული იყო დემოკრატიულად არჩეულ მთავრობის წინააღმდეგ და არ სარგებლობდა საზოგადოების დიდი მხარდაჭერით.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

                                                                  ბიბლიოგრაფია

  1. Abrahamian, Levon and Gayane Shagoyan. 2018, “Velvet Revolution, Armenian Style”,

Demokratizatsiya: The Journal of Post-Soviet Democratization, Volume 26,

Number 4, Fall 2018, pp. 509-529

  1. Andreasyan, Zhanna, and Derluguian, Georgi. 2015. “Armenia’s Fuel Protests.” New Left Review, 95, Sept/ Oct, 29– 48.
  2. Astourian Stephan., 2001. From Ter-Petrosyan to Kocharyan: Leadership Change in Armenia. Berkeley: Berkeley Program in Soviet and Post-Soviet Studies, UC Berkeley Working Paper Series.
  3. Broers, Laurence and Anna Ohanian (eds). 2020. Armenia’s Velvet Revolution: Authoritarian Decline and Civil Resistance in a Multipolar World. I.B. Tauris: London.
  4. Dadrian, Vahakn. 1977. “Nationalism in Soviet Armenia – A case Study of Ethnocentrism”. In G. Simmonds (ed). Nationalism in the USSR and Eastern Europe, 202-58. Detroit: University of Detroit Press.
  5. De Waal, Thomas. 2016. Armenia’s Crisis and the Legacy of Victory. Carnegie Endowment f or International Peace. https://carnegieendowment.org/posts/2016/08/armenias-crisis-and-the-legacy-of-victory?lang=en
  6. Human Rights Watch. 2009. Democracy on Shaky Ground: Armenia’s Disputed Presidential Election, Post-Election Violence and One-Sided Pursuit of Justice. Report. New York: Human Rights Watch
  7. Iskandaryan A., Harutyunyan B., 1999. “Armenia: Karabakhizatsya Natsionalnoy Istorii”. In

Bordyugov G., Ayermacher K., eds, Natsionalnye Istorii v Sovetskom I Postsovetskikh

Gosudarstvax. Moscow: Airo-XX.

  1. Levitsky, Steven, and Lucan A. Way. 2010. Competitive authoritarianism: Hybrid regimes after the Cold War. Cambridge University Press, 2010.
  2. Malkasian Mark, 1996. Gha-Ra-Bagh!: The Emergence of the National Democratic Movement in Armenia. Detroit: Wayne State University Press.
  3. Marutyan Harutyun. 2009. Iconography of Armenian Identity. Volume 1: The Memory of Genocide and the Karabagh Movement. Yerevan: Gitutyun [in Armenian]
  4. Panossian, Razmik. Panossian 2006. The Armenians: From Kings and Priests to Merchants and Commissars. New York: Columbia University Press.
  5. Suny, Ronald G. 1993. Looking Toward Ararat: Armenia in Modern History, Indiana University Press, Bloomington, Indiana.
  6. Vardanyan Edgar and Mikayel Zolyan. Discourse of Russian Colonialism in Armenia, Friedrich Naumann Foundation, Yerevan, 2024
  7. Zolyan, Mikayel. 2010, in The Colour Revolutions in the Former Soviet Republics (eds. Donnacha Ó Beacháin and Abel Polese), Routledge, Abingdon, 83– 100.
  8. Zolyan, Mikayel. 2020 In Laurence Broers and Anna Ohanian (eds). Armenia’s Velvet Revolution: Authoritarian Decline and Civil Resistance in a Multipolar World. I.B. Tauris: London.

[1] ამ მოვლენებს ხშირად "ფერად რევოლუციებად" მოიხსენიებენ. თუმცა, ეს მეტწილად მედიის/პროპაგანდის ტერმინია, რომელიც ამ მოვლენების კონსპიროლოგიურ ხედვებს/ინტერპრეტაციებს ასახავს. უფრო ზუსტი ანალიტიკური ტერმინი იქნებოდა "საარჩევნო რევოლუციები", რაც საშუალებას მოგვცემდა, განვასხვაოთ უფრო გვიანდელი წარმატებული პროტესტებისგან, როგორიცაა უკრაინა 2013-2014 წლებში და სომხეთი 2018 წელს.

[2] დაძაბულობა რევოლუციურ მთავრობასა და მოსკოვს შორის რევოლუციის შემდეგ დაიწყო, ხოლო ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის სრული გაწყვეტა რევოლუციას კი არა, 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის უკავშირდება, როდესაც რუსეთმა ვერ უზრუნველყო ის მხარდაჭერა, რაც სომხეთს აზერბაიჯანთან კონფლიქტში სჭირდებოდა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“