საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი და “დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტისტუციის 78-ე მუხლის” საერთო განცხადება:
სოციალური სამართლიანობის ცენტრი და “დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტისტუციის 78-ე მუხლი” ეხმიანებიან საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანამშრომლების მასშტაბური გათავისუფლების საკითხს და ამ პროცესს პოლიტიკური ნიშნით დევნად და დისკრიმინაციად აფასებენ.
საჯარო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით წმენდამ 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ სისტემური სახე მიიღო. არაერთი უწყებიდან გაათავისუფლეს საჯარო მოსამსახურეები, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს პროტესტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც 2028 წლამდე შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. საჯარო მოხელეების მიერ ევროინტეგრაციის კურსის ღია მხარდჭერას ხელისუფლებამ მათი დიდი ნაწილის დისკრიმინაციული დევნითა და სამსახურიდან გათავისუფლების მძიმე პროცესებით უპასუხა, რაც წინასაწარ ღიად დაანონსა კიდეც. ირაკლი კობახიძემ საჯარო მოხელეების საპროტესტო განცხადებებს „თვითწმენდის პროცესი“ უწოდა და განაცხადა რომ ყველას მოქმედებას აკვირდებიან და მათ ქცევას რეაგირებაც მოყვება. კობახიძის თქმით, საჯარო სამსახურის პოლარიზება ოპოზიციის მხრიდან „ნაცმაიდნის“ მოწყობის მცდელობის შედეგია.[1]
საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო პირველი უწყება, რომლის თანამშრომლებმაც ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან მეორე დღესვე, 28 ნოემბერს ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი საჯაროდ გაემიჯნა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე და ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეუსაბამოდ მიიჩნია. საჯარო მოხლეების განცხადებაში მითითებული იყო, რომ „2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს… მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან“. საგარეო საქმეთა სამინისტროს შიგნით 28 ნოემბრის განცხადებას პერიოდულად ემატებოდა ხელმომწერები და საბოლოოდ მათმა რიცხვმა 250-ს მიაღწია. ხელმომწერთა წრე მრავალფეროვანი იყო და ხელმომწერებს შორის იყვნენ როგორც უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატში მომუშავე დიპლომატები, ასევე საზღვარგარეთ საქართელოს საელჩოებში და საკონსულოებში მომუშავე დიპლომატები, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა:: აშშ [საელჩო და გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში], საფრანგეთი, გერმანია [საელჩო და საკონსულო ფრანკფურტში], იტალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, დანია, ბელგია, შვედეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, საელჩო წმინდა საყდართან, ისრაელი, თურქეთი [გენერალური საკონსულო სტამბოლში] სომხეთი, ავსტრალია, იაპონია, საუდის არაბეთი, ჩინეთი, კორეა, ირანი, სამხრეთი აფრიკა, კუბა.[2]
საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო სამსახურის წმენდის საფუძვლად
საჯარო მოხელეების პროტესტის ფონზე ქართულმა ოცნებამ 2024 წლის დეკემბერში დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ე.წ. რეორგანიზაციის გამარტივების მიზნით, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება შრომის უფლების სტანდარტებს და საჯარო სამსახურში პოლიტიკური დევნის და საკადრო წმენდის მიზანს ატარებს.[3] შეცვლილი კანონით, გაფართოვდა საჯარო სამსახურში რეორგანიზაციის გამოცხადების საფუძვლები, რაც აქამდე შესაძლებელი იყო მხოლოდ შტატების შემცირების შემთხვევაში. გარდა ამისა, რეორგანიზაციისას, თანამშრომლების გათავისუფლება ხდება ავტომატურად და ინიშნება კონკურსი. ამასთანავე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი და მისი მოადგილე აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად, ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქმდებიან და მათი გათავისუფლება შესაძლებელია 1 თვით ადრე ან უფრო გვიან, მაგრამ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების საფუძველზე. ასევე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ავტომატურად თავისუფლდებიან შესაბამისი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მინისტრის ან უწყების ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების შეწყვეტისას. აღსანიშნავია, რომ ცვლილებები გავრცელდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებზეც გარდამავალ პერიოდში, 2027 წლის 1 იანვრამდე სრულად არ ვრცელდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. რეორგანიზაციის შედეგად საჯარო მოხელის გათავისუფლება გამარტივდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხელე ვერ გადავა ტოლფასს ან უფრო დაბალ თანამდებობაზე სხვა დაწესებულებაში. რეორგანიზაციის ვადა კი სამი თვიდან ორ თვემდე შემცირდა. გათავისუფლებული საჯარო მოხელე თანამდებობაზე ვეღარ აღდგება სასამართლო დავის მოგების შემთხვევაშიც კი და უკანონოდ გათავისუფლებულმა მოხელემ მაქსიმუმ სამი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია შეიძლება მიიღოს.
მსგავსი შინაარსის ცვლილებები გატარდა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით დგინდება. ცვლილებებით უკანონოდ გაუარესდა დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული პირების უფლებრივი მდგომარეობა.[4] საგანგაშოა, რომ მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონს (რომელიც უფრო სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას ადგენს დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირებისთვის, ვიდრე საჯარო სამსახურის შესახებ კანონი) ეწინააღმდეგება და არღვევს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი იერარქიის წესს, რადგან ქვემდგომი აქტით გაუარესდა ზემდგომი აქტით დადგენილი სამართლებრივი მოცემულობა. მაგალითად, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დაინიშნებიან, რაც გულისხმობს კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრისა და შეფასების გარეშე თანამდებობებზე გამწესებას. საგანგაშოა ისიც, რომ მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების უფლებამოსილების შეწყვეტასაც, რაც დიპლომატიური სამსახურის პოლიტიზირების და პარტიულ ინტერესებს დაქვემდებარების მიზანს ატარებს. გარდა ამისა, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების გათავისუფლება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 1 თვით ადრე გაფრთხილების შემთხვევაში.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში და დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილი ეს ცვლილებები იმთავითვე აუქმებს მოხელის იერარქიაში პირველი რანგის თანამდებობას და მოხელის კარიერულ განვითარებას მეორე რანგის იერარქიაზე აჩერებს. ამასთანავე, შეცვლილი საკანონმდებლო საფუძვლებით, საჯარო მოხელეები პირდაპირ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ექვემდებარებიან, რაც ქმნის არასტაბილურ გარემოს საჯარო სამსახურში.
რეორგანიზაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში და მისი შედეგები
სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა პირველად გაჟღერდა 2024 წლის დეკემბერში, ირაკლი კობახიძის მიერ მაკა ბოჭორიშვილის მინისტრად წარდგენისას, რომელსაც ესწრებოდნენ მხოლოდ სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ხოლო პროევროპულ განცხადებაზე ხელმომწერებს არ მიეცათ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.
საგარეო საქმეთა სამინისტროში პროევროპული კურსის მქონე თანამშრობლების დევნა ოფიციალურად 2025 წლის 1 მაისს დაიწყო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სამინისტროში რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლებს აცნობა. რეორგანიზაციის შესახებ წერილში აღნიშნულია,[5] რომ სამინისტრო აპირებს ახალი დიპლომატიური სამსახურების და საკონსულოების გახსნას, ასევე არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობების გაძლიერებას საზღვარგარეთ. გარდა ამისა რეორგანიაზაციის ქვეშ დაიგეგმა ოთხი პოლიტიკური დირექტორატის შექმნა, რომელიც გააერთიანებს 10 დეპარტამენტს და 25 სამმართველოს. აღნიშნული რეორგანიზაციის ფარგლებში:
გაუქმდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტერგაციის საკითხებზე მომუშავე ცალკეული გენერალური დირექტორატები;
ევროკავშირში ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი შეუერთდა ევროპულ საქმეთა გენერალურ დირექტორატს, რომელსაც მანამდე მხოლოდ ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივ თანამშრომლობებზე მუშაობის მანდატი ჰქონდა;
გაუქმდა უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორი, სადაც შედიოდა ორი დეპარტამენტი ორი სამმართველოთი (ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი, სადაც ერთი იყოს ნატოს სამმართველო და მეორე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელი იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკური და პრაქტიკული მექანიზმების განხორციელებაზე, როგორიცაა წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და ნატო-საქართველოს კომისია (NGC). ხოლო მეორე დეპარტამენტი იყო უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც გაუქმდა. ამის ნაცვლად შეიქმნა ახალი დეპატამენტი, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი, რომელშიც შედის ორი სამმართველო (ნატოს სამმართველო და უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველო). ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით გაუქმებულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციის სამმართველო, რომელიც პასუხისმგებელი იყო ნატოში ინტეგრაციული მექანიზმების განხორციელებასა და უწყებათაშორისითანამშრომლობის კოორდინაციაზე. შედეგად, ორი სამმართელოსგან შემდგარი დეპარტამენტიდანშენარჩუნებულია მხოლოდ ნატოს სამმართველო, რომლის ფუნქციებში ზემოაღნიშნული მექანიზმების იმპლემენტაცია არ შედიოდა.
გაუქმდა დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოების პოლიტიკის ფართო საკითხებზე, მათ შორის კიბერუსაფრთხოებაზე, კიბერდიპლომატიაზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, იარაღის კონტროლზე, განიარაღებასა და არაგავრცელებაზე, ტერორიზმთან ბრძოლაზე, გაეროს პირველ კომიტეტზე, ეუთოს უსაფრთხოების მექანიზმებზე, G7-ის გლობალურ პარტნიორობაზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებზე, როგორიცაა IAEA, BWC, CWC, OPCW. მის ნაცვლად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკის სამმართველო, რომლის ფუნქციები და პასუხისმგებლობებიც გაურკვეველია;
ამერიკის დეპარტამენტი გაერთიანდა გლობალური საკითხების გენერალურ დირექტორატთან, რომელშიც ასევე შევიდა აზიისა და აფრიკის დეპარტამენტები, რაც წინააღმდეგობაში მოდის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის მიზნებთან;
გაუქმდა ევროკავშირის და ნატოს საინფორმაციო ცენტრი, მათ შორის მისი რეგიონული ოფისები;
გაუქმდა ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი, რომლის ახორციელებდა სასწავლო პროგრამებს დიპლომატებისთვის და საჯარო მოხელეებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის, და აწარმოებდა კვლევით-ანალიტიკურ საქმიანობას საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე და მის მთავარ აუდიტორიას საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დასაქმებული სხვა საჯარო მოხელეები წარმოადგენდნენ.
რეორგანიზაციის პროცესი და მანერა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათთან სამინისტროს ხელმძღვანელობას არ გაუმართავს შეხვედრა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, არ მიუღიათ ახსნა, თუ რისთვის გახდა საჭირო ეს პროცესი, რომელიც უმეტესწილად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის მიმართულებას შეეხო.
აღსანიშნავია ისიც, რომ, მანამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, როდესაც გათავისუფლებულ თანამშრომელს, რომელიც დიპლომატიურ რეზერვში ირიცხებოდა, სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში უნარჩუნდებოდა წვდომა სამსახურებრივ ელ. ფოსტაზე, ამ შემთხვევაში ეს გამონაკლისიც დაირღვა და გათავისუფლებულებს გათავისუფლების დღესვე შეუწყვიტეს წვდომა სამსახურებრივ ელ. ფოსტაზე, გაუუქმდათ კორპორატიული ნომრები და ზოგიერთი მათგანის თქმით, საშვებიც იმდენად მალე გაუუქმეს, რომ ამის გამო ძლივს მოასწრეს პირადი ნივთების წამოღება ოფისიდან.
საბოლოოდ, რეორგანიზაციის შედეგად მკვეთრად შემცირდა იმ თანამშრომლების რაოდენობა, ვინც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობდა. გაუქმებული ორი სამმართველოდან დღეს უწყებაში მხოლოდ 4 ადამიანი მუშაობს ამ მიმართულებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების თქმით, მაშინ როცა რეორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანი სამინისტროს ხარჯების ოპტიმიზაცია იყო, მათი გათავისუფლების თვესვე მოქმედ თანამშრომლებს ხელფასი მნიშვნელოვნად გაეზარდათ. ეს მიდგომა აჩვენებს რეორგანიზაციის მოჩვენებით დასაბუთებას. გარდა ამისა, მათი თქმით, რეორგანიზაციის გამოცხადებიდან მალევე სამინისტროში გამოცხადდა კონკურსები, რომელიც იმთავითვე მოჩვენებით ხასიათს ატარებდა; თანამშრომლებს მეილზე არასამუშაო დღეს და საათებში ეგზავნებოდათ შეტყობინება კონკურსში მონაწილეობის შესახებ და განაცხადების გაგზავნის ვადაც უკიდურესად შეზღუდული იყო. ეს კონკურსი არც გასაუბრებს გულისხმობდა და არც თანამშრომლებისგან მოტივაციის გაგებას ისახავდა მიზნად. ერთადერთი რასაც სამინისტრო ელოდა მოქმედი თანამშრომლებისგან, იყო ოფიციალური განაცხადი კონკრეტულ პოზიციებზე. თანამშრომლების ნაწილმა უარი თქვა მოჩვენებით პროცესში ჩართვაზე, ნაწილმა კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ კონკურსი ვერ გაიარა.[6] აღსანიშნავია, რომ თავად სამინისტრო ოფიციალურ წერილში უარყოფს კონკურსის ჩატარების ფაქტს.[7]
ნიშანდობლივია, რომ ამ ეტაპზე რეორგანიზაცია და გათავისუფლება შეეხოთ ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს და ისინი 1 ივლისიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს, ხოლო საელჩოებში და საკონსულოებში მომუშავე დიპლომატებისთვის 1 აგვისტოდან ამოქმედდა რეორგანიზაციის შედეგები..
გათავისუფლების შესახებ ბრძანებები და შემდგომში გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ შეიცავს დასაბუთებას, კონკრეტული პირები ინდივიდუალურად რა კრიტერიუმებით შეირჩნენ გასათავისუფლებელ პირთა შორის მაშინ, როცა, საერთო სასამართლოების დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, ამის დასაბუთება დამსაქმებლის ვალდებულებაა და რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლების კანონიერად მისაჩნევად აუცილებელია.
რეორგანიზაცია დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სამართალს
რეგრესული საკანონმდებლო ცვლილებები და მის საფუძველზე წარმოებული ე.წ. რეორგანიზაციის პროცესი ფუნდამენტრად არღვევს საჯარო მოხელეების და ამ შემთხვევაში დიპლომატების შრომით უფლებებს. ამ პროცესების შედეგად გათავისუფლებული საჯარო მოხელეების რაოდენობა 800-ზე მეტია.[8] საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის მანძილზე ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულოებში რეორგანიზაციების შედეგად გათავისუფლდა 75 თანამშრომელი.[9]
საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს დისკრიმინაციას, მათ შორის პოლიტიკური და სხვა შეხედულებების საფუძველზე, და აყალიბებს შრომის თავისუფლებისა და სამართლიანი შრომითი პირობების უზრუნველყოფის პრინციპებს. საქართველოს შრომის კოდექსი და კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ ადგენს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელმა არ უნდა განახორციელოს შერჩევითი მოპყრობა თანამშრომელთა პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა მრწამსის მიხედვით, მათ შორის საჯარო სექტორშიც.
განსაკუთრებით მაღალი სტანდარტები მოქმედებს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მიმართ, რადგან ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს და ყოვლად დაუშვებელია მათი პოლიტიკური ნიშნით მართვა. ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება საქართველოს ავალდებულებს საჯარო ადმინისტრირების სფეროში განახორციელოს ე.წ. მერიტოკრატიული პრინციპები და შერჩევა, დაწინაურება და გათავისუფლება ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს, პროფესიონალიზმსა და კომპეტენციას. საჯარო მოხელეთა დაცვა პოლიტიზაციისგან პირდაპირ მოითხოვება ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციებით.[10] აღნიშნული სტანდარტების თანახმად, თანამშრომელთა დათხოვნა დასაშვებია მხოლოდ სამართლიანი და მკაფიო მიზეზებით, წინასწარ მინიჭებული გარანტიების დაცვით, ხოლო უფლებადარღვევის შემთხვევაში მათ უნდა ჰქონდეთ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალება, მათ შორის პოზიციაზე აღდგენის შესაძლებლობით.
ცვლილებები ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წელს დადგენილ სტანდარტებსაც, რომელიც მან ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში მიიღო. აღნიშნული საქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად უარყო საჯარო მოხელეების პოლიტიკურ პროცესებზე და ცვლილებებზე დაქვემდებარების ლოგიკა და განმარტა, რომ საჯარო მოხელეების ჩანაცვლება არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გუნდის ცვლილებით არ უნდა იყოს განპირობებული და რომ შეუძლებელია დემოკრატიულ სახელმწიფოში პროფესიული კადრების ცვლილება პოლიტიკური გუნდის ცვლილებასა თუ, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესებზე იყოს დამოკიდებული, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებს.
2024 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და შემდგომში საჯარო სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების ციკლი ეწინააღმდეგება ზემოხსენებულ უფლებრივ პრინციპებს და საერთაშორისო ვალდებულებებს. კერძოდ, გათავისუფლების პროცესში შრომითი გარანტიების გაუქმება, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე აღდგენის შეუძლებლობა, და გათავისუფლებათა მასობრივობა – მიანიშნებს მიზანმიმართულ და სისტემურ წმენდაზე, რომელიც დაფუძნებულია არაპროფესიულ და პოლიტიკურ მოტივებზე.
შედეგად, მოხელეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა საჯარო ინტერესს, აღმოჩნდა მყიფე და პოლიტიკურად დაუცველ პოზიციაში – რაც არა მხოლოდ არღვევს ინდივიდუალური სამართლიანი შრომითი ურთიერთობების სტანდარტს, არამედ აზიანებს მთლიანად საჯარო სამსახურის ინსტიტუციურ სტაბილურობას.
რეორგანიზაცია როგორც შეცვლილი საგარეო კურსის ინდიკატორი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების თქმით, რეორგანიზაციის პროცესი და მისი ჩატარების მანერა მიუთითებს მმართველი პარტიის მხრიდან იმ საჯარო მოხელეების დისკრიმინაციულ დევნას, რომლებმაც ამჟამინდელი საგარეო პოლიტიკური კურსით უკმაყოფილება გამოთქვეს. მით უფრო იმ ფონზე, რომ გათავისუფლები თანამშრომლების აბსოლიტური უმრავლესობა არის 29 ნოემბრის საპროტესტო განცხადებაზე ხელმომწერი მოხელე. დისკრიმინაციული დევნის ეჭვს ამყარებს ისიც, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს არ დაუმალავთ მათი მიზანი, გაიწმინდოს საჯარო სექტორი, იმათგან ვინც არ ეთახნმება მათ არჩეულ პოლიტიკას.
თავად რეორგანიზაციის შინაარსი კი სიმპტომატურად ასახავს შეცვლილ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელშიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია აღარ მიიჩნევა პრიორიტეტულ მიმართულებებად. ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში გაუქმდა ყველა ის ქვედანაყოფი, რომლის მანდატშიც ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის ინსტრუმენტებზე მუშაობა და მათი აღსრულება შედიოდა.
სამინისტროს თანამშრომლებისთვის ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ თანამშრომლების გამოშვება საქმეების ყოველგვარი გადაბარების გარეშე მოხდა, რითაც მათი აზრით, საბოლოოდ სახელმწიფო საქმე დაზიანდა. მაგალითად სამმართველო რომელიც გააუქმეს და რომელიც პასუხისმგებელი იყო ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავებაზე და რომელიც ყოველი წლის მარტში იგზავნებოდა ხოლმე ნატოში, შეუსრულებელი დარჩა და 2025 წელს ეს პროცესი პრაქტიკულად ჩაიშალა. საბოლოოდ კი რეორგანიზაციის შედეგად აღნიშნული სამმართველო გაუქმდა. ნიშანდობლივია, რომ კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიზნის მისაღწევად და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომელსაც ამჟამად გათავისუფლებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, კვალიფიციური საჯარო მოხელეები ასრულებდნენ. ამრიგად, განხორციელებულმა რეოგრანიზაციამ აღნიშნული ინსტრუმენტის შეუფერხებლად განგრძობადობის და ეფექტიანად შემუშავება-განხორციელების პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
საბოლოოდ, რეორგანიზაციის შედეგად მკვეთრად შემცირდა იმ სამმართველოების/დეპარტამენტების და თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით სპეციფიურ ინსტრუმენტებზე და მექანიზმებზე მუშაობდნენ. ბუნდოვანია ამ პროცესების შემდეგ როგორ გადანაწილდება ეს საკითხები და ფუნქციები სამინისტროში მოქმედ სტრუქტურულ ერთეულებზე.
შეჯამება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებული სამ თანამშრომელს (გიორგი წიქარიშვილს, ქეთევან ფრუიძეს და ო.ს.) წარმოადგენს სასამართლოში; დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი უზრუნველყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გათავისუფლებული სამი თანამშრომელის (ა.ც.; ი.პ. და სსიპ ,,საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ’’ ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენელი თემურ სუყაშვილი) სამართლებრივ მხარდაჭერას და მიგვაჩნია, რომ სამინისტროდან საპროტესტო განცხადებაზე ხელმომწერი თანამშრომლების გათავისუფლება ცალსახა დისკრიმინაციული დევნის ნიშნებს ატარებს მათი განსხვავებული შეხედულების გამო.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაცია პირდაპირი ინდიკატორია ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსისაა, სამინისტროდან თანამშრომლების გათავისუფლება არღვევს საჯარო მოხელეების შრომით უფლებებს. მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, დისკრიმინაციული და არამერიტოკრატიული პრაქტიკა საჯარო სამსახურში ამცირებს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობას, სანდოობას და არახელსაყრელ გარემოს ქმნის მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებისათვის.
[1] ირაკლი კობახიძე - საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა - ყველას მოქმედებას ვაკვირდებოდით და რეაგირება გვექნება, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ!, IPN, 3.12.2024, ხელმისაწვდომია https://www.interpressnews.ge/ka/article/823 no 115-irakli-kobaxize-sajaro-samsaxurshi-tvitcmendis-procesi-zalian-sainteresod-carimarta-qvelas-mokmedebas-vakvirdebodit-da-reagireba-gvekneba-rasac-mteli-pasuxismgeblobit-vambob/
[2] რეორგანიზაციის გამარტივების მიზნით ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონში ინიციირებული ცვლილებები ადამიანის უფლებებთან შეუსაბამოა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2024 წელი, 12 დეკემბერი. https://socialjustice.org.ge/ka/products/reorganizatsiis-gamartivebis-miznit-sajaro-samsakhuris-shesakheb-kanonshi-initsiirebuli-tsvlilebebi-adamianis-uflebebtan-sheusabamoa
[3] საია დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში უკანონო და რეპრესიულ ცვლილებებს ეხმიანება, 31 იანვარი, 2025. https://gyla.ge/post/diplomatiuri-samsaxuri-represiebi
[4] საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაცია იწყება, რადიო თავისუფლება, 1 მაისი, 2025. https://www.radiotavisupleba.ge/a/33402213.html
[5] https://www.radiotavisupleba.ge/a/საგარეოს-ყოფილი-თანამშრომლები-ჰყვებიან-რეორგანიზაციის-ამბებს/33466559.html
[6] საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 15 ივლისის წერილი № 01/21310 .
[7] https://formulanews.ge/News/კონსტიტუციის_78-ე_მუხლი:_საჯარო_სამსახურებიდან_უკვე_800-ზე_მეტი_ადამიანი_გაათავისუფლეს/125348
[8] საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 15 ივლისის წერილი № 01/21310 .
[9] კონვენცია N111 დისკრიმინაციის შესახებ და კონვენვია N158 სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
ინსტრუქცია