[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

17 წელი აგვისტოს ომიდან

აგვისტოს ომიდან 17 წლის შემდეგაც, საქართველო კვლავ იმყოფება ოკუპაციისა და უსაფრთხოების მყიფე რეალობაში. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ქვეყნის ოკუპაცია წარმოადგენს არა მხოლოდ კონფლიქტის შედეგს, არამედ სტრუქტურულ მდგომარეობას, რომელიც მუდმივად აწარმოებს დაუცველობას, მარგინალიზაციას და სახელმწიფოს სუვერენიტეტში ჩარევას.

წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ გააქრო “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ დღის წესრიგიდან ოკუპაციის საკითხი და ამ მიმართულებით პოლიტიკა სრულად დაცალა სტრატეგიული ხედვებისგან, კონსენსუსისა და საჯარო დისკუსიისგან. “ქართული ოცნება” თავს იკავებს საერთაშორისო ფორმატებში დეოკუპაციის საკითხის დაყენებისგანაც კი, რაც უკრაინაში რუსეთის ომის შემდეგ უნიკალურ შესაძლებლობას ქმნიდა საქართველოს საკითხის აქტუალიზაციისთვის. უფრო მეტიც, ბოლო წლებში აშკარად ჩანს 2008 წლის ომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციისა და პასუხისმგებლობის რუსეთიდან საქართველოზე გადატანის აშკარა მცდელობები.

უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ განსაკუთრებით თვალშისაცემია “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის კურსი შემობრუნება, რომელსაც ერთი შეხედვით პრაგმატული, მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის ლოგიკა აქვს, თუმცა რეალურად ის გეოპოლიტიკურ ვაკუუმს ქმნის, რომელშიც რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენები ძლიერდება. “ქართული ოცნების” აგრესიული ანტიევროპული კურსი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების, ასევე ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ქვეყანას იზოლაციაში ტოვებს. აშკარაა, რომ “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა დღეს ჩვენს ქვეყანას დასავლური პოლიტიკური და უსაფრთხოების არქიტექტურის გარეთ ტოვებს, რაც სერიოზულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, გრძელვადიან უსაფრთხოებასა და მომავალს.

მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ოკუპაციის თანამედროვე ფორმები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო ინტერვენციებით. ბოლო წლებში რუსეთი აქტიურად იყენებს ჰიბრიდული ომის სტრატეგიებს, რომელთა მეშვეობითაც ახორციელებს მიზნობრივ ჩარევას მეზობელი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ამ ინტერვენციას ის ახორციელებს საინფორმაციო სივრცის მანიპულირების, დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების, კულტურული დაპირისპირების წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციისა და ღირებულებითი სისტემის რღვევის გზით. სწორედ ამ პროცესების დაჩქარებულ და აგრესიულ განვითარებას ვაკვირდებით დღეს საქართველოში, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსული გავლენები ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ ექსტერნალურია, არამედ იგი რეზონირებს შიდა პოლიტიკური ავტორიტარიზმის ფორმებთან და იქმნება სისტემური თანხვედრა მმართველი ძალის ვტორიტარულ ტენდენციებსა და რუსული საგარეო პოლიტიკის ინტერესებს შორის.

რა მოცემულობა გვაქვს ომის დასრულებიდან 17 წლის თავზე:

  • კვლავ შეუსრულებელია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძირითადი პუნქტები, მათ შორის რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის ვალდებულება ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფუნქციონირებს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა;
  • ე.წ. ბორდერიზაცია შეუფერხებლად გრძელდება, რაც ასეულობით მოქალაქეს აკარგვინებს საცხოვრებელს, ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას და არღვევს ოჯახურ და სოციალურ კავშირებს;
  • სისტემური სახე აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას: გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, გატაცებებს, უკანონო დაკავებებს და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა 300-მდე მოქალაქე დააკავეს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით;
  • გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები კვლავ უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო სახელმწიფო სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით არ უზრუნველყოფს მათ დაცვას;
  • დევნილები, გამყოფი ხაზის მაცხოვრებლები და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა კვლავ ცხოვრობენ დაპირებების შეუსრულებლობის პირობებში, სადაც სოციალური მხარდაჭერა ან უკიდურესად სუსტია, ან პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. კვლავ მოუგვარებელია დაახლოებით 45 000 დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი. 40 000-მდე ოჯახი კი გამყოფ ხაზთან უკიდურესად მოწყვლად პირობებში ცხოვრობს;
  • ოკუპაცია ღრმავდება როგორც ტერიტორიული, ისე სოციალური და ადამიანური პერსპექტივიდან. იზრდება დაშორება ოკუპირებულ რეგიონებთან და იქ მაცხოვრებელ საზოგადოებებთან.

“ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა თანდათან სრულად დისტანცირდა დასავლური სივრცისგან. მოქმედმა ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა პრაქტიკულად დააკარგვინა ქვეყანას, ხოლო ვიზალიბერალიზაციის პროცესი საფრთხის ქვეშ დააყენა. ამავდროულად, რეჟიმმა დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ქვეყნის ინტერესების ადვოკატირება ფაქტობრივად შეაჩერა და ეს უკვე მათი ყოველდღიური პოლიტიკური ენის ნაწილი გახდა. იმ ფონზე როცა უკრაინაში რუსეთის სასტიკმა ომმა, ჩვენს რეგიონში ახალი დინამიკა და შესაძლებლობები გააჩინა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ამ ისტორიულ შანსებს გვაკარგვინებს და სრულიად მარტოს გვტოვებს რუსული გავლენების წინაშე. „ქართული ოცნება“ ხშირად ცდილობს რუსეთის მზარდი გავლენა გაამართლოს ჩინეთთან გაღრმავებული ურთიერთობებით, თითქოს ეს ქმნის ახალი ტიპის გეოპოლიტიკურ დაბალანსებას. თუმცა, რეალობა ის არის, რომ ჩინეთის როლი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ძალიან მწირია როგორც პოლიტიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს „მრავალვექტორული დაბალანსების“ არგუმენტი არ ეფუძნება რეალურ ძალთა ბალანსს და რეგიონულ თუ გლობალურ უსაფრთხოების დინამიკას.

საგარეო პოლიტიკის ცვლილებას “ქართული ოცნება” ხშირად მშვიდობის არგუმენტით ამართლებს. თუმცა, რთულია მივიღოთ მშვიდობის არგუმენტი მაშინ, როცა ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის მხრიდან აგრესიულ დე ფაქტო ანექსიას განიცდის, როცა ქვეყანას 300 000-მდე დევნილი ჰყავს და მათი ნახევარი ისევ განუსახლებელია, როცა გალსა და ახალგორში მცხოვრები ქართველები საბაზისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს არიან მოკლებულები და სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლები ხდებიან, როცა გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიური ჩამორთმევის და ფიზიკური რისკების რეალობაში ცხოვრობს. ევროპული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სივრციდან ქვეყნის მიზანმიმართული იზოლაცია კი მშვიდობის შესაძლებლობებს გრძელვადიანად სპობს.

როცა საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ვლაპარაკობთ, უნდა ითქვას რომ ამის მიზეზი არა მხოლოდ ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური პასიურობა, არამედ ისიც, რომ ქვეყანაში არ არსებობს უსაფრთხოების ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული დოკუმენტები და ინსტიტუციური მექანიზმები. უსაფრთხოების სექტორი დღეს პრაქტიკულად აღარ ოპერირებს როგორც დამოუკიდებელი სისტემა და მეტწილად მმართველი პოლიტიკური გუნდის ვიწრო ინტერესებს ემსახურება. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წელსაც არ არსებობს კოორდინირებული უწყებრივი ხედვა და სტრატეგიის დოკუმენტები დეოკუპაციის, შერიგებისა და კონფლიქტების პრევენციის მიმართულებით, რაც სრულიად ბუნდოვანს და განუსაზღვრელს ხდის ჩვენს მომავალს.

ამასთან, როგორც ზემოთაც ითქვა, “ქართული ოცნება” განაგრძობს ომის საკითხის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და მის გამოყენებას შიდა პოლიტიკური პოლარიზაციისთვის. პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2008 წლის ომზე ისე აწარმოა მუშაობა, რომ არ განიხილა ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტი და სრულად უგულებელყო სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესები. მძიმე იყო ომის დროს დაშვებული ტაქტიკური შეცდომების დანაშაულად განხილვისა და აგვისტოს ომის გმირების დისკრედიტაციის მცდელობა “ქართული ოცნების” პოლიტიკური ლიდერების მხრიდან.

აგვისტოს ომის რეალობა მოითხოვს არა მხოლოდ წარსულის შეფასებას, არამედ პრინციპულად გააზრებული მომავლის პოლიტიკის განსაზღვრას, რომელიც ერთის მხრივ, ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების და მშვიდობის ინტერესს დაეფუძნება, მეორეს მხრივ კი კონფლიქტების მოგვარებასა და ომით და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების, სოციალური საჭიროებებისა და უფლებების დაცვის იდეას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“