[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

16 წელი აგვისტოს ომიდან

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 16 წელი გავიდა, თუმცა რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ არ დასრულებულა. ომმა, რომელმაც 2008 წელს დაგვაკარგვინა კავშირი ჩვენს ისტორიულ რეგიონებთან და ხალხებთან, განგრძობადი ოკუპაცია კი ჩვენს მოქალაქეებს დღემდე უმძიმეს ზიანს აყენებს, სახე იცვალა. დღეს მან მიიღო რბილი ფორმები და ცდილობს დაეუფლოს ჩვენს სახელმწიფოს და მოიპოვოს კონტროლი ჩვენს პოლიტიკურ სისტემაზე, ეკონომიკაზე, გონებაზე და მომავალზე. სამწუხაროდ, დღეს ამ ომის წარმოებაში რუსეთს ჩვენივე მთავრობა ეხმარება.

ამ ვითარებაში სიმპტომატურია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხის და ისტორიის უკიდურეს პოლიტიზებას და გადაწერას ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთმა საერთაშორისო სასამართლომ აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის პრაქტიკაზე, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას ისევ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს და ამით იმპერიული ძალების ლოგიკას და ინტერესებს ატარებს.[1]

სწორედ 2008 წლის შემდეგ იწყებს რუსეთი ომის საგარეო პოლიტიკას და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე კონტროლის მოპოვებას აგრესიული სამხედრო და ჰიბრიდული ომის სტრატეგიებით. ეს იმპერიული პოლიტიკა გულისხმობს როგორც ტერიტორიების ექსპანსიასა და სამხედრო ინტერვენციებს, ასევე, პოლიტიკური გავლენების მოპოვებას ადგილობრივ მთავრობებზე და ჰიბრიდულ ომებს, ეკონომიკურ ზემოქმედებას ქვეყნებზე და რუსეთის პრეტენზიებს სხვადასხვა ხალხის ისტორიაზე, წარსულსა და კულტურაზე.

სამწუხაროდ, მცირე და პოსტ-საბჭოთა სივრციდან გაღწევაზე ორიენტირებული საქართველო რუსული იმპერიული პოლიტიკის თითქმის ყველა ამ აგრესიული სტრატეგიის სამიზნე გახდა. 2008 წლის ომის დროს ჩვენი ქვეყანა რუსული სამხედრო აგრესიისგან დაზიანდა და მძიმე ადამიანური, ეკონომიკური და ტერიტორიული დანაკარგები მიიღო. ბოლო წლებში კი ის რუსეთის აგრესიული და მასიური ჰიბრიდული ომის სამიზნეა, რომელსაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება არა თუ არ აკავებს, არამედ ამ პოლიტიკის გამტარიც კი ხდება.

დღეს ჩვენ ყველანი ცხადად ვხედავთ, რომ გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ითვისებს იმპერიული რუსეთის მიერ დამუშავებულ პოლიტიკურ კონცეფციებს და პროპაგანდას (მაგალითად, პროპაგანდას “სუვერენული დემოკრატიის,” დასავლეთის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ომში ჩართვის, დასავლეთის მხრიდან საქართველოსთვის იდენტობის დაკარგვის, პოლიტიკური ჰომოფობიის შესახებ და ა.შ.), მან გაზარდა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთის ბაზარზე, დაასუსტა ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მედეგობა  და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული შანსი გაუჩნდა, მიზანმიმართულად ანტიდასავლურ პოლიტიკას ატარებს. 

ჩვენთვის რთულია ავხსნათ, ხელისუფლების ამ პოლიტიკის მოტივაციები - ეს აიხსნება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესით, ომის შემდეგ შექმნილ რეალობაში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გამოყენებისა და გამდიდრების ინტერესით, თუ სტრატეგიული შეცდომით -  დასავლეთთან ურთიერთობის დასუსტებით თითქოსდა შეინარჩუნოს სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენთვის ყველა ეს ახსნა პრობლემურია და  თანაბრად აკისრებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას.

ჩვენთვის აშკარაა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების არსებული პოლიტიკა საქართველოს  მარტოს ტოვებს რუსული საფრთხეებისა და ინტერესების წინაშე და ამით მას კიდევ უფრო უფრო დაუცველს ხდის. არასდროს საქართველოს მთავრობებს არ ჰქონიათ ამ მასშტაბის კონფლიქტი მის დასავლელ პარტნიორებთან, რომელმაც ამ წელს იმ მასშტაბს მიაღწია, რომ სხვადასხვა სახელმწიფოები და ორგანიზაციები საქართველოსთან მხარდაჭერის პროგრამებს აჩერებენ და საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე. ისტორიაც აჩვენებს, რომ რუსეთი სწორედ მარტოდ დარჩენილ სახელმწიფოს უფრო მეტად აზიანებს და უმკლავდება ხოლმე.

ამ კონტექსტში კიდევ უფრო გაუმართლებელი ჩანს ახსნა, რომ ამგვარი საგარეო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსეთის არ გაღიზიანების მიზნით სჭირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენზე გაცილებით სუსტი სახელმწიფოები - სომხეთი და მოლდოვა ომის რეალობაშიც ახერხებენ აქტიური პროევროპული პოლიტიკის გატარებას და ფრთხილი ბალანსის შენარჩუნებას. ქართული ოცნების ხელისუფლებამ კი ეს ბალანსი დასავლეთის საუარესოდ დაარღვია და ავტორიტარულ ჰეგემონურ ძალებზე (რუსეთი, ჩინეთი) ქვეყნის დამოკიდებულებას მიზანმიმართულად ზრდის. 

აგვისტოს ომის დროს ჩვენი ჯარი და ჩვენი ხალხი იარაღით იცავდა დედაქალაქს, საკუთარ ოჯახებს და ღირსებას. მაშინ ომში დავმარცხდით, მაგრამ ჩვენი პარტნიორების დახმარებით შევძელით პოლიტიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნება, სტაბილურობის დამყარება ქვეყანაში და შემდგომ ათწლეულში ქვეყნის დემოკრატიზაციის გაგრძელებაც. დღეს კი ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულმა ინტერესებმა და (ჰიბრიდულმა) ომმა შემოაღწიეს იმ ადგილებშიც, რომელსაც ამდენი წელი დემოკრატიული წინააღმდეგობით და მომავლის იმედით ვიცავდით. ეს ჩვენი სამართლებრივი სისტემა, სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური ძალაუფლებაა. დღეს ჩვენ ვართ მოწმეები, რომ ხელისუფლება იღებს რუსულ კანონებს, პოლიტიკური ძალაუფლება მიტაცებული აქვს რუსეთთან მჭიდრო კავშირების მქონე ოლიგარქს, ღიად პრორუსული ძალები კი ჩვენს ქალაქებში ძალადობას, შუღლს თესავენ და არასდროს ისჯებიან. ხალხსა და ხელისუფლებას შორის კი ყრუ კედელია აღმართული, რომელიც ამ პროცესის შეკავებას ართულებს. 

ამის მიუხედავად, ჩვენ გვჯერა, რომ ომის ამ რეალობაში ჩვენ, ქართველ ხალხს გვრჩება მშვიდობის და დემოკრატიის იარაღები დავიბრუნოთ ძალაუფლება და კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ მხოლოდ ჩვენ, ხალხს გვეკუთვნის თავისუფლება განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს არა ერთი კრიტიკა ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებისა და ომის მართვის პროცესის მიმართ, პასუხისმგებლობების ამ მასშტაბით აღრევა, რასაც მოქმედი ხელისუფლება აკეთებს პრობლემურია. შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების შეფასებას დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გარემო და სისტემა სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ დღეს არ გვაქვს.  სხვა შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკები, რომ ამგვარი ტრავმული გამოცდილებები ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციისთვის და რევანშისთვის იქნება გამოყენებული, სამწუხაროდ რისი მოწმეებიც დღეს ვართ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“