საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ომის მსხვერპლებს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობას და სოლიდარობას ვუცხადებთ!
2008 წლის აგვისტოს ომი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის გამორჩეულად მძიმე თარიღია. ომს უკავშირდება უმძიმესი ადამიანური და ჰუმანიტარული მსხვერპლი - ომის დროს საქართველოს მხარეს დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 228 სამოქალაქო პირი; დაიჭრა 1747 ადამიანი; 35 000 ადამიანი კი ამ დრომდე ვერ ბრუნდება საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რომელთა დიდი ნაწილი უკვე გავერანდა და მიწასთან გასწორდა. მძიმე ადამიანურ მსხვერპლს მიღმა, ომს საქართველოსთვის მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგები მოჰყვა. ომის უმძიმესი შედეგების აღწერა ვრცელია:
ომის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდა ის ტერიტორიები, რომელზეც საქართველომ კონტროლი დაკარგა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი რუსული სამხედრო ბაზები (გუდაუთაში მე-7 სამხედრო ბაზა და ცხინვალსა და ჯავაში მე-4 სამხედრო ბაზა, სადაც მთლიანობაში 10 000-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება) განთავსდა;
გამყოფი ხაზის სოფლების მაცხოვრებლები განგრძობადი ბორდერიზაციისა და მასთან დაკავშირებული მძიმე შედეგების და დანაკარგების გამო მუდმივად საგანგებო მდგომარეობის და დაუცველობის რეჟიმში ცხოვრობენ; ომის შემდეგ კონფლიქტის რეგიონებთან მიმოსვლის შეთანხმებული და განჭვრეტადი რეჟიმის არარსებობის გამო გალისა და ახალგორის რეგიონები ხშირად ჰუმანიტარული კრიზისიების წინაშე დგება, რაც მძიმე გავლენას ახდენს იქ მცხოვრები ადამიანების ყოფასა და ყოველდღიურობაზე;
ომის შემდეგ კონფლიქტის რეგიონები რუსეთის ანექსიის მიმართ კიდევ უფრო მოწყვლადები აღმოჩნდნენ და ადგილობრივი ელიტები თითქმის ვეღარ ახერხებენ ადგილობრივი ინტერესების დაცვას;
ომის შემდეგ რუსეთის მიერ კონფლიქტის რეგიონების აღიარებას კონფლიქტების მოგვარების ინტერესის შემცირება მოჰყვა და ინტერ-ეთნიკური გაუცხოება კიდევ უფრო გაღრმავდა;
2008 წლის ომს ჩვენი საზოგადოების შიგნით კიდევ უფრო მძიმე პოლარიზება და კონფლიქტები მოჰყვა; ოკუპაცია საქართველოს სახელმწიფოზე პირდაპირი სამხედრო და პოლიტიკური გავლენის იარაღი გახდა რუსეთის ხელში, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას მედეგობას აცლის.
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სასტიკმა ომმა ჩვენში 2008 წლის ომის ტკივილი გააღვიძა, რუსეთთან დაკავშირებული საფრთხეების მასშტაბი კი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ამ მოვლენების შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ნათელი გახდა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პასუხისმგებლობა სათანადოდ ვერ შეფასდა და რუსეთისგან მომდინარე სამხედრო საფრთხეები და იმპერიული ამბიციები კიდევ უფრო მასშტაბურია. ამ მძიმე იმპერიულ განხრახვებს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი შეხვდა, 14 წლის წინ.
სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება უკრაინის ომის მოვლენების ფონზე გლობალურ დონეზე საქართველოს საკითხის აქტიურ დაყენებას ნაკლებად ცდილობს და დემონსტრაციულად დუმს რუსეთთისგან მომდინარე ისტორიული დარტყმებისა და დღევანდელი საფრთხეების შესახებ, რაც მკვეთრად ასუსტებს უსაფრთხოების შეცვლილ კონტექსტში ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი გარანტიების მიღების შესაძლებლობას.
უფრო მეტიც, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების პოლიტიკამ, რომელსაც ქართული ოცნების მმართველობის პირველ წლებში ანტირუსული რიტორიკის შემცირება და სავაჭრო ურთიერთობებში რუსეთთან თანამშრომლობის დაწყება მოჰყვა, ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლებში ევროპეიზაციის პროცესის მკვეთრი დასუსტებისა და აგრესიული ანტიდასავლური რიტორიკის ფორმა მიიღო. სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ფიზიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და სოციალური უსაფრთხოების სისტემის მედეგობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება:
სახელმწიფოში მოშლილია უსაფრთხოების სისტემის ანგარიშვალდებულება თითქმის ყველა დონეზე. უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი საზოგადოებას არ მოუსმენია მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ანგარიში რუსეთიდან მომდინარე სამხედრო და უსაფრხოების სხვა რისკებთან დაკავშირებით;
რუსულ პროპაგანდსთან გამკლავების პოლიტიკა სახელმწიფოს არ გააჩნია და სახელმწიფოს სტრატეგიული კომუნიკაციის პრაქტიკებიც კი ზოგჯერ ამ პროგანდის ნარატივებს იყენებს. აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს ომგამოვლილი საზოგადოების მოწყვლადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და ომში ჩათრევის შესახებ რიტორიკით, მის მიმართ მიმართული ყველა კრიტიკისთვის გვერდის აქცევას ცდილობს;
საქართველოში შეუზრუდავად მოქმედებენ და დანაშაულს სჩადიან პრორუსული ჯგუფები და მათ მიმართ სახელმწიფო დემონსტრაციულ ლოილობას იჩენს;
ქვეყანას არ გააჩნია რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიული გეგმა;
ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზეც კი ხელისუფლებას არ აქვს დეოკუპაციის სტრატეგია და არც განახლებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც შეცვლილ კონტექსტებსა და რეალიებს მოერგებოდა;
სუსტია სახელმწიფოს სოციალური მხარდაჭერა ომით დაზარალებული ოჯახებისა და სოფლების მიმართ. ომიდან 14 წლის შემდეგაც გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კვლავ ომის შედეგად დანგრეულ სახლებში ცხოვრობს. სიღარიბის და მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობა 33%ით შემცირდა. გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის 76% არ მიუღია ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საქართველოში დევნილების თითქმის ნახევარი კვლავ არ არის უზრუნველყოფილი საცხოვრებელი სახლებით.
სამწუხაროდ, ამ კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლებას არ შეუქმნია პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცეები, სადაც დაგროვებულ კითხვებსა და წუხილებზე პასუხის მიღებისა და გავლენის მოხდენის შესაძლებლობა იქნებოდა. ცხადია, რომ ეს რეალობა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ ღრმა უნდობლობასა და ეჭვებს წარმოშობს.
დღეს, როგორც არასდროს, გეოპოლიტიკის საკითხებს პირდაპირი გავლენას აქვს ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე და მნიშვნელოვანია, ამ რეალობას სახელმწიფომ უსაფრთხოების პოლიტიკის დემოკრატიზაციითა და ანგარიშვალდებულებით უპასუხოს. სამწუხაროდ, ამ დროისთვის ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ამგვარი პროცესების დაწყების ნიშნებიც კი არ ჩანს. მნიშვნელოვანია, რომ ომის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ განხილვებში ჩვენ, საზოგადოებრივმა აქტორებმა და მედია ორგანიზაციებმა სწორედ უსაფრთხოების პოლიტიკაზე ძირეული კითხვების დასმას, მოთხოვნების დაყენებას და ანგარიშის მოსმენას დავუთმოთ.
ინსტრუქცია