[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა!

ფოტო: როიტერსი/დავით მძინარიშვილი



ომმა არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დევნის, ჩამორთმევისა და დაუცველობის მძიმე ტრავმა და მეხსიერება დაგვიტოვა. ომმა ერთმანეთს დააშორა ოჯახები, მეზობლები და მოძმე ხალხი. მან ჩვენი ათასობით მოქალაქე დევნილად აქცია, წაართვა საცხოვრებელი სახლი და მშობლიური გარემო. ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ადამიანები კი უსაფრთხოების, სიღარიბისა და განუჭვრეტელი მომავლის უმძიმეს რეალობაში ცხოვრობენ. ომის შემდეგ კვლავ არ გაუმჯობესებულა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფა. ეს რეგიონები და de facto პოლიტიკური სისტემები არსებითად არიან ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებულნი რუსეთზე და მისი დაქვემდებარების, მოთვინიერებისა და კონტროლის პირობებში უწევთ არსებობა. მათი ეკონომიკები სრულად არის დამოკიდებული რუსეთის საბიუჯეტო სუბსიდიებზე და ადგილობრივი ელიტებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მხრიდან, ავტონომიის ნებისმიერი გამოვლინება რეგიონებს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ტვირთად და სასჯელად აწვებათ. უფრო მძიმე და უფლებააყრილია ამ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ოჯახების მდგომარეობა. კრიმინალი, კორუფცია, დევნა, სიღარიბე, ქართული ენისა და განათლების შევიწროება მათი ცხოვრების ყოველდღიური პრაქტიკაა.

ომმა ჩვენი კავშირი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან კიდევ უფრო ღრმად გაწყვიტა და კონფლიქტის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ოკუპაცია საბოლოოდ გააფორმა. დღეს ოკუპაცია რუსეთისთვის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელ დღის წესრიგსა და განვითარების შესაძლებლობაზე ზეგავლენის მოხდენის ძლიერი იარაღია და ამ გავლენებს ყოველდღიურობაშიც ვგრძნობთ.

ამ დრომდე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში არ ჩანს მნიშვნელოვანი გარდაქმნები. საერთაშორისო მონიტორინგისა და მხარდაჭერის მექანიზმები ამ რეგიონებში კვლავ სუსტია. შერიგების პოლიტიკის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მცდელობებს რაიმე არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, ბოლო წლებში de facto რეჟიმების მხრიდან იზოლაციისკენ და საზღვრების ჩაკეტვისკენ მიმართული გადაწყვეტილებები სულ უფრო მეტად აქტიურდება. იზრდება ე.წ. ბორდერიზაციის მასშტაბი და მასთან დაკავშირებული უფლების დარღვევის შემთხვევებიც.

სამწუხაროა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესიც კონფლიქტის რეგიონებისა და იქ მცხოვრები ადამიანების მიმართ სულ უფრო კლებულობს და ამ რეგიონებს ისტორიულად მნიშვნელოვან დღეებში ზედაპირული პატრიოტული სენტიმენტებით თუ გავიხსენებთ ხოლმე.

სამწუხაროდ, ამ დრომდე, კონფლიქტის რეგიონები ჩვენთვის დაკარგული ტერიტორიები უფროა, ვიდრე საკუთარი ისტორიისა და წარსულის კრიტიკული გადააზრების, ჩვენი მომავლისა და საკუთარი თავის გაგების შესახებ ახალი შეთანხმებების მიღწევისა და შერიგების იდეა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ აშკარაა, ოკუპაციასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკა გადასახედია და ის რადიკალურ გაძლიერებას საჭიროებს. არსებითია, ჩვენმა სახელმწიფომ გაიაზროს, რომ კეთილდღეობაზე, დემოკრატიასა და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის შექმნას კონფლიქტის რეგიონებთან ჩვენი პოლიტიკის სწორი დაფუძნებისა და მხარდაჭერისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, არსებითია, ზემოთ აღნიშნულ რეგიონებთან კავშირში გაძლიერდეს და უფრო სისტემური გახდეს ადამიანზე, მშვიდობასა და შერიგებაზე მიმართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი მცდელობები. .

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“