[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

აგვისტოს ომი ჩვენს რეალობაში და კოლექტიურ მეხსიერებაში უმძიმეს ადამიანურ, პოლიტიკურ და სოციალურ დანაკარგებს, მოუშუშებელ ჭრილობებსა და ტრავმებს უკავშირდება.

ომით მოყენებული ზიანი განგრძობადია და ის ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობაზე, ყოფაზე და მომავალზე მძიმედ აისახება. ომმა ცხოვრება დრამატულად შეცვალა არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონიდან იძულებითი გადაადგილებული პირებისთვის, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი და დევნისა და შევიწროების უმძიმესი გზა გამოიარეს, არამედ ახალგორისა და გამყოფი ხაზის სოფლებში მცხოვრები ოჯახებისთვისაც, რომლებიც ყოველდღიური დაუცველობის, იზოლაციის, შიშისა და ხშირად ჰუმანიტარული კრიზისის მდგომარეობაში აგრძელებენ ცხოვრებას. მძიმეა უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ყოფაც, რომლებსაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გამო პოლიტიკური უუფლებობის, კორუფციის, იზოლაციისა და შიშის მდგომარეობაში უწევთ ცხოვრობა.

ომიდან 15 წლის თავზეც არ არის შესრულებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმების ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზებზე დაბრუნებას ითხოვს და ითვალისწინებს საერთაშორისო გზების ძიებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა  და სტაბილურობის პირობების შესაქმნელად. სამწუხაროდ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში რუსეთის აგრესიული პოზიციებისა და იმპერიული ინტერესების გამო მალევე შეიქმნა კრიზისი და მან ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიზნის მიღწევა ამ დრომდე ვერ შეძლო.

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების[1] ყოფნა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს აზიანებს და მას მუდმივი რისკის წინაშე აყენებს. ეს ფაქტორი მძიმე გავლენას ახდენს ჩვენს საშინაო პოლიტიკაზეც და ხშირად შიდა პოლიტიკური საკითხების ჭარბ გეოპოლიტიზირებას, საზოგადოების შიგნით კი შიშის პოლიტიკის წარმოებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. 

სამწუხაროდ, პოლიტიკური პოლარიზაციისა და კრიზისის მდგომარეობამ ჩვენს ქვეყანაში დაასუსტა აგვისტოს ომის მოვლენებზე პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეთანხების მიღწევისა და გონივრული საჯარო დისკუსიის შესაძლებლობები. უფრო მეტიც, პოლიტიკურმა ელიტებმა ეს ტრავმატული გამოცდილება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად აქციეს და განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, ქართული ოცნების ხელისუფლება როგორ ცდილობს ომთან დაკავშირებული შიშებისა და ტრავმების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას საინფორმაციო პოლიტიკაში.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობდეს ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური მექანიზმით 2008 წლის ცეცხლისშეწყვეტის ხელშეკრულების შესრულების ადვოკატირებას და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში, უკრაინისა და მოლდოვის უსაფრთხოების საკითხების გვერდით ამ თემის დაყენებას, ის დემონსტრაციულ პასიურობას ავლენს ამ მიმართულებით. ყარაბაღისა და უკრაინის ომების შემდეგ, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში გაჩენილი შიშების ფონზეც, ხელისუფლება ასევე არ სწევს საკმარის ძალისხმევას აფხაზური და ოსური საზოგადოებებისთვის და ელიტებისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ახალი ალტერნატივების შემუშავებისა და შეთავაზებისთვის. კონფლიქტების მოგვარების ახალი გზები განსაკუთრებით დასანახია ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების კვალდაკვალ.

ხელისუფლება მის პროპაგანდისტულ რიტორიკაში ხშირად სვამს მახვილს მშვიდობაზე და იმაზე, რომ სწორედ ის არის ქვეყანაში მშვიდობის გარანტორი, თუმცა ავიწყდება, რომ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებს არ გააჩნიათ ყოველდღიური მშვიდობა - გამყოფი ხაზის სოფლებში ყოველწლიურად ხდება ასობით ადამიანის დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ და ამ სოფლებში ყოველწლიურად ივლება ახალი მავთულხლართები, განყოფი ხაზის სოფლებში დარჩენილ ადამიანებს არ აქვთ წვდომა საბაზისო სოციალურ ინფრასტრუქტურაზე, ახალგორისა და გალის რეგიონები კი პერმანენტულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და დეპოპულაციას განიცდის. ცხადია, რომ ამ პირობებში რთული და ცინიკურია საუბარი მშვიდობაზე.

საფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების მიმართულებებით პასიურობას ხელისუფლება ხშირად რუსეთის “არ გაღიზიანების” პოლიტიკით ხსნის, თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენზე სუსტი სახელმწიფოებიც კი (მაგალითად, მოლდოვა, სომხეთი) უკრაინის ომის შემდეგ უფრო მეტს მუშაობენ მათი ეროვნული გამოწვევების ევროპულ დღის წერსრიგში დასაყენებლად.  აშკარაა, რომ ქართული ოცონების ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური ბალანსის დაცვასაც კი ვეღარ ახერხებს, რაც  განსაკუთრებით ჩანს  ბოლო წელს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მისამართით გაკეთებულ უმძიმეს განცხადებებში და ევროინტეგრაციის მიმართულებით გამოვლენილ გულგრილობაში.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენ მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს

  • გააძლიერონ პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მიმართულებით და გააკეთოს ყველაფერი, რომ ევროპული უსაფრთხოების ახალ ინფრასტრუქტურაში საქართველოს უსაფრთხოების საკითხები აქტიურად იყოს დაყენებული;
  • შეცვლილ რეგიონალურ კონტექსტში შეიმუშავონ ახალი პოლიტიკური ხედვები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტირებისთვის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კვალდაკვალ დაინახონ კონფლიქტების ტრანფორმაციის ახალი შესაძლებლობები და რესურსები;
  • გააძლიერონ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიური უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიები, მათ შორის, გამყოფი ხაზის სოფლებისთვის დანერგოს ადრეული შეტყობინების სისტემები და არსებითად გააუმჯობესონ აქ სოციალური ინფრასტრუქტურა;
  • შეაჩერონ ომისა და მშვიდობის საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება და გაზარდონ პოლიტიკური კონსენსუსი ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე, მათ შორის, შექმნან ზემოთ ნახსენებ საკითხებზე და პროცესებზე აქტიური დიალოგის პროცესი პოლიტიკურ პარტიებთან. 

პოლიტიკურ პარტიებს

  • საკუთარ პოლიტიკურ პროგრამებში წარმოადგინონ მკაფიო ხედვები უსაფრთხოების, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ომითა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის საკითხებზე;
  • შეაჩერონ ომის, კონფლიქტების საკითხებზე პოპულისტური რიტორიკის გამოყენება და გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და მგრძნობელობა ამ საკითხებზე მსჯელობის დროს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზა ცხინვალსა და ჯავაში არის განთავსებული, ხოლო აფხაზეთში მე-7 რუსული ბაზა დისლოცირებულია გუდაუთასა და ოჩამჩირეში. წლებია იზრდება ბაზების პირადი შემადგენლობა, ბოლო მონაცემებით, ორივე ბაზაზე 10 ათასამდე პირი მსახურობს. „აფხაზეთის ჯარის გეგმური სამწლიანი მოდერნიზაციისთვის 2015 წელს რუსეთმა 5 მილიარდი რუბლი (73,5 მილიონი დოლარი) გამოყო. სამხრეთ ოსეთისთვის 2008-2018 წლებში რუსეთის ფინანსური დახმარების მოცულობამ 60 მილიარდი რუბლი (880 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“