საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: Wojciech Grzedzinski. ცხინვალიდან დევნილები მიდიან თბილისში. 13.08.2008.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. თუმცა, ომთან და მის მძიმე პოლიტიკურ, სოციალურ და უფლებრივ შედეგებთან დაკავშირებით არსებითად არაფერი შეცვლილა. რუსეთი კვლავ არ ასრულებს მის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ ვალდებულებებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენებს აძლიერებს. საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან ოკუპირებული რეგიონების საზღვრების უკანონო მონიშვნის, გაფორმების პროცესი (ე.წ. ბორდერიზაცია) უწყვეტად გრძელდება და ის აშკარად თვითნებურ და უკონტროლო ხასიათს ატარებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის დაშვებული საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და იქ არსებული მდგომარეობა არც საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ ექცევა. ამგვარი იზოლაცია თავისმხრივ, უფრო მძიმე დაღს ასვამს ადგილზე უფლებრივ მდგომარეობას, ქმნის ინფორმაციულ ვაკუუმს და ართულებს უფლების დაცვისთვის საჭირო ქმედითი ზომების მიღებას.
ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის დაბრუნების საკითხი არც კი დგას დღის წესრიგში. ისინი მძიმე სოციალურ პირობებში და უიმედობაში აგრძელებენ ცხოვრებას. დევნილობასთან დაკავშირებული გარიყულობა, დაუცველობა და სტიგმა მათი ყოველდღიურობის ნაწილია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა რთულია. ადგილობრივი de facto ხელისუფლებები ვერ ახერხებენ ვერც დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვას და ვერც ავტონომიური დღის წესრიგის შექმნას. სიღარიბე, კორუფცია, კრიმინალი იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ცხოვრება უწევთ ეთნიკურ ქართველებს (ძირითადად, გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრებ ადამიანებს და ოჯახებს), სადაც ისინი აშკარად გამოხატული დისკრიმინაციული პოლიტიკის და დევნის მსხვერპლები არიან. რთულია საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფაც. ისინი მაღალი რისკის უსაფრთხოების ზონაში ცხოვრობენ და ხშირად ხდებიან თვითნებური დაკავების, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების და ბუნებრივ რესურსებზე (საძოვრები, ტყე, წყალი) წვდომის შეზღუდვის მსხვერპლები. ბოლო წლებში რუსეთის სამხედროების მონაწილეობით და მხარდაჭერით, სიცოცხლის ხელყოფის უმძიმესი შემთხვევებიც დაფიქსირდა.
რუსეთის ოკუპაცია დღეს წართმეული მიწების და რესურსების, დევნილების, მძიმე მსხვერპლის და მარცხის ტრამვის გარდა, ნიშნავს იმასაც, რომ ქვეყანა ვერ ქმნის დამოუკიდებელ, ეროვნულ პოლიტიკური დღის წესრიგს . რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე მის მიერ ჩვენს პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის და სპეკულირების პირდაპირ იარაღია. ეს მდგომარეობა საქართველოს მუდმივად აქცევს გეოპოლიტიკური ძალების ინტერესების გადაკვეთის ადგილად და ხელს უწყობს მისი მომავლის სხვებზე დამოკიდებულებას.
ცხადია, რომ საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური პროცესები ასევე ახდენს გავლენას კონფლიქტების დინამიკაზე. ჩვენი დემოკრატიის მარცხი, სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაურესება, სუსტი ინტეგრაციის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლენის მოხდენის ისტორიულ შესაძლებლობას და პოზიტიური ალტერნტივების შეთავაზების რესურსს გვართმევს. არ ჩანს, რომ ხელისუფლებები ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების დროს ამ მნიშვნელობას და ინტერესს სათანადოდ იაზრებენ.
აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საკითხი გაბატონებულ ხედვაში უფრო „დაკარგული ტერიტორიებია“, ვიდრე ოკუპირებული საზღვრის იქით და აქეთ მცხოვრები ადამიანების უფლებების, სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და კოლექტიური მეხსიერების საკითხი. ნაკლები ყურადღება ეთმობა კონფლიქტების ისტორიის კრიტიკული გააზრების, ნდობის აღდგენის, სახალხო დიალოგის და რეგიონების სოციალური ტრანსფორმაციის აუცილებლობას. ამ საკითხებზე მსჯელობა არსებითად დეჰუმანიზებულია და სრულად აქვს დაკარგული სოციალური და ადგილობრივი შინაარსი. ეს თემები ასევე ნაკლებად არის კვლევის და აკადემიური მუშაობის საგანი. ზედაპირული გეოპოლიტიკური და ანტისაოკუპაციო სენტიმენტები ახშობს ამ საკითხებზე საფუძვლიანი, ისტორიული და დიალოგის წამახალისებელი განხილვის შესაძლებლობას.
ამ პირობებში მიგვაჩნია, რომ არსებითია
EMC კიდევ ერთხელ უცხადებს თანადგომას და სოლიდარობას ომის მსხვერპლებს და დაზარალებულებს და იზიარებს მის წილ პასუხისმგებლობას ამ საკითხებზე საფუძვლიანი, სოციალური ჯგუფების რეალურ საჭიროებებზე და ინტერსებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შექმნაში.
ინსტრუქცია