საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


სოციალური სამართლიანობის ცენტრი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში შექმნილ ეკოლოგიურ კატასტროფას ეხმაურება. მიგვაჩნია, რომ ეს შემთხვევა სახელმწიფოს პრევენციული პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთ ნათელ გამოხატულებას წარმოადგენს. ამ კონტექსტში არსებითია, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს, ერთი მხრივ, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ადამიანების ღირსეული გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
სოფელ კურსებში, მდინარე წყალწითელას მარცხენა ფერდობზე, მეწყრული პროცესები 12 მარტს, გამთენიისას, დაიწყო. მიწის მასა დასახლებულ ადგილსა და გზის სავალ ნაწილზე ჩამოწვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტიქიის მიზეზებსა და დინამიკას ადგილზე გეოლოგთა სამი ჯგუფი სწავლობს.
მეწყერმა სრულად დაანგრია 15-მდე სახლი და დააზიანა სოფლის სასაფლაო, ტყიბული-ქუთაისის ცენტრალური ავტომაგისტრალი და ელექტროენერგიის გადამცემი კაბელები. ადგილობრივები საუბრობენ სახლების დაზიანების მიმდინარე პროცესებზეც. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრიდან 45 ოჯახი გაიყვანეს და დროებით ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში განათავსეს. საგანგებო შტაბმა სასტუმროებში გადანაწილებულ ოჯახებს საკვები და მედიკამენტები მიაწოდა. ამ დრომდე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ვერ აკეთებენ კომენტარს ოჯახების უკან დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ბუნებრივი კატასტროფების დროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სამ შრეს მოიცავს. ესენია, პრევენცია, რეაგირება და კომპენსაცია. შესაბამისად, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შედეგად ეკოლოგიური კატასტროფების რისკის მინიმუმამდე დაყვანა, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გრძელვადიანი საცხოვრებელი და მხარდაჭერა. აღნიშნული ვალდებულებები გამომდინარეობს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციიდან, არამედ საერთაშორისო დოკუმენტებიდანაც, როგორიცაა, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ეს შემთხვევა ქვეყანაში არსებული თემატური პოლიტიკის ჩავარდნის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ამ შემთხვევაში, პრევენციულმა პოლიტიკამ ვერ/არ იმუშავა - როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მათი გადარჩენა მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ უმოკლეს პერიოდში ერთმანეთის გაფრთხილება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ სოფელში მეწყრის საშიშროებაზე წლების (მაგ., 2019, 2020, 2021, 2023 და 2024 წლების პროგნოზის დოკუმენტები) განმავლობაში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტი წერდა. საყურადღებოა, რომ სააგენტოს 2025 წლის პროგნოზის დოკუმენტში სოფელი გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულ ობიექტთა სიაში არ შედიოდა.
ზოგადად, პრევენციული პოლიტიკის უკიდურესმა ხარვეზიანობამ საქართველოს ასეულობით მოქალაქე მნიშვნელოვანი საფრთხეების წინაშე დააყენა. ადრეული გაფრთხილების სისტემისა და მყისიერი ევაკუაციის გეგმების არარსებობამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანიც გამოიწვია. ამ მიმართულებით არსებულ ჩავარდნებზე ხაზს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ სახალხო დამცველი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური უსვამენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2025 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი მექანიზმების არარსებობაზე, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი და კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია. დოკუმენტმა ასევე გამოავლინა ადრეული გაფრთხილების სისტემის ჩავარდნები, მაგალითად,
ცენტრალიზებული სისტემის არარსებობასთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალურ დონეზე პრევენციული პოლიტიკის გატარებაც. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტების უმეტესობა პრევენციული ფუნქციის შესრულებას ვერ ახერხებს ან ძირითადად ერთჯერადი ღონისძიებებით შემოიფარგლება. ამ მხრივ, გამონაკლისს არც ტყიბულის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს. 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით პრევენციაზე ხარჯები ნათლად არ არის გათვალისწინებული. მხოლოდ ერთი წინადადებაა ნახსენები ქვეპროგრამის - “გზების მიმდინარე შეკეთება”, ფარგლებში (“სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით გარკვეული სამუშაოების ჩატარება), რომლის ფორმულირებიდანაც კონკრეტული ღონისძიებების იდენტიფიცირება პრაქტიკულად შეუძლებელია.
პრევენციასთან ერთად, პრობლემურია რეაგირებითი პოლიტიკის მიმართულებაც. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ოჯახები სასტუმროში იმყოფებიან, მათ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ გრძელვადიანად სად და როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას. მათ ნაწილს ეჭვი აქვს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფელში დაბრუნებას ვერ შეძლებენ. ადგილობრივები საუბრობენ, რომ ხელისუფლებამ მათი ქირით გაყვანაზე დაიწყო საუბარი. როგორც წესი, ბინის ქირის ოდენობა ეკომიგრანტებისთვის თვეში მაქსიმუმ 300 ლარს შეადგენს და ისიც 3 თვით გაიცემა; თუმცა, ერთ-ერთი ადგილობრივის მიხედვით, საუბარი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულები 6-12 თვის ვადით იქნებიან ქირით უზრუნველყოფილნი, რომლის ოდენობაც ოჯახის სულადობის მიხედვით დაითვლება.
მოსახლეობის მოკლევადიანი განსახლების პარალელურად, არსებითია მათი გრძელვადიანი ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხიც. გრძელვადიანი განსახლების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ადეკვატური მხარდაჭერის ოდენობის დადგენისას მნიშვნელოვანია როგორც ოჯახებისთვის მიყენებული ზიანის ობიექტური იდენტიფიცირება, ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებაც, რომელიც, მათ შორის, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებშიც აისახება. კერძოდ, 2026 წლის თებერვლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 20.3% საარსებო შემწეობას იღებს, ხოლო დაახლოებით 58 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.
არსებული სამართლებრივი ჩარჩო ეკომიგრანტებისთვის კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის შესყიდვას ითვალისწინებს, თუმცა, თითოეული სახლის შესაძენად მაქსიმუმ 30 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით, განსაკუთრებით მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრისისა და საკარმიდამო ნაკვეთის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია. სოფლის მოსახლეობა გაცილებით მეტს კარგავს, ვიდრე საცხოვრებელია; ადგილობრივები კარგავენ მიწის ნაკვეთებს, წლობით ნაშრომ კარ-მიდამოს, თავიანთ ცხოვრების წესს, წინაპრების სასაფლაოებს. ეს კი გაცილებით მეტია, ვიდრე კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია. დამატებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საცხოვრისების შეკეთებას, ასევე, სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას (სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება მაქსიმუმ 2500 ლარის ოდენობით), თუმცა, გათვალისწინებული დახმარება ერთჯერადი და, მიყენებულ ზიანთან შედარებით, მწირია.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, არ დატოვოს სოფელი კურსების მოსახლეობა ადეკვატური და გრძელვადიანი მხარდაჭერის გარეშე, ამასთანავე, გაითვალისწინოს ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებული ის სამომავლო საფრთხეებიც, რომლის წინაშეც საქართველოს ასეულობით მოქალაქე ყოველდღიურად დგას. მნიშვნელოვანია, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს სოფელ კურსებში მიმდინარე მეწყრული პროცესების მასშტაბის, გამომწვევი მიზეზებისა და სამომავლო რისკების შეფასება და სრულყოფილი ღონისძიებების გატარება მოსახლეობის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ამასთან, არსებითია, რომ მოსახლეობის კომპენსირებისა და მოკლე- თუ გრძელვადიანი განსახლების პროცესები იყოს სამართლიანი და სრულად შეესაბამებოდეს დანაკარგის ოდენობასა და მათ მოწყვლადობას. დამატებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების გარანტირების მიმართულებით საკუთარი ვალდებულებების შესრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბდეს ეფექტიანი პრევენციული პოლიტიკა, რომელიც რისკებს ადრეულ ეტაპზე დააიდენტიფიცირებს და მოქალაქეთა დაცვის მიზნით ღონისძიებებს მყისიერად მიიღებს.
ინსტრუქცია