საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


დღეს, 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ავღნიშნავთ. 1918 წლის 26 მაისს, ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დაამტკიცა და ქართველმა ხალხმა მის ისტორიაში პირველი თანამედროვე ტიპის სახელმწიფო შექმნა. სწორედ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის საფუძველზე აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ.
თუკი 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე „ქართულმა ოცნება“ შეფარულად, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და მეთოდურად ასუსტებდა დემოკრატიას სასამართლო ხელისუფლებისა და სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების მეთოდური მიტაცებით, 2022 წლიდან ბიძინა ივანიშვილის პარტია ღიად ავტორიტარულ მმართველობაზე გადავიდა და მას შემდეგ აქტიურად და სულ უფრო მზარდი ინტენსივობით ცდილობს ქვეყანაში ავტოკრატიის დამყარებასა და ქვეყნის ევროპული საგარეო კურსის შეცვლას.
ამ მიზნის მისაღწევად, 2022 წლიდან მოყოლებული, მიტაცებული სასამართლოს სისტემისა და სხვა ინსტიტუტების გამოყენებით, „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია, გააყალბა 2024 წლის პარლამენტის არჩევნები და მიიტაცა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. „ქართულმა ოცნებამ“ ასევე ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ათობით საკანონმდებლო აქტი, რომლებითაც მკვეთრად შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და რიგ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქეების მთელ კატეგორიებს, მაგ. ემიგრანტებს, პოლიტიკურ უფლებები ჩამოართვა. ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ მისი ანტიდემოკრატიული გადაწვეტილებების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ბრუტალური საპოლიციო პასუხი დაუპირისპირა და ასეულობით მოქალაქე არაადამიანური მოპყორობისა და წამების მსხვერპლი გახადა. ამჟამად, ქვეყანას 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს და ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით რეგიონის ბევრ ავტოკრატიულ ქვეყანას უსწრებს.
პოლიტიკური ძალაუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების მიღმა, „ქართული ოცნება“ ქვეყნაში ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბებული კლეპტოკრატიულ-ოლიგარქიული კლასის პოლიტიკურ დამცველადაც გვევლინება. ჭიათურაში, ბოლნისში, ბალდაში თუ თბილისის გამოსახლებებზე, ყოველ ჯერზე როდესაც ადგილობრივი მოსახელობა და უბრალო მშრომელები დიდ კაპიტალსა და ოლიგარქიული ინტერსებს უპირისპირდება, სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის პოლიციური და ადმინისტრაციული აპარატი, უმეტესად კერძო ეკონომიკური ძალაუფლების დაცვის ინსტრუმენტებად გამოიყენება. ავტოკრატიზაციისთან ერთად, გახშირდა ოლიგარქიული კლასის ბიზნესინტერესებზე მორგებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა ბუნებრივი რესურსების, ურბანული სივრცისა და საჯარო სიკეთეების პრივატიზებისა და კომერციალიზაციის ტენდენცია, სადაც ეკონომიკური ზრდის სარგებელი ვიწრო ელიტურ ჯგუფებში კონცენტრირდება, ხოლო სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური დანაკარგების ძირითადი ტვირთი მოსახლეობის დიდ ნაწილზე ნაწილდება. ამ პირობებში საქართველოში ფორმირდება პოლიტიკური-ეკონომიკური მოდელი, სადაც სახელმწიფო მზარდად კარგავს საზოგადოებრივი ინტერესების ნეიტრალური არბიტრის ფუნქციას და უფრო მეტად მოქმედებს როგორც ოლიგარქიული კაპიტალის დაგროვებისა და არსებული ძალაუფლებრივი იერარქიების შენარჩუნების მექანიზმი.
ძალაუფლების მობილიზაციის პროცესში „ქართული ოცნება“ მათ შორის აქტიურად იყენებს საზოგადოების მიზანმიმართული დაყოფისა და ზემოდან ქვემოთ თავსმოხვეული პოლარიზაციის სტრატეგიას. „ქართულმა ოცნებამ“ თანამედროვე პოლიტ-ტექნოლოგიების საშუალებით ქართველები პატრიოტებად და უცხოეთის აგენტებად, ტრადიციების დამცველებად და უსამშობლოებად, მის მხარდამჭერებად და „ნაცებად“ დაჰყო და ამით საზოგადოებას საკუთარ ანტი-ეროვნულ და ანტი-სოციალურ პოლიტიკებზე ერთსულოვანი რეაგირების შესაძლებლობა შეუზღუდა. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ამგვარი პოლარიზაცია მხოლოდ პოლიტიკური კონკურენციის შედეგი არ არის და ის წარმოადგენს ძალაუფლების შენარჩუნების ტექნოლოგიას, რომლის პირობებშიც სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობისგან რეჟიმს ყურადღება ხელოვნურად კულტურულ და იდენტობაზე დაფუძნებულ დაპირისპირებებზე გადააქვს. ამ პროცესების შედეგად კი, მოქალაქეები ერთმანეთს აღიქვამენ როგორც ეგზისტენციურ საფრთხეს და არა როგორც საერთო სოციალური და პოლიტიკური ინტერესების მქონე საზოგადოებას. ეს პროცესი ასუსტებს დემოკრატიული სოლიდარობის შესაძლებლობას და ხელს უშლის ფართო საზოგადოებრივი კოალიციების ფორმირებას სოციალური და პოლიტიკური უფლებების დასაცავად.
გარდა ამისა, ქვეყანა დემოგრაფიული კრიზისის წინაშეა. „ქართული ოცნების“ რეპრესიული და ანტი-სოციალური პოლიტიკის შედეგად, ბოლო წლებში საქართველო ასეულობით ათასმა მოქალაქემ დატოვა, ზოგმა პოლიტიკური დევნის გამო, უმეტესობამ კი სიღარიბის, მზარდი ფასებისა და სათანადო და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების არქონის გამო. ასევე ბოლო პერიოდში დიდია მათი რაოდენობა, ვინც ქვეყანას, საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ უიმედობისა და უპერსპექტივობის გამო ტოვებს. ამ პროცესს მოქმედი პოლიტიკური ელიტა კი არა თუ არ აღმოფხვრის, არამედ მისი პროპაგანდისტები მიესალმებიან კიდეც.
„ქართული ოცნება“ მოწინააღმდეგეების დევნისა და ავტოკრატიული ნაბიჯების გასამართლებლად კვლავ აგრძელებს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის რიტორიკის გამოყენებას, თუმცა პარადოქსულად არაფერს აკეთებს ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანებისა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით. მეტიც, „ქართული ოცნება“ არც კი ეხმაურება ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციასა და ორი რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რომლებიც სულ უფრო შემაშფოთებელი ხდება განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, სადაც ბოლო შეთანხმება რეგიონის რუსეთის ფედერაციაში ღრმა ინტეგრაციის ნიშნებს შეიცავს. ამასთან, „ქართული ოცნების“ სავაჭრო პოლიტიკსა და ენერგოპოლიტიკის გამო, ქვეყანა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთსა და რეგიონის სხვა ავტოკრატიულ სახელმწიფოებზე, რაც შესაძლო მომავალი საფრთხეების მიმართ ქვეყანას კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის.
რეგიონის ავტოკრატიებთან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია თითქმის ორი წელია შეჩერებულია და „ქართული ოცნება“ დიდ რესურსებს ხარჯავს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებში და ქვეყანას სრულად აკარგვინებს ევროინტეგრაციის ისტორიულ შესაძლებლობას. მაშინ როდესაც ამ მხრივ საქართველო უკუსვლას განაგრძობს, სხვა ქვეყნები, მათ შორის, მოლდოვა და სომხეთი, რომელიც რუსეთზე უფრო მეტად დამოკიდებული და გეოპოლიტიკურად მოწყვლადი სახელმწიფოები, დაჩქარებული ტემპებით ცდილობენ ევროკავშირთან დაახლოებას, რომელიც დღევანდელი გლობალური გეოპოლიტიკური გადალაგებებისა და მსოფლიო ავტორიტარული ტალღის კონტექსტში, პატარა სახელმწიფოებისთვის წესებზე დაფუძნებული წესრიგისა და დემოკრატიის მთავარ დამცველად რჩება. ამრიგად, საქართელოს უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებისთვის, ევროკავშირთან ახლო პარტნიორობა და ინტეგრაცია მიმდინარე განვითარებების ფონზე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ არაფერი ვთქვათ განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სოციალური მიმართულებებით ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.
ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ სამხედრო ძალას არ ეფუძნება. იგი მნიშვნელოვანწილად შენარჩუნებულია კოლონიალური დამოკიდებულებების, ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების, პოლიტიკური პატრონაჟისა და კულტურული ჰეგემონიის მეშვეობითაც. ამ თვალსაზრისით, საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროპული ინტეგრაცია მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური არჩევანი კი არა, დეკოლონიზაციის პროცესის ნაწილიც არის. ეს არის მცდელობა, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ისტორიულად ჩამოყალიბებული პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულებებისგან. ამავე დროს, ევროპული ტიპის კონსოლიდირებული და სტაბილური დემოკრატიები ქმნიან იმ ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ საფუძვლებს, რომლებიც ამცირებენ როგორც შიდა პოლიტიკური და სოციალური კრიზისების გაღრმავების, ისე ამ კრიზისების გარე ძალების მიერ ინსტრუმენტალიზებისა და მართვის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, ევროინტეგრაციას საქართველოში წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. ქართველი ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მას განიხილავს არა მხოლოდ როგორც საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანს, არამედ როგორც დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის განმტკიცების პროექტს და ამ პროეტისთვის ბრძოლას დღემდე თავდადებულად აგრძელებს.
ზემოთ აღნიშნული რთული მდგომარეობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართული საზოგადოების მომავალი კვლავ ქართველი ხალხის ხელში რჩება. მძიმე რეპრესიების მიუხედავად, უკვე 3 წელია ქართული საზოგადობა მშვიდობიანი და დემოკრატიული წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმებისა გამოყენებით ებრძვის „ქართული ოცნების“ მცდელობას სრულად დაიმორჩილოს ქართული საზოგადოება და მიიტაცოს ქართული სახელმწიფო. ამ გაგებით საზოგადოების მცდელობა შეცვალოს ძალაუფლების ის ლოგიკა, რომელშიც მოქალაქეები კვლავ გაუცხოებულნი არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესისგან და სახელმწიფო ინსტიტუტები საზოგადოების ნაცვლად ვიწრო ძალაუფლებრივ ჯგუფებს ემსახურება, ფართო დეკოლონიზაციის პროცესის ნაწილია.
მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ გარკეულ თემებზე არსებული განსხვავებებისა და „ქართული ოცნების“ მიერ ხელოვნურად თავსმოხვეული დაყოფის მიუხედავად, ქართული საზოგადოებას კვლავაც უფრო მეტი რამ აერთიანებს ვიდრე ჰყოფს მას და რაც მთავარია, ქართველ ხალხი კვლავაც ინიარჩუნებს თანხმობას ყველაზე მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხებზე. ქვეყნის დამოუკიდებლობა, ევროპული მომავალი, დემოკრატიული მმართველობა, დამოუკიდებელი სასამართლო, ემიგრაციის შეჩერება და ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება, არსებული კონფლიქტების მოგვარება და ქვეყნის გამთლიანება, სათანადო ხელფასები და პენსია, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება და ჯანდაცვა, ის ფუნდამენტური თემებია რომლებიც ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მოქალაქეს აერთიანებს და ფართო სოციალური კოალიციის შენების საძირკველი შეიძლება გახდეს.
ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ბოლო წლებში არაერთ კრიტიკულ მომენტში აჩვენა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თვითორგანიზებისა და ურთიერთდახმარების ძლიერი უნარი. საერთო პრობლემებისა და ღირებულებების გარშემო საზოგადოება არაერთხელ გაერთიანდა როგორც ავტოკრატიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისე ავტორიტარიზმის, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შედეგად დაზარალებული თანამოქალაქეების მხარდასაჭერად.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე, რომელიც ასუსტებს საზოგადოებრივ მედეგობასა და საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და რესურსების მიტაცების პირობებში, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დემოკრატიული და საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული ძალების კონსოლიდაცია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები საზოგადოების ფრაგმენტაციასა და მოქალაქეთა ურთიერთუნდობლობაზე არიან დამოკიდებულნი. დემოკრატიული პოლიტიკის აღდგენა შეუძლებელია სოლიდარობის, კოლექტიური მოქმედებისა და საერთო საჯარო სივრცის აღდგენის გარეშე. ეს პროცესი კი მოითხოვს არა მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ინიციატივების გაძლიერებას, არამედ ფართო საზოგადოებრივი დიალოგის, თანამშრომლობისა და კოლექტიური პოლიტიკური ორგანიზების ფორმების განვითარებასაც. მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული ძალების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა საზოგადოებაში ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციის დაძლევა და საერთო დემოკრატიული და სოციალური ინტერესების გარშემო ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის ფორმირება უნდა იყოს. ავტორიტარული მმართველობის პირობებში დემოკრატიული ტრანსფორმაცია ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებით და იგი საჭიროებს ისეთი პოლიტიკური და სოციალური წესრიგის შექმნას, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლის უზენაესობაზე, სოციალურ სოლიდარობაზე, თანასწორობასა და მოქალაქეთა რეალურ პოლიტიკურ მონაწილეობაზე. ამ თვალსაზრისით, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა მხოლოდ ფორმალური სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას არ გულისხმობს. იგი ასევე მოითხოვს ისეთი საზოგადოების მშენებლობას, სადაც მოქალაქეები, როგორც ამას დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერები მოიაზრებდნენ, იქნებიან ერთიანები, თავისუფლები და თანასწორები.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს !!!
ინსტრუქცია