[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

ერთი წელი რუსეთის მიერ უკრაინაში გამანადგურებელი ომის დაწყებიდან

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლას და უსამძიმრებს მათ მძიმე ადამიანური დანაკარგის გამო. გვწამს, რომ ეს სამართლიანი ბრძოლა დასაბამს მისცემს უკრაინის აღორძინებას, განვითარებას და გრძელვადიან მშვიდობას ევროპაში.

ერთი წელია მსოფლიო აკვირდება რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინაღმდეგ, რომლის გაცხადებული მიზანიც უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს განადგურება იყო. ამ იმპერიალისტურ განზრახვას შედეგად უკვე მოჰყვა ათი ათასობით მსხვერპლი, მილიონობით ლტოლვილი და განადგურებული ქალაქები. რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უსაფრთხოების შეთანხმებების დარღვევა საფრთხის შემცველია არამხოლოდ მისი მეზობელი ქვეყნებისთვის და ევროპისთვის, არამედ მთლიანად მსოფლიოსთვის, რადგან ის ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს, მშვიდობას და სტაბილურობას.

ეს ომი ასევე, მძიმე დარტყმის ქვეშ აყენებს საქართველოს უსაფრთხოებას, ეკონომიკას და პოლიტიკას. ცვალებადი ევროპული უსაფრთხოების ფონზე, ბუნდოვანია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული დიპლომატიური თუ პოლიტიკური ნაბიჯები და შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოების პერსპექტივები. სტრატეგიულ პარტნიორებთან გაუმართლებელი უთანხმოებების, არაერთგვაროვანი საგარეო პოლიტიკური ორიენტირების და მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე, საქართველოს უსაფრთხოება უფრო და უფრო კარგავს ადგილს ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში და ქვეყანა სამწუხაროდ, დღითიდღე შორდება ევროკავშირში გაწევრიანების ახლადგაჩენილ შესაძლებლობას.

ჩვენთვის მიუღებელი და გაუმართლებელია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური და დიპლომატიური უთანხმოება უკრაინასთან, რომლის საფუძველიც, ერთი შეხედვით, ვიწრო პარტიული ინტერესებია. აშკარაა, რომ საქართველოს მმართველ გუნდში არ გაუაზრებიათ, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებით ხელისუფლების არათანმიმდევრული განცხადებები და პოლიტიკური მანიპულაციები. ერთი მხრივ, დეკლარირებულია კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი ერთგულება, მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლები ავითარებენ "მეორე ფრონტის" თეორიას. ამას ვაფასებთ, როგორც კონფლიქტით გაყოფილი ქართული, აფხაზური და ოსურ საზოგადეობების შიშებისა და ტრავმების უხეშ ინსტრუმენტალიზებად, პარტიული მიზნების მიღწევის მიზნით. უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის მასშტაბური სანქცირების ფონზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებობს ღრმად გამჯდარი შიშები მათ მომავალ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ქართული მხარისთვის ახალი შეთავაზებებისა და ალტერნატივების მიცემს საფუძველი უნდა გამხდარიყო თუმცა სამშვიდობო პოლიტიკაში ძირეული შემობრუნება ისევ არ ჩანს.

არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენი ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელია საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხების შიდა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება და პარტიულ ინტერესებზე დაყვანა. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ საქართველოსთვის რუსეთის აგრესია უკრაინაში, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება და ევროკავშირში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები გამხდარიყო შიდა კონსოლიდაციისა და პარტნიორებთან, მათ შორის უკრაინასთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივა, ქვეყანა სულ უფრო მეტად დგება იზოლაციის გზაზე და შედის პოლიტიკურ კრიზისში. ეს აზიანებს როგორც დემოკრატიას და კეთილდღეობის შესაძლებლობებს შინ, ისე უსაფრთხოებისა და განვითარების მომავალს დასავლურ რეგიონალურ სისტემებში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“