[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა ფრაგმენტული და სუსტია

საქართველოში, სამშობლოსთან ახლოს... სახლში დაბრუნების იმედით 

რუსეთის მიერ უკრაინაში გამანადგურებელი, იმპერიული ომის დაწყებიდან 1 წელი გავიდა. სრულმასშტაბიანი სამხედრო თავდასხმების შემდეგ 7 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია სამშობლოს და საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება. უკრაინელი ლტოლვილები ძირითადად გადაადგილდებიან იმ ქვეყნებში, რომლებიც ლტოლვილებს ეფექტიან სოციალურ პროგრამებსა და მხარდაჭერას სთავაზობენ. ლტოლვილების ნაწილი საქართველოშიც შემოვიდა. თუმცა, საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ გააჩნია ერთიანი და ქმედითი სტრატეგია და პოლიტიკა მათ  დასახმარებლად.

არაერთი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა, ასევე უკრაინელ ლტოლვილებთან და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ჩატარებული ჩვენი ინტერვიუები აჩვენებს, რომ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორის, ეს უკავშირდება საცხოვრებლის, მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და დასაქმების სირთულეებს. უნდა ითქვას, რომ საქართველოში ამ დროისთვის მცხოვრები უკრაინელების დიდი ნაწილი ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან, რაც მათ ორმაგად დაუცველებს ხდის. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელშიც მიმოხილულია საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების უფლებრივი მდგომარეობა. 

  • საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა და სოციალური გამოცდილებები

2022 წლის 24 თებერვლიდან 2022 წლის 30 სექტემბრამდე საქართველოს საზღვარი 134 256 უკრაინელმა გადაკვეთა, თუმცა, მათი მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა აქ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 25 402 უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში შემოსული, გასული და აქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების შესახებ. World Vision-ის მონაცემებით[2], ლტოლვილების 94% უკრაინის მოქალაქეა, მათი ნახევარი აღმოსავლეთ უკრაინის იმ რეგიონებიდან შემოვიდა, რომელზეც უკრაინის ხელისუფლება კონტროლს ვეღარ ახორციელებს. გარდა იმისა, რომ აქ შემოსული ლტოლვილები ოჯახის წევრების, ნათესავების, საკუთარი სახლის დაკარგვისა და ომის მძიმე ტრავმებს ატარებენ, მათ რუსეთის ტერიტორიაზე „ფილტრაციის ბანაკების“ გავლის გამოცდილებები და ჯანმრთელობის მწვავე პრობლემებიც აქვთ. საქართველოში, დარიალის ხეობიდან, რუსეთის გავლით, ლტოლვილების 49% შემოვიდა.[3]

თავდაპირველად საქართველოში შემოდიოდნენ ლტოლვილი ოჯახები. ქალი და კაცი ლტოლვილების გენდერული ბალანსი თითქმის თანაბარი იყო. თუმცა კაცების დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო და დღეს ლტოლვილების ძირითად ნაწილს ქალები, ბავშვები და ხანდაზმული ადამიანები წარმოადგენენ. 2022 წლის ივლისის მდგომარეობით უკრაინელი ლტოლვილების 62 %-ს სწორედ ქალები შეადგენდნენ. მათ შორის, დიდია შეზღუდული შესაძლებლობის, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირების რაოდენობა. უფრო ზუსტად, World Vision-ის მონაცემებით[4], უკრაინელი ლტოლვილების 68% მოუწია მათ ოჯახის წევრებთან დაშორება, 24%-ს აქვს შშმ პირის სტატუსი ან აქვს სხვა მძიმე ქრონიკული დაავადება, 29%-ს კი აქვს დოკუმენტაციის პრობლემა. სწორედ ამიტომ საქართველოში დარჩენილი უკრაინელი ლტოლვილები ორმაგად დაუცველები და მოწყვლადები არიან, რაც პოლიტიკის დაგეგმვის დროს არსებითია რომ სახელმწიფომ მხედველობაში მიიღოს. . [5]

საქართველოში მყოფი ლტოლვილების 69% უმაღლესი განათლება აქვთ და ძირითადად იციან უკრაინული და რუსული ენები. მათ დიდ ნაწილს (84%) აქვს მუშაობის გამოცდილება. თუმცა, საქართველოში მათგან მხოლოდ 20% - ია დასაქმებული მეგობრებისა და ნაცნობების დახმარებით, 58% კი გამოხატავს დასაქმების ინტერესს[6], თუმცა ამ კუთხით სპეციალური სახელმწიფო დახმარების პროგრამა არ არსებობს.  

სამწუხაროდ, ომიდან 1 წლის შემდეგაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის ისევ  რჩება სახელმწიფოში არსებული ისედაც მწირი სერვისების შესახებ ინფორმირებულობა. World Vision-ის მიერ გამოკითხული უკრაინელი ლტოლვილების 43% აცხადებს, რომ მათთვის არ არის გასაგები ლტოლვილებისთვის გათვალისწინებული სოციალური პროგრამები. განსაკუთრებით პრობლემური კი ჯანდაცვის სერვისების შესახებ გაურკვევლობა და ბუნდოვანებაა. [1]

  • საცხოვრებელთან დაკავშირებული გამოწვევები

საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებთან ჩატარებული არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის ყველაზე მძიმე გამოწვევა საცხოვრებელს უკავშირდება. [7]

თავდაპირველად საქართველოს მთავრობამ უკრაინელი ლტოლვილები რამდენიმე თვით განათავსა სასტუმროებში, თუმცა ჰქონდათ შეზღუდვები. ათავსებდნენ მხოლოდ ქალებსა და ბავშვებს. ასევე, ხშირად მათ ეუბნებოდნენ, რომ 2 დღე არ ჰქონდათ ადგილი და უწევდათ ქუჩაში ლოდინი. ასევე, დაბინავებულ ადამიანებს არ მიეწოდებოდათ პირველადი საჭიროების ნივთები. ივლისში ეს დახმარებაც შეწყდა და მათ სასტუმროების დატოვება მოუწიათ. შემდგომ დაიწყო ოჯახებისთვის 300 ლარიანი ფინანსური დახმარების პროგრამა, რომელსაც ემატებოდა 45 ლარი ერთ ადამიანზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს, მათ შორის მათ, ვინც არ იყო ჩართული მთავრობის განსახლების პროგრამაში 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში, ან ვინც საქართველოში შემოვიდა 15 ივლისის შემდეგ, არ შეუძლიათ ისარგებლონ მთავრობის ფინანსური დახმარების ამ პროგრამით. შესაბამისად, ის უკრაინელები ვინც ამ პერიოდში საკუთარი რესურსებით ქირაობდა სახლს ან მათ ნაცნობებთან ცხოვრობდა, სახელმწიფოს ამ დახმარებას საერთოდ ვერ იღებენ, რაც პოლიტიკის ფრაგმენტულობას და უსამართლობას აჩვენებს.

ამ ფინანსური დახმარების მიმღებ უკრაინელ ლტოლვილებსაც კი უჭირთ ბინების დაქირავება, რადგან ქირის ფასები საგრძნობლად გაზრდილია ქალაქებში. ქალაქებში ბინის ქირაობა კი ლტოლვილი ოჯახებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათი შვილებისთვის განათლების მიცემის ინტერესის გამო (უკრაინული სკოლები მხოლოდ თბილისში (2 სკოლა) და ბათუმში ოპერირებს (1 სკოლა)).  ლტოლვილებისთვის ქირით ბინის შოვნა სხვა ფაქტორებითაც არის გართულებული. მაგალითად, ზოგიერთ გამქირავებელს არ სურს ბინა მიაქირაოს უკრაინელებს, იმის შიშით, რომ შესაძლებელია ლტოლვილის სტატუსი მოიპოვონ და განუსაზღვრელი ვადით დარჩნენ მათ სახლებში. ლტოლვილებს შორის შიშებს იწვევს ისიც, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა. ამ დროისთვის პროგრამა 2023 წლის მაისამდე მოქმედებს. ამ კუთხით ლტოლვილების მძიმე მდგომარეობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაწეული გარკვეული ფინანსური დახმარებები ავსებს.

საცხოვრებელი ადამიანებისთვის და ოჯახებისთვის საბაზისო სოციალური გარანტიაა და ის სხვა მოწყვლადობის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ისევ World Vision-ის მონაცემებით[8], საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების მეხუთედი მის მთავარ პრობლემას სათანადო საცხოვრებელს უკავშირებს. ამასთან 35% აცხადებს, რომ არ აქვს ფული საბაზისო მოთხოვნილებებისთვის, 19 %-ს არ აქვს აქვს წვდომა წყალსა და საკვებზე, 16 %-ს ტანსაცმელსა  და ფეხსაცმელზე, 14% კი აცხადებს, რომ არ აქვს რესურსი სამედიცინო საჭიროებებისთვის.  

  • დოკუმენტებთან დაკავშირებული გამოწვევები და სტატუსები

საქართველოში ომის დაწყების პირველივე დღეებში ბევრი უკრაინელი შემოვიდა პირადი დოკუმენტების გარეშე. ეს სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა დღეს პირადობის მოწმობების არქონის გამო ისინი ვერ სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებით. ამასთან, ეს რეალობა ართულებს 1 წლის გასვლის შემდეგ საქართველოში ლეგალურად ყოფნის გაგრძელების შესაძლებლობებს.

უკრაინელების მხრიდან ლტოლვილის სტატუსის (თავშესაფრის) მოთხოვნის განცხადებების რაოდენობა საქართველოში უმნიშვნელოა. 2022 წლის დეკემბრისთვის ამ რიცხვმა დაახლოებით 500 ადამიანი შეადგინა. ეს ძირითადად უკრაინელ ლტოლვილებს შორის არსებული გაურკვევლობით არის განპირობებული. ბევრი (80%) მოელის, რომ ომი მალე დასრულდება და სამშობლოში დაბრუნდება.[9]

  • ჯანდაცვის სერვისები

2022 წლის 1 თებერვლიდან 1 ნოემბრამდე საქართველოში რეგულარულად მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებზე ვრცელდება ყველა ძირითადი სამედიცინო პროგრამა, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა, ლტოლვილების სხვა ჯგუფებისთვის ეს სერვისები ხელმისაწვდომი არ არის, რაც მათ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება. ამათთან, PMCG კვლევა აჩვენებს[10], რომ ხშირად უკრაინელმა ლტოლვილებმა არ იციან მათთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების შესახებ.

უმძიმესია ლტოლვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ლტოლვილებს სჭირდებათ ფსიქო-სოციალური დახმარება ომის ტრავმების დასაძლევად და ინტეგრაციისთვის. ამჟამად ზოგიერთ უკრაინელს მსგავსი სერვისების მიწოდების შესახებ ინფორმაციაზე საერთოდ არ აქვს წვდომა და შესაძლებელია, ვერც კი გააცნობიერონ მისი საჭიროება.

  • ერთიანი სტარტეგიის არარსებობა

მთელი ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იგრძნობოდა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან უკრაინელი ლტოლვილების მიმართ. დაორგანიზდა კამპანიები ფინანსური რესურსების შესაგროვებლად, არაერთი ადამიანი უკრაინელ ლტოლვილებს თავიანთ საცხოვრებლებსა და სხვადასხვა სივრცეებს უთმობდა განსათავსებლად, მცირე საოჯახო სასტუმროები შეღავათებს აწესებდნენ, შეგროვდა პირველადი საჭიროების ნივთები: ტანსაცმელი, წამლები, სათამაშოები ბავშვებისთვის. მათ შორის, ბათუმში, თბილისსა და კახეთში შეიქმნა საერთო საცხოვრებელი სივრცეები. დღესაც არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაცია, ბიზნესი და თვითორგანიზებული ჯგუფი აგრძელებს ლტოლვილების მხარდაჭერას.

ცხადია, მნიშვნელოვანი იყო ის ძალისხმევა და სოციალური პროგრამები, რომელიც მთავრობამ უკრაინელ ლტოლვილებზე გაავრცელა. ფასდაუდებელია საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძალისხმევაც ამ მიმართულებით. თუმცა აშკარაა, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ერთიანი სამოქმედო გეგმა და პოლიტიკა, რომელიც საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის ძირეულ საჭიროებებს მდგრადად, ყოველისმომცველად და ადეკვატურად უპასუხებდა. ასევე, გამოწვევაა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების სიმცირეც. 2023 წლის გაეროს ლტოლვილთა საკითხებზე რეაგირების რეგიონულ გეგმაში უკრაინელ ლტოლვილთა მიმღებ სახელმწიფოებს შორის საქართველო ვერ მოხვდა, რაც ნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის არსებული საერთაშორისო ფინანსებს საქართველო გაცილებით ნაკლები ოდენობით მიიღებს. 

  • ჩვენი მოწოდებები

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას 

  • შეიმუშავოს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის ერთიანი და კოორდინირებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მათი საჭიროებების კვლევასა და ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე თვითორგანიზებულ მოხალისეობრივ ჯგუფებთან კონსულტაციებს დაეფუძნება;  
  • შექმნას ერთიანი საინფორმაციო პორტალი და ცხელი ხაზი, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ სრულყოფილი, ერთიანი და კონსოლიდირებული ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე. არსებითია ამ პლატფორმას უკრაინელი ლტოლვილების საჭიროებების რეგულარული იდენტიფიცირებისა და შესაბამის უწყებებში რეფერირების მექანიზმები გააჩნდეს;
  • დაიწყოს საქართველოში შემოსული, გასული და აქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების სტატისტიკის წარმოება. ამასთან არსებითია, სახელმწიფო საგანგებოდ დაეხმაროს იმ უკრაინელებს, ვისაც პირადობის დოკუმენტებთან დაკავშირებული გამოწვევები აქვს და უახლოეს თვეებში საქართველოში ლეგალურად ყოფნის ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შეიძლება პრობლემა შეექმნას;.
  • უკრაინელი ლტოლვილებისთვის საცხოვრებელი პოლიტიკა გახადოს მდგრადი და გაითვალისწინოს ლტოლვილთა უფრო ფართო წრის საჭიროებები და ინტერესები და უძრავი ქონების ბაზარზე შეცვლილი კონტექსტი;
  • უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გახადოს ყოვლისმომცველი და მან მოიცვას ის სპეციფიკური საჭიროებები, რომელიც ლტოლვილებს აქვს, მათ შორის, ფსიქო-სოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის მიმართულებით;  
  • ხელი შეუწყოს უკრაინელი ლტოლვილების დასაქმებას და ამ კუთხით მათთვის სპეციალური შესაძლებლობების შექმნას;
  • გააძლიეროს უკრაინელი ლტოლვილების ინტეგრაციის პოლიტიკა, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე.
  • გაააქტიუროს მუშაობა უკრაინელ ლტოლვილთა დახმარების პროგრამებისათვის საერთაშორისო ფინანსების უზრუნველსაყოფად.  

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] UKRAINIAN REFUGEES IN GEORGIA PROFILE, INTENTIONS AND NEEDS, World Vision Georgia, 2022 November

Available at: https://www.wvi.org/sites/default/files/2022-12/Ukrainian%20Refugees%20in%20Georgia%20Assessment%20Report%20November%202022.pdf

[2] იქვე

[3] იქვე

[4] იქვე

[5] STUDY OF THE NEEDS OF UKRAINIAN REFUGEES IN GEORGIA, 2023, PMC Research Center

[6] იქვე

[7] იქვე

[8] იქვე

[9] UKRAINIAN REFUGEES IN GEORGIA PROFILE, INTENTIONS AND NEEDS, World Vision Georgia, 2022 November

Available at: https://www.wvi.org/sites/default/files/2022-12/Ukrainian%20Refugees%20in%20Georgia%20Assessment%20Report%20November%202022.pdf

[10] იქვე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“