საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ელიზაბეტ ქულენ დანი ამერიკელი პოლიტიკური ანთროპოლოგი, გეოგრაფი და პროფესორია ინდიანას ბლუმინგტონის უნივერსიტეტში. ის მუშაობს იძულებითი მიგრაციის, პოსტ-საბჭოთა ადამიანების ყოველდღიურობაზე სახელმწიფოსა და მმართველობის გავლენის, გლობალური საკვების უსაფრთხოების საკითხებზე. სხვადასხვა დროს ის კვლევას აწარმოებდა საქართველოსა და პოლონეთში, ამჟამად იგი იკვლევს უკრაინიდან პოლონეთში ომის გამო იძულებითი მიგრაციის საკითხებს.
მარიამ შალვაშვილი: რატომ ფიქრობდნენ სამხრეთ ოსეთიდან 2008 წელს დევნილები, რომ მათ დახმარების სახით „არაფერი მიუღიათ“ მაშინ, როცა დევნილების დახმარებისთვის უცხოეთიდან გამოგზავნილი ჯამური თანხა სოლიდური იყო? რას ნიშნავს „არაფრობა“ (nothingness) და “ცარიელი სიცოცხლე“ (bare life), ტერმინები, რასაც თქვენ დევნილების ცხოვრების აღსაწერად იყენებთ?
ელიზაბეტ ქულენ დანი: ეს თანხა უზარმაზარი სულაც არ ყოფილა. ქართული ხელისუფლებისკენ მიმართული თანხა დიდი იყო, მაგრამ თვითონ დევნილებისთვის მიმართული თანხა დიდი არ იყო. დევნილებმა მიიღეს ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ერთმანეთის იდენტური საცხოვრებელი ბლოკები იმის მიუხედავად, სამი ადამიანი იყო ოჯახში თუ შვიდი. მათ ასევე მიიღეს მცირე ნივთები, მაგალითად, გასარეცხი „ტაშტები“, მეორადი ტანისამოსი და ძალიან ბევრი მაკარონი. მაგრამ ისინი არ გამდიდრებულან.
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც უნდა გავითვალისწინოთ ისაა, რომ დევნილები იღებდნენ ისეთი სახის დახმარებას (aid), რის მიცემასაც მათთვის არასამთავროები გადაწყვეტდნენ, ან რასაც გაეროს სააგენტოები გამოყოფდნენ. ამიტომ ეს დახმარება ყოველთვის არ იყო იმ სახის, რაც დევნილებს უნდოდათ, ან სჭირდებოდათ. დახმარების დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის ტრენინგები იყო: ფსიქო-სოციალური დახმარება, მაგალითად ჯგუფური თერაპია, ან საფეხბურთო კლუბები, ფილმების საღამოები. დახმარების ძალიან დიდი ნაწილი მოდიოდა ბიზნესის დაგეგმვის რჩევებზე, რომელიც სასაცილო იყო, რადგან დევნილების დიდი ნაწილი მხოლოდ პროფესიონალი გლეხები კი არა, ვაჭრებიც იყვნენ და ძალიან კარგად ესმოდათ, თუ როგორ მუშაობდა კაპიტალიზმი. იმ ეტაპზე მათ უკვე კაპიტალიზმში ცხოვრების 20 წლიანი გამოცდილება ჰქონდათ და არ სჭირდებოდათ ამ კუთხით რჩევები. მაგრამ ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როცა აღმოსავლეთ ევროპელები გლობალურად დანახულები იყვნენ, როგორც „არაფრის მცოდნეები“ და მათთვის უნდა ესწავლებინათ ბაზრის ფუნქციონირების საწყისი საფუძვლები.
შესაბამისად, დევნილები არ იღებდნენ იმ სახის დახმარებას, რაც მათ აუცილებლად სჭირდებოდათ. ის, რაც მათ სჭირდებოდათ და რაც მათ უნდოდათ ერთ დიდ შავ ხვრელს და სიცარიელეს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ მე პირდაპირი ფულადი გადარიცხვების მომხრე ვარ, რაც, როგორც კომპეტენტურ ზრდასრულებს, დევნილებს საშუალებას აძლევს თავად გადაწყვეტონ, თუ როგორ დახარჯავენ თანხებს თავიანთი თავისთვის და ოჯახებისთვის. ამჟამად პირდაპირი ფულადი დახმარება წარმოადგენს გლობალური დახმარების ერთ მეათედს, მაგრამ მას უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს სხვადასხვა სააგენტოებში, მაგალითად UNHCR-ში.
მეორე მიზეზიც არსებობს, რის გამოც დევნილები ამბობდნენ, რომ მათ სრულიად არაფერი მიუღიათ მაშინ, როცა გვერდით ორგანიზაციების მიერ მოტანილი მაკარონი იყო დახვავებული: ამ ტიპის ჰუმანიტარული დახმარება ეფუძნება დაშვებას, რომ შენ შეგიძლია ჩაანაცვლო ის ნივთები, რაც ადამიანებს ომამდე ჰქონდათ, თუნდაც ახალი ნივთები უხარისხო იყოს, ან არც ისე გამოსადეგი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ნივთები მიიღეს, მუდმივად იხსენებდნენ იმას, თუ რა დაკარგეს.
მ.შ: შეგიძლიათ ახსნათ, თუ ზუსტად რა ირღვევა ომის მიერ? რას ნიშნავს, რომ ამგვარი მოვლენა „ჩვეულებრივ სიტუაციას“ რადიკალურად ცვლის? რატომ არის რთული დევნილებისთვის სოციუმში „რეინტეგრაცია“, იმის მიუხედავად, რომ ომიდან, შესაძლოა, წლები და ათწლეულები გავიდეს?
ელიზაბეტ დანი: მე ეს იდეა ფილოსოფოსი ალან ბადიუდან ავიღე. ბადიუ ამბობს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ნორმალურ სიტუაციაში, რომელიც შედგება სხვადასხვა ადამიანისგან, საგნების, სიტყვების, სიმბოლოებისა და ღირებულებების კომპლექტებისგან, რომლებიც ერთმანეთთან გარკვეული სახის კავშირშია - წარმოიდგინეთ ქსელი, რომელიც სხვადასხვა რამეებისგან შედგება. ეს წარმოადგენს ყოველდღიურ ცხოვრებას და ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია საკმაოდ მყარად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცები არ იცვლება, მაგრამ ყოველდღიურად დრამატულად დიდი ცვლილებები არ ხდება. და უცებ ეს ყველაფერი ინგრევა. ქსელის ყველა კავშირი ირღვევა იმის მიუხედავად, რომ შეიძლება შენ ამ ყოველდღიურობიდან რაღაცეები მაინც შეიძლება შემოგრჩეს. მაგალითად, შეიძლება ისევ გქონდეს ნივთები, რაც მანქანით წამოიღე შენი სახლის დატოვებისას, შეიძლება ოჯახის რამდენიმე წევრი შენთან იყოს, შენი მეზობლების უმეტესობა შენთან ერთად არ არის, მაგრამ, რამდენიმე მათგანი იმ ბანაკშია, რომელშიც შენ. იმის მიუხედავად, რომ შენ შეიძლება ამ საგნებისა და პიროვნებების ნაწილი ისევ თან გქონდეს და გყავდეს, მიმართებები სამუდამოდ ინგრევა. ეს კი ადამიანებს ორიენტაციას საფუძვლიანად აკარგვინებს. მე ეს ორჯერ ვნახე. ერთხელ საქართველოში და ერთხელ პოლონეთის საზღვარზე უკრაინელ დევნილებში, როდესაც ყოველდღიური ქცევის წესები ცხადი აღარ იყო. უკვე აღარ იყო აშკარა, თუ როგორ უნდა იმოქმედო ნებისმიერ მომენტში. არ იცი, რა შეიძლება გააკეთო, არ იცი მომავალში რა მოხდება, რადგან შენ გარშემო ძალიან სწრაფად ყველაფერი მოძრაობს და სიტუაცია იცვლება.
არსებობს ასეთი მომენტები, როდესაც ადამიანები სრულიად დაბნეულები და ორიენტაციადაკარგულები არიან. ამ დროს ძალიან რთულია ნებისმიერი რამ გააკეთო, ან წინ წასასვლელი გზა მკაფიოდ დაინახო, რადგან ცხოვრების ყველაზე ბაზისური წესებიც კი ფუნდამენტურად შეიცვალა. ვფიქრობ, ქართველ დევნილებს ეს გრძნობა ჰქონდათ, რადგან მათი რეინტეგრაცია სოფლებში არ მომხდარა, ვინც სოფლები დატოვა. ისინი უცებ აღმოჩნდნენ ახალ ბანაკებსა და დასახლებებში (და დასახლებებიც ბანაკების პრინციპით მოქმედებდა), სადაც ყოველდღიური ცხოვრების წესები რადიკალურად შეიცვალა.
მე ბანაკებში კვლევა დავიწყე დევნილების მიგრაციის პირველ წელს, 2009 წლის იანვრიდან. შეუძლებელი იყო გაგეგო, ხვალ რა გექნებოდა, რა ტიპის დახმარებას მიიღებდი, უნდა დაგერგო თუ არა ხილის ხე, რადგან არ იცოდი 2-3 წელში, როცა ხე ნაყოფს მოისხამდა, იმავე სახლში იცხოვრებდი თუ არა. არ იცოდი, ღირდა თუ არა საქონელის ყიდვა, რადგან თუ ხელახლა მოგიწევდა ამ ბანაკის დატოვება, დაკარგავდი მთელ იმ ღირებულებას, რაც ძროხის ყიდვასა და მოვლაში ჩადე. ადამიანებისთვის ამ კითხვებზე არც ერთი პასუხი არ იყო ცხადი. ყოველდღიურობაში ადამიანებმა ისიც არ იცოდნენ, ისინი ზამთრისთვის ახალ ტანსაცმელს თუ მიიღებდნენ დახმარების სახით. აბა საიდან უნდა ეყიდათ ზამთრისთვის ფეხსაცმელი? და, სხვათა შორის, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ის პირველი ზამთარი ფეხსაცმლის გარეშე, სახლის ჩუსტებში გაატარა ტალახსა და წვიმაში. მე ვიყენებ „მოვლენის“ ცნებას, როგორც თავზარდამცემ მომენტს, როდესაც ყველაფერი, რაც იცოდი, უეცრად ინგრევა და ყოველდღიური ნორმალურობა სამუდამოდ იკარგება. ეს არის ძალიან სულისშემძვრელი გამოცდილება ადამიანებისთვის იმის მიუხედავად, თუ რამდენ დახმარებას მიაწვდი მათ.
მ.შ: როგორი იყო დევნილების ყოველდღიური ცხოვრება თქვენი კვლევის დროს? შეგიძლიათ, ისაუბროთ იმაზე, თუ რა არის „ქაოსური დახმარება“ (the chaos of aid)?
ელიზაბეტ დანი: მოდი, ვისაუბრებ იმაზე, თუ რა ხდებოდა არასამთავრობოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მაშინვე გამოეშურნენ დევნილების დასახმარებლად. საქართველოში ომი დიდი არ ყოფილა და გლობალურ შკალაზე დევნილების რაოდენობაც დიდი არ იყო, ეს იყო 36 000 ადამიანი, რომლებმაც სამუდამოდ დაკარგეს საცხოვრებელი. მაგალითად, უკრაინას თუ შევხედავთ, იქ ასეთ მდგომარეობაში 5 მილიონი ადამიანია. ამიტომ საქართველოში შედარებით უფრო ნაკლები საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთო, მაგრამ ადგილზე საქართველოში 95 ორგანიზაცია იყო დევნილების დახმარებაში ჩართული. ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ 95 ჯგუფს შორის კოორდინაცია? გაეროს აქვს კლასტერული სისტემის მიდგომა, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი დახმარებას სხვადასხვა ნაწილად ყოფენ, როგორიცაა, მაგალითად, წყალი და წყლის სანიტარია, ან საკვები ან განათლება, და ა.შ. ამ სხვადასხვა ფუნქციურ ნაწილებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას უნაწილებენ. მე ორგანიზაციების შეხვედრებს ვესწრებოდი-ხოლმე. წესით, მათ ერთმანეთთან შეთანხმებით უნდა დაეგეგმათ, თუ როგორ მიეწოდებინათ დახმარება ისე, რომ არ ყოფილიყო ერთი მხრივ, რაიმე სერვისის ჭარბი მიწოდება და მეორე მხრივ, სიცარიელე. მაგრამ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს დახმარების სააგენტოები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან საერთაშორისო, დიდი ორგანიზაციების გრანტებისა და კონტრაქტების მიღებაში. ამიტომ დიდი სტიმული არ არსებობს, რომ მათ ერთმანეთთან თანამშრომლობით დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა. მათ დიდი სტიმული აქვთ, რომ ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ. ამიტომ ისინი ერთმანეთს ინფორმაციას არ უზიარებენ. შეიძლება ერთმანეთს უთხრან, თუ რა საქმიანობები განახორციელეს, მაგრამ მომავალ გეგმებს არ ეუბნებიან. ამის შედეგი ისაა, რომ დახმარების პროცესი ქაოტურია. სიტუაცია ძალიან ცვალებადია და არავინ იცის ყოველდღიურად რა მოხდება. ორგანიზაციებს სჭირდებათ, რომ აჩვენონ, თუ რამდენად ეფექტურები არიან თვითონ. რადგან ისინი პროექტების სახით ახორციელებენ დახმარებას, პროექტი შესაძლოა ერთ ბანაკში ხორციელდებოდეს, მაგრამ სხვა ბანაკები ყურადღების მიღმა დარჩნენ. ის ბანაკები, რომლებიც თბილისთან ახლოსაა უფრო მეტ რესურსებს იღებდნენ, რადგან იქ მისვლა ბევრად მარტივია და ისინი ხდებოდნენ „საჩვენებელი ადგილები“, სადაც უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაციები ან დონორები შეიძლება წაეყვანათ. ამგვარი ბანაკები უფრო მეტ დახმარებას იღებენ, ვიდრე ის ბანაკები, სადაც მისვლა ბევრად რთულია. ბევრი დევნილი ცხოვრობს ძველ სკოლებში, ბიბლიოთეკებში, ძველ საავადმყოფოებში, რომლებიც ომის დროს გადაკეთდება ბანაკებად და ასეთ ადგილას მცხოვრები დევნილებისთვის უფრო რთული იყო დახმარების მიღება, რადგან ისინი არ არიან ხილულები. დახმარების სააგენტოებს არ აქვთ სათანადო გზები, რათა საკუთარი საქმიანობების კოორდინაცია მოახერხონ.
თუ ლტოლვილი ან დევნილი ხარ, შენ ვერ ხედავ მთლიან დახმარების აპარატს და სისტემას და ამიტომ შენ არ იცი, რომ ეს ყველაფერი ხდება. შენ მხოლოდ იმას ხედავ, რომ ორგანიზაციები შენთან მოდიან, დახმარებას გიტოვებენ და მიდიან. ყოველდღიური პერსპექტივიდან შენ არ იცი, თუ რას მოიტანენ შენთან. მაგალითად, დღეს თუ 20 შეკვრა მაკარონი მოიტანეს, შემდეგ კვირაშიც მოიტანენ? დღეს თუ პური მიიღე, ხვალაც მიიღებ პურს? დღეს თუ ჩაგიტარეს ბიზნესის დაგეგმვის კლასი, მოვა ვინმე, ვინც კაპიტალს მოგცემს მის განსახორციელებლად?
ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო ჯანდაცვის კუთხით. ჯანდაცვაზე მიმართული ჯგუფები მოვიდოდნენ საკმაოდ ბევრი წამლით დატვირთულები, მათ შორის იყო ხოლმე რეცეპტით გასაცემი წამლები, რომლებსაც არიგებდნენ, მაგრამ სამედიცინო ისტორიები არ იწარმოებოდა და არ ინახებოდა. არავინ უყურებდა ადამიანების წინა სამედიცინო ისტორიას. მოსულ ექიმს არანაირი გზა არ ჰქონდა ენახა, თუ წინა ჯერზე მოსულმა ექიმმა რა სახის რეცეპტი გამოუწერა დევნილებს. სრულიად არავინ იცოდა, შემდეგში იქნებოდა თუ არა რაიმე სახის მზრუნველობა და თვალყურის დევნება სამედიცინო კუთხით. თუ გქონდა ქრონიკული ავადმყოფობა, რაც სამხრეთ ოსეთიდან დევნილ ბევრ ადამიანს ჰქონდა, რადგან მათი დიდი ნაწილი შედარებით ასაკით უფროსი იყო, წამლების ერთი ნაწილის მიღების შემდეგ შენ არ გქონდა წარმოდგენა იმაზე, კიდევ მიიღებდი თუ არა წამალს. ამიტომ ადამიანები გამოზოგილად იღებდნენ წამლებს. მაგალითად, დიაბეტი ვისაც ჰქონდა წამალს არ იღებდა იქამდე, სანამ ისეთი დაბალი შაქარი არ ჰქონდა, რომ შეიძლება კომაში ჩავარდნილიყო. ბევრი ადამიანისთვის ამან გამოიწვია უზარმაზარი ჯანმრთელობის პრობლემები. დახმარების მიწოდების ქაოტურმა პროცესმა ის შედეგი გამოიღო, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს არ შეეძლოთ საკუთარი მომავლის დაგეგმვა, რადგან არ იცოდნენ, თუ რა სახის რესურსებს მიიღებდნენ. არსებობს ასევე გარკვეული პერიოდები, როდესაც რესურსების სიჭარბეა, როცა ყველა ორგანიზაციას სურს დახმარება, ყველას საგნები მოაქვს, მაგრამ უეცრად ისინი უჩინარდებიან, რადგან უკვე სხვაგან მოხდა მოულოდნელი კრიზისი.
ის, თუ რა ხდებოდა სცენის მიღმა, დევნილებისთვის არასდროს ყოფილა მკაფიო, რაც ახლაც უცნაურად მეჩვენება. შეიძლება 2009 წელს სმარტფონები არ ყოფილიყო, მაგრამ მობილური ტელეფონი ყველას ჰქონდა. არ მესმის, რატომ იყო ასეთი რთული, ადამიანებისთვის ეთქვათ, თუ რა ხდებოდა. არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანებისთვის სიახლეები არ მიეწოდებინათ. ეს გაურკვევლობა ხდებოდა იმიტომ, რომ დახმარების სააგენტოებიდან კომუნიკაცია ასეთი ცუდი იყო.
ამგვარ დინამიკას პოლონეთში გადასულ უკრაინელ ლტოლვილებშიც ვხედავთ. ლტოლვილებმა არ იციან თუ რა მოხდება, რა ტიპის დახმარებას მიიღებენ ისინი, ან რა ტიპის დახმარება იარსებებს. დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები ახლა აცხადებენ ვაკანსიებს, რომ უკრაინის ლტოლვილთა კრიზისს უპასუხონ. ახლა პოლონეთში 3.5 მილიონი უკრაინელია, რომლებიც ამ ომის გამო გახდნენ ლტოლვილები და დიდი ორგანიზაციები ახლა იწყებენ მოქმედებას. ის ადამიანები, რომლებისგანაც ლტოლვილები აქამდე იღებდნენ დახმარებას პოლონეთში, ახლა გვერდზე არიან გაწეულები. ლტოლვილებს არ აქვთ არანაირი გზა გაიგონ, თუ რა სახის დახმარებას მიიღებენ ისინი მომავალში. ბევრი უკრაინელი იმდენად დაბნეულია და არ იცის, რას უმზადებს მომავალი, რომ ისინი უკრაინაში ბრუნდებიან. ჩვენ ვნახეთ, რომ 850 000 უკრაინელი უკან დაბრუნდა, გარკვეულწილად იმიტომ, რომ რუსეთმა უკრაინის გარკვეულ ნაწილებში უკან დაიხია აღმოსავლეთ უკრაინაში და ადამიანები დასავლეთ უკრაინაში მიდიან, მაგრამ მაინც ძალიან ბუნდოვანი სიტუაციაა უკრაინაში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ადამიანები რისკავენ რუსული შემოჭრის დროს პოლონეთში დარჩენის მაგივრად უკრაინაში წასვლას, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინაში უფრო უსაფრთხო და პროგნოზირებადია მდგომარეობა?
მ.შ: როგორც თქვენი უახლესი მიმდინარე კვლევა აჩვენებს, უკრაინაში ლტოლვილების მიმართ უფრო სხვა ტიპის დახმარება გვხვდება და სხვა ჯგუფები და ადამიანები იყვნენ პირველები, რომლებიც ლტოლვილების დასახმარებლად გაეშურნენ.
ელიზაბეტ დანი: საქართველოში საჭიროების დროს პირველ ეტაპზე დახმარების უმეტესი ნაწილი დიდმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა განახორციელა. შემდეგ მიყვნენ მათ არასამთავრობო ორგანიზაციები. მე როდესაც საქართველოში ჩამოვედი ომიდან 5 თვის შემდეგ ჯერ კიდევ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები მიეშურებოდნენ დევნილების დასახმარებლად. მაგრამ ბევრი მათგანი უკვე დიდი ხნის მანძილზე ოპერირებდა ამ დევნილების დასახმარებლად. პოლონეთში ჩვენ სხვა სურათს ვხედავთ. არ ვიცი ეს რატომ ხდება, ჩემი ეჭვია, რომ პოლონეთის მთავრობა დახმარების სააგენტოებს არ უშვებდა რაღაც მიზეზით, თუმცა ზუსტად არ ვიცი, ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ახლა მათ უკვე უშვებენ პოლონეთში. ამიტომ ომის დაწყებიდან 8 კვირის განმავლობაში, ომის დაწყების დღიდან, პოლონეთში ყველა სახის დახმარებას მოხალისეები უზრუნველყოფდნენ, რომლებიც, ძირითადად, არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან აფილირებულები არ ყოფილან. ესენი თვითორგანიზებული მოხალისეები იყვნენ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ დახმარებას, რის კოორდინირებასაც ინტერნეტის მეშვეობით აკეთებდნენ, ძირითადად, Facebook-ით.
იყო ჯგუფი „დავეხმაროთ უკრაინას“, რომელსაც ნახევარი მილიონი წევრი ჰყავდა. როდესაც მოხალისეებს მატარებლის გაჩერებებზე მოწყობილ პუნქტებში სჭირდებოდათ რაიმე ნივთი, მაგალითად, კბილის პასტა, ისინი ჯგუფში პოსტავდნენ: „ჩვენ კბილის პასტა გვჭირდება“, ათი ადამიანი პასუხობდა: „გზაში ვარ და მომაქვს“ და 10 შეკვრა კბილის პასტა მიჰქონდათ ერთ საათში. ინტერნეტით გაშუალებული მოხალისეობა საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. ერთმა პოლონელმა მითხრა, რომ პოლონელეთის მოსახლეობის 70% რაიმე გზით ჩართული იყო უკრაინელების დახმარებაში, არ ვიცი ეს რამდენად ზუსტი ინფორმაციაა, მაგრამ ეს სოციალური სოლიდარობის ჩვენების გამაოგნებელი სტატისტიკაა. იმის მიუხედავად, რომ ეს პროცესიც საკმაოდ ქაოტური იყო, სწორედ იმიტომ, რომ ამას ორგანიზაციები არ უძღვებოდნენ, ეს უფრო სწრაფი გზა იყო.
ფაქტიურად, მყისიერი დახმარების მიწოდება შეეძლოთ იმ წუთიდან, როცა ომი დაიწყო, განსაკუთრებით იმ სოფლებში, რომლებიც უკრაინის საზღვართან მდებარეობდა. არსებობს ასეთი ჯგუფი პოლონეთში, „სოფლის ქალთა ქსელი“, ორგანიზაცია, რომელიც 1910 წელს ჩამოყალიბდა. გლეხი, ფერმერი ქალების ეს ქსელები მყისიერად მობილიზდნენ, რათა გამოეკვებათ ლტოლვილები, რომლებიც საზღვარს კვეთდნენ. ეს წარმოუდგენელი სანახაობა იყო. ისინი ჩნდებოდნენ სუპის უზარმაზარი ქვაბებით ერთმანეთის მიყოლებით და მათ უსწრაფესად გაუწიეს ორგანიზება საკუთარ თავს: ერთი სოფელი ორშაბათობით ამზადებდა საკვებს, მეორე სოფელი - სამშაბათს და ა.შ. ყველა ქალი, რომელიც ამ ქსელში იყო გაერთიანებული აკეთებდა ერთ დიდ ქვაბ სუპს და იყო დაუსრულებელი ციკლი ცხელი სუპებისა, რათა ყველა ადამიანი, რომელმაც საზღვარი გადმოკვეთა დანაყრებულიყო ცხელი საკვებით. იყო ცხოველების დასანაყრებლად კუთხეები მათთვის, ვინც უკრაინიდან საკუთარი ძაღლები და კატები წამოიყვანა. ბავშვებისთვის იყო კუთხეები, სადაც მათ ტკბილეულის მიღება შეეძლოთ.
ადამიანები მოეშურნენ საკუთარი ძალებით, ეძებდნენ იმას, თუ რისი საჭიროება არსებობდა და ცდილობდნენ ამის დაკმაყოფილებას. მე არ ვიცნობდი ერთ ადამიანსაც კი პოლონეთში, ვისაც ლტოლვილი ოჯახი არ ჰყავდა საკუთარ სახლში რაღაც ეტაპზე. რა თქმა უნდა, ეს დიდხნიანი სტაბილური და მდგრადი გადაწყვეტა არ არის, რადგან მოხალისეები ამას საკუთარი დროითა და ხარჯებით ახორციელებდნენ. მაგალითად, დიდი სხვაობაა სახლში ერთი თვე უკრაინელი ოჯახის დატოვებასა და ერთი წელი უკრაინელი ოჯახის დატოვებას შორის. მაგრამ თვითორგანიზებული ქმედებები შესანიშნავი იყო და მილიონობით დოლარის ღირებულების საგნების მიწოდება უზრუნველყო არა მხოლოდ იმ ლტოლვილებისთვის ვინც უკრაინიდან წამოვიდა, არამედ ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი მათ უკრაინაში გადაიტანეს მანამ, სანამ დიდი ორგანიზაციები უკრაინაში საერთოდ ჩავიდნენ. იყვნენ მოხალისეები, რომლებიც დახმარების დიდი სატვირთო მანქანებით გადადიოდნენ უკრაინაში. მაგალითად, ვიცნობ ადამიანს, რომელმაც კვირა დღეს, როცა პოლონეთში ბანკები დაკეტილი იყო, 2.7 მილიონი დოლარის წამლის შეძენა მაინც მოახერხა, თავად გადაიხადა მთელი ეს ფული, ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი თავად იყო და დანარჩენი სატვირთოების - მისი თანამშრომლები და უკრაინაში თავად ჩაიტანა ეს დახმარება 2 კვირაში. ეს მანამ, სანამ დიდმა ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს უკრაინაში ვინმეს გაგზავნა. სანამ ორგანიზაციებმა თანამშრომლების დაქირავება მოახერხეს, ამ ადამიანმა უკრაინაში მილიონობით ღირებულების წამალი გადაიტანა და ის მხოლოდ მოხალისე იყო. თუმცა ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ, როგორ იცვლება ეს ტენდენცია.
მ.შ: მე როგორც ვხედავ, ამ მაგალითით თქვენ ნეოლიბერალურ სისტემაში გარკვეული ტიპის ბზარებსა და სარკმელებს ხედავთ, რომლებიც იმედის საშუალებას იძლევა.
ელიზაბეტ დანი: ნეილიბერალიზმი ორ ფუნდამენტურ იდეაზეა დაფუძნებული. ერთი ისაა, რომ სახელმწიფომ მიგატოვა. მეორე კი ისაა, რომ რადგან სახელმწიფომ მიგატოვა, ახლა შენ მხოლოდ შენი თავის იმედად ხარ, იზოლირებული, როგორც ინდივიდი. ეს ბოლო 40 წლის ტრენდია. ადამიანები დატოვებულები არიან თავიანთი თავის ანაბარა, რომ თავი გაიტანონ სახელმწიფოს დახმარების გარეშე, რადგან სახელმწიფო სოციალური სერვისების მიწოდებას აღარ უზრუნველყოფს. მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა პირველი პუნქტი მიიღეს, რომ სახელმწიფომ ისინი მიატოვა, მაგრამ მეორე ნაწილი, რომ ისინი მარტოები არიან - არ მიუღიათ. რასაც ჩვენ უკრაინაში ვხედავთ, უზარმაზარ იმედად მივიჩნევ, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ არ დარჩენილიყვნენ მარტოები, რომ ერთად ემუშავათ და აეშენებინათ დახმარების ჯაჭვები, რათა მიეწოდებინათ დახმარება მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა. ის დახმარება, რაც უკრაინაში მიდის, მოძრაობს პირადი ნაცნობობისა და კონტაქტების მეშვეობით. ადამიანები იცნობენ ადამიანებს, რომლებიც იცნობენ ადამიანებს, რომლებიც იცნობენ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. ადამიანები აყალიბებენ სოლიდარობის ქსელებს, რათა ჩაანაცვლონ სახელმწიფოების მიერ დასპონსორებული სააგენტოები, რომლებიც მათ არ ეხმარება. მე არ მინახავს პოლონური საზოგადოება ასეთი მობილიზებული 1980-იანი წლების სოლიდარობის პერიოდის შემდეგ. ამას მოჰყვება დიდი ბედნიერების შეგრძნება მათთვის, ვინც მონაწილეობს ამ პროცესში, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან იმედისმომცემია, რაც საკმაოდ უცნაური სათქმელია ომის დროს.
მ.შ: ჩემთვის საინტერესო იყო უკრაინაზე მომუშავე და უკრაინაში მყოფი მკვლევრების იმედი. ისინი ამბობენ, რომ იქმნება ახალი ტიპის ქსელები, რომლებიც იმედისმომცემია. ომის ტრაგედიების სიდიდეს ეს, რა თქმა უნდა, ვერ დააბალანსებს, მაგრამ როგორც ვხედავ, არსებობს ამგვარი სივრცეები, სადაც იმედი არსებობს. მაგრამ, თქვენი აზრით, ესეთი კავშირები მდგრადი შეიძლება იყოს?
ელიზაბეტ დანი: ჩვენ უკვე ვხედავთ ცვლილებას. ადამიანები არ ნებდებიან, მაგრამ მათ ნაწილს პოლონეთის სახელმწიფო აღარ აძლევს მოქმედების უფლებას, რადგან ის ცდილობს დახმარების ცენტრალიზებას. ახლა ადამიანებს უკრაინიდან გამოსასვლელად უკვე საზღვარგარეთის პასპორტი სჭირდებათ, პირადობის მოწმობა აღარ არის საკმარისი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინელებისთვის საზღვრის გადასალახად თავდაპირველად სრულიად საკმარისი იყო. ჩვენი ეჭვია, რომ ევროკავშირმა სთხოვა პოლონეთს, მიგრაციის ტალღა შეენელებინა. ასევე ახლა გართულდა დახმარების შეტანა უკრაინაში. თავიდან, როცა დახმარება შეგვქონდა მხოლოდ იმის თქმა იყო საკმარისი, რომ გვეთქვა მესაზღვრე ოფიციალური პირებისთვის, „ეს მანქანა დატვირთულია დასახმარებელი ტვირთით“ და მესაზღვრე უპრობლემოდ გვატარებდა. ახლა აუცილებელია მანქანის დაცლა, ყველაფრის მესაზღვრისთვის ჩვენება, დიდი სია, სადაც ყოველი ნივთი იქნება აღწერილი, რასაც ამოწმებენ. ამიტომ ვფიქრობ, ყველაფერი ცენტრალიზდება. ვფიქრობ, ახლა საერთაშორისო ორგანიზაციებს სურთ, დახმარების ნაწილი გადაიბარონ.
პოლონეთში უკრაინის საზღვართან არსებობდა თავშესაფარი, რომელსაც უძღვებოდა პატარა სოფელი, ძირითადად, მოხალისე მეხანძრეები, რომლებიც მობილიზდნენ და მათ ასევე ძალიან დიდი რაოდენობის დახმარება გაუწიეს ლტოლვილებს და ის ასევე იმართებოდა „სოფლის ქალთა ქსელის“ მიერ. ჩვენ ამ თავშესაფარში ყველაზე მოწყვლადი ადამიანები მოგვყავდა, რადგან უფრო პატარა და ნაკლებ საფრთხისშემქმნელი ადგილი იყო. ძირითადად, ამ თავშესაფარშიის მოგვყავდა ბავშვები და არასრულწლოვნები, რომლებმაც მშობლებისა და ნათესავების გარეშე გადმოკვეთეს საზღვარი. პოლონელი ბებიები მათ ძალიან დიდი მზრუნველობით ექცეოდნენ. „წითელი ჯვარიც“ იქ იყო და ადამიანებს სამედიცინო საჭიროებების კუთხით ეხმარებოდა, მათ შორის, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ისტერიკაში იყვნენ. ლტოლვილების ცხოველებს ძალიან უვლიდნენ, რომლებსაც შეიძლება რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე არ ჰქონდათ საკვები დაბომბვის გამო. ეს თავშესაფარი ფუნქციონირებდა და ორგანიზებული იყო მათ მიერ, ვისაც მიაჩნდა, რომ ამის კეთება სწორი და აუცილებელია. მათ ძალიან მოსწონდათ ეს საქმე და საქმის გაგრძელება სურდათ, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელმა ის დახურა რამდენიმე დღის წინ. როგორც ჩანს, სახელმწიფო, რომელიც აქამდე ძალიან ნელა მოქმედებდა ლტოლვილების დასახმარებლად, ახლა ხურავს ან ტიპის დახმარების ჯგუფებს, რაც, ჩემი აზრით, საშინელი ტრაგედიაა.
მ.შ: ომის დაწყების შემდეგ თქვენი ბლოგით დევიდ ჰარვის უპასუხეთ, რომელმაც უკრაინის შესახებ დაწერა, ომის დაწყება „ნატოს“ დააბრალა და ომის დაწყებაში რუსეთის როლი, ფაქტიურად, მინიმუმამდე დაიყვანა. რა არის ის პრობლემური მსჯელობები, რომელსაც გასაკვირი რაოდენობის დასავლელი მემარცხენე უშვებს ამ ომთან დაკავშირებით?
ელიზაბეტ დანი: ამ გასაკვირი რაოდენობის მემარცხენეებს ასევე შეუერთდა პოლიტიკური მეცნიერებების ე.წ. „რეალიზმის სკოლა“, რომლებიც მარჯვნივ გადახრილი ცენტრისტები არიან. ეს ისინი არიან, ვისაც სჯერა, რომ უკრაინაში ომი „ნატოსა“ და რუსეთს შორის მიმდინარეობს, ჰგონიათ, ომი „ნატოს“ ბრალია, რადგან მან გამოთქვა აზრი ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით 2008 წელს. აქ რამდენიმე პრობლემური საკითხია. პირველი ისაა, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ რეგიონალური ცოდნა და გამოცდილება. მათ მხოლოდ თებერვალში გაიგეს ის, რომ „ნატომ“ ეს არაოფიციალური პირობა გამოთქვა. იანვარში მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში, მაგრამ თებერვალში უკვე ამბობენ, რომ ომი „ნატოს“ ბრალია, რადგან მან გაბედა გაფართოება 90-იან და 2000-იან წლებში, 2008 წელს კი არაოფიციალურად განაცხადა ოდესმე უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს მიიღება. ეს ადამიანები ამბობენ, რომ „ნატო“ რომ ასეთი აგრესიული არ ყოფილიყო, მხედველობაში მიეღო რუსეთის უსაფრთხოების წუხილები და დაეტოვებინა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ, რასაც ისინი „გავლენის ლეგიტიმური სფეროს უფლებას“ ეძახიან, მაშინ ეს ომი არ მოხდებოდა.
ეს ახსნა მე ძალიან მაბრაზებს რამდენიმე მიზეზის გამო. ერთი ისაა, რომ ეს მოსაზრება უშვებს, რომ რუსეთს აქვს „გავლენის ლეგიტიმური სფერო“, ანუ მას შეუძლია აკონტროლოს ქვეყნები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიის გარეთ არსებობენ. თუ ამას ამბობ, მაშინ შენ მხარს უჭერ რუსულ იმპერიალიზმს. როდესაც მე ვამბობ, რომ ამის თქმა პრო-იმპერიალიზმს ნიშნავს, ბევრი დასავლელი მემარცხენე ბრაზდება. სინამდვილეში, როგორც კი იტყვი, რომ რუსეთს „გავლენის ლეგიტიმური სფერო“ აქვს, შენ მხარს უჭერ მის უფლებას, რომ მართოს სხვა სუვერენული სხეული და სხვების ცხოვრება, რაც ცალსახად იმპერიალიზმის განმარტებაა. თუმცა ამ ადამიანების უმეტესობას რუსეთი არასდროს შეუსწავლია. მათ რუსეთის შესახებ არაფერი იციან.
მათი არგუმენტი ასევე ასკვნის, რომ ქართველები, უკრაინელები, მოლდოველები ზედმეტად ბრიყვები არიან იმისთვის, რომ თავად გაერკვნენ, თუ რა იქნება უკეთესი მათი ინტერესებისთვის. ამ იდეას, რომ ამ ქვეყნებმა შეიძლება „ნატოში“ შესვლას მხარი იმიტომ დაუჭირეს, რომ მათ რუსეთის შეჭრის ლეგიტიმური შიში აქვთ და უსაფრთხოების მოპოვებას ცდილობენ რუსული იმპერიალიზმისგან, ისინი არასდროს ითვალისწინებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი ქართველებს, უკრაინელებსა და მოლდოველებს არ ხედავენ როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ აქტორებს, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ. ისინი უკრაინელებსა და ქართველებს უყურებენ როგორც ბავშვებს, ხოლო რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც დედ-მამას, რომლებიც გადაუწყვეტენ ამ ბავშვებს, თუ რა იქნება მათთვის უკეთესი. ჩემთვის ეს ფუნდამენტურად იმპერიალისტური იდეაა. იმპერიალიზმია, გჯეროდეს, რომ ზოგიერთი ადამიანი ზედმეტად „ჩამორჩენილია“ იმისთვის, რომ საკუთარი თავი მართოს. მათი მთელი არგუმენტი უარს აცხადებს, რომ ქართველებმა, უკრაინელებმა და მოლდოველებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი, საკუთარი პოლიტიკური ალიანსები. ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს ბევრი დასავლელი მემარცხენე. არც ის არის გასაკვირი, რომ ყველა მათგანი კაცია, რადგან ეს მოსაზრებები გეოპოლიტიკური ურთიერთობების შესახებ საკმაოდ მასკულინისტური წარმოდგენაა, სადაც „რეალიზმს“ წარმოადგენს ის, რომ ძალიან ძლიერ ქვეყნებს აქვთ დომინაციის უფლება პატარა ან სუსტ ქვეყნებზე.
ვფიქრობ, საინტერესოა ის, რომ ფაქტებმა დაამტკიცეს მათი მოსაზრებების მცდარობა. უკრაინის მოქმედებები ომის დროს ამტკიცებს, რომ უკრაინელებს აქვთ პოლიტიკური ქმედითობა, ეფექტურობა და პოლიტიკური აგენტობა. როდესაც ვისმენ ამ პრო-იმპერიალისტურ მოსაზრებებს დასავლელი მემარცხენეებისგან, მე ვპასუხობ, რომ მათი მოსაზრებების მცდარობის დასადასტურებლად არსებობს უზარმაზარი გემი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე გდია. ის ამტკიცებს, რომ უკრაინელებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური ძალა და აქვთ მორალური და პრაქტიკული უფლება, თავად გადაწყვიტონ პოლიტიკური ალიანსის საკითხი.
მ.შ: თქვენს და მაიკლ ს. ბობიკის თანაავტორობით დაწერილ სტატიაში „იმპერიის თავდასხმა (The Empire Strikes Back): ომი ომის გარეშე და ოკუპაცია ოკუპაციის გარეშე რუსეთის გავლენის სფეროში“, თქვენ საუბრობთ რუსეთის ბრძოლის სტრატეგიებზე. რა სტრატეგიებს იყენებდა რუსეთი სამხრეთ კავკასიაში, უკრაინაში, მოლდოვაში და ასევე სხვა ქვეყნებში?
ელიზაბეტ დანი: ერთ სტრატეგიას, რასაც რუსეთი იყენებდა იყო ის, რომ სეპარატისტული რეგიონის ოკუპაცია მოეხდინა და გამოეყენებინა სამხედრო გავლენა, რათა ეკონტროლებინა იმ ქვეყნის დანარჩენი ნაწილი, რომლის დომინირებასაც ის ცდილობდა. მაგალითად, ეს ნამდვილად იყო სამხრეთ ოსეთში განხორციელებული სტრატეგია - ეს რეგიონი იქცა უზარმაზარ სამხედრო ბაზად. ვფიქრობ, სამხრეთ ოსეთში ოსებმა ძალიან ცუდი შედეგი მიიღეს ამ ყველაფრიდან: მათ არ მიუღიათ იმ ტიპის ეკონომიკური ან პოლიტიკური დახმარება, რისი იმედიც რუსეთისგან ჰქონდათ და რუსული კონტროლის ქვეშ საკმაოდ დიდი ტერიტორია გასცეს. ვფიქრობ, რუსეთი იმავე სტრატეგიას იყენებდა დონბასში 2014 წელს. იდეა ის იყო, რომ გაეკონტროლებინა ეს რეგიონები, გადაეტანა სამხედრო ბაზა და შემდეგ მუდმივად დამუქრებოდა ქვეყანას ნებისმიერ დროს, როცა ქართული ან უკრაინული სახელმწიფოები გააკეთებდნენ იმას, რაც რუსეთს არ სურდა. დნესტრისპირეთშიც ამ სტრატეგიას ველით და როგორც ჩანს, რუსები უფრო აქტიურები ხდებიან ამ რეგიონშიც.
საინტერესო ისაა, რომ ამ გამოცდილებებს შორის არსებობდა სირიის გამოცდილება, რომელიც განსხვავებული სტრატეგია იყო. სირიული სტრატეგია ის არ იყო, რომ სეპარატისტული პროვინციისთვის დაეჭირა მხარი, არამედ ის, რომ ეპოვა ამგვარი პროვინცია და მიწასთან გაესწორებინა იგი. მაგალითად, როგორი სტრატეგიაც ჰქონდა ალეპოსთან დაკავშირებით, რომელიც მანდ ბოლომდე გაანადგურა.
მგონია, როცა რუსები წელს უკრაინაში შევიდნენ, ფიქრობდნენ, რომ 5 დღეში დაასრულებდნენ ომს, შეიყვანდნენ დიდი რაოდენობის სამხედრო ძალას, მთელს ქვეყანაში შევიდოდნენ, შემდეგ უკან დაიხევდნენ, დაიჭერდნენ სეპარატისტულ ტერიტორიებს და იქიდან დაიწყებდნენ მართვას ისე, რომ ქვეყანას სცოდნოდა, რომ რუსებს ყოველ წამს შეეძლოთ ხელახლა შეჭრა. ამ სტრატეგიისთვის უკრაინელები კარგად იყვნენ მომზადებულები. მათ გაწვრთნაში ამერიკელები დაეხმარნენ და უკრაინელები ძალიან კარგად არიან გაწვრთნილები, რასაც რუსებზე ვერ ვიტყვით, რომლებიც ახალწვეულებს ეყრდნობიან. ვფიქრობ, როდესაც ისეთი ომი არ გამოვიდა, როგორიც რუსეთს საქართველოში ჰქონდა, შემდეგ უკვე სირიის სტრატეგიით დაიწყეს ბრძოლა და გადაწყვიტეს მიწასთან გაესწორებინათ წინააღმდეგობის გამწევი რეგიონები, როგორიც იყო მარიუპოლი და ხარკოვი. ეს რეგიონები ან უნდა დანებებულიყვნენ, ან მათ მიწასთან გაასწორებდნენ. თუმცა რუსები კვლავ შეცდნენ. ვფიქრობ, მათი სტრატეგია ახლა იქნება ის, რომ დონბასისკენ დაიხიონ უკან, ალბათ, მარიუპოლისთვის ბრძოლას გააგრძელებებ, ამ რეგიონებში დაფუძნდებიან და ეცდებიან ისევ გაყინული კონფლიქტი ჰქონდეთ.
ჩემი ნაცნობი სოციალურ ქსელში ყვებოდა, რომ მისი მეგობარი ცდილობდა ომში გაწვევისთვის რეგისტრაციას. მას არ იწვევდნენ და ის ქრთამის გადახდას ცდილობდა იმისთვის, რომ ომში გაეწვიათ. თუ რუსები ქრთამს იხდიან იმისთვის, რომ ომს თავი დააღწიონ, უკრაინელები ქრთამს იხდიან იმისთვის, რომ ომში წაიყვანონ. როცა ამ ადამიანმა ქრთამი შესთავაზა სამხედრო ოფიცერს, იმან უთხრა, დღეს მეხუთე ადამიანი ხარ ვინც ამისთვის ქრთამს მაძლევს, თავი დამანებე, თუ დაგვჭირდები გამოგიძახებთო. არ ვიცი ეს ამბავი სიმართლეა თუ არა, მაგრამ ის, რომ ამგვარი ამბები მრავლად ვრცელდება უკრაინაში, ბევრ რამეს ამბობს ზოგად მორალსა და თავდადებაზე. ადამიანებს დაღლა არ ეტყობათ, ისინი უკრაინაში ბრუნდებიან, უკან არ იხევენ. უკრაინელმა მოსახლეობამ ბრძოლა გადაწყვიტა. თუ ფიქრობ, რომ ეს იმპერიებს შორის ომია, უარს აცხადებ დაინახო უკრაინელების ძალა, უკრაინელი სამხედროებისა და უკრაინელი მოსახლეობის სურვილი, იბრძოლონ საკუთარი ტერიტორიისა და სუვერენულობისთვის.
ინსტრუქცია