საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წინამდებარე ტექსტი არის ინტერვიუ საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს საერთაშორისო წესრიგისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელთან, რუსეთისმცოდნე შტეფან მაისტერთან, რომელიც 2019-2021 წლებში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისს ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში შტეფანი თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა და ქართულ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტორებთან აქტიურად თანამშრომლობდა. მისი ორგანიზაცია, როგორც გერმანიის მწვანე მოძრაობის ნაწილი, წლებია აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, სამართლიან, მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას და დემოკრატიული კულტურის წახალისებას. შტეფან მაისტერს ეკუთვნის არაერთი ანალიტიკური სტატია და გამოხმაურება რუსეთისა და ევროკავშირის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიკისა და უსაფრთხოების თემაზე.
შტეფან მაისტერს კითხვები დავუსვით, ერთი მხრივ, ევროკავშირის შიგნით უკრაინის ომის შემდგომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ახალ საფრთხეებსა და პრიორიტეტებზე, მეორე მხრივ კი - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პოლიტიკურ კონტექსტებზე და ამ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე დაძაბულობებზე, იმედებსა და შიშებზე. რადგანაც რესპონდენტმა სიღრმისეულად იცის ჩვენი ქვეყნის კონტექსტი, ვფიქრობ, რომ მისი მოსაზრებები ძალიან ახლოს დგას ჩვენს რეალობასთან და არაერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი ჯგუფის თვალსაზრისსაც გამოხატავს. ვფიქრობ, რომ შტეფან მაისტერის მოსაზრებები განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია აქტორებისთვის, მით უფრო, რომ ბოლო წლებში ჩვენს საზოგადოებრივ დისკუსიებს ნამდვილად აქვს გაღარიბებისა და სისტემური კრიტიკისა და რეალობის ფართო პერსპექტივიდან დანახვის პრობლემა.
1. ძვირფასო შტეფან, დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ დაგვითმეთ დრო და გამოიჩინეთ ინტერესი ინტერვიუს მიმართ. დღეს ბევრი ექსპერტი საუბრობს იმის შესახებ, რომ უკრაინაში ომმა ევროპის უსაფრთხოების და რუსეთთან მისი ურთიერთობის არქიტექტურა რადიკალურად შეცვალა. ომის პირველი შოკის შემდეგ რა დინამიკა იკვეთება ევროპის პოლიტიკაში - ჩანს თუ არა ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებში, განსაკუთრებით ევროკავშირის შიგნით, გადალაგება პრაგმატულ და უფრო სამართლიანობის მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებად და დისკურსებად?
ვფიქრობ, რომ ფუნდამენტურად შეიცვალა ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და რუსეთს შორის. ყველას ცხადად ესმის, რომ რუსეთი მთავარი საშიშროებაა წევრი ქვეყნებისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის არსებობისთვის. მან შეარყია ევროპული უსაფრთხოების წესრიგი, რომელიც შეიქმნა ცივი ომის შემდეგ. ეს წესრიგი საბოლოოდ დასრულდა. ასევე, ვფიქრობ, რომ ეს კარგად ესმით იმ წევრ ქვეყნებსაც, რომლებსაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ რუსეთთან, მაგალითად, გერმანიას, იტალიას, ავსტრიას. მათთვის გასაგებია, რომ რუსეთი ახლა საშიშროებას წარმოადგენს მათთვის. გერმანიის კანცლერმა განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვაში მილიარდები დაიხარჯება, რითაც მან პირველად აღიარა, რომ რუსეთი პირდაპირი საფრთხეა გერმანიისთვის. ეს არ მომხდარა 2014 წელს, როდესაც უკვე იყო ომი უკრაინაში, ან 2008 წელს საქართველოში. ეს სერიოზულ ცვლილებაზე მიუთითებს. ვფიქრობ, რომ ახლა დიდი სოლიდარობაა უკრაინის მიმართ, ასევე, მზადყოფნა ისეთი ტაბუების დასარღვევად, როგორიცაა მეზობელი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება, რუსული ენერგომომარაგების შემცირება, და თავდაცვაში ინვესტიცია. ეს არის ზოგადი გაგება წევრ ქვეყნებს შორის.
ამავე დროს, აზრთა სხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ არსებულ მდგომარეობას. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ფიქრობენ, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და, რომ უკრაინას უნდა მივაწოდოთ იარაღი, რათა მან შეძლოს ამ ომის მოგება. ვფიქრობ, რომ გერმანიის, ისევე როგორც ამერიკის, იტალიის და საფრანგეთის მხრიდან, არავის უნდა რუსეთთან დიდი ომის წამოწყება და აქედან გამომდინარე, არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ არ არის საჭირო ზედმეტად ბევრი იარაღის მიწოდება.
ჩემთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ პროცესებში ლიდერის როლს არ ასრულებს ევროპა. ამერიკა ხელმძღვანელობს ევროპას და ეს ხდება მეტწილად სამხედრო თვალსაზრისით. თუმცა, ომი, უშიშროების გარდა, გავლენას ახდენს ენერგიის, ეკონომიკის, და სხვა სფეროებზეც. ეს გავლენები განსხვავებულია ამერიკისთვის, რომელიც უფრო შორსაა და უშუალოდ არ არის დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე. ამის გამო, არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეთ, და არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ როგორმე უნდა გავაკონტროლოთ დანაკარგი, რადგან საქმე ასევე ეხება ჩვენი კეთილდღეობის სისტემას. შეიძლება მართალი იყოს, რომ პოლონეთი მზადაა უფრო დიდი ხარჯი გაიღოს, ვიდრე გერმანია, მაგრამ ეს აზრთა სხვადასხვაობა უსაფრთხოებისა და რუსეთის და მისი მოქმედების აღქმას უფრო ეხება, ვიდრე სამართლიანობას. არა მგონი აზრთა სხვადასხვაობა სამართლიანობას უკავშირდებოდეს, არამედ, რუსეთის, როგორც მტრის მიმართ დამოკიდებულებას, რუსეთს, როგორც საშიშროებას და მოსაზრებას, რომ თუ რუსეთი არ დამარცხდება ამ ომში, ის დაბრუნდება. ამასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული შეფასებები. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, იტალია, უმრავლესობა იტყოდა, რომ უკრაინის გამარჯვება გააუარესებდა მდგომარეობას, რომ, შესაძლოა, ამან რუსეთს ატომური ბომბის გამოყენებისკენ უბიძგოს. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები და მათი ლიდერები იტყოდნენ, რომ რუსეთმა უნდა წააგოს ომი, და მხოლოდ რუსეთის დამარცხებით შეგვიძლია გადარჩენა და გამარჯვება. ჩემთვის ეს არის მთავარი განსხვავება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ რუსეთს, და თუ რას ნიშნავს ამ ომში გამარჯვება ან დამარცხება.
2. ევროკავშირის გაფართოება ყოველთვის ორ პროცესთან იყოდაკავშირებული - ერთი მხრივ, შიდა ფაქტორთან, ანუ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებთან და გარე ფაქტორთან, უშუალოდ ევროკავშირის გადაწყვეტილებასთან. უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ამ ეტაპზე, როგორ მოქმედებს ეს გარე ფაქტორი? უშუალოდ საქართველოსთან მიმართებით, ამ გარე ან EU ფაქტორს რა კონტექსტები ქმნის და აყალიბებს? შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ ოკუპაციის გამოცდილებაზე და მასთან დაკავშირებულ მაღალი უსაფრთხოების რისკებზე და ამდენად შიშებზე EU-სთვის? კულტურულ ფაქტორებზე და საქართველოს პოლიტიკურ გეოგრაფიაზე? როგორ შეიცვალა ეს კლასიკური გარე ფაქტორები უკრაინის ომის შემდეგ საქართველოსთან მიმართებითაც, თქვენი აზრით?
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესოა, ქართული პოლიტიკური ნარატივის გათვალისწინებით, რომელიც უკვე არსებობდა შევარდნაძის ლიდერობის პირობებში, მაგრამ ძირითადად სააკაშვილის დამსახურებაა, რომ საქართველო არ არის სამხრეთ კავკასიის, როგორც საბჭოთა ან რუსეთის იმპერიის სტრუქტურის ნაწილი, არამედ ევროპას მიეკუთვნება. შეიძლება ის გეოგრაფიულად სამხრეთ კავკასიაში მდებარეობდეს, მაგრამ კულტურულად და ცივილიზაციურად ევროპის ნაწილია. ახლა საქმე გვაქვს პარადიგმასთან: უარს გვეუბნებიან ევროპის წევრობაზე, ევროკავშირს არ ვუნდივართ და არ გვაღიარებს, როგორც ევროპის ნაწილს. არა მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს ან, რომ ეს რაიმე როლს ასრულებდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩემი გადმოსახედით, ევროკავშირმა მიიღო სრულიად პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ომის დაწყებამდე, რუსეთი ამერიკას და ნატოს სთავაზობდა გარიგებას, რომ მათ ეღიარებინათ მისი გავლენის სფეროები. ამერიკა არ დათანხმდა ამ შეთავაზებაზე და რუსეთმა დაიწყო ომი. რუსეთს, როგორც რევიზიონისტულ ძალას, სურდა აღენიშნა და კონტროლის ქვეშ მოექცია მისი ბუნებრივი გავლენის სფეროები. ვფიქრობ, რომ კანდიდატობის სტატუსის გადაწყვეტილებით ევროკავშირმა უარყო მისი გავლენის სფერო. ამ გადაწყვეტილებით მან ნათლად განაცხადა, რომ ეს რუსული გავლენის სფერო კი არა, არამედ ევროპული პროექტის ნაწილია. ჩემი აზრით, ევროკავშირის მხრიდან გონიერი გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოსთვის მიეცა პოტენციური კანდიდატის სტატუსი, თუკი ის შეასრულებდა გარკვეულ კრიტერიუმებს, რომლებიც მას მოიყვანდა ევროპულ ღირებულებებთან და პრინციპებთან თანხვედრაში. ქართული ოცნებისთვის კანდიდატობის სტატუსის პირდაპირ მიცემა, როგოც მოლდოვის და უკრაინის მთავრობებისთვის, იქნებოდა არასწორი მანიშნებელი, როგორც ქართული ოცნებისთვის, ისე ქართული საზოგადოებისთვის. გარკვეული კრიტერიუმების შესრულების მოთხოვნა, რაც შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ არც შეუძლებელია, ანიშნებს საქართველოს, რომ ის ევროპული კულტურის და ევროპული პროექტის ნაწილია, რომელიც მეტწილად ეკონომიკური პროექტია.
ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ კულტურაზე, ისტორიაზე, და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური პროექტია, რომელიც მოიცავს კეთილდღეობას, განვითარებას, მოდერნიზაციას, მათ შორის, საზოგადოების მოდერნიზაციას. ეს არ იყო ევროკავშირის ტიპური, ტექნიკური კრიტერიუმების მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეეწინააღმდეგა რუსეთის მიერ გავლენის სფეროს მონიშვნის მცდელობას და ძალიან მკვეთრად მიანიშნა ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს, ისევე როგორც მოსკოვს, რომ ეს ქვეყნები კოლექტიური ევროპის ნაწილია და, რომ მათ ახლა აქვთ შესაძლებლობა ინტეგრაცია მოახდინონ ევროკავშირში. მე ვერ ვხედავ ვერცერთ სხვა ფაქტორს. არ ყოფილა არანაირი გარჩევა, არის თუ არა ეს ევროპა, რა სახის ცივილიზაციაა ეს და ასე შემდეგ. ამ ქვეყნებს უკვე აქვთ ასოცირების შეთანხმებები, ღრმა და მრავლისმომცველი სავაჭრო შეთანხმებები, ისევე როგორც სავიზო შეთანხმებები ევროკავშირთან. ვფიქრობ, რომ ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ინტეგრაციის პროექტის ნაწილები არიან. მაშინაც კი, თუ სამეზობლო პოლიტიკის ნაწილი არიან, ეს ქვეყნები სხვა კატეგორიაში განიხილებიან, ვიდრე აზერბაიჯანი, ბელარუსი და სომხეთი.
3. როცა ევროკავშირმა გამიჯნა, ერთი მხრივ, საქართველო და, მეორე მხრივ, უკრაინა და მოლდოვა (ისევე როგორც ქართველი ხალხი და ხელისუფლება უკვე მის არაერთ განცხადებაში), ამ პროცესში საქართველოს რა შიდა ფაქტორებმა იქონია არსებითი ნეგატიური გავლენა თქვენი აზრით? როგორ ხედავს დღეს ბრიუსელი საქართველოს პოლიტიკურ სისტემას? რა განასხვავებს საქართველოს და მოლდოვის და უკრაინის მთავრობებს ამ კუთხით?
ტექნიკური გადმოსახედიდან, შეიძლება ითქვას, რომ უსამართლო იყო, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატების სტატუსის და საქართველოსთვის, პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუკი ის გარკვეულ კრიტერიუმებს შეასრულებს, რადგან საქართველო, რამდენიმე სფეროში ბევრად წინაა თავისი რეფორმებით. თუ შევხედავთ ეკონომიკურ სექტორს, ლიბერალიზებულ ეკონომიკას, ბაზრის თავისუფლებას და ასე შემდეგ, საქართველო ამ ქვეყნებზე წინაა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა გაითვალისწინა ის, რომ მოლდოვა და უკრაინა, თავისი რეფორმებით ევროკავშირის გზაზე დგანან, რომ ისინი ნამდვილად დებენ ძალისხმევას და აქვთ სწორი მიმართულება, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ ნორმებს, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ანტიკორუფციას. საქართველო ამის საწინააღმდეგოდ იქცევა. ის სწორ გზაზე იდგა, მაგრამ დაკარგა ეს გზა და ახლა უკუსვლას განიცდის არადემოკრატიული, მეტად ავტორიტარული მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მიმართულებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ევროკავშირის გადმოსახედიდან, დღევანდელ ქართულ მთავრობას საქართველო ცალსახად მიჰყავს არასწორი, ევროპის საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს ასახულია კრიტიკულ საკითხებშიც, რომლებიც ახსენა კომისიამ. ეს ცალსახად მოიცავს პოლიტიკურ სისტემას და პოლიტიკურ ელიტებს, რომლებიც მკვეთრად პოლარიზებულები არიან და არანაირ სივრცეს და შესაძლებლობას არ ტოვებენ ქვეყნის სასარგებლოდ რაიმე სახის კომპრომისის შესაქმნელად. ეს ჩანს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოსთან მიმართებით, საარჩევნო პროცესების მანიპულაციაში, სამართლებრივ რეფორმაში, ანტიკორუფციულ პოლიტიკაში, მედიის თავისუფლებაში, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფებთან და გენდერულ თანასწორობასთან მიმართებით. ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. კომისიამ ასევე ახსენა დეოლიგარქიზაცია, რომელიც მნიშვნელოვანია სამივე ქვეყნისთვის, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ამჟამად მთელ ქართულ სამთავრობო პოლიტიკას ერთი ოლიგარქი განსაზღვრავს, რომლისთვისაც პირადი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ინტერესები. ეს, ევროკავშირს, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიულ ინსტიტუციებს და ქვეყნის ინსტიტუციონალიზაციას სამართლებრივი ნორმის, პარტიული სისტემის, ძალების ბალანსის კუთხით, ნაკლებ სივრცეს უტოვებს ჩართულობისთვის. ეს არის ტიპური პოსტსაბჭოთა მანუალური მმართველობა, დასმენის პოლიტიკა, ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრა, რომელიც ასუსტებს საქართველოს დემოკრატიზაციის და განვითარების პროცესს. ვფიქრობ, ეს არის განცხადება, რომელიც კომისიამ, კრიტიკული საკითხების მეშვეობით გააკეთა.
4. საქართველოსთან მიმართებით გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეკომენდაცია დეპოლარიზებას და დეოლიგარქიზაციის პროცესს უკავშირდება. დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციები გვხვდება უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში. როგორ არის ეს პროცესი დანახული ადგილობრივი ელიტების მიერ უკრაინასა და მოლდოვაში და როგორ განსხვავდება საქართველოს რეალობა მათთან შედარებით, თქვენი აზრით?
როგორც ოლიგარქიული სისტემა, უკრაინა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემთხვევაა, რადგან საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა გარკვეული პლურალიზმი, ყოველთვის არსებობდნენ სხვადასხვა ოლიგარქები და კონკურენცია სხვადასხვა ოლიგარქებს და ოლიგარქიულ ჯგუფებს შორის, რაც ქმნიდა მეტ სივრცეს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მეტ კონკურენციას უკრაინულ პოლიტიკაში. ახლა გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ომამდე არ იყო ძალიან კარგი პრეზიდენტი, რეფორმების, ქვეყნის დემოკრატიზაციის და ინსტიტუციონალიზაციის კუთხით. შეიძლება მან სწორი გადაწყვეტილებები მიიღო ოლიგარქებზე თავდასხმით, მაგრამ მან ეს გააკეთა შერჩევითი გზით, რითიც მეტად დაასუსტა ინსტიტუციები. მიუხედავად ამისა, უკრაინაში არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყოველთვის ეფექტიანია, განსაკუთრებით ბოლო წლებში, 2012 წლის და 2014 წელს ევრომაიდანის შემდეგ. სამოქალაქო საზოგადოება აწარმოებს შიდა ზეწოლას და ევროკავშირის გარე ზეწოლასთან ერთობლიობაში ქმნის სენდვიჩის მიდგომას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე წარმატებული იყო უკრაინაში. ახლა ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზელენსკი თავის ძალას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ოლიგარქიული ძალაუფლების საფუძვლების შესასუსტებლად. უკრაინაში მიმდინარეობს დეოლიგარქიზაცია, მაგრამ მეთოდი, რომლითაც ზელენსკი უძღვება ამ პროცესს, არა დემოკრატიული, არამედ ავტორიტარული მიდგომაა. მსგავს რეფორმებს ატარებდა სააკაშვილიც, რომელიც არასდროს ყოფილა დემოკრატი და რეფორმებს აწარმოებდა ზემოდან, საზოგადოების ჩართულობის გარეშე.
მოლდოვაში განსხვავებული მდგომარეობაა. ქვეყანაში დომინირებდა ერთი ოლიგარქი, რომელიც იპარავდა რესურსებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, რომელსაც მოუწია ქვეყნის დატოვება. მან სცადა, თავისი წარმომადგენლების მეშვეობით ქვეყანაზე გავლენა შეენარჩუნებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. ახლა მოლდოვას ჰყავს ყველაზე რეფორმატორი მთავრობა თავის პოსტსაბჭოთა ისტორიაში. ეს არის ძალიან მოწყვლადი და სუსტი მთავრობა, მაგრამ გააჩნია საპარლამენტო უმრავლესობა. პრეზიდენტი, მაია სანდუ არის წამყვანი ფიგურა, რომელიც ნამდვილად არის რეფორმაზე ორიენტირებული, პროგრესული და სრულიად არაკორუმპირებული პიროვნება. ვფიქრობ, რომ მართლაც რომ მიმდინარეობს ინსტიტუციების გაძლიერების პროცესი, ძალიან სუსტ და მოწყვლად ქვეყანაში, ძალიან მოწყვლადი და პოლარიზებული სამოქალაქო საზოგადოებით, რითიც მანიპულირებს რუსეთი. მიუხედავად ამისა, უკვე ნათელი ხდება, რომ რაც უფრო კარგავს ზეგავლენას პლაჰოტნიუკი, როგორც მთავარი ოლიგარქი, მით უფრო მეტად ახერხებს ეს სახელმწიფო რეფორმირებას. რუსეთი ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს და გარკვეულწილად ახერხებს კიდეც ამას, მაგრამ ამავე დროს, წარმატებით მიმდინარეობს სახელმწიფოს რეფორმირებაც, რასაც მხარს უჭერს და აჯილდოებს ევროკავშირი.
სამოქალაქო საზოგადოება მეტად მოწყვლადია მოლდოვაში, ვიდრე საქართველოში. მოლდოვა მეტწილად არის დამოკიდებული რუსულ ენერგომომარაგებაზე, განსაკუთრებით, გაზზე, და რუსეთი იყენებს ამას, ისევე როგორც დნესტრისპირეთს, როგორც იარაღს ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ იმისათვის, რათა დააკნინოს სახელმწიფოს სანდოობა და ასევე, ასწიოს ყველაფრის ფასი მოლდოვაში. მაგრამ მაია სანდუს სახით არსებობს ალტერნატივა, რაც არ გვაქვს საქართველოში. არსებობს ლიდერი, რომელიც არის განათლებული საერთაშორისო ინსტიტუციებში, რომელიც არ არის კორუმპირებული, რომელიც სისტემის გარეთ დგას, რომელიც დაბრუნდა ქვეყანაში და შექმნა პარტია, შექმნა ხალხის ჯგუფი, რომელსაც ის ენდობა, რომლებიც არ არინ კორუმპირებულები და წარმოადგენენ სხვა თაობას. მან საზოგადოებას შესთავაზა ალტერნატივა, რომელიც გულისხმობდა არა მხოლოდ დეოლიგარქიზაციას და კორუფციასთან ბრძოლას, ასევე, სოციალურ კეთილდღეობას. მნიშვნელოვანია, რომ მან ასევე აწარმოა მემარცხენე პროგრამა. მას არ ჰქონია მხოლოდ ნეოლიბერალური, რეფორმაზე ორიენტირებული პროგრამა, მაგრამ საზოგადოებას ასევე შესთავაზა მეტი სოციალური დანახარჯი. ჯერჯერობით ის ვერ ასრულებს ამ პირობას, რადგან არ აქვს ამისთვის საჭირო რესურსები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამის მეშვეობით შეძლო არჩევნებში გამარჯვება. მათ სჯერათ, რომ არ უნდა იყვნენ კორუმპირებულები, აქტიურად ამოწმებენ ყველა ადამიანს და ცდილობენ, რომ შექმნან ახალი, არაკორუმპირებული პროფესიონალური ელიტა, რათა განავითარონ თავიანთი ქვეყანა. შეუძლებელია ითქვას, მიაღწევენ თუ არა ისინი წარმატებას, მაგრამ არსებობს ძალიან განსხვავებული განლაგება, ისევე როგორც ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით. პლაჰოტნიუკზე იყო ძლიერი ზეწოლა ამერიკის მხრიდან, რომ დაეტოვებინა ქვეყანა, ასე რომ, შეიძლება ითქვას, იყო გარკვეული ჩარევა, გარე ზეწოლა, რომ დასრულებულიყო ეს კორუმპირებული რეჟიმი. მოლდოვის მთავრობა ასევე სარგებლობს ძლიერი მხარდაჭერით და ფინანსური დახმარებით ევროკავშირის მხრიდან, ამ რეფორმების განსახორციელებლად.
სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვწერე, საქართველოში ამის საწინააღმდეგო ხდება. არის ერთი ოლიგარქი, რომელიც იმდენად მდიდარია, რომ შეუძლია მართოს ყველაფერი ქვეყანაში, ფლობს ქვეყნის დიდ ნაწილს და გააჩნია არაფორმალური მმართველობა, რაც მას ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. მთელი მმართველი პოლიტიკური ელიტა უბრალოდ ემსახურება ამ ერთ ადამიანს და მის ინტერესებს. მას არ შეუძლია, რომ წავიდეს პოლიტიკიდან, რომ დათმოს ძალაუფლება, რადგან ეს მის უსაფრთხოებას აყენებს საშიშროების ქვეშ. ვფიქრობ, რომ ის ამის გამო ცდილობს შექმნას სისტემა, რომელშიც შეუძლებელია შეიცვალოს ძალაუფლება.
5. საქართველოში ახლა ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული ძალები აქტიურად საუბრობენ ომში ჩართვის საკითხზე - რომ თითქოს დასავლეთში პოლიტიკური ძალები საქართველოსგან ომში ჩართვას ითხოვენ და მათი წინააღმდეგობის გამო, დასავლეთისგან ეს ხელისუფლება ისჯება იმით, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველოს არ აძლევენ. ჩვენი აზრით, ეს მოსაზრება, ვიტყოდი, პოლიტიკური ტექნოლოგია, დაუსაბუთებელი და აბსურდულია. რას უკავშირდება თქვენი აზრით ამ რიტორიკის გამოყენება და როგორ არის ეს დანახული ბრიუსელის მხრიდან.
ყოველთვის ვიხსენებ ხოლმე ბიძინა ივანიშვილის 2020 წლის ინტერვიუს, რომელშიც მგონი პირველად საუბრობს ღიად იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ სოროსის ფონდი და ამერიკული და დასავლური ინსტიტუციები ქართული საზოგადოების მანიპულირებას. როგორც რუსეთის ექსპერტს, მახსოვს იგივე ნარატივები რუსული პროპაგანდიდან, დასავლეთისთვის საზოგადოების მანიპულაციის ან საზოგადოების ერთობის დაკნინების დაბრალება, რაც სისულელეა. იმის თქმა, რომ ამერიკა ან ევროკავშირი საქართველოს ომისკენ უბიძგებს, უბრალოდ, არაა სიმართლე. ეს არის მცდელობა, რომ ქართული სოციუმი დაშორდეს ტრანსატლანტიკურ, ევროპულ ნარატივს და ევროპაში ინტეგრაციის პროცესს, რაც მას ალტერნატივის გარეშე ტოვებს. ამავე დროს, ივანიშვილმა იცის, რომ ღიად პრორუსული პოლიტიკა მისთვის კონტრპროდუქტიული იქნებოდა ქართულ საზოგადოებაში. მას არ შეუძლია იყოს პირდაპირ პრორუსული, მაგრამ შეუძლია ირიბად შეცვალოს ქართული დისკურსი, არსებული პროევროპული მიმართულების საწინააღმდეგოდ. რადგან ქართველების უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ტრანსატლანტიკური ინსტიტუციების წევრობას. იმისათვის, რათა შეცვალო საზოგადოებრივი შეხედულებები და მიმართო ისინი დასავლეთისა და ევროპისადმი კრიტიკული მიმართულებით, საჭირო ხდება მტრის ხატის შექმნა და ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული შიშებით თამაში. ამგვარად ხდება მოწყვლადობის და შიშების ინსტრუმენტალიზაცია იმისთვის, რათა ქართული საზოგადოება ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ განეწყოს, ისევე როგორც იმისთვის, რათა გაიზარდოს პოლარიზაცია ოპოზიციასთან მიმართებით, იმის ძახილით, რომ მათ ჩვენი ომში შეყვანა უნდათ. ამ მეთოდით ხორციელდება ქართული დისკურსის და სენტიმენტების სისტემატური გადალაგება ევროპის საწინააღმდეგო, მეტად ავტორიტარული პოლიტიკური წყობის და საბოლოო ჯამში, რუსეთის მიმართულებით.
6. რა შანსები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს 2022 წლის დეკემბრისთვის და რას ელის მისგან ბრიუსელი ყველაზე მეტად? რა ძირითადი რეკომენდაცია გექნებოდათ პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც, ჩემი აზრით, ახლა დაბნეული და დეზორიენტირებულია, ჩვენი საზოგადოების მხრიდან ევროკავშირის იდეის ძალიან მაღალი მხარდაჭერის და თვითორგანიზების მიუხედავად?
მთავარი პრობლემა, რომელსაც მე ვხედავ, როგორც ქართული სამოქალაქო საზოგადოების, ისე ოპოზიციის მხრიდან, არის მუდმივი მოთხოვნა ბრიუსელისგან და ევროკავშირისგან, რომ მათ გააკეთონ რაიმე იმისათვის, რათა შეიცვალოს საქართველოში არსებული სიტუაცია. მსგავსი მიდგომა ვერ იმუშავებს. შეუძლებელია შეცვალო საქართველოს შიდა პოლიტიკური განლაგება და პოლიტიკური ელიტების პოლარიზაცია. ეს პოლარიზაცია ნაწილობრივ საზოგადოებისგანაც გამომდინარეობს. ელიტები თავისით არ ჩნდებიან, ის ქვეყნის პოლიტიკური კულტურის ნაწილია. პოლიტიკური კულტურა უნდა გარდაიქმნას, რაც გრძელი და მტკივნეული პროცესია, და ეს სამოქალაქო საზოგადოების გასაკეთებელია. ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა, მოცემულ მომენტში პოლიტიკური ალტერნატივების ნაკლებობაა. ხალხს შეუძლია გავიდეს ქუჩაში და გააპროტესტოს, მაგრამ რა არის საბოლოო მიზანი საქართველოსთვის, რომ გახდეს ევროკავშირის ნაწილი? შესაძლოა, მაგრამ არის თუ არა ეს პოლიტიკური ელიტების მიზანი? არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი თანახმაა შეასრულოს ყველა რეფორმა, რომელსაც ევროკავშირი მოითხოვს. ეს გულისხმობს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, ძალების ბალანსს, ისევე როგორც არჩევნების წაგებას და გარკვეულ დონეზე ძალაუფლების დაკარგვას. ჩემთვის ეს არის მთავარი პრობლემა: მაგრამ საიდან უნდა ამოიზარდოს პოლიტიკური ალტერნატივა? ის ვერ წამოვა პოლარიზებული ელიტებისგან. ორივე მხარე ერთმანეთზეა დამოკიდებული და ორივეს სჭირდება პოლარიზაცია იმისათვის, რათა მოახერხოს საკუთარი ელექტორატის მობილიზება. ცვლილება მხოლოდ საზოგადოებისგან შეიძლება წამოვიდეს. მესმის, რომ ეს რთულია, რადგან საქმე გვაქვს დახურულ სისტემასთან, რთულია შეიქმნას ახალი პარტია და ამისათვის დაფინანსება და მედიასთან წვდომაა საჭირო. მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა მდგრადი ცვლილების წარმოსაქმნელად.
ომმა გარკვეულწილად გახსნა გზა ევროკავშირისკენ, მაგრამ საკითხავია, როგორ უნდა შესრულდეს კრიტერიუმები. ქართულ ოცნებას არ აქვს ამ კრიტერიუმების შესრულების ინტერესი, რადგან ეს პროცესი ივანიშვილის ძალაუფლებას დააკნინებდა. ეს ფაქტი უნდა გახდეს თვალსაჩინო საზოგადოებისთვის, ისევე როგორც ევროკავშირისთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ამოცანა, თვალი ადევნოს სიტუაციას და ითანამშრომლოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ევროკავშირში. არ ვფიქრობ, რომ თუკი დეკემბერში კრიტერიუმები არ იქნება შესრულებული, ევროკავშირი ხელს აიღებს საქართველოზე. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დანებდება, თუკი არსებული მთავრობა ვერ მოახერხებს ამ კრიტერიუმების შესრულებას.
ინსტრუქცია