საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გაეროსა და ადამიანის უფლებათა წამყვანი ორგანიზაციების შეფასებით, ისრაელი შიმშილს, როგორც მეთოდს, მიზანმიმართულად იყენებს ღაზის მოსახლეობის გასანადგურებლად.
იმ ფონზე, როცა ისრაელი ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებას ზღუდავს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის თქმით, 21 ივლისის მონაცემებით 1 054 ადამიანი მოკლეს საჭმლის რიგში, მათ შორის, ასეულობით მათგანი გაეროს და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჰუმანიტარული დახმარების ლოკაციებთან ახლოს. UNICEF ინფორმაციით, 5 წლამდე ასაკის 71 000 ბავშვი შიმშილობს და ვერ იღებს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, შიმშილის დონემ უმაღლეს - მეხუთე შკალას მიაღწია, რაც ღაზაში მცხოვრებ მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. Amnesty International-ის განცხადებით, ტონობით ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ღაზასთან სიახლოვეში არის განთავსებული ელოდება ისრაელის მთავრობის ნებართვას. სამედიცინო პერსონალის თქმით, მათ აღარ ჰყოფნით რესურსები შიმშილით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ. Amnesty International-ის მიერ მოგროვებული მტკიცებულებების მიხედვით, ისრაელი შიმშილს - მოსახლეობის განზრახ დამშევას იყენებს როგორც მეთოდს პალესტინელების წინააღმდეგ ოკუპირებულ ღაზაში და განზრახ იწვევს ისეთ პირობებს, რაც ღაზაში მცხოვრები ადამიანების ფიზიკურ განადგურებას და გენოციდს ისახავს მიზნად.
23 ივლისს 109 საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საერთო განცხადება, რომლითაც მოითხოვენ დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას და ყველა ბიუროკრატიული ბარიერის მოხსნას, რაც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას უშლის ხელს. ასევე მოითხოვენ სახმელეთო გამშვები პუნქტების გახსნას და ისრაელის მიერ შექმნილი სამხედრო კონტროლის გაუქმებას, რომელიც ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილებას აბრკოლებს. მათი თქმით, გაეროს ჰუმანიტარული მისიები მზად არიან დასახმარებლად, მაგრამ მათ ხელი ეშლებათ. მეტიც, ისრაელის მიერ შექმნილი „ღაზას ჰუმანიტარული ფონდის“ (GHF) სამიზნეები ხდებიან ის ადამიანები, ვინც დახმარებას და საკვებს ითხოვენ.
ღაზის ჰუმანიტარული კატასტროფა იქცევა თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოცდად. არსებული ვითარება, რომელიც აერთიანებს განზრახ შექმნილ ბლოკადას, სურსათის მიწოდებაზე კონტროლს და სამოქალაქო მოსახლეობის მიზანმიმართულ დამშევას, საჭიროებს არა მხოლოდ მორალურ, არამედ სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას.
მნიშვნელოვანია, რომ
საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სახელმწიფოთა თანამეგობრობამ სამართლებრივად ერთმნიშვნელოვნად შეაფასონ ისრაელის მიერ ჰუმანიტარული ბლოკადის და შიმშილის, როგორც ომის მეთოდად გამოყენების პრაქტიკა, როგორც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევა, რომელიც შეიძლება კვალიფიცირდეს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და პალესტინელი ხალხის გენოციდისკენ მიმართული ქმედება.
გაეროს უშიშროების საბჭომ, გენერალურმა ასამბლეამ და შესაბამისმა სპეციალიზებულმა სააგენტოებმა დაუყოვნებლივ მოითხოვონ ყველა იმ ბარიერის მოხსნა, რომელიც არღვევს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის უფლებას სიცოცხლესა და გადარჩენისთვის აუცილებელ რესურსებზე, რაც პირდაპირ არის გარანტირებული ჟენევის კონვენციებითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტებით.
სახელმწიფოებმა ითანამშრომლონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან (ICC), შიმშილით დასჯის და ჰუმანიტარული დახმარების მიზანმიმართული დაბლოკვის პრაქტიკის გამო, ისრაელის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად.
ინსტრუქცია