[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / ანგარიში

გაეროს სპეციალური კომიტეტი: ისრაელის საომარი მეთოდები ღაზაში გენოციდის ნიშნებს შეესაბამება

გაეროს სპეციალურმა კომიტეტმა, რომელმაც ოკუპირებული სირიის გოლანში, დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმსა და ღაზის სექტორში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეისწავლა, 2024 წლის 18 ნოემბერს გენერალური ასამბლეის მეოთხე კომიტეტზე ანგარიში წარადგინა. გაეროს სპეციალურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ისრაელის საომარი მეთოდები ღაზაში გენოციდის ნიშნებს შეესაბამება, მათ შორის შიმშილის გამოყენებას ომის იარაღად.

„ომის დაწყების შემდეგ ისრაელის ოფიციალური პირები საჯაროდ უჭერენ მხარს პოლიტიკას, რომელიც პალესტინელებს სიცოცხლისთვის აუცილებელ რესურსებს — საკვებს, წყალს და საწვავს — ართმევს“, — აღნიშნა კომიტეტმა. „ეს განცხადებები და ჰუმანიტარულ დახმარებაზე სისტემატური და უკანონო ჩარევა ნათლად აჩვენებს, რომ ისრაელი სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსების გამოყენებას პოლიტიკური და სამხედრო მიზნებისთვის ცდილობს.“

ანგარიში, რომელიც 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე პერიოდს მოიცავს, იკვლევს მოვლენებს ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიასა და ოკუპირებული სირიის გოლანში, თუმცა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს ღაზაში მიმდინარე ომის კატასტროფულ გავლენაზე პალესტინელების უფლებებზე. ანგარიში უთითებს, რომ ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივლისამდე 39,445 პალესტინელი მოკლეს და 91,073 ადამიანი დაჭრილია. აღნიშნული რიცხვები კი დრამატულად იზრდება, მათ შორის, ძალიან მაღალია ქალებისა და ბავშვების რაოდნეობა.

„ღაზის იზოლაციის, ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვის, სამოქალაქო და ჰუმანიტარულ სერვისებზე მიზანმიმართული თავდასხმების გზით ისრაელი მიზანმიმართულად სჯის პალენსტინელ მოსახლეობას, შიმშილით და სიკვდილით” - განაცხადა კომიტეტმა.

ანგარიშში აღწერილია, თუ როგორ გაანადგურა ისრაელის მასშტაბურმა დაბომბვებმა ღაზაში მნიშვნელოვანი სერვისები და გამოიწვია გარემოსდაცვითი კატასტროფა, რომელსაც ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვება. 2024 წლის დასაწყისში ღაზაზე 25,000 ტონაზე მეტი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო ჩამოგდებული, რაც ორ ბირთვულ ბომბს უტოლდება, რის შედეგადაც განადგურდა წყლისა და სანიტარული სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ზიანები და ტოქსიკური დაბინძურება.

კომიტეტის თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვადასხვა სააგენტო და ექსპერტები მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ ქალები, ბავშვები და ახალშობილები არაპროპორციულად მძიმედ განიცდიდნენ ომის შედეგებს ღაზაში. ექსპერტების თქმით, პალესტინელი ქალების ღირსებისა და უფლებების წინააღმდეგ შეტევა ახალ და შემაძრწუნებელ მასშტაბებზე გადავიდა.ანგარიშის წარდგენის პერიოდში დაფიქსირებული სიკვდილიანობის დიდი უმრავლესობა ქალებსა და ბავშვებს შეეხო - ღაზაში ყოველ ერთ საათში ორი დედა კვდება. ისრაელის მასობრივი დაბომბვა, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებების, ხანგრძლივი საზღვრის ჩაკეტვა, სუფთა წყლის მთავარ წყაროზე შეწყვეტილი წვდომა და აუცილებელ ნივთებსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე დაწესებული შეზღუდვები, კრიტიკულად ზღუდავს ქალებისა და გოგონების შესაძლებლობას მიიღონ აუცილებელი სამედიცინო მომსახურება. ორსული ქალები განსაკუთრებით დაზარალდნენ, რადგან მათ არ მიეცათ საკვები, მოვლა და გადაუდებელი მეანობის მომსახურებები. ღაზაში, სავარაუდოდ, დღეში 180 ქალი მშობიარობს, რის გამოც ბევრი მათგანი ბავშვებს საშინელ და ანტისანიტარულ პირობებში აჩენს, რაც ზრდის სამედიცინო გართულებებსა და დედათა სიკვდილიანობას. გარდა ამისა, ორსულ ქალებში არსებული მალნუტრიცია, რომელიც ომის დაწყებამდეც საგრძნობი იყო, საკვების უკიდურესი დეფიციტის გამო კიდევ უფრო გამწვავდა, რაც დაავადებებისა და სიკვდილიანობის რისკს ზრდის.

ანგარიშის წარდგენის პერიოდში, ისრაელის სამხედრო და უსაფრთხოების ძალებმა ასობით პალესტინელ ქალსა და გოგონას სექსუალური და გენდერული ძალადობა განაცდევინეს, როგორც ამას სპეციალური კომიტეტის, გაეროს სხვა სააგენტოების და ექსპერტების ანგარიშები და/ან მოხსენებები ადასტურებს. ანგარიშებში აღწერილია შემთხვევები, როდესაც ქალები მიზანში იღებდნენ, თვითნებურად აკავებდნენ და აიძულებდნენ გაშიშვლებას; ხდებოდა შეუსაბამო შეხება; სექსუალური ძალადობა, მათ შორის გაუპატიურება; სექსუალიზებული წამება; გაუპატიურების მუქარა; ფსიქოლოგიური ძალადობა და ონლაინ სექსუალური შევიწროება.

ომის დაწყების შემდეგ, ღაზა „ათასობით ბავშვის სასაფლაოდ“ გადაიქცა, სადაც ყოველდღიურად მინიმუმ 70 ბავშვი იღებს დაზიანებებს. ესკალაციის პირველ 10 კვირაში, 1,000-ზე მეტმა ბავშვმა დაკარგა ერთი ან ორივე ფეხი, ხოლო ახალი დაზიანებებისა და ამპუტაციების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სპეციალური კომიტეტი ღრმად შეშფოთებულია ბავშვებზე ამ დამანგრეველი გავლენით და აღნიშნავს, რომ „შეიარაღებული კონფლიქტი პირველ რიგში ბავშვებს აზიანებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ახდენს გავლენას მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, განვითარებაზე და საბოლოოდ ყველა მათი უფლებების განხორციელებაზე“. კომიტეტი იმეორებს გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის განცხადებას: “მაშინ როდესაც ზოგიერთმა ბავშვმა სიცოცხლე, კიდურები, მშობლები, ძმები, დები და მეგობრები დაკარგა, ყველა ბავშვმა დაკარგა ბავშვობა.”

კომიტეტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოითქვა ისრაელის მიერ ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული სამიზნე სისტემების გამოყენების შესახებ, რაც სამოქალაქო პირებზე, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებზე, დიდ გავლენას ახდენს.

ღაზაში არსებული ნგრევის ფონზე, ისრაელის მზარდი მედია-ცენზურა, ოპოზიციის ჩახშობა და ჟურნალისტებზე თავდასხმები მიზნად ისახავს გლობალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაბლოკვას, ნათქვამია კომიტეტის დასკვნაში. ასევე აღნიშნულია, რომ სოციალური მედიის კომპანიებმა, დისპროპორციულად, წაშალეს „პრო-პალესტინური შინაარსი“ პალესტინელებზე ძალადობის წამქეზებელ პოსტებთან შედარებით.

ანგარიშში აღწერილი მოვლენები სპეციალურ კომიტეტს აფიქრებინებს, რომ ისრაელის პოლიტიკა და პრაქტიკა ანგარიშის წარდგენის პერიოდში გენოციდის მახასიათებლებს შეესაბამება. კომიტეტის თქმით, პალესტინელებზე როგორც ჯგუფზე მიზანმიმართული ზეწოლა; სიცოცხლისათვის საშიში პირობების შექმნა ღაზაში ომისა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეზღუდვების მეშვეობით – რასაც ფიზიკური განადგურება, გაზრდილი აბორტები და ნაყოფის დაკარგვები მოჰყვა – და პალესტინელებისთვის, ღაზასა და ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, სერიოზული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეები მასობრივად და არაპროპორციულად იღუპებიან, მაშინ როდესაც ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, ისრაელის კოლონიური მოსახლეები, სამხედრო და უსაფრთხოების ძალები ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს დაუსჯელად არღვევენ. ისრაელის მთავრობისა და სამხედრო მაღალჩინოსნები უნდა იქნან პასუხისმგებლობაში მიცემულნი, მათ შორის დეჰუმანიზებული ენის გამოყენებისა და ძალადობის წაქეზებისთვის.

ღაზაში ომის დროს ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის მრავალრიცხოვანი დარღვევები; მისი აპარტეიდის სისტემა ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე, პალესტინური და სირიული გოლანის ტერიტორიების ათწლეულობით ოკუპაცია-ანექსაციის კონტექსტში; და გაეროს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციებისა და საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ბრძანებების გაგრძელებული უგულებელყოფა საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ სისტემას სერიოზულად ასუსტებს.

კომიტეტმა ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, შეასრულონ თავიანთი სამართლებრივი ვალდებულებები, რათა თავიდან აიცილონ და შეაჩერონ ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევები და დააკისრონ პასუხისმგებლობა.

“გენოციდი თქვენს თვალწინ არის, და მასზე უმოქმედობა საერთაშორისო მართლწესრიგს გამოაცლის საძირკველს” - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ (შრი ლანკის წარმომადგენელმა).

სპეციალური კომიტეტი, რომელმაც ეს ანგარიში მოამზადა შედგება სამი წევრი სახელმწიფოსგან: მალაიზია, სენეგალი და შრი-ლანკა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“