[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / ანგარიში

Amnesty International-ის შეფასება აფგან სადიგოვის საქმეზე



თარგმანი

აღნიშნული წერილით Amnesty International-ის სახელით, გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება აფგან სადიგოვის, დევნილობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით, ექსტრადიციის ბრძანების საფუძველზე. დარწმუნებულები ვართ, რომ აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში, აფგან სადიგოვის უფლებები სერიოზულად დაირღვევა, მათ შორის, არსებობს უკანონო დაკავების, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის, ასევე არასამართლიანი გასამართლების მომეტებული რისკები. ექსტრადიციაზე დათანხმებით საქართველო დაარღვევს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებას (არგაძევების პრინციპს), არ გადააგზავნოს ნებისმიერი პირი ისეთ ადგილას, სადაც ის დადგება ადამიანის უფლებების ისეთი სერიოზული დარღვევის რეალური რისკის წინაშე,  როგორიცაა წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები. წამების და სხვა არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული აბსოლუტური უფლებაა. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აფგან სადიგოვი, უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვით, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების თანახმად.

აფგან სადიგოვის დევნა აზერბაიჯანში, ისევე როგორც ქვეყნის ხელისუფლების მცდელობა მიაღწიოს სადიგოვის ექსტრადიციას გაცხადებულად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე, წარმოადგენს არა მხოლოდ აზერბაიჯანის მთავრობის შურისძიებას კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ, არამედ იმ ტენდენციის გაგრძელეებაა, რომელიც ახშობს დამოუკიდებელი მედია საშუალებების მუშაობას აზერბაიჯანში. მთავრობის კრიტიკოსების დევნა განსაკუთრებით გამწვავდა ბაქოში, თვის ბოლოსთვის დაგეგმილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) წინა პერიოდში, რაც გამოიხატება დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების დაკავებაში ცრუ ბრალდებების საფუძველზე.

ადამიანის უფლებების მდგომარეობა აზერბაიჯანში

ბოლო რამდენიმე წელია Amnesty International-ი ახდენს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის დოკუმენტირებას და აკვირდება ამ მხრივ სიტუაციის მკვეთრად გაუარესებას, რაც განსაკუთრებით ეხება სიტყვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მკაცრად და მზარდად შეზღუდვას. ცრუ ბრალდებების საფუძველზე იდევნებიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ადამიანის უფლებათა და დამცველები და სხვა აქტივისტები, რომლებიც  ამ უფლებების გამოყენებას ცდილობენ. ასევე იზრდება იმ პირების რიცხვი, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ არასამართლიანი სასამართლოს მიერ. დაკავებულია ათობით ჟურნალისტი, ადამიანის უფლებათა დამცველები და აქტივისტები. ისინი დაკავებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ცდილობდნენ მშვიდობიანად ესარგებლათ საკუთარი უფლებებით.

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების შევიწროვება

ათზე მეტ ჟურნალისტს უკვე მისჯილი აქვს ან ემუქრება თავისუფლების აღკვეთა ცრუ ბრალდებების საფუძველზე, ხოლო მედია ორგანიზაციებმა, როგორიცაა, მგალითად, Abaz Media, Kanal 13, Toplum TV, შეწყვიტეს საქმიანობა მას შემდეგ, რაც მათი წამყვანი თანამშრომლები აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების გამო დააპატიმრა.[1]

2023 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, საგამომძიებლო საინფორმაციო სააგენტო Abaz Media-ს ჟუნრალისტები წინასწარი დაკავების დაწესებულებებში იმყოფებიან. მათ ბრალი ედებათ ქვეყანაში გრანტის სახით გაცემული თანხის უნებართვოდ შემოტანაში.[2] დაკავებულთა შორისაა დირექტორი ულვი ჰასანლი,[3] მისი მოადგილე მაჰამად კაკელოვი, მთავარი რედაქტორი სევინჩ ვაგიფგიზი და რედაქციის თანამშრომლები, ჟურნალისტები ელნარა გასიმოვა და ნარგიზ აბსალამოვა.  ამ დრომდე წინასწარი დაკავების დაწესებულებაში რჩებიან დამოუკიდებელი ჟურნალისტები - ჰაფიზ ბაბალი და იმრან ალიევი, რომლებსაც ბრალად ხსენებულ მედია საშუალებასთან თანამშრომლობა ედებათ. Abzas Media აქტიურად აშუქებდა მთავრობის მოხელეებთან დაკავშირებული კომპანიების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის საკითხებს. მედია გამოცემა ასევე აწარმოებდა გამოძიებას ისეთ საკითხებში, რომლებიც უკავშირდებოდა ოქროს მოპოვების შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით და ჯანმრთელობის რისკებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპატიმრების სერიამდე, მედიაწყარო გეგმავდა უფრო სიღრმისეულად გამოეძია ოქროს მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საფრთხეები და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევები.

2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში, აზერბაიჯანულმა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა აზიზ ორუჯოვი, Kanal 13-ის დირექტორი, ტელეწამყვანი შამო ემინოვი, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების საფუძველზე, რომელიც გულისხმობდა გრანტით გათვალისწინებული თანხის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანას (Abzas Media-ს მსგავსად). სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე გაუქმდა ინტერნეტწვდომა Kanal 13-ზე, რომელიც ასრულებდა პლატფორმის როლს პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის. Kanal 13-ი ასევე აშუქებდა ადამიანის უფლებების დარღვევის სხვადასხვა შემთხვევებს.

ამავდროულად, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, გამოძალვის ბრალდებით დააკავა სულ მცირე სამი ჟურნალისტი, რომლებიც კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე მუშაობდნენ.[4] დაკავებულებს შორის არიან თეიმურ ქარიმოვი, რეპორტიორი და  ინტერნეტ მედიაგამოცემის Kanal-11-ის დირექტორი, არშად იბრაჰიმოვი, საინფორმაციო ინტერნეტმაუწყებლობის Dunyaninsesi.az-ის ხელმძღვანელი და Azerinfo.az-ის თანამშრომელი იბრაჰიმ ჰუმბათოვი.

2024 წლის 6 მარტს, პოლიციამ დაარბია Toplum TV-ი, ერთ-ერთი ჯერ კიდევ მოქმედი დამოუკიდებელი საინფორმაციო არხი, მისი პარტნრიორი ორგანიზაცია - დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტი (IDI),  და ოპოზიუციური ჯგუფი „მესამე რესპუბლიკის პლატფორმა“ (Platform for the Thrid Republic).[5] ამის შემდეგ, ხელისუფლებამ დააკავა ათზე მეტი ჟურნალისტი და აქტივისტი, მათ შორის, Toplum TV-ის დამფუძნებელი, ალასგარ მამადლი, ჟურნალისტი მუშფიგ ჯაბარი, “მესამე რესპუბლიკის” საბჭოს წევრები აკიფ გურბანოვი და რუსლან იზათლი და “დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის” აქტივისტები, რამილ ბაბაევი და ალი ზეინალოვი.

წამება და არასათანადო მოპყრობა, უარი სამედიცინო დახმარების გაწევაზე აზერიბაიჯანის საპატიმროებში

წამება და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები დაკავებულების წინააღდეგ აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გავრცელებული პრაქტიკაა. პოლიცია და სხვა სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ამ დანაშაულს სჩადიან, როგორც წესი, დაუსჯელები რჩებიან. წამების სარწმუნო ბრალდებები არ არის გამოძიებული, ხოლო ეჭვმიტანილები და პასუხისმგებელი პირები თითქმის არასდროს აგებენ პასუხს სასამართლოს წინაშე. აზერბაიჯანში არ არსებობს გასაჩივრების დამოუკიდებელი მექანიზმი და მსხვერპლებს ხელი არ მიუწვდებათ სამართალზე.[6] მთავრობის თითქმის ყველა დაპატიმრებული კრიტიკოსი იტყობინება, რომ საპატიმროებში მათ რეგულარულად აწამებენ ან მათ წინააღმდეგ მიმართავენ არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებს. ულვი ჰასანლი, Abzas Media-ს დირექტორი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ამბობდა, რომ მასზე ხორციელდება მუქარა მას შემდეგ, რაც 2024 წელს გამოქვეყნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო თუ როგორ „აწამებდნენ პატიმრებს, სცემდენენ და კიდებდნენ მოაჯირის ცხაურებიდან” კურდახანის წინასწარი პატიმრობის N1 იზოლატორში, სადაც იგი ამჟამად იმყოფება Abzas Media-ს სხვა დაკავებულ წევრებთან ერთად. არსებობს ცნობები, რომ თავად ულვი ჰასანოვი არაერთხელ გამხდარა ცემის და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლი.

2024 წლის 3 ივლისს, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) საჯაროდ დაგმო აზერბაიჯანის ხელისუფლება იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი “უარს აცხადებს შეასრულოს კომიტეტის რეკომენდაციები და მიიღოს ზომები სიტუაციის გამოსასწორებლად”. კომიტეტის კრიტიკა ასევე დაიმსახურა იმ ფაქტმა, რომ “აზერბაიჯანის ხელისუფლება უარს აცხადებს კომიტეტთან თანამშრომლობაზე”. [7] განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ანგარიშში, კომიტეტი გამოთქვამს უკიდურეს შეშფოთებას პოლიციის მიერ წამებასა და ფიზიკური ძალადობის გავრცელებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით“ და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას „დაშალოს „უწმინდური კავშირი“, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, პოლიციის მიერ ფიზიკური ძალადობის/წამების  განგრძობით პრაქტიკასა და მეორე მხრივ, მუქარას, სამხილების გაყალბებას, იძულების გზით აღიარებითი ჩვენების მოპოვებასა და გამოძალვას შორის“. [8]

ინდივიდუალური გარემოებები აფგან სადიგოვის შესახებ 

ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ონლაინ მედიაორგანიზაცია Azel.Tv -ს ხელმძღვანელია. Azel.Tv -ი სოციალურ საკითხებზე, მათ შორის, მთავრობის სავარაუდო კორუფციულ სქემებზე მუშაობს. სადიგოვი წარსულშიც იდევნებოდა მისი კრიტიკული მოსაზრებების გამო და პატიმრობაშიც იმყოფებოდა აშკარად პოლიტიკური მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე. 2016 წელს მას ბრალი დასდეს უცნობი პირის მიმართ ძალადობაში და ხულიგნობის მუხლის საფუძველზე 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ, იგი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 2020 წელს გამოძალვის ბრალდებით. სადიგოვი ამტკიცებდა, რომ გამოძალვის ბრალდება წარმოადგენდა მის წინააღმდეგ ხელისუფლების შურისძიებას იმ მასალის გამოქვეყნების გამო, რომელიც ეხებოდა ქალაქ სუმგაიტის ადგილობრივი ხელისუფლების სავარაუდო მონაწილეობას პოლიციის ადგილობრივი თანამშრომლების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის მიჩქმალვის საქმეში. [9] 2020 წელს სადიგოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2021 წლის ივლისში, განაჩენის გასაჩივრების შემდეგ, მას სასჯელი ოთხ წლამდე შეუმცირდა. მეორე პატიმრობის პერიოდში, სადიგოვმა პროტესტის ნიშნად 242 დრე იშიმშილა, რამაც საგრძნობლად დააზიანა მისი ჯანმრთელობა. 2023 წლის მაისში, იგი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეიწყალა.

გათავისუფლებიდა მალევე, სადიგოვმა დატოვა აზერიბაიჯანი და საქართველოში გადმოვიდა. 2024 წლის ივლისში, მას ოჯახიც შეუერთდა. სადიგოვი საქართველოშიც აგრძელებდა აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებას. 2024 წლის ივლისში, მას საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა უფლება მესამე ქვეყანაში გადასულიყო. 3 აგვისტოს იგი თბილისში დააკავეს მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მოითხოვა მისი ექსტრადაცია მუქარისა და გამოძალვის ბრალდებებთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა სადიგოვის განცხადება საერთაშორისო მფარველობის მინიჭების თაობაზე.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ექსტრადიციის მოთხოვნა ისევ და ისევ ეფუძნება ბრალდებებს გამოძალვის თაობაზე, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის აგვისტოში სადიგოვმა 6.000 მანათი მოსთხოვა ერთ-ერთ მოხელეს ამ უკანასკნელსა და ორგანიზებული დანაშაულის სფეროს წარმოამდგენლებს შორის კავშირის ამსახველი ვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ. თუმცა, სადიგოვის უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ ვიდეო, რომლის შესახებაც საუბარია ბრალდებაში, 2023 წლის ივლისისთვის უკვე გავრცელებული იყო სოციალურ მედიაში, რაც შეუძლებელს ხდის სადიგოვის მიერ ვიდეოს გამოყენებას შანტაჟის მიზნებისთვის.

აფგან სადიგოვი ამტკიცებს, რომ მის მიმართ ამჟამად წაყენებული ბრალდებები, ისევე როგორც წინა ბრალდებები, ცრუ და პოლიტიკურად მოტივირებულია და ემსახურება მის, როგორც კრიტიკული ჟურნალისტის წინააღმდეგ შურისძიებას. მისი მტკიცება თანხვედრაშია Amnesty International-ის მიერ გასული წლების განმავლობაში განხორციელებული მოკვლევის მიგნებებთან, რომელთა მიხედვითაც, აზერბაიჯანის ხელისუფლება ახშობს სიტყვის თავისუფლებას და დაუსაბუთებელი ბრალდებებით ებრძვის მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებსა და ორგანიზაციებს.

საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს აკისრიათ აბსოლუტური ვალდებულება არ დაუშვან ნებისმიერი პირის გადაყვანა ისეთ ადგილას, სადაც მათ ემუქრებათ წამების ან არასათანადო/არაადამიანური მოპყრობის სხვა ფორმები.

1999 წელს საქართველო შეურთდა გაეროს კონვენციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, არც ერთმა მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა გააძევოს, დააბრუნოს ან გადასცეს რომელიმე პირი სხვა სახელმწიფოს თუ არის სერიოზული საფუძველი ეჭვისთვის, რომ მას იქ დაემუქრება წამების საფრთხე.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემა აგებულია პრინციპზე, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს არასამართლიანი გასამართლების რისკები ნებისმიერი პირის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემს შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.[10] სახელმწიფო ასევე ვალდებულია უარი განაცხადოს პირის ექსტრადიციაზე, თუ მას “არ აქვს მიღებული ან ვერ მიიღებს სისხლის სამართლის სამართალწარმოებაში მინიმალურ გარანტიებს”.[11]

Amnesty International-ის შეფასება ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში.

TG-EUR-56.2024.6250_1731662698.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Amnesty International, “Azerbaijan: Authorities intensifying crackdown on independent media”, 12 December 2023 [აზერბაიჯანი: ხელისუფლება აძლიერებს წნეხს დამოუკიდებელ მედიაზე, 12 დეკემბერი 2023].ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: https://www.amnesty.org/en/latest/news/2023/12/azerbaijan-authorities-intensifying-crackdown-on-independent-media

[2] აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 206.3.2.

[3] Amnesty International, “Azerbaijan: Significant concerns about detained journalist Ulvi Hasanli, 20 November 2023 [აზერბაიჯანი: სერიოზული შეშფოთება დაკავებული ჟურნალისტის, ულვი ჰასანლის საქმეზე, 20 ნოემბერი 2023]. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: https://www.amnesty.org/en/latest/news/2023/11/azerbaijan-significant-concerns-about-detained-journalist-ulvi-hasanli

[4] სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 182.

[5] Amnesty International, “Azerbaijan: Campaign of intimidation against independent media continues with raid on Toplum TV”, 7 March 2024 [აზერბაიჯანი: გრძელდება დამოუკიდებელი მედიის შევიწროვების კამპანია: რეიდი Toplum TV-ის ოფისში]. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: https://www.amnesty.org/en/latest/news/2024/03/azerbaijan-campaign-of-intimidation-against-independent-media-continues-with-raid-on-toplum-tv

[6] Amnesty International, “Azerbaijan: as Azerbaijani forces assume full control over Nagorno-Karabakh, it must respect and protect the rights of local ethnic Armenians.” [აზერბაიჯანი: აზერბაიჯანული ძალების მიერ მთიან ყარაბახზე სრული კონტროლის მოპოვებასთან ერთდ, ქვეყანამ უნდა პატივი სცეს და დაიცვას ადგილობრივი, ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უფლებები]. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: https://www.amnesty.org/en/wp-content/uploads/2023/10/EUR5572542023ENGLISH.pdf

[7] ევროპის საბჭო. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის კომიტეტი (CPT). ახალი ამბები 2024. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საჯარო განცხადებას აქვეყნებს აზერბაიჯანის შესახებ. 3 ივლისი 2024. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:

https://www.coe.int/en/web/cpt/-/council-of-europe-anti-torture-committee-issues-public-statement-on-azerbaijan

[8] ევროპის საბჭო. წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის კომიტეტი (CPT). ანგარიში აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ, 12 – 19 დეკემბერი, 2022. CPT/Inf (2024) 23. 3 ივლისი, 2024. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: https://rm.coe.int/1680b08fa3

[9] აფგან სადიგოვი - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: https://cpj.org/data/people/afgan-sadygov/

[10] CoE Guidelines, XIII(4). European Court of Human Rights, Soering Judgment, par. 113. European Court of Human Rights, Drodz and Janusek v. France and Spain (application no. 12747/87), Judgment, 26 June 1992, par. 110. [ევროპის საბჭოს გზამკლევი, XIII(4). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, განჩინება სერინგის საქმეზე, პარა 113. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დროჟი და იანუშეკი საფრანგეთისა და ესპანეთის წინააღმდეგ (განაცხადი No 1274//87), განჩინება, 26 ივნისი 1992, პარა 110.]

[11] UN General Assembly, Resolution 45/116: Model Treaty on Extradition, UN Doc. A/RES/45/116 (1990), annex, art. 3(f) [გაეროს გენერალური ასამბლეა, რეზოლუცია 45/116: შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ, UN Doc. A/RES/45/116 (1990), დანართი, მუხლი 3(f).]

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“