საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საერთაშორისო დაცვაზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საიმიგრაციო დეპარტამენტის უარი უკანონოა, თვითნებური და დაუსაბუთებელია. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, აფგან სადიგოვის სახელით სასამართლოში ვასაჩივრებთ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მოუწოდებს ჟურნალისტს მიანიჭოს საერთაშორისო დაცვა და ამდენად შეაკავოს აზერბაიჯანში მისი ექსტრადიცია და პოლიტიკური დევნის, წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რეალური და აშკარა რისკები.
ამასთან უნდა ითქვას, რომ საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი უკვე 26 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა. რისკების წინაშე დგას მისი ოჯახიც, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მარტოები თბილისში ცხოვრობენ და რეგულარულად იღებენ მუქარის უმძიმეს გზავნილებს.
საქმესთან დაკავშირებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ონლაინ მედია “Azel.Tv”-ის მთავარი რედაქტორია. ის წლების განმავლობაში აქტიურად წერდა აზერბაიჯანში მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაზე, დანაშაულებზე და სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე.
ხელისუფლებისადმი კრიტიკული განწყობების გამო ა. სადიგოვის ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებდნენ შეეწყვიტა ინფორმაციის გავრცელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. თუმცა, მას ჟურნალისტური საქმიანობა არ შეუწყვეტია. ამის შემდეგ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ, ჯერ 2016 წელს (მისთვის უცნობი პირის ცემის ბრალდებით), შემდეგ კი 2020 წელს გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს (2018 წლის მაისში ციხიდან გათავისუფლების შემდგომ, აფგან სადიგოვი სამჯერ ადმინისტრაციული წესითაც დააკავეს). აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების გარემოებების ანალიზი აჩვენებს, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსაბუთებელი იყო და უფრო მეტად მის დასჯას ისახავდა მიზნად. 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პატიმრობის შემდეგ, აფგან სადიგოვი პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე 2023 წლის მაისში გაათავისუფლეს. მან პატიმრობაში ყოფნის დროს 242 დღის განმავლობაში იშიმშილა რის გამოც ჯანმრთელობა მკვეთრად დაუზიანდა, მათ შორის, განუვითარდა მძიმე დაავადებები. აფგან სადიგოვი იხსენებს, მისი შიმშილობის დროს ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის უმძიმეს ფაქტებს.
პატიმარობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2023 წლის 24 დეკემბერს აფგან სადიგოვი საქართველოში ჩამოვიდა. აქ ის ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. საქართველოში მკურნალობის შემდეგ, ჟურნალისტი გარკვეული დროით აზერბაიჯანში დაბრუნდა, თუმცა, მის მიმართ არსებული მაღალი უსაფრთხოების რისკების გამო, კვლავ საქართველოში დაბრუნდა. მოგვიანებით, 2024 წლის 14 ივლისს საქართველოში მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილებიც ჩამოვიდნენ.
მთელი ამ დროის განმავლობაში აფგან სადიგოვი მის ჟურნალისტურ საქმიანობას აგრძელებდა, რაც როგორც ჩანს, მიუღებელი აღმოჩნდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის და ჟურნალისტის კიდევ ერთხელ დასჯის ინტერესი გაუჩნდა.
აფგან სადიგოვმა 2024 წლის 17 ივლისს გაასაჯაროვა ინფორმაცია, რომ ის, საკუთარ ოჯახთან ერთად, საქართველოდან თურქეთის გავლით მესამე ქვეყანაში აპირებდა გამგზავრებას, რა დროსაც ქართულმა პოლიციამ მას სასაზღვრო კონტროლის გავლის უფლება არ მისცა. ჟურნალისტს ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მხოლოდ ის განუმარტეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას საქართველოდან წასვლა შეეძლო ეს აზერბაიჯანი იყო.
აფგან სადიგოვი ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ჯერ კიდევ ივლისის თვეში აცხადებდა, რომ, მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ მიმდინარეობდა. თუმცა შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლება კვლავ ცდილობდა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის “შეკერვას“ და საქართველოსგან მის გადაცემას მოთხოვნას. ამ პერიოდში აფგან სადიგოვი ასევე საუბრობდა, აზერბაიჯანში დარჩენილი მისი ოჯახის წევრების მიმართ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან განხორციელებული მუქარების ფაქტებზე.
რამდენიმე დღის შემდეგ, 2024 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად აფგან სადიგოვი დააკავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზე. აზერბაიჯანის ინფორმაციით, ის მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე იძებნება. საქმის ფაბულა აფგან სადიგოვის თქმით, ასევე აჩვენებს, რომ ის დაუსაბუთებელი და ფაბრიკაციულია.
2024 წლის 4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა შაბლონური სასამართლო დასაბუთებით.
აფგან სადიგოვი დაკავებისთანავე, 2024 წლის 3 აგვისტოს ითხოვა საერთაშორისო დაცვას საქართველოში, თუმცა ზაჰესის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში განცხადება არ დაარეგისტრირეს. 2024 წლის 5 აგვისტოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კიდევ ერთხელ დარეგისტრირდა ა. სადიგოვის განცხადება საერთაშორისო დაცვაზე, თუმცა ვინაიდან განცხადებას არ მოჰყვა სათანადო რეაგირება, 2024 წლის 6 და 8 აგვისტოს ა. სადიგოვის ადვოკატმა განცხადებით მიმართა შსს მიგრაციის დეპარტამენტს და ითხოვა პასუხი განხორციელებულ რეაგირებაზე.
აფგან სადიგოვს საფუძვლიანად მიაჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში პოლიტიკური დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდებოდა. იგი ასევე უთითებდა, რომ აზერბაიჯანში მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება განპირობებული იყო მხოლოდ მისი კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობით და პოლიტიკური საფუძველი აქვს.
2024 წლის 3 სექტემბერს შსს მიგრაციის დეპარტამენტმა შეადგინა თავშესაფრის მაძიებლის ანკეტა. 2024 წლის 13 სექტემბერს მიგრაციის დეპარტამენტმა შეადგინა სტატუსის დადგენის გასაუბრების ოქმი. თუმცა ძალიან დაჩქარებულად და მოულოდნელად, საქმის მასალების სათანადო დამუშავების გარეშე 3 დღეში, 16 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება ლტოლვილის, ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე უარის თქმის შესახებ.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა და შეუსაბამობა რეალობასთან
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის შეფასებით, მართალია აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს კონვენციაში ნახსენები ,,პოლიტიკური მოსაზრებების გამო დევნას". ამასთან, დეპარტამენტი მიჩნევს, რომ აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში არ განხორციელდება დისკრიმინაციული სისხლისსამართლებრივი დევნა, ან არაპროპორციული სასჯელის გამოყენება. დეპარტამენტმა დაასკვნა, რომ აფგან სადიგოვის საქმეზე არ არსებობს ისეთი ინდივიდუალური გარემოებები, რომელიც აზერბაიჯანში სადიგოვის დაკავებისა და პატიმრობის შემთხვევაში მის მიმართ წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს შექმნიდა.
დეპარტამენტის დასკვნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებითაც დასტურდება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან აფგან სადიგოვი პროფესიული საქმიანობის გამო წლების განმავლობაში იყო სისხლის სამართლებრივი და ადმინისტრაციულ სამართლებრივი დევნის მსხვერპლი. სადიგოვი აზერბაიჯანში ექსტრადირების შემთხვევაში ის კვლავ პოლიტიკური დევნისა და წამებისა ან არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ დადგება. სამწუხაროდ, მიგრაციის დეპარტამენტმა სათანადოდ არ გამოიკვლია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც აფგან სადიგოვმა მის წინაშე წარადგინა. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის[1], ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო,[2] ამნესტი ინთერნეიშენალის[3], ჰუმან რაით ვოჩის[4]) განცხადებები, სადაც ის პოლიტიკურ პატიმრად იყო მიჩნეული და მის დაუყოვნებელ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მიგრაციის დეპარტამენტის შეფასება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ადგილი არ აქვს ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს, ან საპატიმროებში არსებული მდგომარეობა და პატიმრების მიმართ მოპყრობა არ აღწევს არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობის ხარისხს სრულიად დაუსაბუთებელია და პირდაპირ ეწინააღმდეგება თავად მიგრაციის დეპარტამენტის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებული ინფორმაციას, სადაც მითითებულია, რომ აზერბაიჯანში ყველაზე ხშირად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და აქტივისტების უფლებები ირღვევა. ეს მსჯელობა ასევე მოდის წინააღმდეგობაში არაერთ საერთაშორისო ანგარიშთან, რომელიც პოლიტიკური პატიმრების დევნისა და ციხეებში არასათანადო პირობებზე და მოპყრობაზე უთითებს.
აზერბაიჯანში აქტივისტების, ჟურნალისტებისა, პოლიტიკოსების მძიმე მდგომარეობას, მათ შორის, პატიმრობის დროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემურ პრაქტიკას, ფაბრიკაციული სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევებს, სასამართლოს პოლიტიზირებულობასა და კორუმპირებულობას, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი ოჯახების წევრების მუქარისა და ზეწოლის უმძიმეს ფაქტებს ადასტურებს არა ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ანგარიში, მათ შორის:
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში (2023 წ)
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიში აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით მთელ რიგ პრობლემებს ჩამოთვლის, მათ შორისაა: წამება და უსაფრთხოების ძალების წევრების მიერ სასტიკი, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობა, ან დასჯა; მძიმე და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში პირობები ციხეში; თვითნებური დაკავებები; სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით; პოლიტიკური პატიმრები და დაკავებულები; ტრანსნაციონალური რეპრესია ქვეყნის გარეთ მყოფი პირების მიმართ; პირადი ცხოვრების თვითნებური ან უკანონო ჩარევა; ნათესავის სავარაუდო დანაშაულისთვის ოჯახის წევრების დასჯა; სერიოზული შეზღუდვები გამოხატვისა და მედიის თავისუფლებაზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობა, ჟურნალისტების უსაფუძვლო დაკავება ან ბრალდების წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დეფამაციის კანონების გამოყენება გამოხატვის შეზღუდვისთვის; ინტერნეტის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები; მშვიდობიანი შეკრების უფლებაზე ფაქტობრივი აკრძალვა და ასოციაციის თავისუფლებაში მნიშვნელოვანი ჩარევა; გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები; მოქალაქეების შეუძლებლობა მშვიდობიანად შეცვალონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით; პოლიტიკური მონაწილეობის სერიოზული და გაუმართლებელი შეზღუდვები; მთავრობის სერიოზული კორუფცია; მთავრობის მხრიდან სერიოზული შეზღუდვები ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების საქმიანობაზე; პოლიტპატიმრების მაღალ რიცხვზეა საუბარი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც. გასული წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, აზერბაიჯანში დაახლოებით 254 პოლიტიკური პატიმარი იყო დაკავებული. პოლიტპატიმრების რიცხვში არიან აკადემიური წრის წარმომადგენლები, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, ბლოგერები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები. ანგარიშში მითითებულია, რომ ხელოვნურად შექმნილ საქმეებში დაპატიმრებები ხელისუფლების ერთ-ერთი მეთოდი იყო აქტივისტების დასაშინებლად.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღწერილია, რომ მოსამართლეები არ არიან ფუნქციურად დამოუკიდებელნი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. სასამართლო ხელისუფლება ძირითადად კორუმპირებულია და აკლია დამოუკიდებლობა. საანგარიშო პერიოდში განაჩენების უმეტესობა იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო და დიდწილად საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან კავშირში არ იყო.
ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი (CPT)
ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური, ღირსების შემლახველი მოპყრობისა ან დასჯის საწინააღმდეგო ევროპულმა კომიტეტმა (CPT) აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ თანამშრომლობაზე უარის შემდეგ საჯაროდ გამოაქვეყნა ანგარიში (2022 წ). წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებაში მითითებულია, რომ, საჯარო განცხადების გაკეთების ამ განსაკუთრებული გადაწყვეტილების მიზეზი არის აზერბაიჯანის ხელისუფლების პირდაპირი უარი CPT-თან თანამშრომლობაზე. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი ქმედება არ განხორციელებულა კომიტეტის გრძელვადიანი რეკომენდაციების შესასრულებლად და ამგვარი პრაქტიკის დასასრულებლად. ეს კი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტურ და უპრეცედენტო დარღვევას.
CPT-მ განაცხადა, რომ წამება და სხვა ფორმები პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ფიზიკური არასათანადო მოპყრობა, მთლიანობაში კორუფცია სამართალდამცავ სისტემაში და დაუსჯელობა დარჩა სისტემურ პრობლემად. კომიტეტის შეფასებით, როდესაც ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამებისა და ფიზიკური არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრაზე სათანადო ზომების მიღებაზე უარს ამბობენ ოფიციალური პირები. ამით აზერბაიჯანის ხელისუფლება აგზავნის მესიჯს, რომ არასათანადო მოპყრობა, მათ შორის წამება, ხალისდება.
Freedom House (2024)
Freedom House-ის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება მუდმივად განიცდის სამართალდამცავების მხრიდან დაშინებასა და ზეწოლას. დაპატიმრებული აქტივისტები არასათანადო მოპყრობისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების მსხვერპლნი არიან. ძალადობის, დაშინების, მუქარისა და უსაფუძვლო პატიმრობის მსხვერპლნი არიან ჟურნალისტებიც.
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, სასამართლო ხელისუფლება აღმასრულებელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ რჩება და ხშირად იღებს მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ. მოსამართლეები განსხვავებული აზრის ჩასახშობად ხშირად თანამშრომლობდნენ პროკურორებთან, სამართალდამცავ ორგანოებთან და უსაფრთხოების უწყებებთან. აგრეთვე გამოიკვეთა, რომ მძიმე ჯანმრთელობის მქონე პოლიტპატიმრებს ხელისუფლებამ სამედიცინო დახმარება შეუზღუდა.
Amnesty International (2023)
მსგავს მდგომარეობას აღწერს Amnesty International-იც. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების, მედია წარმომადგენლების და უფლებადამცველების მიმართ გახშირებული იყო ძალადობის შემთხვევები, შევიწროება და თვითნებური დაპატიმრებები. აზერბაიჯანული უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით მიმდინარე პერიოდისთვის წინა წელთან შედარებით პოლიტიკური ნიშნით დევნილ პატიმართა რაოდენობა გაორმაგდა და 230-ზე მეტს ადამიანს უტოლდებოდა.
არსებული ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებით შეინიშნება საქართველოში მცხოვრები, აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი და დევნას დაქვემდებარებული არაერთი აქტივისტის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჟურნალისტის საქმე, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში დევნის, წამების, არასათანადო მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების მაღალ რისკზე მიუთითებდნენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მათ საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
ჰელსინკის კომიტეტი (2024)
ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი 2024 წლის 8 მარტის განცხადებაში გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას აზერბაიჯანში ბოლოდროინდელი ინციდენტების გამო. განსაკუთრებით პოლიციის მიერ დამოუკიდებელი მედიასაშუალების Toplum TV-ის ოფისის დარბევისა და შემდგომში მრავალი დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტის დაკავების გამო. აზერბაიჯანში გამოხატვის თავისუფლების მუდმივი დარბევა ღრმად შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
შესაბამისად, აშკარაა, რომ აფგან სადიგოვის საქმეზე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. განმცხადებლის მიერ წარდგენილი მონაცემებისა და ფაქტების, მათ შორის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პირდაპირი დასკვნების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჟურნალისტი 2018 და 2020 წლებში პოლიტიკური დევნისა და დასჯის მსხვერპლი იყო, და რომ საერთო კონტექსტი კრიტიკული ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ აზერბაიჯანში მტრული და რეპრესიულია. მიგრაციის დეპარტამენტმა სრულიად თვითნებურად მიიჩნია, რომ აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი არ გახდება. სამწუხაროდ, ამგვარი განმარტებები მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ დაინტერესებას და ამ საკითხზე უწყების აშკარად მიკერძოებულ მიდგომებს აჩვენებს.
საქართველოს ხელისუფლების აშკარა პოლიტიკური ლოიალობა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2014 წლის სადამსჯელო ღონისძიებების დაწყების შემდგომ, დევნის შიშით, არაერთმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა დატოვა ქვეყანა. ბევრმა მათგანმა საქართველოს შეაფარა თავი, თუმცა მოგვიანებით, განსაკუთრებით კი 2016 წლის შემდგომ, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მჭიდრო და უკანონო ურთიერთობების შედეგად, აზერბაიჯანიდან დევნილი აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები უსაფრთხოების მაღალი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ. დაფიქსირდა, საზღვარზე არ შემოშვების, ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის, საქართველოში განხორციელებული ძალადობის ფაქტების არასათანადო გამოძიების, საერთაშორისო დაცვაზე უარის არა ერთი შემთხვევა. ცალკეული საქმეების ანალიზი აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ ლოიალობას ავლენს და ხშირად ჩანს ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არაფორმალური და უკანონო თანამშრომლობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების დაცვის უზენაეს სტანდარტებთან. ამ პირობებში წინა წლებში არა ერთმა კრიტიკულმა ჟურნალისტმა, რომელიც იმედოვნებდა, რომ საქართველო მათთვის უსაფრთხო ადგილი იქნებოდა მუშაობის და ცხოვრების გაგრძელებისთვის, საქართველო დატოვა. ამ პერიოდიდან საქართველომ უცხო ქვეყნის აქტივისტებისთვის არაუსაფრთხო და დაუცველი სახელმწიფოს იმიჯი მიიღო.
საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო თანამშრომლობის პრაქტიკა ნათლად გამოჩნდა საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის უკანონო და ძალადობრივი გატაცების საქმეზე. აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. აფგან მუხთარლი მიიჩნევს, რომ საქართველოდან მისი გატაცება და აზერბაიჯანში გადაყვანა, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოხდა. მისი გატაცების ფაქტი საქართველოში 7 წლის შემდეგაც გამოუძიებელი რჩება. სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის 5 სექტემბერს აფგან მუხთარლის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლები, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ არ გამოიძია, დაკავების დროს აფგან მუხთარლის მიმართ გამოიყენეს ძალა, იძულება, დამამცირებელი მოპყრობა და წამება. ასევე, სახელმწიფომ არ გამოიძია დაკავების და აზერბაიჯანისთვის მისი გადაცემის ფაქტი.
ჩვენი აზრით, აფგან სადიგოვის საქმე გარკვეულწილად ჰგავს აფგან მუხთარლის საქმეს. ამ საქმეშიც ნათლად ჩანს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მისი დევნისა და რეპრესიის არა ერთი ეპიზოდი და ახლაც ჩანს საქართველოს ხელისუფლების უპირობო ლოიალობა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ, რის გამოც ის მზად არის უგულებელყოს ადამიანის უფლებათა დაცვის უზენაესობის პრინციპი.
აფგან სადიგოვისა და მისი ოჯახის ამჟამინდელი მდგომარეობა
აფგან სადიგოვნმა 21 სექტემბერს შიმშილობა დაიწყო. ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო შიმშილობის მე-18 დღეს ის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დღეს უკვე 26 დღეა, რაც ჟურნალისტი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. მას უჭირს გადაადგილება და საუბარი.
ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოება, რომ აზერბაიჯანში მეორე უკანონო პატიმრობის დროს აფგან სადიგოვი 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მაშინ ჟურნალისტმა წონაში მკვეთრად დაიკლო და 95 კილოდან 40 კილომდე შეუმცირდა წონა. ის გადაადგილებოდა ეტლით და განუვითარდა მძიმე დაავადებები.
ოჯახს ეშინია, რომ ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისედაც გაუარესებულია და მისთვის მეორე შიმშილობა ძალიან რთული იქნება.
აქვე უნდა ითქვას, რომ თბილისში აფგან სადიგოვის მეუღლე, ასევე ჟურნალისტი სევინჩ სადიგოვა და მათი მცირეწლოვანი შვილები არაუსაფრთხო გარემოში ცხოვრობენ. სევინჩ სადიგოვა მისი საჯარო პოზიციებისა და ქმრის მხარდაჭერის გამო რეგულარულად იღებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს აზერბაიჯანიდან. მას აქვს განცდა, რომ მის გადაადგილებას თბილისში გარკვეული პირები ამონიტორინგებენ.
დასკვნა და მოწოდება
იმ პირობებში, როდესაც არსებობს დასაბუთებული რისკები, რომ აზერბაიჯანში აფგან სადიგოვი წამების, არაადამიანური მოპყრობის, დასჯის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდება, საქართველოს სახელმწიფოს მიერ მისი, როგორც ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულებების შეუსრულებლობა, მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უარის თქმა და აზერბაიჯანში ექსტრადირება არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან. ამასთან, ეს უგულებელყოფს დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს.
შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს:
სათანადოდ შეაფასოს აფგან სადიგოვის მიმართ პოლიტიკური დევნისა და წამების ან არაადამიანური მოპყრობის ის რისკები, რომლებიც მას აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში ემუქრება და მიანიჭოს მას საერთაშორისო დაცვა, რაც საბოლოოდ, აზერბაიჯანში მისი ექსტრადიციის პროცესს შეაჩერებს.
საქართველოს პროკურატურას:
არ დაუშვას ჟურნალისტ აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში, რაც დაარღვევს კონვენციითა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრ აბსოლუტურ ვალდებულებებს;
მხარი დაუჭიროს აფგან სადიგოვისთვის საექსტრადიციო პატიმრობის ზომის ცვლილებას და მის გათავისუფლებას, რაც, მათ შორის, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარეობს;
უზრუნველყოს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორი შეხვდეს აფგან სადიგოვის მეუღლესა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატებს და პირადად მიიღოს მათგან ინფორმაცია სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აზერბაიჯანში განცდილი დევნის შესახებ.
აფგან სადიგოვისა და მისი ოჯახის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სიახლეებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას.
[1]საქართველოში დაკავების შემდგომაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას „დაუყოვნებლივ” გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში დააკავეს
[2] ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანის შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ახალი ამბების ვებ-გვერდი Azel.Tv-ის დამფუძნებელი და ცნობილი ბლოგერი აფგან სადიგოვი ამხელდა სამთავრობო წრეებში კორუფციას და მასალას აქვეყნებდა როგორც საკუთარ Facebook გვერდზე აგრეთვე ვებ-გვერდზე, რითაც დიდ ყურადღებას იქცევდა. ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ღია კრიტიკის გამო, მის წინააღმდეგ მრავალი საქმე აღიძრა. ამ შემთხვევაშიც, არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ა. სადიგოვის აზერბაიჯაში ექსტრადირება მოითხოვება პროფესიული საქმიანობის გამო დასჯის მიზნით.
[3] აფგან სადიგოვის დაკავების შემდეგ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, Amnesty International-მა და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის წინააღმდეგ მოუწოდეს.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობები – საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის შესაბამისად – და უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვა მისი და მისი მეუღლისთვის, თუ ისინი ამას მოითხოვენ. ეჭვგარეშეა, რომ მის ექსტრადიციას აზერბაიჯანში თან ახლავს მისი უფლებების დარღვევის სერიოზული რისკები, მათ შორის წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთისა და არასამართლიანი სასამართლოს რისკები. სადიგოვის საქმე არის აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის აღმოფხვრის ტენდენციის გაგრძელება, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP 29)-წინ“, – აღნიშნა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.
[4] Human rigths watch ჯერ კიდევ 2018 წელს წერდა აფგან სადიგოვის პოლიტიკური ნიშნით დაკავებასთან დაკავშირებით: სამხრეთ აზერბაიჯანის რეგიონში მოქმედი საინფორმაციო ვებგვერდის AzelTV-ის დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს აფგან სადიგოვს სასამართლომ იანვარში ორნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ყალბი ხულიგნობის ბრალდებით. სადიგოვი ხშირად აფიქსირებდა ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სოციალური შეღავათების გაფლანგვის ბრალდებებს.
ინსტრუქცია