[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფგან სადიგოვისთვის საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას ითხოვს

1 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს. აფგან სადიგოვის სამართლებრივ ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს და პროცესის ფარგლებში ორგანიზაცია ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებასა და მის მიმართ პირადი თავდებობისა და გირაოს გამოყენებას. აფგან სადიგოვის პირადი თავდებობის მზადყოფნას სხვადასხვა ქართული მედიასაშუალების სანდო და ცნობილი წარმომადგენელი გამოხატავს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ადასტურებს აფგან სადიგოვის მიმართ აზერბაიჯანში წარდგენილი ბრალდების აშკარა უსაფუძვლობას და, მეორე მხრივ, აჩვენებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან პროფესიული საქმიანობის გამო მისი დისკრიმინაციული დევნის დასაბუთებულ ვარაუდს. ამასთან, ორგანიზაცია წარადგენს სამედიცინო დოკუმენტებს, რომლებიც აჩვენებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის გაქცევის და მართლმსაჯულებისთვის ხელისშეშლის არგუმენტის არარელევანტურობას.

აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან პროფესიული საქმიანობის გამო წლების განმავლობაში იყო არა ერთი უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნის მსხვერპლი და მიჩნეული იყო პოლიტიკურ პატიმრად. ეს გარემოება აღნიშნულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშსა და განცხადებაში (მათ შორის, Amnesty International-ის, Human Rights Watch-ის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს). ეს ორგანიზაციები საქართველოში მისი ექსტრადიციის საკითხსაც გამოეხმაურნენ და დაგმეს. მაგალითად,

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოში აფგან სადიგოვის დაკავების შემდეგ,  საქართველოს მთავრობას მოუწოდა  "დაუყოვნებლივ" გაეთავისუფლებინა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი.

Amnesty International-ისა და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის (IPI) განცხადებაში ვკითხულობთ: "საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აფგან სადიგოვის ექსტრადირების მცდელობები – საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და არგაძევების პრინციპის შესაბამისად – და უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვა მისი და მისი მეუღლისთვის, თუ ისინი ამას მოითხოვენ. ეჭვგარეშეა, რომ მის ექსტრადიციას აზერბაიჯანში თან ახლავს მისი უფლებების დარღვევის სერიოზული რისკები, მათ შორის წამების, თავისუფლების თვითნებური აღკვეთისა და არასამართლიანი სასამართლოს რისკები. სადიგოვის საქმე არის აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის აღმოფხვრის ტენდენციის გაგრძელება, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP 29) წინ."

როგორც ცნობილია, აფგან სადიგოვი თბილისში 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 4 აგვისტოს მას წინასწარი სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. აფგან სადიგოვის ექსტრადირებას აზერბაიჯანი მის წინააღმდეგ აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლით ითხოვს. თუმცა საქმის გარემოებებით დგინდება (რაზეც სოციალური სამართლიანობის ცენტრს სასამართლოს წარდგენილი აქვს არა ერთი არგუმენტი და მტკიცებულება), რომ სისხლისსამართლებრივი ბრალდება ჟურნალისტის მიმართ აშკარად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ჟურნალისტის ექსტრადირება აზერბაიჯანში სინამდვილეში პროფესიული საქმიანობის გამო მის დასჯას ისახავს მიზნად.

აფგან სადიგოვი azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, რომელიც აქტიურად წერს აზერბაიჯანში კორუფციასა და სოციალურ საკითხებზე. მისი პუბლიკაციები ხშირად ეძღვნება აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკასა და ადგილობრივი ოფიციალური პირების უკანონო საქმიანობას. აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ, ჯერ 2016 წელს და შემდეგ 2020 წელს გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2020 წელს პატიმრობის დროს მან 242 დღე იშიმშილა ციხეში. პატიმრობის შემდეგ დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე მან საქართველოში იმკურნალა და შემდეგ ისევ დაბრუნდა აზერბაიჯანში. თუმცა, მალევე მისთვის საფრთხისშემცველი გარემოებების გამო მალე ისევ საქართველოში დაბრუნდა.

2024 წლის ივლისის თვეში მას თბილისში მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები შემოუერთდნენ და მალევე საქართველოდან მესამე ქვეყანაში გადასვლა დააპირეს. თუმცა, 2024 წლის 17 ივლისს საქართველოს პოლიციამ აფგან სადიგოვს საქართველოდან გასვლის უფლება არ მისცა და  მხოლოდ ის განუმარტა, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას საქართველოდან წასვლა შეეძლო, ეს აზერბაიჯანი იყო[1].

აღნიშნული ინციდენტიდან მალევე, 2024 წლის 3 აგვისტოს პოლიციამ აფგან სადიგოვი თბილისში დააკავა და მას საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი უკვე 41 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე და საყურადღებოა.

დაკავების პარალელურად აფგან სადიგოვმა საქართველოს საერთაშორისო დაცვის თხოვნით მიმართა, სადაც აზერბაიჯანში მის პოლიტიკურ დევნას არა ერთი მტკიცებულებით ამტკიცებდა. თუმცა 17 სექტემბერს დაჩქარებული წესით, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა დევნილ ჟურნალისტს სრულიად დაუსაბუთებელი უარი განუცხადა და მიიჩნია, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს უფლების დარღვევის რისკები და ეს არც უშუალოდ აფგან სადიგოვის შემთხვევაში დგინდებოდა. აღნიშნულ საქმეს ამ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

ზოგადად აზერბაიჯანში აქტივისტების, ჟურნალისტებისა, პოლიტიკოსების მძიმე მდგომარეობას, მათ შორის, პატიმრობის დროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემურ პრაქტიკას, ფაბრიკაციული სისხლის სამართლებრივი დევნის შემთხვევებს, სასამართლოს პოლიტიზირებულობასა და კორუმპირებულობას, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი ოჯახების წევრების მუქარისა და ზეწოლის უმძიმეს ფაქტებს  ადასტურებს არა ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ანგარიში. [2]

ამ პირობებში აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 2014 წლის სადამსჯელო ღონისძიებების დაწყების შემდგომ, დევნის შიშით, არაერთმა აზერბაიჯანელმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა დატოვა ქვეყანა. ბევრმა მათგანმა საქართველოს შეაფარა თავი, თუმცა მოგვიანებით, განსაკუთრებით კი 2016 წლის შემდგომ, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის მჭიდრო და უკანონო ურთიერთობების შედეგად, აზერბაიჯანიდან დევნილი აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები უსაფრთხოების მაღალი რისკების წინაშე აღმოჩნდნენ. დაფიქსირდა, საზღვარზე არ შემოშვების, ბინადრობის ნებართვის მინიჭებაზე უარის, საქართველოში განხორციელებული ძალადობის ფაქტების არასათანადო გამოძიების, საერთაშორისო დაცვაზე უარის არა ერთი შემთხვევა. ცალკეული საქმეების ანალიზი აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ ლოიალობას ავლენს და ხშირად ჩანს ორი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არაფორმალური და უკანონო თანამშრომლობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების დაცვის უზენაეს სტანდარტებთან. საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო თანამშრომლობის პრაქტიკა ნათლად გამოჩნდა საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის უკანონო და ძალადობრივი გატაცების საქმეზე. 

იმ პირობებში, როდესაც აშკარაა, რომ აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და აქტივისტების უფლებრივი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და კრიტიკულია, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში მის მიმართ აბსოლუტური უფლებების (წამების აკრძალვა, სამართლიან სასამართლოზე უფლება) დარღვევას გამოიწვევს და, ამდენად, დაუშვებელია. ასეთ პირობებში მისი საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვება თავისუფლების უფლების თვითნებურ და უკანონო შეზღუდვა იქნება.

პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული ზომის გამოყენების მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზეა. იმ პირობებში, როცა აფგან სადიგოვი თბილისში მის ოჯახთან - მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე და გართულებულია, სასამართლოს გაუჭირდება პატიმრობის აუცილებლობისა და პროპორციულობის დასაბუთება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სათანადოდ შეაფასოს აფგან სადიგოვის საქმის კონტექსტი და მისი უფლებების დარღვევისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მაღალი რისკები და გააუქმოს საექსტრადიციო პატიმრობა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს სახალხო დამცველმა უფლების დარღვევა დაადგინა და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდა.  

[2] აღნიშნული ანგარიშების დეტალური მიმოხილვა ხელმისაწვდომია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ვრცელ მიმოხილვაში: https://socialjustice.org.ge/ka/products/afgan-sadigovistvis-saertashoriso-datsvaze-uari-usafudzvlo-da-tvitneburia

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“