[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / განცხადება

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს ღაზაში გენოციდის აღკვეთისთვის ყველა ზომის მიღება დაავალა

დღეს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) გამოიტანა გადაწყვეტილება სამხრეთ აფრიკის მოთხოვნასთან დაკავშირებით დაწესდეს დროებითი ზომები (provisional measures) ისრაელის წინააღმდეგ სასამართლოს წესდების 41-ე მუხლის შესაბამისად.

კერძოდ, სამხრეთ აფრიკის სარჩელი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ეფუძნებოდა გენოციდის პრევენციის და დასჯის შესახებ კონვენციას (შემდგომში გენოციდის კონვენცია), რომელიც სამხრეთ აფრიკის განცხადებით, ისრაელმა დაარღვია პალესტინელი ხალხის მიმართ ღაზაში განხორციელებული ქმედებებით. სარჩელში სამხრეთ აფრიკა აღნიშნავს, რომ „ისრაელის ქმედებები და უმოქმედობები არის გენოციდის ხასიათის, რადგან ჩადენილია წინასწარი განზრახვით ღაზას სექტორში პალესტინელი - როგორც ეროვნულად, რასობრივად და ეთნიკურად ცალკე მდგომი ხალხის - ერთი ნაწილის განადგურების მიზნით“. ასევე, სამხრეთ აფრიკის განცხადებით, ისრაელის სახელმწიფო ორგანოების და მისი კონტროლის ქვეშ მყოფი სხვა დაჯგუფებების/ადამიანების მიერ ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის გენოციდის კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებებთან.

საქმის საბოლოო შინაარსობრივ გადაწყვეტამდე, ნამდვილად დაარღვია თუ არა ისრაელმა გენოციდის კონვენცია, სამხრეთ აფრიკა სასამართლოსგან ითხოვდა დაეწესებინა დროებითი ზომები, რაც კონკრეტულად გულისხმობს შემდეგს:

  • ისრაელმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი სამხედრო მოქმედებები ღაზას სექტორში;
  • ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სხვა სამხედრო და არარეგულარული დაჯგუფება რომელიც მისი კონტროლის ქვეშ მოქმედებს ღაზას სექტორში, შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს.
  • მიიღოს ყველა საჭირო ზომა გენოციდის პრევენციისთვის;
  • გენოციდის კონვენციის შესაბამისად უნდა შეწყვიტოს ა) კონკრეტული ჯგუფის წევრების მკვლელობა; ბ) სერიოზული სხეულებრივი და მენტალური ზიანის მიყენება; გ) გამიზნულად ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ჯგუფის მთლიან ან ნაწილობრივ განადგურებას იწვევს დ) ისეთი ზომების მიღება, რაც შობადობის პრევენციას იწვევს;

ისრაელი არ დაეთანხმა დროებითი ზომების დაწესების მოთხოვნას და ითხოვს სასამართლომ საქმე განსახილველთა სიიდან ამოიღოს.

სასამართლოს 26 იანვრის გადაწყვეტილებით, სამხრეთ აფრიკას აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს გენოციდის კონვენციის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან გენოციდის პრევენცია და დასჯა განეკუთვნება ე.წ. erga omnes საერთაშორისო ვალდებულებას, რაც გულისხმობს ვალდებულებას, რომელიც მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე არსებობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მას აქვს იურისდიქცია განიხილოს დროებითი ზომების დაწესების მოთხოვნა. სასამართლომ დეტალურად განიხილა ის მტკიცებულებები, რაც ღაზას სექტორში არსებულ „კატასტროფულ ჰუმანიტარულ კრიზისზე“ მიუთითებს, დაადგინა, რომ სამხრეთ აფრიკის მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომები (ნაწილობრივ) შესაბამისობაში მოდიოდა პალესტინელების უფლებასთან, დაცული იყვნენ გენოციდისგან, ასევე სამხრეთ აფრიკის უფლებასთან მოითხოვოს გენოციდის დასჯა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ისრაელის მიერ სამხედრო ოპერაციის გაგრძელება გამოიწვევდა შეუქცევად ზიანს გენოციდის კონვენციით დაცულ მიზნებთან მიმართებაში და ისრაელის ქმედებები ამ ზიანის თავიდან ასარიდებლად არ იყო საკმარისი.

შესაბამისად, სასამართლომ შემდეგი დროებითი ზომების მიღება დაავალა ისრაელს:

1) ისრაელმა, გენოციდის კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებებთან შესაბამისობაში უნდა მიიღოს ყველა ზომა გენოციდის პრევენციის მიზნით.

2) ისრაელმა, გენოციდის კონვენციით დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, უნდა აღკვეთოს ყველა ქმედება, რომელიც გამოიწვევს ა) ჯგუფის წევრთა მკვლელობას ბ) ჯგუფის წევრების სერიოზულ ფიზიკურ ან მენტალურ ზიანს; გ) გამიზნულად ისეთი პირობების შექმნას, რომელიც გამოიწვევს ჯგუფის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას; დ) ისეთი ზომების მიღება, რაც შობადობის პრევენციას იწვევს;

3) უზრუნველყოს დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული დახმარება და საბაზისო სერვისები ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის;

4) არ გაანადგუროს და უზრუნველყოს ყველა მტკიცებულების შენახვა, რაც უკავშირდება გენოციდის კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.

5) 1 თვის ვადაში სასამართლოს წარუდგინოს ანგარიში მიღებული ზომების შესახებ;

სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნა სამხედრო ოპერაციის შეწყვეტასთან დაკავშირებით. სასამართლომ ასევე მოითხოვა 7 ოქტომბრის შემდეგ, ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელელი ტყვეების დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“