[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა პრემიერ მინისტრის და ისრაელის თავდაცვის მინისტრის დაკავების ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიმართა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების ფარგლებში, რომელიც პალესტინაში ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საკითხს ეხება, ახალი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პროცესები დაიწყო.

20 მაისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა დაკავების ორდერის გამოცემის მოთხოვნით მიმართა ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენჟამინ ნათანიაჰუს და ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, და ასევე ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის - ჰამასის სამი ლიდერის, მიმართ.

საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებით, ისრაელის პრემიერ მინისტრს და თავდაცვის მინისტრს, ბრალად ედებათ პალესტინის ტერიტორიაზე (ღაზას სექტორში) სულ მცირე 2023 წლის 8 ოქტომბრიდან ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენა, მათ შორის: განადგურება ან/და მკვლელობა როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, დევნა, წამება, განზრახ მკვლელობა, როგორც ომის დანაშაული, სამოქალაქო პირებზე განზრახ თავდასხმა, სამოქალაქო პირების შიმშილი, როგორც ომის მეთოდის გამოყენება და სხვა.

ჰამასის ლიდერებს, ბრალად ედებათ ისრაელის ტერიტორიაზე და ღაზას სექტორში ომის დანაშაულების და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენა სულ მცირე, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან. ამ დანაშაულებს შორის არის: განადგურება, მკვლელობა, მძევლების აყვანა, გაუპატიურება და სხვა სექსუალური ხასიათის ძალადობა, წამება და სხვა სახის არაადამიანური მოპყრობა, ადამიანის ღირსების შელახვა და სხვა.

პროკურორის ოფისის თქმით, ის იძიებს რომის წესდებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, როგორც ისრაელი-პალესტინის საერთაშორისო კონფლიქტის, ასევე ისრაელსა და ჰამასს, და პალესტინის სხვა შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტის ფარგლებში.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პალესტინის სიტუაციის წინასწარი მოკვლევა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო, მას მერე რაც პალესტინა რომის სტატუტის წევრი ქვეყანა გახდა. ხოლო პროკურორმა 2021 წელს ოფიციალურად გახსნა გამოძიება.

რომის წესდების 58-ე მუხლის მიხედვით, პროკურორის მიმართვაზე დაკავების ორდერების გაცემასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს წინასასამართლო პალატამ და ამ მიმართვას პალატა დააკმაყოფილებს, თუ არსებობს გონივრული ეჭვი რომ დასახელებულმა პირებმა ჩაიდინეს რომის წესდებით გათვალისწინებული დანაშაულები. წესდება არ განსაზღვრავს რა ვადაში უნდა განიხილოს სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა. ისტორიულად, წინასასამართლო პალატას რამდენიმე თვე სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად, მაგალითად სუდანის ყოფილი მმართველის წინააღმდეგ მან დაკავების ორდერი 9 თვეში გამოსცა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის წინააღმდეგ დაკავების ორდერის გამოსაცემად სულ 1 თვე დასჭირდა. სასამართლო არ განიხილავს საქმეებს დაუსწრებლად (in absentia) და ასევე არ ჰყავს საკუთარი აღმასრულებლები, ის დამოკიდებულია 124 წევრი ქვეყნის თანამშრომლობაზე, იმისათვის რომ გადასცეს ეჭვმიტანილი პირი სასამართლოს, რისი ვალდებულებაც მათ წესდების 86-ე მუხლის მიხედვით აქვთ. წევრი ქვეყნები ვალდებული არიან დააკავონ და სასამართლოს გადასცენ ის პირები, ვისზეც სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა და მათ იურისდიქციაში იმყოფება. აქვე აღსანიშნავია, რომ ისრაელი არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, თუმცა ის პირები ვისზეც, დაკავების ორდერი გაიცა ნებისმიერი სხვა ქვეყნის სამართალდამცავების მიერ შეიძლება იქნან დაკავებული და გადაცემული ჰააგაში.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მინიმუმ 32,552 პალესტინელი დაიღუპა და 74,980 დაშავდა ისრაელის სამხედრო შეტევისას ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ. აპრილის თვის ბოლოს ქალაქ იუნისში, ღაზას სიდიდით მეორე ქალაქში აღმოაჩინეს მასობრივი სასაფლაო, სადაც ამ დროისთვის 392 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის, ქალების, ბავშვების, მოხუცების. მსგავსი მასობრივი სასაფლაო დაფიქსირდა ღაზას ქალაქ ალ-შიფას ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში საომარი მოქმედებების დაწყებამდე იყო ყველაზე დიდი სამედიცინო დაწესებულება ღაზაში. ადგილზე მომუშავე უფლებამდაცველების ცნობით, გარდაცვლილი ადამიანების ნაწილს ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდათ, ეტყობათ წამების კვალი და ჩნდება ეჭვი, რომ ადამიანების ნაწილი სიკვდილით დასაჯეს ან ცოცხლად დამარხეს. განსაკუთრებით შემზარავი იყო 26 მაისს ისრაელის მძიმე თავდასხმის ეპიზოდი ქალაქ რაფაზე, „უსაფრთხო ზონად“ მონიშნულ ადგილზე, სადაც დევნილები აფარებდნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა მინიმუმ 21 ადამიანი, მათ შორის 13 ქალი და გოგონა. რაფას, ღაზას ყველაზე სამხრეთ რაიონს, რომელიც ესაზღვრება ეგვიპტეს 1 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი აფარებს თავს. ამ თავდასხმის შემდეგ დევნილების დიდი ნაწილი იძულებულია დატოვეს ეს ადგილიც, ისრაელის თავდასხმების გაძლიერების რისკის გამო. რაფაში და მის გარშემო ზოლში საავადმყოფოები განადგურების პირასაა და ადგილზე ჰუმანიტარული კატასტროფაა.

28 მაისს, ისრაელის ქმედებების დაგმობის ნიშნად ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ ოფიციალურად აღიარეს პალესტინის სახელმწიფო.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“