საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დოკუმენტი თარგმნა მარიამ ბეგაძემ
პალესტინელებისთვის 1948 წლის ომს „კატასტროფა“ (ალ-ნაკბა) მოჰყვა, რომლის დროსაც დაახლოებით 700 000-მა პალესტინელმა დატოვა, ან გამოაძევეს საცხოვრებელი სახლიდან ბრიტანეთის მანდატის ქვეშ მყოფ პალესტინის ტერიტორიაზე, ისრაელის სახელმწიფოს კი ამავე ომმა ‘დამოუკიდებლობა’ მოუტანა. ასობით პალესტინური სოფელი და ქალაქი გაიწმინდა. 1967 წლის ომმა პალესტინელების „უკუსვლა" (ალ-ნაქსა) გამოიწვია, რა დროსაც დაახლოებით 300 000-მა პალესტინელმა კვლავ დაკარგა სახლი, ხოლო ისრაელმა დასავლეთ სანაპიროს, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმის (შემდგომში ისრაელმა მიმდებარე სოფლებთან ერთად მისი ანექსირებაც მოახდინა) და ღაზის სექტორის ოკუპაცია მოახდინა. ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის დასახლებების შექმნის პოლიტიკის დასაბამი აღმოჩნდა.
2005 წელს ისრაელმა ღაზიდან გამოიყვანა ქვეითი ძალები და იქ არსებული დასახლებები, თუმცა შეინარჩუნა კონტროლის რამდენიმე საშუალება, მათ შორის საჰაერო სივრცეზე, ტერიტორიულ წყლებზე, სახმელეთო გამშვებ პუნქტებზე, და მოსახლეობის რეესტრზე. 2007 წლის ზაფხულში, ჰამასმა, პოლიტიკურმა მოძრაობამ შეირაღებული ფრთით, ძალადობრივი გზით მოიპოვა კონტროლი ღაზის სექტორზე, რის საპასუხოდაც, ისრაელმა სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ბლოკადა დააწესა.
მას შემდგომ, ჰუმანიტარული და ეკონომიკური სიტუაცია ღაზის სექტორში კატასტროფულია. ღაზაში 2 მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს, რომელთაგან ნახევარზე მეტი არასრულწლოვანია. ისრაელის სამხედრო ძალებსა და ღაზის სექტორის შეირაღებულ დაჯგუფებებს შორის პერიოდულ საომარ მოქმედებებს ადგილი ჰქონდა 2008-2009, 2012, 2014, 2021 და 2022 წლებში. პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გაეროს იმჟამინდელმა სპეციალურმა მომხსენებლმა მაიქლ ლინქმა 2018 წლის ოქტომბერში აღნიშნა, რომ „ეკონომიკით თავისუფალ ვარდნაში, ახალგაზრდებს შორის 70%-იანი უმუშევრობის დონით, ფართოდ დაბინძურებული სასმელი წყლით და ჩამოშლის პირას მყოფი ჯანდაცვის სისტემით, ღაზა საცხოვრებლად შეუსაბამო გახდა.“
ისრაელის აწ უკვე 56-წლიანი გახანგრძლივებული ოკუპაციის შედეგად, დიდი ხანია შეშფოთებას იწვევს სიტუაცია დასავლეთ სანაპიროზეც, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც საგრძნობლად გაუარესდა წლის დასაწყისიდან; გაერო-მ დაადასტურა, რომ 2023 ყველაზე მომაკვდინებელი წელი იყო პალესტინელებისთვის, დასავლეთ სანაპიროზე 2005 წელს აღრიცხვის დაწყებიდან. გარდა ამისა, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე „[ისრაელელ] დასახლებულებთან დაკავშირებული ინციდენტების ყველაზე მაღალი დღიური საშუალო მაჩვენებელი“ დაფიქსირდა, რამაც 1105 პალესტინელის იძულებით გადაადგილება გამოიწვია. ისრაელის სამხედროებმა თებერვალში ნაბლუსის მახლობლად ქალაქ ჰუვარაში დასახლებულთა განსაკუთრებით შემზარავი თავდასხმა "პოგრომად" მოიხსენიეს. იმავდროულად, ისრაელის ისტორიაში ყველაზე ულტრამემარჯვენე მთავრობამ გააგრძელა ანექსიონისტური პოლიტიკა, ფინანსთა მინისტრმა და მინისტრმა თავდაცვის სამინისტროში ბეზალელ სმოტრიჩმა ამ წლის მაისში გამოაცხადა, რომ დასავლეთ სანაპიროზე (აღმოსავლეთ იერუსალიმის გამოკლებით) კიდევ 500 000 დასახლების განთავსება იგეგმებოდა. სხვა შემაშფოთებელ მოველენებთან ერთად, დაძაბულობამ იმატა იერუსალიმშიც, ულტრანაციონალისტი ეროვნული უშიშროების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის ტაძრის მთაზე/ჰარამ ალ-შარიფში რამდენიმე კონტროვერსიული ვიზიტის და ალ-აქსას მეჩეთთან ძალადობრივი საპოლიციო რეიდების პარალელურად.
„მწვანე ხაზის“ მეორე მხარეს, წლის დასაწყისიდან ათასობით ისრაელელი გამოდის ქუჩებში საპროტესტო აქციებზე ე.წ. ‘სასამართლო რეფორმის’ - მმართველი კოალიციის პოლიტიკურ-კონსტიტუციური წყობის შეცვლის გეგმის - წინააღმდეგ. კრიტიკოსები შიშობენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები ძირს უთხრის სამართლის უზენაესობას, ძალაუფლების გამიჯვნას, ასევე სასამართლო ზედამხედველობას ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებზე და გრძელვადიან პერსპექტივაში მთავრობას საშუალებას მისცემს გააღრმავოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისრაელის პალესტინელი მოქალაქეები ასევე აკრიტიკებენ ხელისუფლებას იმის გამო, რომ ვერ შეაჩერეს ძალადობრივი დანაშაულების ზრდა ისრაელელების დასახლებებში.
წლების განმავლობაში, ისრაელი, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია და ჰამასის მიერ კონტროლირებული დე ფაქტო მმართველობა ღაზაში სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას ცდილობს.
ინსტრუქცია