საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თავი 2
2012 წელი:
მონაცვლეობა თუ მარცხი?
ისტორია ჯიუტად აჩვენებს, რომ ყველა დიქტატურა და მმართველობის ავტორიტარული სისტემა წარმავალია. მდგრადია მხოლოდ დემოკრატიული სისტემები.
ვლადიმერ პუტინი, 1999 წ.
ილინის წარმოდგენები „უცოდველ ერზე“ სტაბილური სახელმწიფოს შესაქმნელად საჭირო ძალისხმევას ანაცვლებს. თუკი ამტკიცებ, რომ რუსეთის მხსნელი მსოფლიოს მოხიბლავს, ეს ნიშნავს, რომ გაურბიხარ კითხვას, თუ როგორ ააშენებს ის პოლიტიკურ ინსტიტუტებს. ვლადიმერ პუტინმა, რომელიც 2011-სა და 2012 წლებში არჩევნები გააყალბა, გმირის მანტია მოირგო და ქვეყანა ილინის დილემის წინაშე დააყენა: სანამ ის ცოცხალია, არავის შეუძლია შეცვალოს რუსეთის მდგომარეობა უკეთესობისკენ და არავინ იცის, რა მოხდება მისი სიკვდილის შემდეგ.
ილინის ფაშისტმა თანამედროვეებმა საკუთარ წარმოსახვაში მდგრადობის პრობლემა გადაჭრეს. 1940 წელს რუმინელმა ალექსანდრუ რანდამ განაცხადა, რომ ფაშისტი ლიდერები „ხალხს აქცევენ არმიად, საზღვრებისგან თავისუფალ corpus mysticus-ად [მისტიკურ სხეულად]“. მხსნელის ქარიზმა ხალხს ისტორიის საზღვრებს მიღმა აყენებდა. ადოლფ ჰიტლერი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ რასობრივ ბრძოლას ჰქონდა მნიშვნელობა და რომ ებრაელების განადგურება ხელს შეუწყობდა ბუნების მარადიული წონასწორობის შენარჩუნებას. „ათასწლიანი რაიხი“ თორმეტი წელი გაგრძელდა, ჰიტლერმა თავი მოიკლა. ვერც სახელმწიფო გადარჩა. პოლიტიკური სტაბილურობის პრობლემას ვერ წყვეტენ ისინი, ვინც მხოლოდ აწმყოზე ფიქრობს.
სახელმწიფოს ეფექტურობა მოქალაქეებს უწყვეტობის განცდას უქმნის. თუ სახელმწიფო სტაბილურია, მოქალაქეებს შეუძლიათ, შიშის გარეშე იფიქრონ ცვლილებებზე. ძალაუფლების გადაცემის მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო ლიდერზე დიდხანს იცოცხლებს, ხოლო დემოკრატია სწორედ ამგვარი და ფართოდ გავრცელებული მექანიზმია. ყოველი არჩევნების აზრი ისაა, რომ ის მომდევნო არჩევნებს გვპირდება. ვინაიდან ყველა მოქალაქეს შეუძლია დაუშვას შეცდომა, დემოკრატია დაშვებული შეცდომების ერთობლიობას გარდაქმნის მომავლის საერთო რწმენად. ამის შემდეგ ისტორიაც გრძელდება.
ინსტრუქცია