საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თავი 1
2011 წელი: ინდივიდუალიზმი თუ ტოტალიტარიზმი?
ქვეყანას კანონი იცავს, უკანონობა კი ანადგურებს.
„საგა ნაიანზე“, დაახლოებით 1280
სუვერენია ის, ვინც იღებს გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ.
კარლ შმიტი, 1922
პოლიტიკის გარდაუვალობის იდეა ამ იდეისთვის არსის გამოცლაა. ისინი, ვინც „გარდაუვალობის პოლიტიკის“ ზეგავლენის ქვეშ არიან, უარყოფენ, რომ იდეები მნიშვნელოვანია. ეს კი მოსაზრებას ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთ ძლევამოსილ იდეას ემონებიან. „გარდაუვალობის პოლიტიკის“ დროშაზე აწერია, რომ ალტერნატივა არ არსებობს. თუკი ამ ყველაფერს ეთანხმები, ეს ნიშნავს, რომ უარყოფ პირად პასუხისმგებლობას, არ შეგიძლია ისტორია გაიაზრო და ცვლილებებზე იფიქრო. ცხოვრება სასაფლაოზე წინასწარ შერჩეულ, ფასიანი ადგილისკენ სიზმრისეულ სვლად იქცევა.
„მარადიულობა“ ისევ აღდგება „გარდაუვალობისგან“, როგორც სული გვამიდან. „გარდაუვალობის“ პოლიტიკის კაპიტალისტური ვერსია, როცა ბაზარი ანაცვლებს პოლიტიკას, წარმოშობს ეკონომიკურ უთანასწორობას, რომელიც ძირს უთხრის პროგრესის რწმენას. როცა სოციალური მოძრაობები იყინება, „გარდაუვალობას“ მარადიულობა ანაცვლებს, დემოკრატიას კი − ოლიგარქია. ოლიგარქი, რომელიც ზღაპრებს ჰყვება უმწიკვლო წარსულის შესახებ, და ხშირად, ფაშისტურ იდეებს იშველიებს, ცრუ დაცვას ჰპირდება ადამიანებს, რომელთაც რეალურად სტკივათ. რწმენა, თითქოს ტექნიკური პროგრესი და ტექნოლოგიები თავისუფლებას ემსახურება, ამ ამოცანის შესრულებას აიოლებს. მაშინ, როცა დაბნეულობას კონცენტრაცია ენაცვლება, მომავალი სევდიანი აწმყოთი ნაცვლდება, ხოლო მარადიულობა ბანალურ ყოველდღიურობად იქცევა. ოლიგარქი გამონაგონი სამყაროდან რეალურ პოლიტიკაში ინაცვლებს და მითებისა და ხელოვნური კრიზისების საშუალებით მართავს. 2010-იან წლებში ერთი ასეთი ადამიანი, ვლადიმერ პუტინი დაეხმარა მეორეს − დონალდ ტრამპს, გაევლო გზა ფიქტიურიდან რეალურ ხელისუფლებამდე.
პირველად „მარადიულობის“ პოლიტიკა რუსეთმა დაამკვიდრა. როცა რუს ლიდერებს ეს იდეა ქვეყნის გარეთ გააქვთ, სინამდვილეში, საკუთარ თავს და საკუთარ ქონებას იცავენ. ოლიგარქმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ მასწავლებლად ფაშისტი ფილოსოფოსი ივან ილინი აირჩია. 1953 წელს ჩესლავ მილოში წერდა, რომ „ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მოქალაქეებმა, როგორც წესი, სატანჯველის გამოვლის შემდგომ გააცნობიერეს, რომ რთული და ძნელი ფილოსოფიური წიგნები მათ ცხოვრებაზე ზემოქმედებს“. ივან ილინი რამდენიმე ფილოსოფიური წიგნის ავტორია, რომელთაც ახლაც დიდი წონა აქვს. 1990-2000 წლებში რუსულმა ხელისუფლებამ 1954 წელს გარდაცვლილი ილინის წიგნებს მეორე სიცოცხლე მიანიჭა, ხოლო ფაშიზმი, რომლითაც ოლიგარქები შეიარაღდნენ, დაეხმარა ქვეყნის ლიდერებს „გარდაუვალობიდან“ „მარადიულობისკენ“ გაეგრძელებინათ სვლა.
ილინის ეპოქის, 1920-იანი და 1930-იანი წლების ფაშიზმს სამი ძირითადი მახასიათებელი ჰქონდა: თვითნებობას და ძალადობას გონიერებასა და სამართლიანობაზე მაღლა აყენებდა; ამტკიცებდა, რომ ლიდერს საკუთარ ხალხთან მისტიკური კავშირი აქვს და გლობალიზაციას აღიქვამდა, როგორც შეთქმულებას და არა როგორც პრობლემების ერთობლიობას. დღეს „მარადიულობის პოლიტიკის“ სახით აღორძინებული ფაშიზმი, უთანასწორობის პირობებში კატალიზატორად იქცა ოლიგარქებისთვის, რათა საზოგადოებრივი დისკუსია ფიქტიური პოლიტიკით ჩაანაცვლონ, კონსტრუქციული ხმის მიცემის პროცედურა − დემოკრატიული პროცესის იმიტაციით, ხოლო კანონის უზენაესობა − პერსონალისტური რეჟიმით. ისტორია არასდროს მთავრდება, ალტერნატივები კი ყოველთვის არსებობს. ერთი ასეთი ალტერნატივა ილინია. ის არ ყოფილა ერთადერთი ფაშისტი მოაზროვნე, რომელიც ჩვენმა თანამედროვეებმა მკვდრეთით აღადგინეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის. ის მონობისკენ მიგვიძღვება, ბნელი გზებით გვატარებს „გარდაუვალობის პოლიტიკიდან“ მარადიულობამდე. ილინის იდეების გაცნობისა და მისი გავლენის მასშტაბის გაცნობიერების შემდეგ, შევძლებთ თვალი მივადევნოთ ამ გზას, მოვათვალიეროთ ლამპიონები და გასასვლელები. ეს ისტორიულ აზროვნებას ნიშნავს: გაგვიჩნდება შეკითხვა, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს წარსული ეპოქების იდეებს აწმყოსთვის; თუკი გლობალიზაციის ხანას, რომლის თანამედროვეც იყო ილინი, დღევანდელ დღეს შევადარებთ, გავაცნობიერებთ, რომ შესაძლებლობები წარსულშიც იყო, ახლაც არის და რომ ისინი ორზე მეტია. „გარდაუვალობას“ ბუნებრივად ფარავს „მარადიულობის“ ფარდა, მაგრამ სანამ ის ბოლომდე ჩამოშვებულა, ალტერნატივები უნდა ვიპოვოთ. „მარადიულობის“ არჩევით ვწირავთ ინდივიდუალობას და ვეღარ ვხედავთ მეტ შესაძლებლობას. „მარადიულობის“ იდეა გულისხმობს, რომ იდეები აღარ არსებობს.
1991 წელს, როცა სსრკ დაიშალა, „გარდაუვალობის პოლიტიკის" ამერიკელმა ადეპტებმა განაცხადეს, რომ „ისტორიის დასასრული“ დადგა. ამავდროულად, რუსების ნაწილი, რომელიც ახალ ავტორიტეტებს ეძებდა, ქვეყნის იმპერიულ წარსულს მიუბრუნდა. საბჭოთა კავშირს, რომელიც 1922 წელს შეიქმნა, მემკვიდრეობად რუსეთის იმპერიის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი ერგო. საიმპერატორო სამფლობელოები ევროპის ცენტრიდან წყნარ ოკეანემდე, არქტიკიდან კი − ცენტრალურ აზიამდე იყო გადაჭიმული. მართალია, მეოცე საუკუნის დასაწყისში ქვეყნის მოსახლეობა ძირითადად გლეხობისა და მომთაბარეებისგან შედგებოდა, მაგრამ რუსული საშუალო კლასი და ინტელიგენცია მაინც მსჯელობდა, როგორ მოეხდინა თვითმპყრობელობის მიერ მართული ქვეყნის მოდერნიზაცია.
თავადების ოჯახში 1883 წელს დაბადებული ილინი თავისი თაობის ტიპური წარმომადგენელი იყო. 1900-იანი წლების დასაწყისში მასაც სურდა, რომ რუსეთი სამართლებრივი სახელმწიფო გამხდარიყო. პირველი მსოფლიო ომისა და ბოლშევიკური რევოლუციის (1917) შემდეგ ილინი მებრძოლ კონტრრევოლუციონერად იქცა, რაღაც დროის მერე კი − ბოლშევიზმის საპირწონედ შექმნილი ქრისტიანული ფაშიზმის დოქტრინის ავტორად.
1922 წელს საბჭოთა კავშირის შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, ილინი რუსეთიდან გაასახლეს (ე.წ. ფილოსოფიური გემით). ბერლინში მუშაობის დროს ილინმა სსრკ-ს მტრებს მოქმედების გეგმა შესთავაზა. ისინი, „თეთრები“, „წითლებს“ დიდხანს და სასტიკად ებრძოდნენ, მაგრამ ილინის მსგავსად, ბოლოს პოლიტიკურ ემიგრაციაში მოუწიათ გამგზავრება. მოგვიანებით, საკუთარ შრომების სახით ილინმა რუსეთის მომავალი ლიდერებს, რომლებიც ხელისუფლებაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უნდა მოსულიყვნენ, სამოქმედო გეგმა შეუდგინა. ილინი შვეიცარიაში გარდაიცვალა 1954 წელს.
1991 წლის შემდეგ, როცა სსრკ-ს ნანგრევებზე წარმოიქმნა რუსეთის ფედერაცია, ილინის კრებული „ჩვენი ამოცანები“ ხელახლა დაბეჭდეს და მისი შრომების გამოცემაც დაიწყეს, ილინის დოქტრინას გავლენიანი მიმდევრები გამოუჩნდნენ. 2005 წელს პუტინმა გასცა ბრძანება, მოსკოვში გადმოესვენებინათ უცხოეთში გარდაცვლილი ფილოსოფოსი, ხოლო 2006 წელს ემისრები გააგზავნა ილინის არქივის დასაბრუნებლად, რომელიც ავტორის სიკვდილის შემდეგ როგორღაც მიჩიგანის უნივერსიტეტში მოხვდა. იმ ხანად პუტინმა ილინის ციტატები დაიმოწმა თავის ყოველწლიურ წერილში რუსეთის პარლამენტის ფედერალური ასამბლეის მიმართ. 2010-იან წლებში პუტინი იშველიებდა ილინის ავტორიტეტს, რათა გაემართლებინა ევროკავშირისთვის ზიანის მიყენება და უკრაინაზე თავდასხმა. როცა პუტინს სთხოვეს, დაესახელებინა საყვარელი ისტორიკოსი, მან ილინზე ილაპარაკა, როგორც ავტორიტეტზე ისტორიის საკითხებში.
ინსტრუქცია