საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სტატია მომზადებულია მშვიდობის პლატფორმის წევრის მიერ. მშვიდობის პლატფორმა აერთიანებს მშვიდობისა და კონფლიქტების თემით დაინტერესებული სტუდენტების/ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც სექტემბრიდან მარტის ჩათვლით მონაწილეობდნენ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ლექცია-დისკუსიებში.
შესავალი
არგაღიზიანების პოლიტიკა საქართველოს მთავრობის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთისადმი გატარებული პოლიტიკის არაოფიციალური სახელწოდებაა, რომელსაც უფრო ფართოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „სტრატეგიულ მოთმინებას“ უწოდებენ (კუნჭულია, 2023). ამგვარი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია საქართველოსთვის ახალი არ არის, ის ჯერ კიდევ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დაინერგა, თუმცა მისი შინაარსი და მიზანი დროთა განმავლობაში შეიცვალა.
რუსეთი რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ეს ბოლო 34 წლის განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა - საქართველოში სეპარატისტული მოძრაობების წახალისება 1992-1993 წლებში, რომელიც აფხაზეთის ომში გადაიზარდა, ხოლო შემდგომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, რომლითაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. სწორედ 2008 წლის ომი და მასზე დასავლეთის მხრიდან სუსტი პასუხი შეიძლება ჩაითვალოს იმ მწვანე შუქად, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის შემდგომ აგრესიას უკრაინაში 2014 და 2022 წლებში, საქართველოში ბორდერიზაციის პროცესს და სხვადასხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას (Dickinson, 2021).
ომის შემდგომ მალევე, საქართველოს ხელისუფლებამ აგრესორის მიმართ უჩვეულო ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური დაახლოების მიმართულებით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო და მოიწვია რუსული ბიზნესი ინვესტირებისთვის საქართველოში (Civil Georgia, 2012). თუმცა, ეკონომიკური დაახლოების კომპონენტის მიზნები განსხვავებულად აღიქმებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებებისთვის - ენმ-სთვის ეს იყო ნეოლიბერალური ეკონომიკის ნაწილი, რომელიც ვერ ხედავდა პრობლემას უსაფრთხოებისთვის ეკონომიკური დაახლოების პირობებში (Gugeshvili, 2016). ამ პოლიტიკის პარალელურად, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება თავს არ იკავებდა და აქტიურად მუშაობდა არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად, აქტიურად გამოდიოდა რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქნებოდა ეს ევროპის საბჭო, გაერო და ა.შ. მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ეკონომიკურმა დაახლოებამ პოლიტიკური მნიშვნელობაც შეიძინა, როგორც რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების გზამ, და სწორედ „არგაღიზიანების“ ან/და „სტრატეგიული მოთმინების“ სახით გამოვლინდა (Lebanidze & Kakachia, 2023). დღეს არსებული საგარეო პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სწორედ „არგაღიზიანების პოლიტიკის“ პარადიგმიდან მისი გაანალიზება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან, შესაძლოა, ამით გაეცეს პასუხი კითხვას, რამდენად იყო გამოყენებული „არგაღიზიანების პოლიტიკა“ პროდასავლური პოლიტიკის დასრულებისთვის და ხელისუფლების განმტკიცებისთვის ბოლო წლების განმავლობაში.
ამ საკითხის გასაანალიზებლად, ავტორმა სამაგიდო კვლევის გზით დაამუშავა მეორეული წყაროები, ასევე აიღო ინტერვიუები დარგის ექსპერტებთან - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებთან (სამი ინტერვიუ). ექსპერტებთან სიღრმისეული ინტერვიუს ფარგლებში ნახევრად სტრუქტურირებულ ფორმატში ჩატარებულმა ინტერვიუებმა, შესაძლებლობა მოგვცა მკაფიოდ და ყოვლისმომცველად გაგვეგო ექსპერტთა მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით.
ჩატარებული ექსპერტული ინტერვიუების მონაწილეთა ვინაობა კოდირებულია და ანონიმურობის პრინციპის დაცვით, გასაჯაროებას არ ექვემდებარება.
მეორეულ წყაროებად გამოვიყენეთ დოკუმენტური წყაროები, არსებული სამეცნიერო ლიტერატურა, პოლიტიკის დოკუმენტები, ოფიციალური დოკუმენტები და ა.შ., რაც საჭირო იყო აკადემიურ სივრცეში არსებული ლიტერატურის გაანალიზებისთვის.
ევროინტეგრაციისა და საგარეო პოლიტიკის კონტექსტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ყურადსაღები საკითხია საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ბუნებრივია, საერთაშორისო პოლიტიკა მუდმივად იცვლება, თუმცა უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ტურბულენტობით ხასიათდება და, თავის მხრივ, ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის პირობებში, საქართველოსთვის, გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი კონტექსტიდან ამოსვლა მნიშვნელოვანია, თუმცა იმ მოცემულობაში, როდესაც სახელმწიფო ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, მნიშვნელოვანია იმაზე კონცენტრაციაც, თუ რამდენად შეესაბამება სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის ძირითად მიდგომებსა და პრინციპებს.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველო ინარჩუნებდა ზომიერ თავსებადობას ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, რაც განპირობებული იყო იმ გეოპოლიტიკური საფრთხეებითა და რეალობით, რომელშიც მას უწევდა ყოფნა. თუმცა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი აღნიშნავს, უსაფრთხოების კონტექსტში „არგაღიზიანების პოლიტიკა“ კარგავს აზრს, რადგან ქვეყანამ, მართალია, შეიძლება არ გააღიზიანოს მოწინააღმდეგე, მაგრამ ამის საპირწონედ ყველაფერი გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის მხრიდან ნაბიჯები არ იდგმება და „არგაღიზიანების პოლიტიკა“ გარდაიქმნება დანებების პოლიტიკად.[1] მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან პოლიტიკური კავშირები საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად არ აღუდგენია, ნაბიჯები, რომლებსაც ის დგამს, კითხვებს ბადებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. „არგაღიზიანების“ საფარქვეშ თავდაცვის ხარჯების შემცირება საქართველოს მოწყვლადობას ზრდის პირველ რიგში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ. ეს ტენდენცია 2008 წლის ომის შემდგომ გამოიკვეთა, თუმცა განსაკუთრებით დაბალ ნიშნულებს 2012 წლიდან მიაღწია, როდესაც თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2%-დან 2012 წელს, 2025 წლისთვის 1,6%-მდე შემცირდა (ელიზბარაშვილი, 2024).
თავდაცვის ხარჯების შემცირებასთან ერთად სულ უფრო თავშეკავებული გახდა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია NATO-ში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. 2012 წლიდან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რუსეთის არგაღიზიანების მიზნით, NATO-სთან მიმართებით ასევე ამჯობინებდა პრაგმატული და თავშეკავებული პოლიტიკის გატარებას. ამას ხელს უწყობდა როგორც ობამას, ისე ტრამპის ადმინისტრაციის სკეპტიკური დამოკიდებულებაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ ვითარებაშიც კი, ინსტიტუციური პარტნიორობა გრძელდებოდა (Kakachia, Lebanidze & Kandelaki, 2024). ამასთანავე, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რასაც მოჰყვა რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკის განსაკუთრებული გააქტიურება და პრაქტიკულად გადახვევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან, NATO-სთან ურთიერთობები რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დავიდა, რაც გამოიხატა სწორედ იმ მოცემულობაში, რომ NATO-ს ვაშინგტონის სამიტზე საქართველო მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იყო წარმოდგენილი, ხოლო სამიტის საბოლოო დეკლარაციაში საქართველო მხოლოდ ერთხელაა ნახსენები რუსეთისადმი საქართველოდან ჯარების გაყვანის შესახებ მოწოდების კონტექსტში (კეკელიძე, 2024).
ევროპული ინტეგრაციის ჭრილში მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განხილვა. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა[2] ინტერვიუში აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში განსაკუთრებულად ხელშესახები არაფერი მომხდარა და პროცესები მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა, როდესაც ევროკავშირი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას შეუდგა ცვალებად პოლიტიკურ რეალობაში. რუსეთ-უკრაინის ომმა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გახსნა შესაძლებლობების ფანჯარა, რომლითაც საქართველომ მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მონიჭების სახით ისარგებლა და, ამ თვალსაზრისით, ჩამორჩა უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო შემდგომ პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა და გაცხადებულმა ანტიდასავლურმა რიტორიკამ ბზარი გააჩინა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში და თბილისი ბრიუსელს დააშორა (კაკაჩია, ლებანიძე, სკარჯუტე-კერესელიძე და სამხარაძე, 2024). ამ მოცემულობაში, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, რაზეც საკუთრივ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელიც საუბრობდა (Civil Idea, 2024). ამგვარი მოცემულობა კრიტიკულ როლს ასრულებს საქართველოსთვის, რადგან საზოგადოების უმრავლესობის მისწრაფება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშიცაა გაწერილი, - საქართველო გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახების წევრი, - არ სრულდება, ხოლო არგუმენტად მმართველი გუნდი „დასავლეთის მხრიდან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილს“ ასახელებს, რაც სწორედ „არგაღიზიანების პოლიტიკასთან“ თავსებადი ნარატივია და შინაარსობრივად აბსურდულია, რადგან ასეთი სურვილი არათუ ევროკავშირის, არამედ არცერთი მისი ცალკეული წევრის მხრიდან არასდროს გამოთქმულა ან/და დაფიქსირებულა.
უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც აქტიურად დაიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი[3] საუბრობს, ბორდერიზაციას უსაფრთხოების უზრუნველყოფის დანიშნულება ვერ ექნება და მისი მიზანი, შესაძლოა იყოს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთმანეთის მიმართ გაუცხოება, ის ასევე არის ზეწოლის ბერკეტი თბილისზე და წარმოადგენს დასავლეთის მადისკრედიტირებელ პროცესს, რადგან დასავლეთის მხარდაჭერის მიუხედავად, რუსეთი მაინც ისე აკეთებს, როგორც თავად სურს. შესაბამისად, ბორდერიზაცია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომლის საპასუხოდაც საქართველოს ხელისუფლება ნაბიჯებს არ დგამს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა გატაცების შემთხვევებში ერთვება პროცესებში. ნიშანდობლივია, რომ საოკუპაციო ხაზთან, ცხინვალის მიმართულებით, 2016 წლიდან 2022 წლამდე 624 ადამიანი იყო დაკავებული, აფხაზეთის მიმართულებით კი - 337. უკანონო დაკავებების მასობრივ პრაქტიკას ცალკეული ადამიანების მიმართ, ზოგჯერ ღირსების შემლახავი მოპყრობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვება ხოლმე (სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2023).
აქვს კი, საქართველოს რაიმე საპასუხო მექანიზმი, რომლითაც ის შეძლებს ამ პროცესის შეჩერებას? ოფიციალური თბილისი, წლებია, თვალს ხუჭავს საზღვრის უკანონო გადმოწევაზე და საქართველოს ტერიტორიების განგრძობად ოკუპაციაზე და არ დგამს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ნაბიჯებს, იქნება ეს კომუნიკაციისა და კოორდინაცის შესაძლებლობების გაზრდა სახელმწიფოს ფარგლებში, საერთაშორისო საზოგადოების მეტად ინფორმირება ბორდერიზაციის შესახებ, და ა.შ. (კაკაჩია, კახიშვილი, ლარსენი და გრიგალაშვილი, 2017).
2012 წლიდან, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხშირად აპელირებდა პრაგმატული საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელებაზე, რაც მიზნად ისახავდა რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას. შინაარსობრივად ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯი ითვალისწინებდა იმას, თუ რას იტყოდა ამაზე მოსკოვი, რათა არ გამოეწვიათ ჩრდილოელი მეზობლის გაღიზიანება (ICG, 2020). ამ არაოფიციალურ მიდგომას ამტკიცებს 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისას გადადგმული ნაბიჯები, როდესაც, მართალია, პოლიტიკური მხარდაჭერა თბილისმა კიევს გამოუცხადა, თუმცა უკრაინისა და დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არ შეერთებია (ICG, 2020).
2012 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული „არგაღიზიანების პოლიტიკა“ სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებაში იკვეთებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ის არ ყოფილა ოფიციალური საგარეო პოლიტიკური სტრატეგია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ექსპორტის მოცულობა რუსეთში 2012 წლიდან 2017 წლამდე განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა 2%-დან 14,5%-მდე და შემდგომ პერიოდში სტაბილურად მაღალ ნიშნულზე რჩება. ასევე შესამჩნევი იყო იმპორტის მოცულობის გაზრდა, თუმცა ამ შემთხვევაში მკვეთრი ზრდა მხოლოდ 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პარალელურად აღინიშნა („საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, 2023). ამ მოცემულობის ფონზე, 2014 წელს ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“ მნიშვნელოვნად შეუსაბამოა, რადგან, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი[4] ინტერვიუს ფარგლებში აღნიშნავს, რუსეთზე ეკონომიკურმა დამოკიდებულებამ არ მისცა შესაძლებლობა საქართველოს სრულყოფილად გამოეყენებინა ის დადებითი შედეგი, რომლის მოტანაც DCFTA-ს შეეძლო.
„არგაღიზიანების პოლიტიკის“ ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ხშირად არ არის თავსებადი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ბრიუსელმა რუსეთი მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ დაასახელა (Leonard, 2023). ბუნებრივია, ამ პირობებში ბრიუსელი კანდიდატი სახელმწიფოებისგან და, მათ შორის, საქართველოსგან მეტ ლოიალობას ითხოვს, რაც არა მხოლოდ საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაში, არამედ პოლიტიკურ ნაბიჯებშიც აისახება. საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის შეფასებით,[5] საკუთრივ არგაღიზიანების პოლიტიკა და მის ფარგლებში სანქციების რეჟიმთან მიერთებაზე საქართველოს უარი სწორადაც, შესაძლოა, შეფასდეს იმ შედეგების გათვალისწინებით, რომლებიც შეიძლება საპასუხო სანქციების შედეგად დადგეს, თუმცა ამასთანავე მნიშვნელოვანია ის კურსი, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს არჩეული და მიმართულია დასავლეთისთვის ზურგის შექცევისა და რუსეთთან დაახლოებისკენ, შესაბამისად, ეს პოლიტიკა „არგაღიზიანებაზე“ მეტი გახდა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის ევროკავშირიდან რუსეთზე გადატანაში გადაიზარდა.
საშინაო პოლიტიკის კონტექსტში მნიშვნელოვანია გამოწვევები, რომლებიც რუსეთისადმი დამთმობი პოლიტიკის გატარების შედეგად წარმოიქმნა - ანტიდასავლური პროპაგანდისა და რუსული დეზინფორმაციის გაძლიერება და ღიად პრორუსული ძალების პოლიტიკურ პროცესებში მეტად გაჩენა.
ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია საქართველოში სხვადასხვა სახითაა გამოვლენილი და როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები საუბრობენ,[6] დროთა განმავლობაში მათ გამხმოვანებლად სწორედ მმართველი პარტია იქცა. ბუნებრივია, ძირითადი დეზინფორმაციული კამპანიები შეეხება საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შეუძლებლობას ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის პირობებში, რაც მიმართულია სწორედ იმ ნარატივის გავრცელებისკენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების აღსასრულებლად, რაც დეზინფორმაციაა. ხოლო მეორე მხრივ, ნარატივი, რომ „შვეიცარიის მოდელი“, რაც საქართველოს მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას გულისხმობს, საუკეთესოა საქართველოში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რაც ასევე სიყალბეა რუსეთის მისწრაფების გათვალისწინებით, სამხრეთ კავკასიაში დომინანტი ძალა გახდეს (Seskuria, 2021). ამ რეალობაში, საქართველო ევროპული მედიაწიგნიერების რეიტინგში, 2022 წლის მონაცემებით, ბოლო ადგილზეა, რაც ცალსახად მიუთითებს საზოგადოების მოწყვლადობაზე დეზინფორმაციული კამპანიების მიმართ (Lessenski, 2022). საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის თქმით, ჩვენთან ინტერვიუში, დეზინფორმაცია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ავტოკრატიის განსამტკიცებლად ქვეყანაში, ხოლო საკუთრივ „არგაღიზიანების პოლიტიკა“ ხელისუფლების მხრიდან ავტოკრატიის განმტკიცების გამართლებას წარმოადგენს.
მნიშვნელოვანია საქართველოში პრორუსული პოლიტიკური აქტორების გაჩენაც, რომლებიც ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოტანას. საქართველოში გავრცელდა საერთო ევროპული ტრენდი, რომ ძირითადი პროკრემლისტური პოლიტიკური ჯგუფები ულტრამემარჯვენეთა რიცხვს განეკუთვნებიან. საქართველოში „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ და „ქართული იდეის“ რიტორიკა სწორედ ამ დღის წესრიგის გამოძახილია. ორივე პოლიტიკური გუნდისთვის განსაკუთრებულად დამახასიათებელია ჰომოფობიური რიტორიკა და პრორუსული დღის წესრიგი, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური განწყობებითა და რელიგიური სენტიმენტებით. ამავე კონტექსტში, საყურადღებოა, რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფებისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გზავნილებში ასევე იყო შემჩნეული თანხვედრა (DRI, 2023).
ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ საქართველოს მიერ „არგაღიზიანების პოლიტიკის“ აქტიურად გამოყენება დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის, თუმცა მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება „არგაღიზიანების პოლიტიკის“ სწორად აღქმა.
„არგაღიზიანების პოლიტიკა“ მრავლისმომცველი და პრაქტიკულად უნივერსალური არგუმენტაციაა ხელისუფლების მხრიდან საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების გასამართლებლად. ეკონომიკური კავშირების გაღრმავება რუსეთთან, პოლიტიკური დაახლოება, სახელმწიფოს გადაყვანა დემოკრატიიდან ავტორიტარიზმზე - ამ ყველაფრის გამართლებად, შესაძლოა, მოიშველიონ „არგაღიზიანების პოლიტიკა“, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს საქართველოს გარდაქმნას მკვეთრად ავტორიტარულ სახელმწიფოდ, რომელიც სრულადაა დამოკიდებული რუსეთზე და უარი აქვს ნათქვამი საკუთარ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე.
დღეს, ამ პროცესმა საქართველო საკმაოდ შორს წაიყვანა და დააშორა დასავლეთს, განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს პოზიციონირებას დასავლეთისა და ზოგადად, დემოკრატიული სამყაროს წინაშე - საქართველომ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, სახელმწიფოს ოფიციალური პირები ექცევიან ევროპული სახელმწიფოების სანქციების ქვეშ, ვიზალიბერალიზაცია შეუწყდა საქართველოს დიპლომატიურ პასპორტებს და არსებობს რისკი, ვიზა-ლიბერალიზაცია სრულად შეჩერდეს. თბილისი დაშორდა ყველა თავის დასავლელ მოკავშირეს, ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამის საპირწონედ, საქართველო დაუახლოვდა რუსეთს, სახელმწიფოს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, არ სცემს პატივს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიების მიტაცების პროცესი მუდმივად გრძელდება. „ქართული ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობების „დალაგებას“ ცდილობს, ამის პარალელურად კი, საქართველოს მოქალაქეებს მუდმივად იტაცებენ საზღვრისპირა სოფლებიდან და დასახლებებიდან. მხოლოდ 2023 წელს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს 31 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს (მინდიაშვილი, 2024). ამ რეალობაში გაუგებარია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების რა სცენარებზე შეიძლება იყოს საუბარი ან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები რა დადებითი შედეგების მომტანია გარდა იმ მოცემულობისა, რომ საქართველო წლიდან წლამდე სულ უფრო მოწყვლადი ხდება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ.
მომავალში, საქართველოს გათავისუფლება რუსეთის პოლიტიკური გავლენებისგან საკმაოდ რთულ პროცესებთან იქნება დაკავშირებული, თუმცა აუცილებელია ამ პროცესების დროულად დაწყება და გონივრულად წარმართვა, რათა ეროვნული ინტერესები არ დაზარალდეს. საქართველომ, საუკეთესო შემთხვევაში, დროულად უნდა გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს დასავლეთში საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების თვალსაზრისით, რაც იქნება ბიძგი საქართველოს აქტიური განვითარებისთვის და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად.
საქართველოს გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, რუსეთის სრული იგნორირება ოფიციალური თბილისის მხრიდან, ბუნებრივია, არასწორია, თუმცა მოსკოვთან ურთიერთობისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი სწორად აღქმა და მარტივი კითხვების დასმა - ვინ არის რუსეთი და რა უნდა მას საქართველოსგან? რუსეთი დღემდე იმყოფება იმპერიალისტური იდეების სამყაროში, რომლებიც ამოძრავებს მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და ამ რეალობისთვის თვალის გასწორება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლება მკაფიოდ აღიქვამდეს საზოგადოების განწყობებს და თვალს უსწორებდეს რეალობას, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას სურს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და, თავის მხრივ, სწორედ ამ პარადიგმიდან აწარმოოს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი. ბალანსის დაცვა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ბალანსი არ უნდა იყოს დაცული ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის ფასად, არამედ პირიქით, ბალანსი უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული ინტერესებიდან და პასუხობდეს მას, რათა შესაძლებელი გახდეს სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. (2023). ულტრამემარჯვენე ჯგუფების გავლენები პოლიტიკურ დღის წესრიგზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი. https://www.democracyresearch.org/geo/1279/
კაკაჩია, კ., კახიშვილი, ლ., ლარსენი, ჯ. & გრიგალაშვილი, მ. (2017). ბორდერიზაცია საქართველოში: რუსეთის პოლიტიკის შეკავების სტრატეგია. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. https://gip.ge/wp-content/uploads/2020/10/Policy-Paper_GIP_2017_Geo.pdf
კაკაჩია, კ., ლებანიძე, ბ., სკარჯუტე-კერესელიძე, რ. & სამხარაძე, ნ. (2024). „ჩამორჩენის შემცირება“ საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი. https://gip.ge/wp-content/uploads/2024/05/Policy-Paper-42-GEO.pdf
კეკელიძე, თ. (2024). ნატო-ს ვაშინგტონის სამიტი: საქართველოს უპრეცედენტო უკუსვლა, რომლის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. Civil Georgia. https://civil.ge/ka/archives/617071
კუნჭულია, ლ. (2023). „სტრატეგიული მოთმინება“ - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? რადიო თავისუფლება. https://www.radiotavisupleba.ge/a/სტრატეგიული-მოთმინება-რას-ნიშნავს-ეს-საქართველოსთვის/32437253.html
სოციალური სამართლიანობის ცენტრი (2023) ხელმისაწვდომია: ხელისუფლების სუსტი ძალისხმევა გამყოფი ხაზის სოფლებში - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
Civil Georgia. (2012). Georgia Lifts Visa Rules for Russia. Civil Georgia. https://civil.ge/archives/121767
Civil Georgia. (2024). EU Accession Process Halted, Aid to MoD Frozen, Relations at a Low Point, Ambassador Herczynski Regrets. Civil Idea. https://civil.ge/archives/615670
Gugeshvili, D. (2016). Lessons from Georgia’s neoliberal experiment: A rising tide does not necessarily lift all boats. Communist and Post-Communist Studies. file:///C:/Users/User/Downloads/LessonsfromGeorgiasneoliberalexperiment.pdf
ICG (International Crisis Group). (2020). Georgia and Russia: Why and How to Save Normalisation. https://www.crisisgroup.org/sites/default/files/b90-georgia-russia-normalisation_0.pdf
Kakachia, K., Kakhishvili, L., Larsen, J., & Grigalashvili, M. (2017). Borderization in Georgia: A Strategy to Contain Russia’s Policy. Georgian Institute of Politics. https://gip.ge/wp-content/uploads/2020/10/Policy-Paper_GIP_2017_Geo.pdf
Kakachia, K., Lebanidze, B., & Kandelaki, S. (2024). The Next Stage in NATO-Georgia Relations: Filling the Democracy Gap. Georgian Institute of Politics. https://gip.ge/wp-content/uploads/2024/01/NATO-Georgia-relations-ENG_.pdf
Lebanidze, B., & Kakachia, K. (2023). Bandwagoning by Stealth? Explaining Georgia’s Appeasement Policy on Russia. European Security. Bandwagoning_by_stealth_Explaining_Georg.pdf
Leonard, M. (2023). The Geopolitics of EU Enlargement. Project Syndicate. https://www.project-syndicate.org/commentary/european-union-must-reinvent-itself-by-mark-leonard-2023-10
Lessenski, M. (2022). How It Started, How It is Going: Media Literacy Index 2022. Open Society Institute – Sofia; European Policies Initiative. https://osis.bg/wp-content/uploads/2022/10/HowItStarted_MediaLiteracyIndex2022_ENG_.pdf
Seskuria, N. (2021). Russia’s “Hybrid Aggression” against Georgia: The Use of Local and External Tools. CSIS. 210921_Seskuria_Russia_Georgia.pdf
[1] საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ინტერვიუ 2.
[2] საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ინტერვიუ 3.
[3] საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ინტერვიუ 1.
[4] საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ინტერვიუ 1.
[5] საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ინტერვიუ 3.
[6] ინტერვიუ 1 და 3.
ინსტრუქცია