[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

რას ფიქრობენ ქართველი პოლიტიკოსები საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე

ამ საკითხებზე საჯარო მსჯელობისა და შინაარსობრივი განხილვის ნაკლებობიდან გამომდინარე, ასევე გამყოფი ხაზების ორივე მხარეს საზოგადოებაში მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ სტატიას, რომელიც ეფუძნება ქართველ პოლიტიკოსებთან ინტერვიუებს. სტატიის მიზანია, აჩვენოს, რას ფიქრობს ძირითადი პოლიტიკური სპექტრი საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, მიმდინარე ომის კონტექსტში; როგორ ესახებათ მათ კონფლიქტის რეგიონებთან ურთიერთობების აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესი და რა არის მათი მთავარი გზავნილი აფხაზური და ოსური საზოგადოებისთვის.

რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა ომმა უკრაინაში ქართულ საზოგადოებაში არა ერთი კითხვა წარმოშვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა ექნება ამ ომს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე; ასევე – ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციასა და ზოგადად სამშვიდობო პოლიტიკაზე. სამწუხაროდ, ამ საკითხების კრიტიკული მნიშვნელობის მიუხედავად, მათი განხილვა/მათზე მსჯელობა ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და საზოგადოებაშიც არ გასცდენია პოლიტიკური სპეკულაციებისა და პარტიული დაპირისპირების ფარგლებს და არ მიუღია ფართო საზოგადოებრივი განხილვის სახე; არ შექმნილა/მოჰყოლია/დაწყებულა მრავალმხრივი დიალოგისა და დელიბერაციის პროცესები ხელისუფლების დონეზეც. ზოგადად, სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებული განხილვები და პოლიტიკა არასაჯარო, დახურული ხასიათით გამოირჩევა, რაც მის ირგვლივ არათუ კონსენსუსის გართულებას, არამედ პოლიტიკური და საზოგადოებრივი დღის წესრიგიდან მისი გაქრობის რისკსა და ნეგატიურ გამოცდილება განაპირობებს. ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ველიდან სრულად არის გამქრალი აფხაზური და ოსური საზოგადოების პერსპექტივები, წუხილი და ხმა.

გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა საერთაშორისო წნეხმა წარმოშვა არაერთი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება რუსეთის პოლიტიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, მაგალითად, შემცირდება რუსეთის გავლენა და მხარდაჭერა ამ რეგიონებზე, მისი რესურსების უკრაინაზე მობილიზაციის პირობებში, თუ, პირიქით, ის შეეცდება უკრაინასთან მიმდინარე ომში განცდილი მარცხის გადაფარვას სამხრეთ კავკასიაზე გავლენების გაძლიერებითა და კაპიტალიზებით?! პირველ სცენარში ჩნდება კითხვები საქართველოსთან დაკავშირებითაც: რუსეთის ფოკუსი უკრაინაზე ხომ არ ნიშნავს საქართველოსთვის შანსს/შესაძლებლობას, აღადგინოს ურთიერთობა და თანამშრომლობა კონფლიქტის რეგიონებთან?! ამგვარ კითხვებს საფუძველი შეუქმნა რუსეთის განცხადებებმაც, რომ ის შეამცირებს აღიარებული პოლიტიკური რეჟიმებისთვის სუბსიდიების გაცემას. დიდი უკმაყოფილება იყო სამხრეთ ოსეთში უკრაინის ფრონტზე ადგილობრივების გაწვევის ფაქტებთან დაკავშირებით და, ამასთანავე, ამ რეგიონიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანის გამო. ომის ფონზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გახშირდა პროვოკაციული კამპანიები საქართველოს მხრიდან სამხედრო ესკალაციის შესახებ. არც ერთი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში კონფლიქტების სამხედრო გზით მოგვარებას მხარს არ უჭერს, რასაც პოლიტიკოსებთან ჩაწერილი ეს ინტერვიუებიც მოწმობს.

ინტერვის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდიდან, ისე ოპოზიციიდან. კერძოდ, მმართველი პოლიტიკური პარტიიდან მონაწილეობდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი. ინტერვიუები ჩაიწერა წამყვანი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც, რომელთა შორის არიან: „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პარლამენტარი თეონა აქუბარდია; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე; პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია, რომელიც 2010-13 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ხოლო მანამდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ვიცე-პრეზიდენტი და, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო; „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი, რომელიც სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო; პარტია „საქართველოსთვის“, წარმომადგენელი, პარლამენტარი გიორგი ხოჯევანიშვილი. ეს პარტია 2021 წელს დაარსდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ; პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი გრიგოლ გეგელია. აღნიშნული პარტია, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, 2019 წლის დეკემბერში დაარსდა.

  1. როგორ შეაფასებდით საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას ამ დრომდე; რა არის მისი მთავარი გამოწვევები და იღწევები?

სამშვიდობო პოლიტიკის შეფასებისას ყველა გამოკითხული პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკა არ არის წარმატებული და მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზების ანალიზისა და დღეს არსებული გამოწვევების შეფასებისას მათი აზრი ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული მოსაზრებებისა და შეფასების მიუხედავად, კონფლიქტის მიზეზებსა და ტრანსფორმაციის გზებთან დაკავშირებით, ყველა პოლიტიკური პარტია კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას იზიარებს.

განსაკუთრებით საინტერესოა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის ანალიზი კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებსა და კონფლიქტების შემდეგ ორგანიზებულ სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით. მისი აზრით, მთავარი და არსებითი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში არის ის, რომ საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესში ორივე საზოგადოებას სხვადასხვა ეროვნული პროექტი ჰქონდა და თბილისი-სოხუმი-მოსკოვის ტრიადაში იმარჯვებდა ის ორი მხარე, რომელიც ერთად იყო მესამის წინააღმდეგ. დავით ბერძენიშვილმა ინტერვიუში დეტალურად გაიხსენა მე-19 საუკუნეში მიმდინარე ისტორიული პროცესები, როდესაც თბილისი და მოსკოვი ერთად იყვნენ აფხაზეთის წინააღმდეგ. ის იხსენებს მუჰაჯირობას, როდესაც რუსეთის იმპერიამ აფხაზები, როგორც მოღალატე ერი, სხვა ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ერთად გაასახლა ოსმალეთის იმპერიაში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გასახლებული აფხაზების ადგილი მე-19 საუკუნის შუა ხანებში მეტწილად ქართველებმა დაიკავეს და ასე შეიქმნა ბევრი ქართული სოფელი ოჩამჩირეში, გულრიფშსა და სხვაგან. კითხვაზე, თუ რატომ გახდნენ აფხაზები პრორუსები ამ ტრაგიკული მოვლენების ფონზე, დავით ბერძენიშვილს ამგვარი ახსნა აქვს – აფხაზებმა მე-19 საუკუნის ბოლოს გაიაზრეს, რომ ქართველები მათთვის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ, ვიდრე რუსები. ამასთანავე, დასუსტებულ აფხაზ ერს არ გააჩნდა რუსეთთან წინააღმდეგობის რესურსი, ამიტომ მას უფრო მოკავშირედ ისურვებდა, ვიდრე მტრად. გარდა ამისა, აფხაზების ჩაგვრა საბჭოთა კავშირის დროს ასოცირდებოდა სტალინ-ბერიას ნომენკლატურასთან, რომლებიც ქართველები იყვნენ და სწორედ მათ დროს ხდებოდა აფხაზეთში ქართული დემოგრაფიული ექსპანსია და ჩასახლებები. ამას დაერთო 30-იანი წლების რეპრესიები, რაც კიდევ უფრო მეტად მტკივნეული იყო მცირერიცხოვანი აფხაზებისთვის, ვიდრე ქართველებისთვის. ამავე პერიოდს განეკუთვნება აფხაზურ სკოლებში სავალდებულო ქართული სწავლების დანერგვის პროცესი, როდესაც აფხაზმა ბავშვებმა არ იცოდნენ ქართული (მეგრული უფრო იცოდნენ) და არ შეეძლოთ სხვა საგნების სწავლა ქართულ ენაზე. დავით ბერძენიშვილის შეფასებით, აფხაზმა ნაციონალისტებმა 1930-40-50-იანი წლები შეაფასეს, როგორც „ეთნობოლშევიკური პოლიტიკა“, რაც მიზნად ისახავდა აფხაზების გაქართველებას.

ბერძენიშვილი იხსენებს, რომ აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის ექსპანსიის ფონზე აფხაზებს სერიოზული დემოგრაფიული კრიზისი დაუდგათ. ისინი მხოლოდ 18%-ს შეადგენდნენ მთელ რეგიონში მაშინ, როცა ქართველები იყვნენ 45%, დანარჩენ მოსახლეობას კი წარმოადგენდნენ სხვა ერები, მათ შორის ბერძნები, სომხები, რუსები. ამიტომ ქართველებს ძირითად თვითმმართველობებში უმრავლესობა ეკავათ. მისი თქმით, სტალინის გარდაცვალების შემდეგ ამოისუნთქა სოხუმმა, რადგან მოსკოვმა ორიენტირი შეიცვალა და სოხუმის მხარეს გადავიდა, თბილისის წინააღმდეგ. დავით ბერძენიშვილის შეფასებით, მოსკოვი თავის ორიენტირს თავისსავე ინტერესების სასარგებლოდ ცვლიდა ყოველთვის და ამგვარი თამაშით მოვედით დღევანდელობამდე.

ბერძენიშვილის აზრით, ეთნონაციონალიზმმა, რომლის ლიდერიც იყო გამსახურდია, გაიმარჯვა ლიბერალურ თვალთახედვაზე, რომელსაც წარმოადგენდნენ „ზურა ჭავჭავაძის საზოგადოება“ და „რესპუბლიკური პარტია“. 80-90-იან წლებში გაღვივდა ეთნიკური დაპირისპირება, რამაც შედეგად მოგვცა 1991-92 წლებში ომი და ქართველების გამოსახლება აფხაზეთიდან.

დავით ბერძენიშვილი იხსენებს, რომ ომის შემდეგ „რესპუბლიკური პარტია“ აქტიურად იყო ჩართული დიალოგის პროცესში; იყო რამდენიმე რეალური შანსი, რომ ეს კონფლიქტი მოგვარებულიყო აფხაზეთის საქართველოს სახელმწიფოში დარჩენის გზით, მისთვის კონსტიტუციის დონეზე სუვერენიტეტის მინიჭებით საქართველოს სახელმწიფოს ქვეშ, რომელზეც იქნებოდა დელეგირებული ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ფუნქცია. ეს ინიციატივები შეთანხმებული იყო მაშინდელ აფხაზურ ინტელიგენციასთან, მოძრაობა „აიდგილარასთან“, თუმცა მოგვიანებით პრემიერ სიგუას საკონსულტაციო საბჭომ, შემდეგ კი შევარდნაძემ დაბლოკა.

ბერძენიშვილის აზრით, ამის შემდეგ დიალოგის ფორმატი 2004 წლამდე მაინც მიმდინარეობდა, თუმცა რაიმე გარღვევა, პოლიტიკური თვალსაზრისით, არ მოჰყოლია. ბოლოს იყო ავსტრიაში ე.წ. შლაინინგის პროცესი, რომელიც დახურული ფორმატი იყო და, შესაბამისად, უფრო გულწრფელი, თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში ეს ფორმატები ჯერ შემცირდა, შემდეგ კი დასრულდა. ერთადერთი, ვინც ორმხრივ დიალოგზე თავიდან მუშაობდა, იყო ირაკლი ალასანია, თუმცა მას ცენტრიდან საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონია. 2008 წლის შემდეგ, ბერძენიშვილის თქმით, პროცესი გაიყინა და არანაირი პროგრესი პოლიტიკური მიმართულებით არ ყოფილა. პაატა ზაქარეიშვილის არაერთი მცდელობა სახელმწიფო მინისტრის რანგში, ორმხრივი დიალოგის შემოტრიალების მიმართულებით, მხოლოდ ჯანდაცვისა და ცალკეული ჰუმანიტარული პროექტებით იყო ლიმიტირებული და პოლიტიკურ საკითხებზე გარდატეხას ვერ მიაღწია.

ამ შეფასებისგან რადიკალურად განსხვავებულია პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას პოზიცია.

ბოკერიას თქმით, 90-იანი წლების დასაწყისში კონფლიქტების მოსაგვარებლად შექმნილი მოლაპარაკების არქიტექტურაში რუსეთს ჰქონდა მომრიგებლის როლი და მისი სამხედრო ძალები აკონტროლებდნენ კონფლიქტის რეგიონებში ვითარებას, ფორმალურად „სამშვიდობო ძალების“ სტატუსით. ამგვარ ვითარებაში საერთაშორისო დონეზე დეკლარირებული იყო, რომ კონფლიქტი არის ცენტრალურ ხელისუფლებასა და სეპარატისტებს შორის და რუსეთი წარმოდგენილია, როგორც სამშვიდობო ძალა. მისი შეფასებით, კონფლიქტის მოსაგვარებლად შექმნილი ამგვარი არქიტექტურა საზიანო იყო ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის. ამასთანავე ინფანტილური და ილუზიური იყო თვალსაზრისი, რომ ეს დიალოგი რაიმე შედეგამდე მიგვიყვანდა მაშინ, როცა რუსეთს ჰქონდა საკვანძო როლი რეგიონში. გიგა ბოკერიას შეფასებით, ამ პერიოდში, როცა რუსეთი იყო დასუსტებული, მან შეძლო პოლიტიკური დანაკარგის გარეშე საქართველოზე კონტროლის შენარჩუნება და ამგვარი კონფლიქტების დესტაბილიზაციისთვის გამოყენება. 2005 წლიდან ახალმა ხელისუფლებამ არქიტექტურის რღვევა დაიწყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთს უნდა ჩამორთმეოდა სამშვიდობოს სტატუსი. ბოკერია მაშინდელი ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს, რომ რუსეთის რეჟიმის სახე ბოლომდე ვერ გამოააშკარავეს და 90-იანი წლების მერე რუსეთის მიერ ფორსირებული ანატომიის რღვევა ვერ მოხერხდა. ბოკერიას შეფასებით, მაშინდელი ხელისუფლების მცდელობა ამ არქიტექტურის რღვევასთან დაკავშირებით (რუსეთისთვის სამშვიდობო ძალის სტატუსის ჩამორთმევა) შეიძლება უფრო წარმატებული ყოფილიყო, თუკი ამ საკითხს ხელისუფლება დააყენებდა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების ცალმხრივად აღების საკითხთან ერთად, რასაც რუსეთი ხელახლა მოითხოვდა სოხუმისა და ცხინვალის საშუალებით. ეს ვალდებულება მანამდე სოჭის ხელშეკრულებითაც იყო ნაკისრი, დევნილების დაბრუნებასთან ერთად პაკეტში, თუმცა შემდგომში ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებას რუსეთი დევნილების დაბრუნების საკითხის გარეშე მოითხოვდა, რაც, ბოკერიას თქმით, ქართული მხარისთვის სრულიად მიუღებელი იყო.

მისი თქმით, აგვისტოს ომი არ არის მაშინდელი სამშვიდობო პოლიტიკის ჩავარდნის საბოლოო რეზულტატი, არამედ ეს არის შედეგი რუსეთის ფედერაციის წარუმატებლობისა, სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით შეეჩერებინა საქართველოს სვლა ევროპისკენ და საბოლოოდ მან სამხედრო მეთოდებით ჩარევა არჩია. მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების შემდეგ შექმნილი არქიტექტურა დაინგრა და რუსეთს საერთაშორისო დონეზე აღარავინ განიხილავს სამშვიდობო ძალად, ეს ქვეყნისთვის არ ნიშნავს საბოლოოდ კარგ შედეგს, რადგან კონფლიქტები კვლავ მოუგვარებელია და მძიმე ვითარებაა კონფლიქტის რეგიონებში.

გიგა ბოკერია 2012 წლის შემდგომ პერიოდს აფასებს 90-იან წლებში დაბრუნების მცდელობად, რაც მისთვის კვლავ ილუზიებთან დაბრუნებას ნიშნავს. ის შეცდომად მიიჩნევს რუსეთის ფაქტორიდან ფოკუსის გადატანას ამ კონფლიქტის შიდა, ეთნიკურ მხარეზე. ბოკერიას თქმით, მაშინ, როცა რუსეთზე მაქსიმალური საერთაშორისო ზეწოლა უნდა განხორციელებულიყო, ბატონი პაატა ზაქარეიშვილი სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე ყოფნისას ღიად აცხადებდა, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების საგანი, რუსეთის განგრძობადი აგრესიის ფონზე კი ეს იწვევს დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებას საქართველოსადმი. ბოკერიას შეფასებით, შერიგების პოლიტიკა არის ფუჭი არსებულ პირობებში, რადგან რუსეთის ფაქტორი არის გადამწყვეტი ყველა მიმართულებით.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს ინფორმაციულ ვაკუუმს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რაც გულისხმობს იმას, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეზღუდული ინფორმაცია აქვს იმაზე, თუ რა ხდება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საინფორმაციო საშუალებები შეზღუდულია, არსებობს ინფორმაციული ველი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც გადმოდიან კონტროლირებად ტერიტორიაზე და გადააქვთ ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. გია ვოლსკის თქმით, ასეთი ადამიანი არის ბევრი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობენ, ასევე სტუდენტები.

ვოლსკის თქმით, ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია აფხაზეთის ახალი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, კინალ არძინბას გადაწყვეტილება, რომ შეზღუდოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სამოქალაქო პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთში სამოქალაქო ორგანიზაციები უკმაყოფილებით შეხვდნენ, სამომავლოდ ეს ამ ურთიერთობებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის და ახალ გამოწვევებს წარმოშობს.

გია ვოლსკი ასახელებს რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ არის გამორიცხული საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მისი თქმით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტები, რა სახელმწიფო მოწყობა უნდა გვქონდეს და ა.შ., მშვიდობის მნიშვნელობაზე თანხმობა ნამდვილად არსებობს: დაუშვებელია, ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს უყურონ თოფის ლულებიდან და ვერანაირი შედეგი ვერ გაამართლებს იმ სისხლსა და ცრემლს, რაც შეიძლება ამან მოგვიტანოს“. მისი თქმით, ნებისმიერი დაპირისპირება თავიდან გახსნის ომის ჭრილობებს ჩვენს ხალხებს შორის და შეუძლებელს გახდის შემდგომში მათ თანაცხოვრებას. ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკა მუდმივად იქნება დამყარებული ნდობის აღდგენის პრინციპებზე და ურთიერთობების აღდგენის მიზანზე. გარდა ამისა, ის ასახელებს პრაგმატულ მიზეზებსაც, რატომ არის გამორიცხული სამხედრო მოქმედებების დაწყება. მისი თქმით, ეს დააზიანებს ქვეყანაში მიმდინარე კრიტიკული/სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებსებ და ამასთანავე, საქართველო არის ევროპის ერთადერთი ალტერნატიული დერეფანი აზიასთან, რუსეთის მიღმა. სწორედ ამიტომ ყველასთვის მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.

საქართველოში არსებული კონფლიქტების საერთაშორისო განზომილებაში გადატანასთან დაკავშირებით გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ 2006 წლამდე მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდებოდა ეკონომიკურ თუ სოციალურ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართულებით, გრძელდებოდა ორმხრივი მოლაპარაკებები პოლიტიკურ საკითხებზე. ის აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურ პოლიტიკას, რომელმაც ეს ფორმატები მოშალა და სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანა სიტუაცია.

დღევანდელ მდგომარეობას კრიტიკულად აფასებს პარლამენტის დეპუტატი, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თეონა აქუბარდია, რომელიც არსებულ გამოწვევებს ყოფს სამ მიმართულებად, რომელთა გარშემოც მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა უნდა განვითარდეს: 1) დეოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებთან თანამშრომლობის გზები; 2) საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა და მათ წინაშე არსებული არაერთი სოციალური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევა; 3) კონფლიქტის რეგიონების ანექსიის საკითხი. თეონა აქუბარდიას შეფასებით, არც ერთი მიმართულებით დღეს მუშაობა არ მიმდინარეობს. არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ პროცესები დაიძრას, არ გვაქვს სახელმწიფო სტრატეგია. 2010 წელს მიღებული ჩართულობის სტრატეგიის განახლების პროცესი 1 წლის წინ დაიწყო და ამ ტემპით ის დროულად ვერც შემუშავდება. ამასობაში კი გადამწყვეტ და მნიშვნელოვან დროს ვკარგავთ, განსაკუთრებით შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

მეორე მხრივ, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა – 46 000 ადამიანი, 115 სოფელი, სადაც რუსეთი ქმნის შიშის ზონებს. ხელისუფლებამ რაც ამ დრომდე მოახერხა, არის ის, რომ ამ რეგიონებს მიანიჭა მთის ზონის სტატუსი, რაც გარკვეულ ფინანსურ შეღავათებს გულისხმობს ადგილობრივი ოჯახებისთვის, თუმცა მცოცავი ბორდერიზაციის პირობებში, ეს ადამიანები კვლავ მძიმე სოციალურ ყოფაში არიან.

ამასთანავე, აქუბარდიას თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს რუსეთის ანექსიური პოლიტიკის წინააღმდეგ, მაშინ, როცა ცხინვალში ღიად გამოთქვამენ სურვილს რუსეთთან შეერთებაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც არ გაუკეთებია და არც საპარლამენტო დონეზე დაწყებულა ამ თემის განხილვა.

ამ ფონზე ის აღნიშნავს, რომ საქართველო დღეს ვერ პოზიციონირებს საერთაშორისო დონეზე, როდესაც რუსული აგრესია უკრაინისკენ არის მიმართული, დასავლეთი ამ საკითხებზეა ორინტირებული და არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველომ თავისი უსაფრთხოების საკითხი შეიტანოს ამ კონტექსტში.

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, გრიგოლ გეგელია იზიარებს თეონა აქუბარდიას მოსაზრებას, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება ცვლილებებისთვის მაშინ, როცა მძიმე მდგომარეობაა, უფლებრივი და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, კონფლიქტის რეგიონებში და მის მიმდებარედ. ის იხსენებს შემთხვევას, როდესაც მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არ არის ნამყოფი გამყოფ ხაზებთან. ამით მან ხაზი გაუსვა, რომ მმართველ გუნდს არ აინტერესებს, რა ხდება საოკუპაციო ხაზთან, როგორ ცხოვრობს იქ მოსახლეობა. მისი შეფასებით, დღეს სრულიად ჩამოშლილია ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების რიტორიკა და პრაქტიკა, არ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ჩარჩო და სტრატეგია, არ არსებობს პოლიტიკური ნება კონფლიქტების ტრანსფორმაციის, დიალოგის და ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის პოლიტიკა ამ მიმართულებით.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის შეფასებით, განგრძობადი ბორდერიზაცია და ოკუპაციის პროცესი არის საგანგაშო დღევანდელ მდგომარეობაში, რასაც თან ერთვის გატაცების, დაკავებ[ისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა. გარდა ამ მძიმე უსაფრთხოების კონტექსტისა, ხოჯევანიშვილი ასახელებს მეორე მთავარ გამოწვევას, რაც გამოიხატება ზოგადად სამშვიდობო პოლიტიკის, სტრატეგიისა და პოლიტიკურად კონსოლიდირებული ხედვის არარსებობაში. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საერთაშორისო დიპლომატიის არაერთი ფანჯარა გაიხსნა, ქვეყანა ამ შესაძლებლობებს ვერ იყენებს. მისი შეფასებით, შეცდომაა, როდესაც ახალ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში არ არის ჩართული ფართო პოლიტიკური სპექტრი, რადგან ეროვნული ინტერესის მნიშვნელობის მქონე საკითხზე უნდა არსებობდეს მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოში მიმდინარე ოკუპაციისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის საკითხი არ არის აქტუალური, რაც მმართველი პარტიის მიზანმიმართული პოლიტიკაა. მისი თქმით, დღეს საერთაშორისო დონეზე არაერთი პირობაა შექმნილი, რომელიც საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის თვალსაზრისით გარდატეხის შესაძლებლობას აძლევს. თუმცა იმ პირობებში, როდესაც გაზრდილია დასავლეთის წნეხი რუსეთზე და შესაძლებელია, უკრაინის უსაფრთხოების საერთო ქოლგის ქვეშ საქართველოც განიხილებოდეს, ეს საკითხი საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. მეორე მხრივ, დეკანოიძე აცხადებს, რომ აუცილებელია, განვითარდეს ინტეგრაციის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტს შესთავაზებენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს და ისინიც დაინახავენ საქართველოსგან რეალურ მხარდაჭერას.

  1. როგორი უნდა იყოს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში?

გია ვოლსკი სამშვიდობო პოლიტიკის განსახორციელებლად საჭიროდ მიიჩნევს ორმხრივი დიალოგის ფორმატს დე ფაქტო რეჟიმებთან, რაც არ გამოიწვევს საერთაშორისო აღიარებას, ვინაიდან აღიარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციები არის ერთმნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ დაუშვებს ამგვარ მოლაპარაკებებს, ჩვენი მხრიდან ასეთი შეთავაზება აუცილებელია. ვოლსკი განმარტავს, რომ ამგვარი ფორმალური მოლაპარაკების პრაქტიკა არსებობდა 2006 წლამდე, პოლიტიკური რეგალიები მაშინ არ მიეთითებოდა და ბევრი თანამშრომლობის პროექტი განხორციელდა. მისი შეფასებით, 2010 წლის ჩართულობის სტრატეგია არის სურვილების სია, რომელიც პრაქტიკის დონეზე ვერ ხორციელდება. ამიტომ ახალი სახელმწიფო სტრატეგია უნდა იყოს რეალისტური და პრაგმატული.

თეონა აქუბარდია ისევ იმეორებს, რომ სახელმწიფოს ხედვა უნდა იყოს კონსოლიდირებული და კონკრეტული სამ მნიშვნელოვან პრობლემაზე: 1) თუ როგორ უნდა მივაღწიოთ დეოკუპაციას და კონფლიქტის რეგიონებთან თანამშრომლობას: 2) როგორ შევაჩეროთ რუსეთის ანექსიური პროცესები და 3) როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას და შევაჩეროთ ბორდერიზაციის პროცესი. ამ სოფლებში მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა იყოს სამაგალითო კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ხალხისთვის, თუ რას ვთავაზობთ მათ. აქუბარდიას თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მომლაპარაკებლის დონის გაზრდაზე 2016 წლიდან მიდის ლაპარაკი, თუმცა უშედეგოდ. მისი აზრით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეალობა რადიკალურად არის შეცვლილი და შანსი იმისა, რომ რუსეთი დასუსტდეს, მაღალია. ეს, თავის მხრივ, არის შესაძლებლობა, რომ დეოკუპაციის მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯები გადავდგათ. საამისოდ საჭიროა პოლიტიკური ნება და კონსენსუსი. ვინაიდან ტერიტორიული მთლიანობა არის ეროვნული ინტერესის საგანი, ამ მხრივ, აუცილებელია, არსებობდეს კონსოლიდირებული ხედვა. აქუბარდია იხსენებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას, რომ ყველა პარტიას ერთად ემსჯელა დეოკუპაციაზე და ერთიანი თვალთახედვა შექმნილიყო. ერთადერთი პარტია, რომელიც ამ შეხვედრაზე არ მივიდა, იყო „ქართული ოცნება“. გარდა პოლიტიკურ კონსენსუსზე მიმართული სამუშაოებისა, თეონა აქუბარდია ხაზს უსვამს სამოქალაქო დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას, რაც, მისი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ასევე ნაკლებად არის მხარდაჭერილი. არაფორმალური დიალოგის მიღმა დგას ფორმალური დიალოგის საჭიროებაც, რის შესაძლებლობაც, მისი აზრით, დღევანდელ გეოპოლიტიკურ რეალობაში გაზრდილია. მისივე თქმით, ასლან ბჟანიას ჰქონდა დიალოგზე შემოთავაზება, თუმცა ჩვენი მხრიდან პასუხი არ მიუღია, რაც კიდევ ერთხელ ავლენს პოლიტიკური ნების არქონის პრობლემას.

არაფორმალური დიალოგის კრიტიკულ მნიშვნელობას გრიგოლ გეგელიამაც გაუსვა ხაზი. მისი აზრით, კონტაქტი და კომუნიკაცია ხალხებს შორის (განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის), პრაქტიკულად, აღარ არსებობს: რაც შეიძლება მეტი საერთო დიალოგის ფორმატი გვჭირდება იმისათვის, რომ რაიმე ძვრა ჰქონდეს სამშვიდობო პოლიტიკას.“ გრიგოლ გეგელია არ ეთანხმება ფორმალური დიალოგის დაწყებას, რაც გულისხმობს დიალოგს ოფიციალურ პირებს (თბილისსა და დე ფაქტო მთავრობების წარმომადგენლებს) შორის. მისი აზრით, ეს შეიცავს აღიარებასთან დაკავშირებულ რისკს. გარდა ამისა, რუსეთის კონტროლის პირობებში მას ვერ წარმოუდგენია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერებს გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად შეუძლიათ, ვინაიდან აბსოლუტურად არადემოკრატიულები და არათვითმყოფადები არიან, თუმცა ამავდროულად არ გამოირცხავს პოლიტიკურ კლასებს შორის დიალოგს, რადგან ეს არ არის ფორმალური ხასიათის. გეგელია ასევე ხაზს უსვამს ჯანდაცვისა და სოციალური ხასიათის პროექტების გაღრმავების საჭიროებას. მისი აზრით, კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან, ერთი მხრივ, ხელს შევუწყობთ საერთო კეთილდღეობის მიღწევას და მეორე მხრივ, დაგვეხმარება გავავრცელოთ სწორი ინფორმაცია კონფლიქტის რეგიონებში, იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვაშენებთ საერთო სახელმწიფოს, საერთო სოციალური სიკეთეებითა და ევროპული მომავლის პერსპექტივით.

გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მხოლოდ რუსეთის ფაქტორის მოხსნის შემდეგ იქნება შედეგიანი რაიმე სახის დიალოგი კონფლიქტის რეგიონებთან, მანამდე კი ეს პროცესები იქნება შეცდომა მორალურად და პრაგმატულადაც. მეორე მხრივ, ამბობს, რომ დიალოგს აზრი არ აქვს, როცა მხარეებს შორის არ არსებობს რაიმე შეთანხმება ძირითად ფასეულობებზე. მაშინ, როცა სრულიად ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმი ბატონობს აფხაზეთში, სადაც მიიჩნევენ, რომ უფლებები აქვთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ეთნიკურად აფხაზები არიან და ყველა სხვა ეთნოსი სხვადასხვა რანგის უფლებით სარგებლობს, სანამ დომინანტური იქნება მოსაზრება, რომ სისხლი არის გადამწყვეტი ფაქტორი უფლებების მინიჭებისათვის, დიალოგს აზრი ვერ ექნება. გიგა ბოკერია არ არის დარწმუნებული, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში დაინახეს რუსეთის არაჰუმანური და ბოროტი სახე, თუნდაც უკრაინის ომის ფონზე, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მათ ჰქონდათ შანსი, გაერჩიათ ერთმანეთისგან ბოროტება და სიკეთე, მაგრამ ისტორიის არასწორ მხარეს დადგნენ. ბოკერიას მიაჩნია, რომ ამგვარი გარდატეხა ჯერ არც ერთ რეგიონში და მათ საზოგადოებაში არ მომხდარა და დიალოგი აქ ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ფარისევლობა იქნება. ამდენად, სანამ რუსეთი უსაფრთხოების სფეროში არის გადამწყვეტი როლის მოთამაშე და სადაც საზოგადოებაში ფასეულობები არის სრულიად აცდენილი, ცვლილების მიღწევა შეუძლებელია.

ამიტომ, მისი აზრით, სანამ რუსეთის ფაქტორი მოირყევა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სამოქალაქო ღირებულებებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობა, სადაც დაცულია უფლებები და თავისუფლებები, რომელიც დასავლეთის ნაწილია, სამოქალაქო ერის მიდგომა აქვს და არა ეთნიკური და ტომობრივი. ბოკერიას აზრით, პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოებრიობა უნდა შედგეს და თუ ვერ შედგება, დიალოგზე ლაპარაკს აზრი არ აქვს; გვექნება მხოლოდ ქაოსი და არეულობა. ამგვარი სახელმწიფოს მშენებლობის პარალელურად, მისი აზრით, უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური, სოციალური ხასიათის პროექტები და ეს იქნება ინვესტიციები, რომელიც დაილექება და სადღაც აუცილებლად გამოიღებს შედეგს. მისი აზრით, ამგვარი ინვესტიციები არის გამართლებული, რადგან ერთგვარი დემონსტრირებაა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობები.

გიორგი ხოჯევანიშვილი და ხატია დეკანოიძე მიიჩნევენ, რომ შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საერთაშორისო დიპლომატიის გზები და ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად და კონფლიქტის რეგიონებში რუსეთის გავლენის შესასუსტებლად. ხოჯევანიშვილი მიიჩნევს, რომ კრიტიკულია/მნიშვნელოვანია, ხელისუფლებას ჰქონდეს კონსოლიდირებული ხედვა და პროაქტიულად გამოიყენოს დიპლომატიური გზები. ასევე უნდა გამოვიყენოთ ახლად გახსნილი შესაძლებლობების ფანჯარა და მეტად ვითანამშრომლოთ დე ფაქტო რეგიონებთან, მეტი შეთავაზება გვქონდეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობაზე. ხატია დეკანოიძეც სწორედ საერთაშორისო დონეზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის გააქტიურებასა და პროაქტიულ დიპლომატიაში ხედავს გამოსავალს, ასევე – კონფლიქტის რეგიონებთან ორმხრივი თანამშრომლობის პროექტების წამოწყებაში.

დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის დასუსტების ფონზე აუცილებელია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შინაარსიანი, ნამდვილი დიალოგის დაწყება საერთო სახელმწიფოზე, საერთო კეთილდღეობით. ახალი დიალოგის ფაზისთვის, მისი აზრით, წლები იქნება საჭირო, რომ შედეგებამდე გავიდეთ, მაგრამ ეს არის აუცილებელი პროცესი, სანამ მივეჩვევით ისევ ერთმანეთს და აღდგება კავშირები. ასევე, მისი აზრით, დატვირთვა უნდა მიეცეს ევროკავშირის გაყინულ ფორმულას – „ჩართულობა არაღიარების გზით“ და უნდა გაეხსნათ გზა აფხაზებსა და ოსებს ევროპაში, უნდა მოიძებნოს ნეიტრალური მექანიზმი საამისოდ. ბერძენიშვილის აზრით, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ფრთხილ ურთიერთობებს; შემდეგ გავზარდოთ ეკონომიკური თანამშრომლობა, კონტაქტები. საქართველო აფხაზეთისთვის უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყანა, სადაც მეტი შესაძლებლობები იქნება, ვიდრე დღეს აქვთ.

  1. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ჩნდება თუ არა საქართველოსთვის შესაძლებლობები კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და დე ფაქტო რეგიონებთან თანამშრომლობისთვის?

პოლიტიკოსების აზრი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა დე ფაქტო რეგიონებთან თანამშრომლობის რესურსი შექმნილ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, იყოფა, თუმცა უმეტესობას სჯერა, რომ ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა ამ ურთიერთობების ტრანსფორმაციისთვის.

თეონა აქუბარდიას აზრით, არსებულ შიდა პოლიტიკურ რეალობაში, როცა არ არსებობს პოლიტიკური ნება ამ თემებზე მუშაობის, ეს ნაკლებად შესაძლებელია. კონფლიქტების ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია პოლიტიკური ნება და კონსენსუსი, რისკენაც დღეს არ მიდის შიდა სამუშაოები/რაზეც დღეს არ მუშაობენ. გეგელიაც მიიჩნევს, რომ რუსეთის დასუსტების შანსი მაღალია, მათ შორის ეკონომიკურად და არსებობს ამ გეოპოლიტიკური მდგომარეობის სწორად გამოყენების რესურსი. მისი აზრით, მაშინ, როცა კონფლიქტის რეგიონების დამოკიდებულება რუსეთზე მაღალია, ქართულ მხარეს შეთავაზებები უნდა ჰქონდეს მათთვის. გეგელიას სჯერა, რომ, როდესაც ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანის საშუალება, ისინი ირჩევენ კეთილდღეობას. პარლამენტის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილიც იზიარებს იმ აზრს, რომ დე ფაქტო რეგიონებთან ურთიერთობების ფანჯარა გაჩნდა შექმნილ გეოპოლიტიკურ კონტექსტში.

დე ფაქტო რეგიონებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით სკეპტიკურია გიგა ბოკერია, რომელიც აცხადებს, რომ, სანამ რუსეთი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ამ რეგიონებთან დიალოგს აზრი არ აქვს. ბოკერია გამოთქვამს იმედს, რომ უკრაინაში ომის ფონზე რუსეთს ეკონომიკურად გაუჭირდება, რაც აისახება დე ფაქტო რეგიონებისთვის გამოყოფილ რესურსებში, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება საიმისოდ, რომ ამ რეგიონებმა რუსეთის წინააღმდეგ აწარმოონ მოლაპარაკებები. მეორე მხრივ, ის გამორიცხავს დიალოგს, სანამ აფხაზეთში ეთნოფაშისტური შეხედულებები დომინირებს. ბოკერიას აზრით, გამოსავალია მხოლოდ იმის „დემონსტრირებაში, თუ როგორ ვექცევით ჩვენ ეთნიკურად სხვა ადამიანებს, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. ეს ვერ გამოიღებს მყისიერ შედეგებს, მაგრამ ეს არის ერთადერთი სწორი მოდელი, როგორც შეიძლება ჩვენი სახელმწიფო განვითარდეს.“

ასევე სკეპტიკურია ხატია დეკანოიძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ, სანამ რუსეთს აქვს ბერკეტები ამ რეგიონების სამართავად, მათთან რეალური დიალოგის გამართვა შეუძლებელი იქნება. ის ფიქრობს, რომ შესაძლებლობების ფანჯარა საერთაშორისო დონეზე დიპლომატიაში გაჩნდა და ამას ვერ ვიყენებთ.

  1. რა იქნებოდა თქვენი, როგორც ქართველი პოლიტიკოსის ღია გზავნილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის?

გამოკითხული პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა იზიარებს აზრს, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი, არაძალისმიერი გზებით არის შესაძლებელი. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა კონფლიქტის მიზეზების, სამშვიდობო პოლიტიკის სტრატეგიებისა და გზების შესახებ, ყველა პოლიტიკოსს მშვიდობის მხარდამჭერი გზავნილი აქვს აფხაზური და ოსური საზოგადოებისთვის.

თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე ვალდებულება უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნებიდან აქვს აღებული როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ. როგორც აქუბარდია მიიჩნევს, „როდესაც რუსეთის ფაქტორი განეიტრალდება, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ურთიერთობა აღვადგინოთ გამყოფი ხაზების მიღმა მცხოვრებ ადამიანებთან.“

გრიგოლ გეგელიაც იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ „მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ორივე რეგიონს აქვს ერთი რეალური შანსი თვითმყოფადობის, კეთილდღეობისა და მშვიდობიანობის და ეს არის საქართველოსთან ერთად სწორი გზით სიარული კეთილდღეობისკენ, მშვიდობისკენ, ევროპისკენ და ნატოსკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში ამის მხარეს არიან, ამიტომ ოპტიმისტურად ვუყურებ ძალიან რთულ და ძალიან ხანგრძლივ კონფლიქტს, მგონია, რომ ბოლოს გაიმარჯვებს საღი აზრი.“

გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რუსეთთან ერთად სიარული არის მძიმე შეცდომა, რასაც ეს რეგიონები უშვებენ და ნიშნავს უპერსპექტივობას მომავალი თაობებისთვის. ის მიიჩნევს, რომ საქართველოსთან სამოქალაქო კონტრაქტის პირობებშია მხოლოდ შესაძლებელი მათი იდენტობის გადარჩენა და ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნა.

ხოჯევანიშვილი ასევე ღიად აცხადებს, რომ ძალისმიერი მეთოდები გამორიცხულია და გამოთქვამს სურვილს, შეიქმნას ისეთი პლატფორმა, რომელიც დაპირისპირებულ ხალხებს მშვიდობიანი თანაცხოვრების საშუალებას მისცემს.

ხატია დეკანოიძეც მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის რუსეთი არის წარსული და მასთან გაიგივება ნიშნავს საკუთარი იდენტობის დაკარგვას; ნიშნავს, რომ მომავალ თაობა შეიძლება გახდეს თანამონაწილე მძიმე დანაშაულების, რომელსაც რუსეთი ჩადის. „მომავალი რუსეთის მხარეს არ არის, ეს უნდა გაიგონ“, – აცხადებს დეკანოიძე.

შეჯამება

პოლიტიკოსებთან ინტერვიუებმა აჩვენა, რომ ყველა მათგანი პრობლემის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებას უჭერს მხარს და აღიარებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება დაუშვებელია. ასევე, ისინი თანხმდებიან რომ სამშვიდობო პოლიტიკის თვალსაზრისით, კრიზისული მდგომარეობაა და რეალობა ჩიხშია შესული, რაც საჭიროებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ შეთანხმებებზე მუშაობის დაწყებას ქართული საზოგადოების შიგნით. ყველა პოლიტიკოსი იზიარებს რუსეთის გადამწყვეტ როლს კონფლიქტის რეგიონებთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესში, თუმცა ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფაქტორის მიღმა ქართულმა მხარემ უნდა დაიწყოს არსებითი დიალოგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკურ ლიდერებთან და იმუშაოს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების საკითხებზე, ასევე, არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი კრიზისების შემსუბუქებაზე.

თუმცა პოლიტიკოსთა მეორე ნაწილისთვის რუსეთის ფაქტორი იმდენად გადამწყვეტია, რომ, სანამ მისი გავლენა ამ რეგიონებზე არ შესუსტდება, პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს აზრი არ აქვს. პოლიტიკოსების ეს ჯგუფი ვერ ხედავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს, როგორც კონფლიქტების მხარეებს, რომლებთანაც პოლიტიკური დიალოგი შესაძლებელი და აუცილებელია. ამ აზრის მომხრე პოლიტიკოსები მთავარ გამოსავალს რუსეთის განეიტრალებაში ხედავენ და ფიქრობენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დიალოგის გზით პოლიტიკურ შეთანხმებამდე მისვლა.

პოლიტიკოსების დიდი ნაწილი არ ლაპარაკობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეიზოლაციის საჭიროებასა და კონფლიქტების ორმხრივ უფლებრივ და ჰუმანიტარულ განზომილებაზე, როგორც ნდობის აღდგენისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის აუცილებელ კომპონენტებზე და აქცენტი მეტწილად კეთდება ამ კონფლიქტების საერთაშორისო განზომილებაზე. ეს გულისხმობს რუსეთის გავლენის შემცირებას და დასუსტებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, ამ რეგიონების დეოკუპაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ორმხრივი დიალოგის საფუძველზე კონფლიქტების პოლიტიკურ მოგვარებას.

პოლიტიკოსების დიდი ნაწილი სამოქალაქო დიალოგის აუცილებლობაზე თანხმდება; ასევე, ყველა მათგანი მხარს უჭერს ორმხრივი თანამშრომლობის პროექტების გაძლიერებას და ახალ ინიციატივებს გამყოფ ხაზებს მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვის.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიზნად ისახავს აფხაზურ, ოსურ და ქართულ საზოგადოებაში სამშვიდობო პოლიტიკისა და მისი გამოწვევების შესახებ დისკუსიის წამოწყებას და საზოგადოებრივი ინტერესის გაძლიერებას. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით მხოლოდ გამოკითხულ პოლიტიკოსებს. აქ წარმოდგენილი მოსაზრებები საგანგებოდ გადმოცემულია ნეიტრალური ტერმინებით იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ დიალოგის გზების შენებას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთან.

მასალა მომზადდა გაერთიანებული ერების საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. მასალის შინაარსი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია.

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“