საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
1970-1980-იან წლებში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილი ზვიად გამსახურდია და მისი თანამოაზრეები ეთნონაციონალისტურ იდეოლოგიას მხოლოდ ძალაუფლების მოსაპოვებლად არ იყენებდნენ. ისინი აპელირებდნენ იმ წარმოდგენებით და გრძნობებით, რომლებიც მაშინ ეთნიკურად ქართველებში აქტუალური იყო – საქართველოს დაშლისა და ეთნიკური ქართველების დემოგრაფიული კლების შიშით. გამსახურდიას აზრით, ქართველი ხალხი საკუთარ ქვეყანაშივე იყო შევიწროებული[1] და შესაბამისად, ამ პერიოდის ქართული ნაციონალიზმი თავის ანტიპოდად რესპუბლიკაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებს მოიაზრებდა. ქართული ნაციონალიზმის აღზევებაში არ უნდა გამოირიცხოს იმ სიღარიბისა და უთანასწორობის როლიც, რომელიც საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამკვიდრდა. ნაციონალიზმის რადიკალიზაცია გარკვეულწილად რეაქცია იყო პოსტსაბჭოთა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისზე.
თავის მხრივ, ქართული ნაციონალიზმის აღზევების და „პერესტროიკით“ გამოწვეული ძალაუფლებრივი მექანიზმების შესუსტების ფონზე საკმაოდ აგრესიული სახე მიიღო აფხაზურმა და ოსურმა ნაციონალურმა პროექტებმაც. 1990 წელს იტალიელ ჟურნალისტთან მიცემულ ინტერვიუში, აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბა აცხადებდა – „ჩვენ არ ვცხოვრობთ საქართველოში, ჩვენ ვცხოვრობთ აფხაზეთში“.[2] პარალელურად სამხრეთ ოსური „განმათავისუფლებელი მოძრაობის“ მთავარ იდეად გამოცხადდა საქართველოს მხრიდან „კულტურულ და პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან ბრძოლა” და „ოსი ეთნოსის ისტორიული ერთიანობის აღდგენა“.[3]
ადგილობრივმა ელიტებმა ენერგიულად დაიწყეს ეთნიკურად აფხაზი და ოსი მოსახლეობის მობილიზება და თვითვიქტიმიზაცია, „ჩაგრულ უმცირესობად“ ყოფნაზე აპელირებით. ნახევრად გასამხედროებული აფხაზი და ოსი ლიდერები პოზიციების გასამყარებლად აგრესიულ რიტორიკას, რუსეთის მხარდაჭერასა და თბილისის შოვინისტურ განცხადებებს იყენებდნენ. რეიტინგის გასაზრდელად და ფინანსური რესურსების დაგროვების საშუალებად ისინი საკუთარი ნაციონალისტური ნარატივის გაძლიერებას განიხილავდნენ.
ქართული, აფხაზური და ოსური ეთნონაციონალიზმის აღზევებისა და ელიტების კრიზისის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე მაინც მოხერხდა კონსენსუსსა და მშვიდობაზე ორიენტირებული რაციონალური იდეებისა და პოლიტიკის დაწინაურება, რომელსაც დღევანდელი გადმოსახედიდან, გარკვეულწილად შეეძლო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების პრევენცია. სამწუხაროდ, ამ იდეებს ყველა მხრიდან პოლიტიკური ნების არქონით, უნდობლობით და შიშით უპასუხეს.
სტატია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაცია კვლევისა და ადვოკატირების გზით“. მიმოხილვაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
[1] Джонс С., "Грузия: политическая история после провозглашения независимости". Центр социальных наук; Тбилиси, 2013
[2] Зантариа В., Наш Владислав, Сухум, 2010, С. 34.
[3] Жирохов М., Семена распада: войны и конфликты на территории бывшего СССР, БХВ-Петербург, Санкт-Петербург, 2012, С. 392.
[1] ჯონსი ს., “საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი; თბილისი, 2013
[2] Зантариа В., Наш Владислав, Сухум, 2010, С. 34.
[3] Жирохов М., Семена распада: войны и конфликты на территории бывшего СССР, БХВ-Петербург, Санкт-Петербург, 2012, С. 392.
ინსტრუქცია