საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პროფესორი ერლ კონტე-მორგანის სტატია „მშვიდობის მშენებლობის და უსაფრთხოების კონსტრუქტივისტული ხედვა“ მშვიდობის მშენებლობის პროცესის განსხვავებულ მეთოდს წარმოგვიდგენს. მეთოდს, რომელიც მაქსიმალურად ინკლუზიურია და აქვს პრეტენზია კონფლიქტის მოგვარების ეფექტიანობაზე იმ აზრით, რომ ის უფრო მეტად ორიენტირებულია მდგრად, ხანგძლივ მშვიდობაზე ომით გახლეჩილ საზოგადოებებში.
კონტე-მორგანის ტექსტის მოკლე მიმოხილვის მომზადების მიზანია, ქართველ მკითხველს გავაცნოთ კონფლიქტების წარმოშობის, მათი პრევენციის თუ განვითარების, კონფლიქტების გადაჭრის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის, ადგილობრივი თემების კულტურული და სოციალური თავისებურებების მნიშვნელობისა და შესაძლო პოტენციალის შესახებ განსხვავებული მოსაზრება, რის შესახებაც ქართულ პოლიტიკური სივრცეში ფართო მსჯელობა არ გვხდება.
ერლ კონტე-მორგანი პროფესორია სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. იგი არის არა ერთი წიგნის და სტატიის ავტორი უსაფრთხოების, კონფლიქტების მოგვარების, სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე სამშვიდობო პროცესების შესახებ.
მიმოხილვა მოამზადა კონსტანტინე ჩაჩიბაიამ
ერლ კონტე-მორგანის სტატიაში განხილულია, თუ როგორ ყალიბდება უსაფრთხოების სისტემა პერსონალურ, ინსტიტუციონალურ და სტრუქტურულ დონეზე მშვიდობის მშენებლობის პროცესთან მიმართებით. ავტორის მტკიცებით, როდესაც მშვიდობის მშენებლობის პროცესი მინდინარეობს ქვემოდან ზემოთ, მარგინალური სოციალური ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით, უსაფრთხოების სისტემის შექმნისთვის კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება როგორც მატერიალურ, ასევე სოციალურ-კულტურულ კონტექსტს. ცეცხლის შეწყვეტის, განიარაღების და სამხედრო მობილიზაციის დასრულების მკაცრი მონიტორინგი ხელს უწყობს უსაფრთხოების მდგრადი პროცესის ჩამოყალიბებას. თუმცა რამდენად დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ამ პროცესში ტრადიციულ/ადგილობრივ პრაქტიკებს, ან მშვიდობის მშენებლობის თანამედროვე მეთოდებს, სწორედ ამ დილემებზე მსჯელობს ავტორი სტატიაში.
უსაფრთხოებას როგორც წესი განიხილავენ სახელმწიფოს მთლიანობის აღდგენასთან კავშირში. სამშვიდობო პროცესში უსაფრთხოების შესახებ ასეთი სახელმწიფო-ცენტრისტული, ერთ განზომილებიანი შეხედულების ჩამოყალიბებამ ავტორის აზრით, განაპირობა მოსახლეობის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევისთვის. ამის საპირწონედ, სტატიაში წარმოდგენილია უსაფრთხოების და მშვიდობის მშენებლობის კონსტრუქტივისტული ხედვა და განხილულია ამ ხედვის მნიშვნელობა ომებით გაჩანაგებული ქვეყნებისთვის.
ადამიანის უსაფრთხოებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართების განსასაზღვრად ავტორი გვთავაზობს ადამიანის უსაფრთხოების კონცეპტუალიზაციას. ამისთვის იგი გამოყოფს რამდენიმე განზომილებას. პირველ რიგში, ადამიანის და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომლებიც მყისიერ შედეგებს იწვევენ. ასეთია მაგალითად, ყაჩაღობა, ძარცვა, ძალადობა, რომლის მსხვერპლები ხშირად ქალები, მოხუცები და ბავშვები არიან. ასევე, ინსტიტუციების მხრიდან ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების შემლახავი მოქმედებები, როგორიცაა: კეთილდღეობის სისტემების მოშლა, ხელფასების შემცირება და გაყინვა, საავადმყოფოების შესაბამისი სამკურნალო საშუალებების გარეშე დატოვება, სასკოლო ინფრასტრუქტურის მოშლა, მასწავლებლების დემორალიზაცია, კორუფცია საჯარო მოხელეებს შორის.
ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის კონტე-მორგანი აუცილებლად მიიჩნევს ძალაუფლების სოციალურ-კულტურული კონტექსტის გააზრებასაც. კერძოდ, ვინ არიან შიდა პოლიტიკის ფორმირებაში პრივილეგირებული ჯგუფები, რა გავლენას ახდენს ყოფით ცხოვრებაზე, ინდივიდებზე, ინსტიტუციებზე და სტრუქტურებზე გენდერის, კლასის, კულტურის კონსტრუირების ისტორიული პროცესი. ასევე რა გავლენას ახდენს მშვიდობის მშენებლობაზე და უსაფრთხოებაზე ექსპლუატირებული და ძალაუფლების მქონე ელიტარული კლასის ჩამოყალიბება და კვლავწარმოება.
მშვიდობის მშენებლობის ნეო-რეალისტური, ნეო-ლიბერალური მიდგომები, რომლებიც ორიენტირებულია ფიზიკური ძალის, როგორც საომარ დაპირისპირებაში უპირატესობის მოპოვების და ძალაუფლების წყაროზე, განსხვავდებიან კონსტრუქტივისტული ხედვისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი მატერიალურ მხარესთან ერთად ითვალისწინებს სწორედ ზემოთ ხსენებულ დისკურსულ ფაქტორებს, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია გავიგოთ კონფლიქტის არსი და საუკეთესო შემთხვევაში მომავალი კონფლიქტების პრევენციაც მოხერხდეს.
უსამართლობა, უთანასწორობა, კორუფცია და ექსპულატაცია გავლენას ახდენს იმაზე თუ როგორ აღიქვამენ კონფლიქტის მხარეები საკუთარ და მოწინააღმდეგის მოქმედებებს, ინტერესებს, ბრძოლის გზებს - იქნება ეს მშვიდობიანი თუ ძალადობრივი. ცივი ომის შემდეგ ბევრი ნორმა, ღირებულება, წარმოდგენა შეიცვალა, რამაც გამოიწვია არა ერთი მოძალადე რეჟიმის დასრულება სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა კონსტრუქტივიზმს ინტერესის საგანიაб თუ რამ გამოიწვია ამ ნორმების შეცვლა, როგორ იღებენ მხარეები ახალ ნორმებს და ხდება თუ არა ამ ნორმების გავრცელება, მათ შორის იძულების მეშვეობით. კონსტრუქტივისტული ხედვა კონტე-მორგანისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ის კარგი თეორიული ინსტრუმენტია სამშვიდობო პროცესში ძალადობის, კლასის, რასის, გენდერის, კატეგორიების კონტექსტუალიზაციისთვის. რადგან როდესაც მოვლენები კონტექსტუალიზებულია, შედარებით მარტივი ხდება პოლიტიკური პროცესის განვითარების გაგება და შეფასება.
კერძოდ, ძალადობა გასაგები შეიძლება გახდეს მხოლოდ სხვა საზოგადოებრივ მოვლენებთან კავშირში მისი შეფასების შემთხვევაში. სასტიკი სამოქალაქო ომის დროს მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა იმ ნორმატიული, იდეური და კოლექტიური შეხედულებების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც საომარი მხარეების ინტერესებს და იდენტობებს აყალიბებს, უბიძგებს მათ ძალადობისკენ. ადამიანის უფლებების, სუვერენულობის, სამშვიდობო პროცესების, ბიუროკრატიის კონსტრუქტივისტული შესწავლა ააშკარავებს ამ ფაქტორების გავლენას საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე. კონსტრუქტივისტულმა ემპირიულმა კვლევამ გამოავლინა როგორ გავლენას ახდენს „გლობალური კულტურა“ სხვადასხვა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკაზე. იდეებისა და ნორმების გავრცელება გლობალიზაციის ეპოქაში ხდება საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით. ამის კარგი მაგალითია გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებათა დაცვის მოძრაობები. ასევე შიმშილის, სიღარიბის, დაავადებებთან ბრძოლის საერთაშორისო თანამშრომლობა. ყველა ეს საკითხის გადაჯაჭვულია ადამიანის უსაფრთხოების საკითხთან.
კონსტრუქტივიზმი აღიარებს ასეთი ახალი იდეების როლს ცვლილებების განსახორციელებლად. სამშვიდობო პროცესში ეს გულისხმობს ინდივიდუალური, კოლექტიური და ეროვნული უსაფრთხოების ხედვის შემუშავებას სამოქალაქო ომით ტრავმირებულ საზოგადოებაში. მაგრამ ომის ტრავმები ანგრევს საზოგადოების სოციალური სტრუქტურას და ხშირად იწვევს მანამდე არსებული სოციალური ნორმების მოშლას. სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი მიზანი კი არსებული სოციალური ნორმების მიმართ უნდობლობის და ეჭვების გაბათილებაც უნდა იყოს. ეს ნიშნავს ტრადიციული შეხედულებების და აღქმების გაძლიერებას და მათთვის პოლიტიკური მნიშვნელობის დაბრუნებას. მშვიდობის მშენებლობა არ უნდა შეჩერდეს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე. სამშვიდობო პროცესმა უნდა უზრუნველყოს ისეთი სოციალური წესრიგის ჩამოყალიბება, რაც შეამცირებს ექსპულატაციას, კორუფციას და სასიცოცხლო საფრთხეს ადამიანებისთვის.
მშვიდობის შენების ტრადიციული მეთოდები ორიენტირებულია ნეგატიურ მშვიდობაზე, რაც სამთავრობო სამშვიდობო მექანიზმებით შეიძლება იქნას მიღწეული. ავღანეთის, კოსოვოს, ბოსნიის, თუ ლიბერიის მაგალითები კი ადასტურებს, რომ ეს მცდელობები არ არის საკმარისი მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. კულტურული ინტეგრაცია, ეთნოსებს შორის დიალოგი, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება აუცილებელია მდგრადი უსაფრთხოების სისტემის ჩამოსაყალიბებლად. სამშვიდობო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს შექმნას ტოლერანტული, თანამშრომლობაზე და ემპათიაზე დაფუძნებული კულტურა. სწორედ ეს გამოიწვევს ომის პროცესში პრივილეგირებული „სხვების“ მიმართ უნდობლობის გაქარწყლებას.
რიგ შემთხვევებში ომი ვერ ანადგურებს იმ სოციალურ ნორმებს და წესრიგს, რაც მშვიდობიან ხანაში არსებობდა. ცენტრალიზებული სამშვიდობო პროცესის პრობლემა ავტორის აზრით ისაა, რომ ეს პროცესი აღიქმება საერთაშორისო მექანიზმად, რომელსაც ადგილობრივი ლეგიტიმაცია არ აქვს და აქედან გამომდინარე ბევრ ჯგუფში ნდობას არ იმსახურებს. ამ მიდგომის შეცდომა ისაა, რომ არ იყენებს ამავე საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილ საზიარო ღირებულებებს შეთანხმების მისაღწევად. მშვიდობის შენებამ უნდა შექმნას იმის შესაძლებლობაც, რომ საზოგადოებამ კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა და გაააქტიუროს საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სტატიაში განხილული ზოგიერთი აფრიკული ქვეყნის მაგალითზე ნაჩვენებია, რომ დასავლური ადამიანის უფლებების გაგება და ადგილობრივი საზოგადოების ღირებულებები შეუპირისპირდა ერთმანეთს. ამ იერარქიულ საზოგადოებებში წინა პლანზე წამოწეული იყო კოლექტიური ღირებულებები: თანამშრომლობა ჯგუფის წევრებს შორის, კოლექტიური პასუხისმგებლობა. ბევრი ტრადიციული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ისეთი ღირებულებები, რომელიც თავისი არსით მშვიდობიანი თანაარსებობის გარემოს შესაქმნელად ხელსაყრელია. ასეთი ადგილობრივი სოციალური თავისებურებების გათვალისწინება სამშვიდობო პროცესში შესაძლებელია ქვემოდან წამოსული სოციალური მოძრაობების გაძლიერებით, რაც მდგრადი მშვიდობის დამყარებას და კონფლიქტების სიღრმისეული მიზეზების გამოვლენას ხელს უწობს. ტრადიციულ საზოგადოებებში კულტურული ღირებულებები ყველა წევრისთვის საზიარო და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მათთვის უფრო მარტივად აღსაქმელია ისეთი მეთოდები, რომელიც კოლექტიური სარგებლის მომტანია და გაუგებარია კონფლიქტის მოგვარების ნულოვანჯამიანი მეთოდი. ეს საზოგადოებები კონფლიქტს აღიქვამენ კოლექტიური/სათემო პასუხისმგებლობის საკითხად. ადგილობრივი, ქვემოდან წამოსული სამშვიდობო მეთოდის ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან ომმა საზოგადოების უდიდესი ნაწილი დააზიანა, მშვიდობის მშენებლობაშიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაზარალებულთა მაქსიმალური მონაწილეობა. ბევრ აფრიკულ საზოგადოებაში სიმბოლოები და რიტუალები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სამშვიდობო პროცესის წარმატებისთვის.
ტრადიციული საზოგადოებებში მშვიდობის მშენებლობა ემყარება ერთობის მორალურ ავტორიტეტს მის წევრებზე, რაც განპირობებულია ამ თემისადმი ინდივიდის მიკუთვნებულობით. რიგ შემთხვევებში კონფლიქტის განმუხტვა ხერხდება რამდენიმე თემის უხუცესის კოლექტიური ძალისხმევით. უხუცესების მონაწილეობა თემის ყველა წევრისთვის გასაგები და მისაღები პროცედურაა. მათ კულტურული ავტორიტეტი აძლევს შესაძლებლობას განსაჯონ დაპირისპირება და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ აქვთ მხარეების მაიძულებელი ფიზიკური ძალა, კულტურული გავლენა საკმარისია ხოლმე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად.
ამავდროულად, ტრადიციულ საზოგადოებებში სამშვიდობო პროცესი არა მხოლოდ მხარეებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება, არამედ ამ პროცესისადმი გარკვეული სპირიტუალისტური მნიშვნელობით დატვირთვასაც და შესაბამისად, მის სიმყარეს უზრუნველყოფს. მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული შეთანხმებები ბევრად უფრო მყარია, როდესაც ისინი იძენენ საკრალურ დატვირთვას, რადგან ადგილობრივებს სწამთ, რომ ზებუნებრივი ძალების რისხვა დაატყდება ასეთი შეთანხმების დამრღვევს.
ტრადიციულ საზოგადოებაში სამშვიდობო პროცესი საკმაოდ ხანგძლივად მიმდინარეობს და ყველა მხარეს საკუთარი შეგრძნებების, ემოციების გამოხატვის შესაძლებლობა ეძლევა. ხშირად ეს გამოხატვა მიმდინარეობს, ცეკვების, სიმღერების, ლექსების, თანხლებით. ამ პროცესში უხუცესები განასახიერებენ საზოგადოების მორალურ ნორმებს და ღირებულებებს. ისინი ამოწმებენ მიღწეული შეთანხმება შეესაბამება თუ არა საყოველთაოდ აღიარებულ სამართლიანობის პრინციპებს, რაც ადგილობრივების ჩვეულებებს, ღირსების და პატიოსნების აღქმას ემყარება. აქ მთავარია არა მხოლოდ უბრალოდ სამართლიანობის მიღწევა, არამედ ამასთან ერთად გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფა.
სტატიაში შეფასებულია გლობალიზაციის სწრაფი ტემპის გავლენაც ტრადიციულ საზოგადოებასა და იქ მიმდინარე სამშვიდობო პროცესებზე. ავტორის მოსაზრებით, გლობალიზაცია საფრთხეს უქმნის ტრადიციულ საზოგადოებებში არსებულ იერარქიას და უფროსი თაობის მიმართ ახალგაზრდების პატივისცემას, რაც ადგილობრივი სამშვიდობო პრაქტიკებისთვის უმნიშვნელოვანესია. კოლექტიური ცხოვრების წესი და მისთვის დამახასიათებელი უფროსი თაობის პრიმატი, ტრადიციული რიტუალები ნაცვლდება ინდივიდუალიზმით. სასოფლო თემები სახეს იცვლიან საბაზრო ეკონომიკასა და კომერციულ ურთიერთობებში ჩართვის გამო. შედეგად არა მხოლოდ ტრადიციული მორალური ღირებულებები, არამედ სოციალური სტრუქტურა, უსაფრთხოების ტრადიციული სისტემა ნადგურდება. ტრადიციული ფასეულებების გაუფასურების ფონზე, ომს კიდევ უფრო სასტიკი შედეგები მოაქვს ქალების, ბავშვების და მოხუცების მიმართ.
ადგილობრივი, ქვემოდან წამოსული მშვიდობის მშენებლობის პროცესების უპირატესობაა ისაა, რომ ინდივიდებსაც და ჯგუფებსაც აძლევს ინტერესების გამოხატვის შესაძლებლობას. უფროსი თაობის წარმომადგენლები ცდილობენ კონფლიქტების განმუხტვას. კონფლიქტი დანახულია როგორც კოლექტიური პასუხისმგებლობა, შერიგების პროცესი კი სათემო ღირებულებებს ეფუძნება. შერიგების საჯარო აქტები კოლექტივის წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენებს თემისადმი მიკუთვნებულობას.
სამშვიდობო პროცესში იდეებზე, ნორმებზე, კულტურაზე აქცენტის გაკეთება (რაც კონსტრუქტივისტული ხედვის ამოსავალი დებულებაა), ნიშნავს სახელმწიფო-ცენტრისტული მიდგომის კრიტიკას და გადააზრებას. ადამიანთა გამოცდილებები, მოქმედებები, ხედვები უნდა გახდეს შერიგების, ინტერ-ეთნიკური მშვიდობის, დემოკრატიის მშენებლობის ნაწილი. კონსტრუქტივისტული ხედვის თანახმად, აუცილებელია სამშვიდობო პროცესების დომინანტური მეთოდის გაფართოება და ქალების, უმუშევრების, მარგინალური ახალგაზრდების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. სამშვიდობო პროცესი უნდა ორიენტირდეს ადგილობრივ ცოდნებზე, იდეებსა და ნორმებზე. ყველა ჯგუფმა ერთობლივი ძალისხმევით უნდა შესძინოს მნიშვნელობა სამშვიდობო პროცესებს და მხოლოდ ასე მიიღწევა ამ პროცესის მიმართ ნდობა და ხანგძლივი მშვიდობა. უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება მაშინ, როდესაც სხვადასხვა იდენტობის ადამიანები სოლიდარულ საზოგადოებად გაერთიანდებიან და ინდივიდუალურობასაცშეინარჩუნებენ ერთმანეთის თანადგომის და აღიარების გზით. ასეთ ვითარებაში საერთო კეთილდღეობის, გაზიარებული შეხედულებების და თანაგრძნობის ატმოსფერო ხელახლა დამკვიდრდება საზოგადოებაში.
მიმოხილვა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „სამშვიდობო პოლიტიკის პოზიტიური ტრანსფორმაცია კვლევისა და ადვოკატირების გზით“. მიმოხილვაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და, შესაძლოა, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
ინსტრუქცია