საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომისა და ამ ფონზე ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებული პროცესების პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ომისა და მშვიდობის საკითხების შიდა პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება. ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მიმართ არსებული აშკარა უკმაყოფილებიდან ყურადღების გასადატანად და მის უგულებელსაყოფად, ხელისუფლება ცდილობს ომის საკითხებით სპეკულირებას და ოპოზიციისა და ყველა სხვა ოპონენტის საქართველოს ომში ჩათრევის მსურველებად შერაცხვას. ომგამოვლილი, პოლარიზებული და არაერთი სოციალური, ეთნიკური და პოლიტიკური მარკერით გაყოფილი საზოგადოებისთვის ამგვარი პოლიტიკური რიტორიკის შემოტანა განსაკუთრებით დამაზიანებელია.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო კვირებში ომში ჩათრევის შესახებ რიტორიკა კიდევ უფრო შორს წავიდა, მან ადგილობრივი პოლიტიკური და სამოქალაქო აქტორების მიღმა, გეოპოლიტიკური აქტორებიც მოიცვა და დასავლელი პარტნიორების მიმართ ეჭვები და უნდობლობა გააღრმავა. ამ რიტორიკასა და პოლიტიკური რეალობის ხედვაში, ქართული ოცნება საკუთარ თავს მშვიდობის დამცველად და გარანტორად წარმოაჩენს. ის ძალაუფლების ცვლილებისა თუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომავალს/პირობას უსაფრთხოების ეგზისტენციურ რისკებს უკავშირებს და ამ გზით სტატუს-კვოს, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
თუმცა არც ხელისუფლება და არც საზოგადოება, არ სვამს კითხვას, ნამდვილად გვაქვს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში? აქვთ მშვიდობის განცდა გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ხდებიან დაკავების და ე.წ. ბორდერიზაციის გამო მიწებისა და მოსავლის დაკარგვის მსხვერპლები? აქვს მშვიდობის განცდა გალისა და ახალგორის მოსახლეობას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩაკეტილია და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას? აქვთ მშვიდობის განცდა თუნდაც აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, როცა კონფლიქტების ტრანსფორმაციის, ანუ ნდობის აღდგენისა და საერთო დღის წესრიგის მშენებლობის გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ გვაქვს და ამით ადგილობრივი ელიტები ქართული საფრთხეებით მანიპულირებას ადვილად ახერხებენ? და უფრო ფართოდაც, ღრმა პოლიტიკური პოლარიზების, უსაფრთხოების სამსახურების პარტიული და შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების, ძალაუფლების ხელისუფლების ვერტიკალში ჭარბი კონცენტრაციის და მართვის არაფორმალური სისტემის არსებობის, ექსტრემისტული ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების და ორგანიზებული ძალადობების ჯაჭვის, ქალაქსა და ცენტრს შორის კეთილდღეობაში ასიმეტრიისა და გაჭიანურებული და უიმედო სიღარიბის პირობებში, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ მშვიდობაზე?!
ცხადია, რომ ეს რიტორიკა რეალურ ფაქტებსა და პოლიტიკურ პროცესებზე მეტად, ომგამოვლილ საზოგადოებაში არსებულ, ომთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშებისა და აფექტების მობილიზებას ისახავს მიზნად, და ამ ისტორიული, კოლექტიური ტრავმების ინსტრუმენტალიზებას ახდენს. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ვერ ახერხებს გადაჭრას მზარდ სიღარიბესთან, მაღალ ფასებთან, ეკონომიკურ უთანასწორობასთან დაკავშირებული ძირეული გამოწვევები, და ვერც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება შეძლო, რაც თბილისის ქუჩებში უპრეცედენტოდ ხალხმრავალი პროტესტის გამართვის მიზეზი გახდა, ომში ჩართვის რიტორიკა ამ უკმაყოფილებების გადაფარვის მცდელობად უფრო აღიქმება.
ომისა და მშვიდობის რიტორიკასა და პოლიტიკურ პროცესებზე მოსაზრებების გამოთქმა ვთხოვეთ პოლიტიკასა და კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე მომუშავე მკვლევრებსა და ექსპერტებს და სტატია არსებითად მათ მოსაზრებებს და პოზიციებს ეთმობა.
ინტერვიუში მონაწილე მკვლევრები და ექსპერტები არიან:
აქვს თუ არა რეალური საფუძველი ამ რიტორიკას? თქვენი აზრით, როგორ დაიბადა ეს რიტორიკა და რა შიდა კონფლიქტები და ამბივალენტობები აქვს მას?
პაატა ზაქარეიშვილი: მგონია, რომ ამ რიტორიკის მიზანია, რაიმენაირად ახსნან და თავი დაიცვან, თუ რატომ არ არიან დღეს უკრაინის გვერდით, იმიტომ რომ მათ ამას ყველაფერი ავალდებულებს. იმიტომ რომ ეს არის დღეს საქართველოს ინტერესი. უნდა ილაპარაკონ, რომ საქართველო ისევეა დაზარალებული, როგორც უკრაინა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოს წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი გეგმით ნაკისრი ვალდებულებები. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ამ მხრივ, ცდილობენ, საერთოდ არ ილაპარაკონ საქართველოს კონფლიქტებზე და ამით არ ამოუდგნენ უკრაინას გვერდში. არადა, მართლაც მშვენიერი მომენტია იმისათვის, რომ საქართველომ დღეს უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე გააცოცხლოს, რეანიმაცია გაუკეთოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და მსოფლიო დღის წესრიგში ჩასვას საქართველო. მე მგონია, რომ ეს რუსეთის ხედვაა, გეგმაა, იმიტომ რომ თვითონ ამას ვერ მოიფიქრებდნენ. დღეს რუსეთის მთავარი ამოცანაა მსოფლიოს დარწმუნება იმაში, რომ უკრაინა არის ნაცისტური, ფაშისტური და მასთან თავისი ანგარიშსწორება აქვს, მაგრამ როგორც კი საქართველო თავს წამოყოფს, მაშინ ნათელი იქნება, რომ ეს რუსული იმპერიალიზმია და ეს გზა საქართველომ უკვე გაიარა. მაგრამ ეს რუსეთს არ აწყობს. აქვე ჩანს კიდევ ერთი დეტალი. შეიძლება ესეც რუსეთიდან წამოსული დირექტივაა, რომ სადაც რუსეთის წინააღმდეგ საკითხები ყალიბდება, მაგალითად, რეზოლუციები, სასამართლო დავები ჰააგაში, და კოლექტიური აქტიურობა მაინც მოჰყვება, მისცენ ხმა რუსეთის წინააღმდეგ, რომ თავი დაიცვან და ქართულ საზოგადოებას შეუქმნან განცდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ არიან.
იაგო კაჭკაჭიშვილი: ამ რიტორიკას, ცხადია, რეალური საფუძველი არ აქვს და ის ჩვეულებრივი - ტვინების გამომრეცხავი - სახელისუფლო პროპაგანდის ნაწილია. ანუ, ეს არის ჰიპოთეტური, ვირტუალური რეალობის პრეზენტირება, რომელსაც ობიექტური დასაყრდენი არ გააჩნია - ევროკავშირის არცერთ სტრუქტურას, აგრეთვე, აშშ-ს ხელისუფლების არცერთ რგოლს ასეთი მოწოდება არ გაუკეთებია. მეორე ფრონტის გახსნის იდეა გამოთქვა უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, თუმცა ეს არც საერთოუკრაინული ესტაბლიშმენტის მოთხოვნა ყოფილა (მაგალითად, ზელენსკის ასეთი რამ არასოდეს უთქვამს).
ამის მიუხედავად, ხელისუფლება მაინც აქტიურად (და მეტ-ნაკლები წარმატებით) იყენებს ამ პროპაგანდისტულ „ფეიკს“. ამ შემთხვევაში ის მოქმედებს ცრუ სილოგიზმის/დუდუქციის მეთოდით: წანამძღვრები: ა) უკრაინის ხელისუფლებას სურს საქართველოს ჩაბმა ომში; ბ) უკრაინის ხელისუფლება დასავლეთის (ევროკავშირის) კარნახით მოქმედებს. დანასკვი: დასავლეთს სურს საქართელოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში.
სხვა საკითხია, რომ მასობრივი ცნობიერება იოლად ერგება ასეთ მარტივ და ცრუ სილოგიზმებს. მეტიც, მასობრივ ცნობიერებას არ უყვარს პასუხგაუცემელი, ჰაერში „დაკიდებული“ შეკითხვები, თუმცა არც ის უყვარს, რომ შეკითხვებზე პასუხები თავად მოიძიოს - იაზროვნოს, დოკუმენტურ წყაროებს გაეცნოს, ისინი ერთმანეთს კრიტიკულად შეაჯეროს და ა.შ. მასას ურჩევნია, რომ მზამზარეული პასუხები მიიღოს გარედან. ასეთი გარე წყაროები, ვისაც მასის თვალში დაეჯერება, პირველ რიგში, ძალაუფლების მატარებელი აქტორები არიან, ხოლო ამ აქტორებს შორის მასის ადამიანს განსაკუთრებული პიეტეტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ აქვს, მით უფრო, ავტორიტარულ საზოგადოებებში. ეს არის პატერნალისტური ცნობიერების გამოვლინება, როდესაც „პატრონი“, ანუ ხელისუფლება ყოველთვის მართალია, როცა რამე ამბობს.
ამასთანავე, „არა ომს“ პატერნი, თუნდაც უნიადაგო, ეფექტიანად მოქმედებს ტრავმირებულ საზოგადოებებში, რომლებმაც ომის მტკივნეული გამოცდილება მიიღეს. საქართველოს ასეთი ტრავმული გამოცდილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში განცდილი მარცხის შემდეგ ჩამოუყალიბდა. ტრავმული საზოგადოება ახდენს მოვლენათა ჰიპერბოლიზებას, ცდილობს „ბნელ ოთახში აღმოაჩინოს კატა მაშინაც კი, როცა ის ოთახში არ არის“. საქართველოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი ახდენს რუსეთ-უკრაინის ომის და უკრაინისთვის ამ ომის დამანგრეველი შედეგების პროეცირებას საქართველოზე, დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოშიც მოხდება და უკრიტიკოდ უყურებს ყველა „არგუმენტს“, რომელიც, ომის საპირწონედ, მშვიდობაზეა ორიენტირებული.
აქ უთუოდ გასათვალისწინებელია ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევების გამოყენება ზემოაღნიშნული პროპაგანდის ინსტრუმენტად. როგორც ცნობილია, რაოდენობრივი (მასობრივი) გამოკითხვები არა მხოლოდ აღწერს საზოგადოებაში არსებულ განწყობებსა და დამოკიდებულებებს, არამედ ახდენს კიდეც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას. ცოტა ხნის წინ გავრცელდა კვლევითი კომპანია GORBI-ს გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, რესპონდენტების დიდი უმრავლესობა ემხრობა საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, უარყოფითად უპასუხოს დასავლეთის ომში ჩართვის შესაძლო (!) მოწოდებას. ეს გამოკითხვის პროპაგანდისტული და მიკერძოებული შედეგია, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერებაში გაამყაროს და პოლიტიკურ/კულტურულ არქეტიპად აქციოს დასავლეთის, როგორც მოძალადის გენერალიზებული ხატი, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის მთავარი გამოწვევა და ერთგვარი მითოლოგიზებული წყევლაა.
თამარ ცხადაძე: საფუძველი რა აზრით? ობიექტური, ნორმატიული აზრით, თუ საზოგადოებაში შესაბამისი ნიადაგის მომზადების აზრით?
პირველი - ნორმატიული - აზრით, ანუ, მართლაც საფუძვლიანია თუ არა მტკიცება, რომ ქართული ოცნება მშვიდობის დამცველი და გარანტორია, მოკლედ რომ ვთქვა, არ მგონია. ვფიქრობ, რომ მისი „გარანტორობა“ დამოკიდებულია, ერთი მხრივ, რუსეთის მდგომარეობაზე და მის ინტერესებზე და, მეორე მხრივ, იმაზე, თუ რას მიიჩნევს ქართული ოცნება/ივანიშვილი საჭიროდ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუ რაღაც მომენტში გადაწყვეტენ, რომ ომი ან კონფლიქტი მოეხმარებათ ამაში (თუნდაც სამოქალაქო ომი, ან რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო ძალით დაპყრობა), დარწმუნებული ვარ, რომ უკან არ დაიხევენ.
შეკითხვის მეორე აზრით კი, რიტორიკას საფუძველი ნამდვილად აქვს, ანუ, იმ აზრით, რომ ამ რიტორიკას ოცნება დიდი ხანია იყენებს და ავრცელებს; საფუძვლის მომზადება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე ბევრად ადრე დაიწყო. 2008 წლის ომთან დაკავშირებით ოცნების რიტორიკა თუ ქმედებები, ოცნების გამოჩენის პირველივე დღიდან, სწორედ ამ საფუძველს ამზადებდა ძალიან თანმიმდევრულად და მრავალ პლანზე. ბოლო პერიოდშიც (ბოლო წინასაარჩევნო კამპანიების ჩათვლით), მათი პიარის თითქმის ერთადერთი პოზიტიური შინაარსი, გარდა წინა ხელისუფლების დაბრუნებით დაშინებისა, იყო ამის მტკიცება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, მათი მმართველობა ერთადერთია, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია.
ამ მხრივ, ჩემთვის საინტერესოა შემდეგი პატერნი: ოცნების ბევრი მხარდამჭერი, ვისთანაც კი მილაპარაკია ან მიკამათია, იწყებს სააკაშვილის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების და ინსტიტუტების კორუმპირების არგუმენტებით, მაგრამ როგორც კი ოცნების მმართველობის პერიოდში ანალოგიურ პრობლემებზე მიუთითებ, თემას ცვლის და არგუმენტად გამოაქვს „ქვეყნის გაყიდვა 2008 წლის ომში“. რა თქმა უნდა, ამ რიტორიკაში და მის გამოყენებაში არის არათანმიმდევრულობები - მაგალითად, ვერ გაიგებ, სააკაშვილის ხელისუფლებას რუსეთის თანამზრახველობა და გამყიდველობა ედება ბრალად, თუ რუსეთთან ურთიერთობაში გაუფრთხილებლობა და ზედმეტი ბრავადო. მაგრამ „წინა ომის ხელისუფლება და ახლანდელი მშვიდობის ხელისუფლება“ ძალიან სტაბილური და დიდი ხნის ისტორიის მქონე მემია ოცნების რიტორიკაში.
მეორე მხრივ, საზოგადოებრივ აღქმებში ფეხის მოკიდების აზრით, ამ რიტორიკას აქვს სხვა საფუძველიც, რომელიც არა ქართული ოცნების, არამედ ოპოზიციური ფლანგის - პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თუ თვალსაჩინო (ინფლუენსერი) მოქალაქეების - დისკურსისა და ქმედებების შედეგია. და ეს უფრო ეხება სწორედ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდგომ პერიოდს. მხედველობაში მაქვს არნახულად გაძლიერებული მილიტარისტული დისკურსი (რაც მანამდე ანტისაოკუპაციო მოძრაობის ნიშა იყო და საზოგადოებაში დიდწილად ირონიას იწვევდა), რომელიც თავისებურად ოცნების საწინააღმდეგო ფლანგის ერთ-ერთ წებოდაც კი იქცა.
რუსეთის დაგმობის და უკრაინის მხარდაჭერის ამ ფორმით კრისტალიზებამ - რომელიც ნამდვილად არის აფექტური - ჩემი აზრით, კიდევ უფრო გაუმყარა „ანტი-ომის“ რიტორიკას საფუძველი საზოგადოების საწინააღმდეგო, პრო-ოცნების პოლუსზე. ამ ეფექტს რომ თავი დავანებოთ, უკრაინის მხარდამჭერი დისკურსის ეს მილიტარისტული ბუნება თავისთავადაც ძალიან პრობლემურად და სახიფათოდ მიმაჩნია: ერთია, რომ ზოგადად მილიტარიზმია პრობლემური (არაფერი რომ არ ვთქვა დახოცილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობის ზეიმით გამოცხადებაზე და მისთანა სიგიჟეებზე) და მეორეა ის დისკურსები (დაპყრობის და ა.შ.), რაც მან კონკრეტულად აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით წარმოშვა.
რა ტიპის პოლიტიკური ტექნოლოგიაა ეს და როგორი შეიძლება იყოს მისი სოციალური და პოლიტიკური შედეგები? იწვევს თუ არა ეს რიტორიკა ომთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული შიშების მობილიზებას და ინსტრუმენტალიზებას და არის თუ არა ის აფექტური?
შორენა ლორთქიფანიძე: ამ საკითხს რამდენიმე პერსპეტივიდან შეიძლება შევხედოთ: ერთი, როგორც ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური მესიჯი და პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი, მათ შექმნეს და მოირგეს „მშვიდობის დამამყარებლის როლი“ (ეცადა სხვა პოლიტიკურ ძალას, ყოველ შემთხვევაში, სხვებს დაასწრეს ამ საქმეში) და როდესაც ამბობენ, რომ ამდენი წელია ომი არ ყოფილა, მართალია, თუმცა არც პოზიტიური მშვიდობა ყოფილა.
მშვიდობა მხოლოდ უცხო ქვეყნის მხრიდან სამხედრო აგრესიის, იარაღისა და ბომბებისგან თავისუფლებას არ გულისხმობს, მათ საზოგადოებას მიჰყიდეს ნეგატიური მშვიდობის კონცეფცია, როგორც მშვიდობა. მშვიდობა სინამდვილეში გულისხმობს შინ მშვიდობის დამყარებასაც, ამისთვის კი, ხელისუფლებას ხელიც არ გაუნძრევია, პირიქით, მშვიდობისმყოფელების მანტია შიდაპოლიტიკური დაპირისპირების უსასრულო გამოკვებით მოირგო.
მეორე საკითხია, რამდენად უწყობდა ხელს ამას ოპოზიცია. ოპოზიციას არცკი შეუთავაზებია ალტერნატიული ხედვა საზოგადოებისთვის, არ უცდია თანამშრომლობა, არ ჩართულა არცერთ მნიშვნელოვან პროცესში პარლამენტში. და თუ ერთვებოდა, ყოველთვის დაგვიანებით (შარლ მიშელის დოკუმენტზე ნაციონალურმა მოძრაობამ ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა, რაც ოცნებამ დატოვა შეთანხმება). ერთადერთი, რასაც ოპოზიცია სთავაზობს, ეს არის - „ესენი არა, მე“.
აქადან გამომდინარე, ადამიანებს ობიექტური შიშისა და ერთგვარი დაუცველობის განცდა ეუფლებათ. დაუცველობის განცდა იქიდანაც გამომდინარეობს, რომ მათ ყოველდღე ეუბნებიან ტელევიზიით, რომ მათი სახელმწიფო არაფრად ვარგა, ყველა ყველაფერს იპარავს, ნატოსთან თავსებადობა სისულელეა, სინამდვილეში ჩვენი ჯარი უვარგისია, კორუფციაა ყველგან, ასოცირების შეთანხმება და სავაჭრო შეთანხმება გვაქვს, მაგრამ ევროპაში ვერაფერს ვყიდით, ჩვენი სტანდარტი დაბალია. ამას რომ მოისმენ და იცი, რომ უკრაინაში უკვე მეოთხე თვეა, ომია, რატომ არ უნდა შეგეშინდეს. მოკლედ, ჩვენს პოლიტიკურ ძალებს ავიწყდებათ ერთი, სრული უიმედობის და სისუსტის განცდის შექმნა (რა თქმა უნდა, ობიეტური საფუძვლები აქვს ამ პრეტენზიებს) მაინცდამაინც არ იწვევს წინააღმდეგობას. პირიქით, იწვევს შიშს, რომ ახლა სჯობს იყო წყნარად, ასე ფიქრობს ხალხი. ამით კარგად სარგებლობს ქართული ოცნება, ოპოზიციის ბრძოლის ძირითად ხაზს იყენებს თავისი ნარატივის გასაძლიერებლად.
მოკლედ, ოპოზიცია ზოგჯერ თავის ტოტს თვითონ ჭრის, როდესაც ისეთ დისკურსში ერთვება, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ასევეა ქართული ოცნებაც, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში არავინ სჭირდებათ, მათ თვითონ შეუძლიათ ყველაფერის მოგვარება და მიღწევა. ეს დამოკიდებულება უკვე იწვევს სხვადასხვა ჯგუფების გამორიცხვას პოლიტიკური პროცესიდან, კარს კეტავს დისკუსიისთვის, ინკლუზიური გადაწყვეტილებების მიღებისათვის, პასუხისმგებლობის გადანაწილებისთვის.
შიში არსებობს ობიექტურად და ამ შიშს სხვადასხვა გზით კვებას როგორც ქართული ოცნება თავისი ექსკლუზიურობით, ისე ოპოზიცია სრული უიმედობის დათესვით.
სახეზეა ბრძოლა წესების გარეშე და რატომ აქვს ოცნებას ასეთი ნარატივი, ეს რიტორიკა, ამაში მათი გაკიცხვა არაფერს მატებს ჩვენს კრიტიკულ დისკურსს, აქ მთავარია, რა ინსტრუმენტები და სტრატეგიაა არსობრივი ტრანსფორმაციული პროცესებისთვის. ამ პოტენციალს ვერ ვხედავ ვერცერთ პოლიტიკურ ძალაში, სხვა პოლიტიკური ძალები, თავის მხრივ, გაურკვეველ და ორაზროვან ხაზს ატარებენ, რაც ოცნებას თავისი ნარატივის გამყარებაში ეხმარება და გამოსდის კიდეც.
რამდენად ეფექტიანია ქართული ოცნების უსაფრთხოების პოლიტიკა და რამდენად საფუძვლიანია მისი კმაყოფილება ამ წლებში მიღწეული მშვიდობის მიმართ? საერთოდ, რას ნიშნავს მშვიდობა დღეს საქართველოსთვის, განსაკუთრებით, კონფლიქტების და ოკუპაციის კონტექსტში?
პაატა ზაქარეიშვილი: ქართული ოცნების უსაფრთხოების პოლიტიკა პრაქტიკულად მოშლილია. ჩვენ არ ვიმყოფებით უსაფრთხოების არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც რეგიონალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაგალითად, როგორც სომხეთია ოდეკაბეში, ან აზერბაიჯანი მეგობრობს თურქეთთან და ის დემონსტრაციულად უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. საქართველო აშკარად ფეხს ითრევს ნატოში გაწევრიანებაზე. აშკარად ცდილობს დისტანცირებას თურქეთისგან, რაც, ჩემი აზრით, რუსეთის პოლიტიკის ნაწილია. დღეს თურქეთი მეგობრობს აზერბაიჯანთან და უკრაინასთან და ამას რუსეთი აშკარად უწევს ანგარიშს და არაფრით შეუძლია შეეწინააღმდეგოს. თუ ვინმესი ეშინია რუსეთს, ეს ორად ორი სახელმწიფოა - ჩინეთი, რომელიც აკონტროლებს მის შორეულ აღმოსავლეთს და ცენტრალურ აზიას, და თურქეთი, რომელიც აკონტროლებს კავკასიას, შავ ზღვას და ცენტრალურ აზიაზე აქვს პრეტენზიები.
შეიძლებოდა თურქეთთან მეგობრობა, ამიტომ ეს ჯაჭვი - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი-უკრაინა, აშკარად გარკვეულ კონცეპტუალურ სარტყელს შექმნიდა რუსეთის გარშემო, საქართველო კი, როგორც ამ ჯაჭვის ცენტრალური რგოლი, ამოვარდნილია და ეს, რა თქმა უნდა, თვალშისაცემია. ამიტომ, საქართველო არის სრულიად მოწყვლადი უსაფრთხოების მიმართულებით, მას არ ჰყავს რეგიონალური უსაფრთხოების გარანტორები. სომხეთს რუსეთი ჰყავს ფორმალურად (რუსეთი რაღაცაში ეხმარება მაინც); აზერბაიჯანს - თურქეთი, ხოლო თურქეთი - ნატოა, ევროკავშირი და ასევე წამყვანი სახელმწიფოები კი მხარდამჭერად გამოუჩნდა უკრაინას, რომელიც რეგიონშია. ჩვენთან ამ ტიპის რაღაც არ ხდება, მით უმეტეს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არმოცემა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მოწყვლადი გახდა საქართველო, ამიტომ, საქართველოს უსაფრთოხების პოლიტიკა არის კატასტროფული.
გარდა ამისა, შეუძლებელია საუბარი მიღწევებზე სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით. მათ დღემდე ვერ ჩამოაყალიბეს კონცეფციაც კი, არც კი იციან, როგორ და რატომ უნდა ელაპარაკონ აფხაზურ და ოსურ მხარეებს, იქ კი რეგულარულად იცვლება ვითარება, იცვლება ხელისუფლება (ახლა გაგლოევი მოვიდა), ბჟანიადან წამოსული დიალოგის მოწოდებები ჩააგდეს და დღეს აფხაზები უკვე აღარ ლაპარაკობენ ამ დიალოგზე და სრულიად შეუძლებელია, ისინი იყვნენ კმაყოფილები. ევროპელები კარგად ხედავენ, როგორ კატასტროფულად მიაგდეს აფხაზურ-ოსური თემები. საზოგადოებაც ხედავს, რომ არავითარი პროგრესი არაა ამ მიმართულებით.
შესაძლოა, ახლა მიღწევად მიითვალონ ის, რომ რეფერენდუმი არ ტარდება სამხრეთ ოსეთში, რომ თითქოს ეს ქართული დიპლომატიის დაუღალავი შრომის შედეგი იყო, რომ დააჯერეს მოსკოვი, ემუშავა ცხინვალთან და თავიდან აეცილებინა რეფერენდუმი. ამდენ ხანს რატომ არ ლაპარაკობდნენ, არ ვიცი. თუ არ ილაპარაკებენ, ეს, თავისთავად, ცალკე ანალიზის საფუძველი იქნება. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ილაპარაკებენ, ის იქნება, რომ, სავარაუდოდ, რუსეთი გააფრთხილებდა, არ მიეთვისებინათ ის, რაც მათ არ ეკუთვნით.
მშვიდობა თუ მხოლოდ ომის არარსებობაა, ეს მშვიდობა აღარ არის. არ არსებობს მშვიდობის კონცეფცია, თუ როგორ ვაპირებთ სამშვიდობო პროცესის წარმართვას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მაგალითად, დღეს ყველაზე კარგი იქნებოდა, სამშვიდობო პროცესი შემდეგნაირად წარგვემართა:
თუ ამ ტიპის ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნება“, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ აქვს სამშვიდობო პოლიტიკა. ისინი ნაბიჯებს არ დგამენ ამ კონფლიქტების მოსაგვარებლად. საქართველოსთვის რას ნიშნავს მშვიდობა, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის სწორედ იმას ნიშნავს, რაც ჩამოვაყალიბე. ევროკავშირი იქნება ჩართული, და, შესაბამისად, მხარდაჭერილი, და აფხაზურ-ოსური საზოგადოებებიც იქნებიან ჩართულები, რათა მათი ინტერესებიდან გამომდინარე ვისაუბროთ ძალის გამოუყენებლობაზე.
შორენა ლორთქიფანიძე: საქართველოში არ არის მშვიდობა, ჩვენ პოზიტიური მშვიდობის გარემოში არ ვცხოვრობთ და ამაზე არავინ ზრუნავს. თუმცა, მეორე მხრივ, არ გვაქვს განცდა, რომ სრულ ქაოსსა და საფრთხეში ვცხოვრობთ. არ გვეშინია ჩვენი შვილების ღამით სადმე გაშვება, მაგრამ ასევე გვახსოვს ბევრი არეულობა, რომელიც ადამიანებისთვის საბედისწერო შედეგებით დასრულდა (განსაკუთრებით მძიმეა 2019 წლის 20 ივნისის ღამე და დაშავებული ადამიანები).
აქამდე ნატო მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებდა საქართველოს, ახლახან თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს აკრედიტაცია მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები სასწავლო მიზნებისთვის აქ მოავლენენ თავიანთ თანამშრომლებს. ნატოელი კონსულტანტები მუშაობენ ჩვენს თავდაცვის სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
თუმცა ეს ასევე არ ნიშნავს და არ არის გარანტია დემოკრატიული პროცესებისთვის უწყებებში, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების გამო, თავდაცვითი რეაგირების რეჟიმში მუშაობენ.
სანამ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები საერთაშორისო თანამშრომლობაში იქნებიან ჩართულები, მიუხედავად ქართული ოცნების რიტორიკისა (ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ორაზროვანი განცხადებები), საერთაშორისო იზოლაციონიზმის საფრთხე არ არსებობს, თუმცა თუ ქართული ოცნების მხრიდან ეს ტენდენცია გაგრძელდა და ამას დაემატება საკმაოდ გაძლიერებული კრიტიკა და უნდობლობა საქართველოს მიმართ (ევროპარლამენტის რეზოლუცია და მედიის შესახებ დებატები საამაყო არ არის), შეიძლება მივიღოთ საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების დახურვა ან შემცირება, აი, აქ კი, ნამდვილად შეექმნება საფრთხე იმ მცირედ მიღწევებს, რაც აქამდე გვქონია.
ასევე მგონია, რომ დეოლიგარქიზაციის გარშემო მობილიზება არ არის სწორი მესიჯი და გამაერთიანებელი კონცეფცია საზოგადოებაში.
ისეთი რამ გვჭირდება, რაც გაგვაერთიანებს და არ დაგვყოფს, დღის წესრიგის შექმნა და იქ პრიორიტეტების გაწერა სხვა საქმეა. აქ უმთავრესი პრიორიტეტი, რასაკვირველია, დეოლიგარქიზაცია უნდა იყოს.
ასევე, მგონია, რომ ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა და არც არის დაინტერესებული გამართიერთიანებელი პოლიტიკის შექმნით, რომელიც უფრო ფართოდ გააღებს კარს განსხვავებული მოსაზრებებისათვის.
ქართული ოცნება ახერხებს რაღაცა ტიპის ბალანსის შენარჩუნებას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებითაც, მაგრამ, სამწუხაროდ, ე.წ. სტაბილური წონასწორობა ძალიან მოწყვლადია და მთლიანად მიშვებული.
ნათია ჭანკვეტაძე: მშვიდობის იდეა საქართველოში არ არის კონკრეტული და რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდები, მანიპულაციის საგანიც გახდა. კონფლიქტების კონტექსტში კიდევ უფრო ბუნდოვანია მშვიდობის კონცეფცია, რადგან, ერთი მხრივ, გვაქვს რეალობა, რომელიც გამოიხატება რუსეთის სამხედრო ბაზებითა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე გაზრდილი კონტროლით; მეორე მხრივ, აფხაზური და ოსური საზოგადოებები შორდებიან ქართულ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ რეალობას და მოწყვეტილად ვითარდებიან.
მშვიდობის ყველაზე მარტივი აღქმა აქტიური საომარი მოქმედებების არარსებობას უკავშირდება. მშვიდობის და კონფლიქტების კვლევებში ამას „ნეგატიურ“ მშვიდობას ეძახიან. ქართულმა ოცნებამ სწორედ „ნეგატიური“ მშვიდობის იდეა აიტაცა და გვარწმუნებს, რომ ომის არარსებობა უკვე მშვიდობაა. ერთი შეხედვით, ასეც არის, თუმცა ამ დროს სრულიად უგულებელყოფილნი არიან გამყოფ ხაზთან მცხოვრები ადამიანები, დევნილები, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ხალხი, ისინი, ვინც ყოველდღიურად უმკლავდებიან გამოვლილი ომებისა და გაჭიანურებული კონფლიქტების შედეგებს და ვისთვისაც მშვიდობა ომის არარსებობის მიღმა ბევრ სხვა საკითხსა და საჭიროებას უკავშირდება.
ქართული ოცნების პოლიტიკა უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ, განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, უკიდურესად გამარტივდა და ბოლო თვეების დისკურსის გათვალისწინებით, სრულად ჩამოეკიდა „რუსეთის გაუღიზიანებლობის“ იდეას. ეს კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში გვამყოფებს და სტრატეგიული პარტნიორებისგან იზოლაციის საფრთხეს გვიქმნის. გარდა ამისა, ომის თემით აქტიურად მანიპულირებენ კონკრეტული პოლიტიკოსები, საზოგადოებაში შიშს ნერგავენ და ასაზრდოებენ ნარატივს, რომ მხოლოდ ქართულ ოცნებას არ უნდა ომი და ყველა, ვისაც მათი გადაწყვეტილებებისა თუ მოსაზრებების მიმართ შეკითხვები უჩნდება ან ეწინააღმდეგება მათ, ომის მომხრეა.
ქართული ოცნების უსაფრთხოების პოლიტიკა სტატუს-კვოს შენარჩუნებაა. თუმცა იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვისაც კონფლიქტი ყოველდღიურად ეხება, დიდად არ გაზრდილა. მაგალითად, 2012 წლიდან დღემდე მიმდინარეობს გატაცებები და დაკავებები გამყოფ ხაზებთან, იყო გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, გენადი ბესტაევის და კიდევ ბევრი სხვა შემთხვევა. იყო ბევრი უკანანო დაკავებაც. ჯერ კიდევ არ გვაქვს მკაფიო ჩარჩო, რა ხდება მსგავსი დაკავება/გატაცებების თავიდან ასარიდებლად და მათთან გასამკლავებლად. დევნილების წინაშე ისევ უამრავი პრობლემაა. ახალგორი ფაქტობრივ იზოლაციაში იყო 2019 წლიდან და გადაადგილება უკიდურესად შეიზღუდა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის მიმართულებით. თუმცა, ამ ყველაფრის მიღმა, შეიქმნა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ძალიან კარგი და, რაც მთავარია, თანამშრომლობითი პროექტი იყო (იმ პერიოდში ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერების მხრიდან).
სამწუხაროდ, მშვიდობის და ომის თემებით მანიპულირება მარტივია, განსაკუთრებით, ომგამოვლილ საზოგადოებებში, თუმცა დამაზიანებელია სამშვიდობო პროცესისთვის.
ვანო აბრამაშვილი: დღეს საქართველოში არ გვაქვს მშვიდობა, ვინაიდან ჩვენი დაურეგულირებელი კონფლიქტები კვლავწარმოებადია, რჩება ძალადობრივად და მუდმივად ვიხდით ადამიანურ, ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ფასს. წლობით ქვემეხების ხმა რომ არ ისმის, არ ნიშნავს, რომ ჩვენს მდგომარეობას მშვიდობა შეიძლება ვუწოდოთ, ვინაიდან დაწყებული ყოფითი პრობლემებით, დამთავრებული პოლიტიკური სტატუსით, არცერთ საკითხზე არ გვაქვს თანხმობა აფხაზებთან და ოსებთან და რუსული ოკუპაციის ფონზე მუდმივი დესტაბილიზაციის საფრთხე გვექმნება. სამწუხაროდ, არ მაქვს განცდა, რომ ხელისუფლებას აქვს გეგმა, თუ როგორ შეიძლება გაუმკლავდეს უსაფრთხოების რისკებს, როგორ აირიდოს ისინი თავიდან და ჩარჩენილია ძველ პარადიგმაში, სადაც უსაფრთხოება მხოლოდ ჯარის, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის საქმეა და არანაირი ინვესტიცია არ იდება საზოგადოების მედეგობის გასაზრდელად.
როგორ აისახება ეს რიტორიკა სამშვიდობო პოლიტიკაზე და როგორ შეიძლება რეფლექსირებდნენ ამ განხილვებზე და ენაზე აფხაზური და ოსური საზოგადოებები? პაატა, ვანო და ნათია
ნათია ჭანკვეტაძე: ბოლო პერიოდის ამბებმაც დამარწმუნა, რომ ცხინვალიდან და სოხუმიდან იმაზე აქტიურად და ყურადღებით გვისმენენ და გვიყურებენ, ვიდრე თბილისში ვფიქრობთ. თუმცა, აქვე, უამრავი ცრუ და პროპაგანდისტული ინფორმაცია ვრცელდება. მაგალითად, როდესაც დაიწყო დისკუსია ძალის გამოყენებისა და სოხუმსა და ცხინვალში „გასეირნების“ შესახებ, ამან აფხაზებსა და ოსებში უამრავი შეკითხვა და შიში გააჩინა. ასეთ დროს მნიშვნელოვანია მკაფიო და კონკრეტული პასუხების გაცემა და ამ ხალხის შიშების მაქსიმალურად განეიტრალება.
ასევე მნიშვნელოვანია, სამშვიდობო პოლიტიკაში კონკრეტიკის შეტანა. სამწუხაროდ, ისევ ბუნდოვან პროცესში ვართ. გაუგებარია, სად ხედავენ ქართული ოცნების ახლანდელი ლიდერები გამოსავალს და რა არის კონფლიქტების დარეგულირების მათეული ხედვა. ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ რუსეთის „გაუღიზიანებლობის“ პოლიტიკა სიმძიმის ცენტრს რუსეთზე სვამს, თუმცა, მეორე მხრივ, არ ჩანს არანაირი კონკრეტული პროცესი, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ რუსეთის გავლენებს აფხაზეთსა და ცხინვალში. ამ მომენტში ცოტა უხერხულიც კია ამაზე საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული პოლიტიკის სავარაუდო გავლენებზე ვლაპარაკობთ.
ზოგადად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის ქართული მხრიდან ინფორმაციის რეგულარულად შეღწევის პრობლემა. ისინი ხედავენ მხოლოდ ე.წ. ჰედლაინებს, რაც ქართულ საზოგადოებასა და მედიასივრცეში ჩნდება. მაგალითად, „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რაც მძიმედ მიიღეს და საპასუხო კამპანიაც ჰქონდათ. მსგავსი გამოხმაურება ჰქონდა სოხუმსა და ცხინვალში „გასეირნების“ ამბავს. საბედნიეროდ, ასევე დაინახეს სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიერ გაზიარებული მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი, რომელსაც კონკრეტული მოწოდებებიც ჰქონდა. დაახლოებით მსგავსად ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ ჩვენც. რამდენიმე მედიასაშუალების და არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა, აქეთაც „ჰედლაინები“ იქცევს ხოლმე ყურადღებას, მაგალითად, აქტიურად გაშუქდა ამბავი, რომ სოხუმში რუსეთში მხარდამჭერი აქცია ჩაატარეს. მაშინ როცა, იმავე სოხუმში მომზადდა და გავრცელდა წერილი ომის წინააღმდეგ, რომელსაც ათეულობით ადამიანი შეურთდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პარტიულ, ვიწრო ინტერესებზე გათვლილი რიტორიკა აზიანებს ბევრ საკითხს, მათ შორისაა სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც თანმიმდევრულობა და პრინციპულობა განსაკუთრებით სჭირდება.
ვანო აბრამაშვილი: ომის თემატიკის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში პარტიული მიზნებისთვის და შიდა კრიზისების გადასაფარად ყოველთვის მძიმე გავლენას ახდენდა სამშვიდობო პოლიტიკაზე და ეს განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა 2007 წლის ნოემბრის მერე, შესაბამისად, იმავე წყალში მეორედ შესვლა არ ღირს და არც უნდა დაუშვას საზოგადოებამ. გარდა ამისა, რუსული დეზინფორმაციის ფონზე ძალიან მარტივად შეიძლება ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების გამოყენება გამყოფი ხაზების მიღმა შიშის და გაუცხოების გასაღრმავებლად.
პაატა ზაქარეიშვილი: სამშვიდობო პოლიტიკა არ არსებობს, მკვდარია და ამიტომაც ვერსად აისახება. რიტორიკა ცალკეა და არარსებული საბჭოთა პოლიტიკა - ცალკე. უფრო მეტიც, რიტორიკაც ძალიან სუსტია და, ფაქტობრივად, სამშვიდობო პოლიტიკაზე ლაპარაკი არ არის. მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და სადღეგრძელოების დონეზე საუბარია საზოგადოებებთან ურთიერთობებზე.
ის, რომ მთავრობას ომი არ უნდა - კარგია და ჩანს, მაგრამ როგორ უნდა მშვიდობა - ამას ვერ ხედავენ აფხაზები და ოსები. მე მგონია, რომ აფხაზებს საკმაოდ ეშინიათ შედეგების უკრაინაში (როგორც არ უნდა დასრულდეს - უკრაინის გამარჯვებით თუ დამარცხებით). მათი აზრით, რუსეთი ხელიდან არ გაუშვებს და ელოდებიან საქართველოდან გარკვეულ სიგნალებს, რასაც საქართველო ვერ და არ აწვდის. მათ უნდათ, რომ როგორც კონფლიქტის, ისე მოლაპარაკების მხარედაც დაფიქსირდნენ, რათა რუსეთს მოუსპონ პროპაგანდისა და დემაგოგიის საშუალება, რომ თითქოს საქართველო მაინც არ ელაპარაკებათ და რუსეთთან უფრო მეტ ინტეგრაციაზე უნდა ისაუბრონ, ვინაიდან საქართველოდან შანსები არ აქვთ. ეს განცდა, რა თქმა უნდა, არის აფხაზეთში.
საქართველოდან საჭიროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ერთი ვარიანტია - რაც აღვნიშნე ძალის გამოუყენებლობაზე, აქ შეიძლება იყოს საუბარი გადაადგილების თავისუფლებაზეც. რა შეიძლება შევთავაზოთ მართლაც რეალური, გარდა მსოფლიოში არსებული ნეიტრალური სტატუსისა, რათა იმოგზაურონ მსოფლიოში, თუ უარს იტყვიან რუსეთის მოქალაქეობაზე და თუ არსებობს ამ ტიპის რაღაც სტატუსი - ნუ აიღებთ ქართულ პასპორტებს, მაგრამ ვიდრე გაქვთ რუსული პასპორტები, ან რუსული პასპორტებით უნდა იმოგზაუროთ ან უარი უნდა თქვათ მათზე და მაშინ ჩვენ, საქართველო, დაგეხმარებით ნამდვილად რეალური სტატუსის მატარებელი დოკუმენტების აღებაში. ან, ვინაიდან ეკონომიკური სანქციები მოდის რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება შევთავაზოთ შუალედური საბანკო საქმიანობა - ისევ სტატუსნეიტრალური კონცეფციებით შევთავაზოთ ისეთი საბანკო საქმიანობა, რომელიც გამორიცხავს მათ აღიარებას და, მეორე მხრივ, ჩართავს რაღაც სისტემაში.
აგრეთვე, შესაძლებელია, სატრანსპორტო კომუნიკაციებზე იყოს საუბარი, გაიხსნას საავტომობილო და საზღვაო გზა. მათ პრობლემები ექმნებათ თურქეთთან კონტაქტისას, რადგან რუსეთიდან ფრენები უკვე გაძვირდა და თანაც, რუსები ეჭვით უყურებენ აფხაზების თურქეთში მოგზაურობას. შეიძლება ვიპოვოთ გამოსავალი, რომ იარსებოს საზღვაო მიმოსვლამ სოხუმიდან თურქეთის მიმართულებით. შეიძლება იყოს რამდენიმე ნეიტრალური ვარიანტი, მაგალითად, იყოს გზა სოჭიდან ტრაბზონამდე (დასაწყისი და ბოლო ორ ლეგიტიმურ სახელმწიფოს შორის ), სოჭიდან ჯერ სოხუმში შევიდეს გემი, აიყვანოს მგზავრები, მერე შემოვიდეს ბათუმში და ახლა აქ აიყვანოს მგზავრები, მერე კი წავიდნენ ტრაბზონში. საქართველო დაკმაყოფილებული იქნება, ვინაიდან ბათუმში გემის შემოსვლით აფხაზეთს დავეხმარებით. თავის მხრივ, აფხაზებიც კმაყოფილები იქნებიან, რადგან რუსეთი განეიტრალებული იქნება, გემი რუსეთიდან მოდის, ანუ ერთი ლეგიტიმური პორტიდან (სოჭიდან), და მიემგზავრება მეორე ლეგიტიმურ პორტში, ტრაბზონში. ხოლო ბათუმში იმიტომ შედის, რომ სხვაგვარად ეს საკითხი ვერ გვარდება. სოჭი - სოხუმი - ბათუმი - ტრაბზონის ჯაჭვში მათ მივცეთ შესაძლებლობა, იმოგზაურონ თურქეთში. არსებობს უამრავი ამ ტიპის ვარიანტი, რომელზეც საქართველოს მთავრობასთან ან სამოქალაქო სექტორში სერიოზული პროფესიული მსჯელობის ფარგლებში შეიძლება საქართველოს მთავრობას შევთავაზოთ მოქმედების ხედვები და პრინციპები.
მასალა მომზადდა გაერთიანებული ერების საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. მასალის შინაარსი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია.
ინსტრუქცია