საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ათობით ოჯახის გამოსახლების პროცესს. მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და კერძო მესაკუთრეების ინტერესები, მან, გამოსახლების მეთოდებითა და ოჯახების უსახლკაროდ დატოვებით, უხეშად არ უნდა დაარღვიოს მათი ღირსება და სხვა უფლებები და უნდა შეძლოს, დაიცვას სამართლიანი ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილიდან თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებთან აღსრულების პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებია მობილიზებული და მიმდინარეობს ამ შენობებში მცხოვრები ადამიანების, დევნილების, სოციალურად დაუცველი პირების, უსახლკაროების, მარტოხელა დედების, გამოსახლება. პროცესში პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით, ადმინისტრაციული წესით, 4 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, მანამდე დაკავებული ხუთი შვილის დედა, ამ დროისთვის, ხელწერილით გათავისუფლებულია. არსებული ინფორმაციით, შენობებში ამ დრომდე რჩება ადამიანების მცირე ჯგუფი, რომლებიც წინააღმდეგობის ნიშნად შენობებიდან არ გამოდის.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, მისამართზე მდებარე ხუთივე შენობა შავი კარკასის მდგომარეობაშია და სრულად ამორტიზებულია. შესაბამისად, მათი მტკიცებით, ადგილზე დარჩენა მაცხოვრებლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხის შემცველია. აღსრულების ეროვნულ ბიუროს მტკიცებულებად მოჰყავს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და ნებისმიერ დროს მათი ნგრევის საფრთხე არსებობს. უწყებისვე განცხადებით, მისამართზე მცხოვრებთაგან 58 პირს დევნილის სტატუსი აქვს, ხოლო 53 ოჯახი მისამართზე მუდმივად არც ცხოვრობს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, აღნიშნული შენობებიდან გამოსახლება ორჯერ გადაიდო, ხოლო მას წინ ადგილზე ათეულობით ვიზიტი და პროცესში ბიუროს მხარეთა დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტის, ასევე, სოციალური მუშაკების, ჩართვა, უძღოდა. ბიუროს თქმით, ინდივიდუალურად მოხდა მაცხოვრებელთა პირობებისა და საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენისათვის სახელმწიფო უწყებებთან მიმართვაც განხორციელდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციითვე, 24 დევნილი სახელმწიფოსგან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია, საცხოვრისით უზრუნველყოფაზე განაცხადი შევსებული აქვს 29 პირს, რომელთაგანაც, ამ დროისთვის, 6 პირის განცხადება დაკმაყოფილდა.
შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა კახა კალაძეც და განაცხადა, რომ მოსახლეობის თხოვნის მიუხედავად, ადგილზე მისვლას არ აპირებს. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შენობები კერძო კომპანიის (“ბლექ სი ფროფერთის”-ის) საკუთრებაა, ხოლო გამოსახლებაზე სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო. შესაბამისად, მერის განცხადებით, ამ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა თბილისის მუნიციპალიტეტს არ ეკისრება.
მედიაში გავრცელებული და ჩვენ მიერ მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახეზეა გამოსახლების პროცესში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ნიშნები:
გამოსახლების პროცესში ოჯახების ნაწილს საერთოდ არ მიუღია სახელმწიფოსგან ქირის შეთავაზება, ნაწილმა კი 3 თვის ვადით ბინის ქირის დროებითი უზრუნველყოფის შეთავაზება მიიღო, რაც მათთვის ბინის ქირის პროგრამით გათვალისწინებული თანხის არასაკმარისობიდან და პროგრამის არასტაბილურობიდან გამომდინარე, მისაღები არ აღმოჩნდა. ბინის ქირის პროგრამების ვადებისა და ხარისხის გათვალისწინებით, ის ვერ ჩაითვლება ოჯახების გრძელვადიანი და ღირსეული განსახლების ვალდებულების შესრულებად.
განსახლების საკითხთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ დევნილთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესი საქართველოში არაეფექტიანი და უკიდურესად გაჭიანურებული პროცესია. Სახელმწიფოს მიერ გამოყენებული არგუმენტი, რომ დევნილმა ოჯახებმა განაცხადი წარადგინეს საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, არ ნიშნავს, რომ ისინი უახლოს თვეებში მაინც შეძლებენ საცხოვრისზე წვდომას. იმ ოჯახებსაც კი, რომელთაც განაცხადი დაუკმაყოფილდათ, არ აქვთ გარანტია, რომ მოკლე ვადებში გადაეცემათ საცხოვრებელი. აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ დევნილების თითქმის ნახევარი, 51 845 ოჯახი, კვლავ გრძელვადიანი განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მოლოდინის რეჟიმში რჩება. გარდა ამისა, 2023 წლის ბოლო მონაცემებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ 29 ობიექტში ჯერ კიდევ ცხოვრობს 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი.
სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან კავშირში მხედველობაშია მისაღები უსახლკარო პირების მიმართ სახელმწიფოს ვალდებულების საკითხი, რომელიც სათანადო საცხოვრებლის უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს. არ შეიძლება უსახლკარო, სოციალურად მოწყვლადი ოჯახები სახელმწიფოს მხრიდან მათი სათანადო მხარდაჭერის გარეშე რჩებოდნენ.
გამოსახლების პროცესში ფორმალური კანონიერების მოთხოვნების დაცვის მიღმა, სახელმწიფო ვალდებულია, არ უგულებელყოს სოციალური უფლების დაცვის ინტერესი და საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღოს ისეთი უფლებრივი მოთხოვნები, როგორიცაა ღირსება, სამართლიანობა და თანასწორობა. სახელმწიფოს ორმაგი გულისხმიერება ეკისრება შშმ პირების, ბავშვების, ხანდაზმულების სოციალური უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის პროცესში.
ამდენად, აშკარაა, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ინტერესებსა და კერძო საკუთრებას შორის სათანადო ბალანსი და მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ კერძო მესაკუთრის უფლებების დაცვის ინტერესით იმოქმედა, ისე რომ არ გაითვალისწინა და სოციალური პოლიტიკის სათანადო მექანიზმებით ვერ დააზღვია ადგილზე მცხოვრები ასობით სოციალურად დაუცველი ადამიანის უფლება და ინტერესი.
იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უწყებებმა გამოსახლების წინაშე მყოფ ოჯახებს “შეჭრილები” უწოდონ და მათ მიმართ არსებული პასუხისმგებლობა თავიდან აიცილონ, მათ უნდა დაინახონ ის გამოწვევები და სიღარიბე, რაც ამ ადამიანებს საფრთხის შემცველ და არაადეკვატურ გარემოში ცხოვრებისკენ უბიძგებს. ადამიანები სახელმწიფო თუ კერძო შენობებში უნებართვოდ შესვლას, როგორც თვითდახმარების უკიდურეს ღონისძიებას, მიმართავენ და მათ მიმართ არა სადამსჯელო ღონისძიებები, არამედ ღირსებასა და უფლებებზე დაფუძნებული მხარდაჭერა უნდა იყოს გამოყენებული. სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ის მიზეზები, რამაც ადამიანებს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა და ის უმძიმესი პირობები, რომელშიც მათ ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახები ქუჩაში დარჩენისა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის წინაშე დგებიან. დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრისის კრიზისზე პასუხი არა ღირსეული განსახლების პოლიტიკა, არამედ ძალადობრივი გამოძევებაა, აშკარად ამხელს მისი მხრიდან სოციალური სახელმწიფოს იდეის უგულებელყოფას. სოციალური სახელმწიფო, რომელიც ადამიანის კეთილდღეობასა და ღირსებას თავის მთავარ ღირებულებად აღიარებს, ვალდებულია, უზრუნველყოს ფუნდამენტური სოციალური პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს თვითდახმარების მძიმე არჩევანისკენ აღარ უბიძგებს და ღირსეული ცხოვრების გარემოს შეუქმნის.
ამასთან, შექმნილი ვითარების სამართლებრივი შეფასებისათვის, მნიშვნელოვანია ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების გაანალიზება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იმისათვის, რომ გამოსახლება ადამიანის უფლებების დარღვევად არ იყოს მიჩნეული, პროცესი მთელი რიგი გარანტიების დაცვით უნდა წარიმართოს.
აღსანიშნავია, რომ გამოსახლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობა და პოლიტიკა უკიდურესად პრობლემურია. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის დანაწესები ასახული არ არის. კანონში ერთადერთ გარანტიას ორსულის, შშმ პირის, ბავშვისა და ხანდაზმულის მიმართ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალების ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების აკრძალვა წარმოადგენს.[1]
პრობლემურია სასამართლოს მიერ გამოსახლების საქმეების განხილვის საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან ერთად, გამოსახლების პროცედურებში სასამართლო ინსტიტუტი გაჩნდა, მან არსებითად ვერ შეცვალა გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების უფლებრივი მდგომარეობა. საქმეების განხილვისას, ძირითად შემთხვევებში, სასამართლო მხოლოდ საკუთრების არსებობის ფაქტს აქცევს ყურადღებას, ხოლო მასში მცხოვრები ოჯახების შემადგენლობა, მოწყვლადობა, და მათი უსახლკაროდ დარჩენის რისკები მხედველობის არეალის მიღმა რჩება. შეიძლება ითქვას, რომ ამ რგოლის გაჩენამ ვერც იძულებითი გამოსახლების პროცესები და ვერც ოჯახები დაიცვა უსახლკაროდ დარჩენისაგან.
მიუხედავად ადგილობრივი სტანდარტების უკიდურესი სიმწირისა და პრობლემურობისა, საყურადღებოა, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ გაეროს საერთაშორისო პაქტის დანაწესების შესრულების ვალდებულება საქართველოს 1994 წლიდან აქვს. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული სტანდარტები ჩვენი ქვეყნისთვის შესასრულებლად სავალდებულოა და სწორედ ისინი უნდა დაეცვა სახელმწიფოს მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ინტერესების დასაცავად.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ
აღსრულების ეროვნულ ბიუროს:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს:
საქართველოს მთავრობას:
[1] გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახორციელებს ან/და აღსრულების პოლიციელს შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს, რაც საფრთხეს უქმნის სააღსრულებო მოქმედების განხორციელების პროცესში მონაწილის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, თუ ასეთი თავდასხმის სხვა ხერხითა და საშუალებით მოგერიება შეუძლებელია.
ინსტრუქცია