საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მიმდინარე კვირაში უკანასკნელი საცხოვრისებიდან გამოსახლების ერთ აღსრულებულ და ორ მიმდინარე შემთხვევას. სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეაჩეროს იძულებითი გამოსახლებები და, სულ მცირე, მინიმალური სტანდარტები გაითვალისწინოს ამჟამად უკიდურესად ხარვეზიან კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.
კეკელიძის ქუჩის საცხოვრებელი ბინიდან ოჯახის გამოსახლების გუშინდელი შემზარავი შემთხვევა წლების განმავლობაში დაგროვილი სიღარიბის, სოციალური დაუცველობის და სახელმწიფოს პოლიტიკაში სისტემური ჩავარდნების სიმპტომია. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სათანადო სოციალურ დაცვას, მოსახლეობას მევახშეებისა და საფინანსო ინსტიტუტების პირისპირ ტოვებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების კაბალური პირობების გამო, მოვალე სესხის გადახდას ვერ ახერხებს და საქმე გამოსახლებამდე მიდის, სახელმწიფო მთელს თავის რესურსებს და რეპრესიულ აპარატს იყენებს ძალადობრივი გამოსახლებისთვის, რითაც კიდევ ერთხელ არღვევს საცხოვრისის უფლებას.
იძულებითი გამოსახლება ადამიანის უფლებებში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე ჩარევას წარმოადგენს, რომელიც სათანადო საცხოვრებლისა და არაერთი სხვა უფლების დარღვევას იწვევს. გამოსახლება, მისი ინტენსიურობის გათვალისწინებით, უნდა განიხილებოდეს, როგორც უკიდურესი ზომა, როდესაც ყველანაირი ალტერნატიული ღონისძიება ამოწურულია და რომელიც თავის თავში გამოსახლებული ადამიანებისთვის ღირსეული საცხოვრისის შეთავაზებას გაითვალისწინებს.
გვსურს, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ გამოსახლებამდე, გამოსახლების დროს და მის შემდგომ ადამიანების სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არა სახელმწიფოს კეთილი ნება, არამედ ვალდებულებაა, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო სტანდარტიდან, უპირველესად კი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტიდან გამომდინარეობს, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს 1994 წლიდან აქვს.
გამოსახლების საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულებები მრავალფეროვანია, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ქვეყანამ უნდა შექმნას სათანადო გარანტიები:
საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, სახელმწიფოები ცდილობენ, გადადგან მთელი რიგი ნაბიჯები და გაატარონ რელევანტური პოლიტიკის ღონისძიებები გამოსახლების პრევენციისა და გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების ჯეროვანი მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით. ცხადია, თითოეული ქვეყნის გამოცდილება ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ამგვარ ღონისძიებებს შორის გვხვდება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის გატარება, სესხის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა, საბინაო ფონდისა და სოციალური საცხოვრისის სისტემების გაფართოება, დავალიანების მქონე პირისთვის სესხის რესტრუქტურიზაციაში დახმარება, სახელმწიფოს მიერ გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი პირის ერთჯერადი ან მრავალჯერადი ფულადი დახმარება, კონსულტაციების გაწევა, მხარეთა მედიაციის ხელშეწყობა, ზამთარში გამოსახლების აკრძალვა, გამოსახლებული პირების ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სხვა.[6]
ამის საპირისპიროდ, საქართველოში არსებული მდგომარეობა უკიდურესად პრობლემურია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხისთვის დაწესებული სარგებლის ზედა ზღვარი 50%-ს შეადგენს.[7] სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისების პროცესში, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მიღმა, აქტიურად არიან ჩართულები კერძო პირები, ე.წ. მევახშეები. კვლევის თანახმად, ბოლო წლებში იძულებითი აუქციონის წესით გასხვისებული უძრავი ქონების 50 %-ზე მეტი ფიზიკური პირების და სხვა იურიდიული პირების, ანუ მევახშეების მიერ იყო რეალიზებული. მოსახლეობის ეკონომიკურად უფრო სუსტი ნაწილი, რომელსაც არ აქვს სათანადო საფინანსო ისტორია და რესურსები და ამდენად, შეზღუდული აქვს წვდომა საბანკო კრედიტზე, კიდევ უფრო მძიმე პირობებით იღებს ვალს კერძო პირებისგან.
2018 წელს სახელმწიფომ შემოიღო რეგულაციები, რომლის საფუძველზეც კერძო პირებს კრედიტების გაცემა შეეზღუდათ. მათ შორის, აიკრძალა კერძო პირებს შორის იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება (გარდა სესხის გამცემი სუბიექტებისა, რომლების მიმართაც ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება), ანუ სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (გარდა ე.წ. “გირაოს” შემთხვევისა). ამ რეგულირებას, ერთი შეხედვით, კერძო დამკრედიტებლების, ე.წ. მევახშეების თვითნებობის ფარგლები და ხელშეკრულების კაბალური პირობების მასშტაბი უნდა შეეზღუდა. თუმცა, სინამდვილეში, საპირისპირო შედეგი და კერძო მევახშეობის იატაკქვეშ გადანაცვლება მივიღეთ - მოვალეებისთვის გაუარესებული პირობებით.
როგორც ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია აჩვენებს, რეგულაციების შემოღების შემდეგ, მკვეთრად იმატა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებების რიცხვმა.[8] რეალურად იპოთეკის ხელშეკრულების შესანიღბად და არსებული რეგულაციებისგან თავიდან არიდების მიზნით, ადგილი აქვს თვალთმაქცური გარიგების გაფორმებას, იპოთეკის ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. ასეთ დროს, გამსესხებელს ქონება საკუთრებაში გადაეცემა, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის შემდეგ, თუ მსესხებელი თანხის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ქონებას საბოლოოდ კარგავს. თანაც, ხელშეკრულების მოქმედების ვადით, სარგებლის პროცენტის გადახდაც უწევს, ისე რომ, მისი საწყისი ვალდებულების მოცულობა უცვლელი რჩება.
ამ ტიპის გარიგების გამოყენების შემთხვევაში, მსესხებელი აბსოლუტურად დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში კრედიტის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ბინაზე უფლებას საბოლოოდ კარგავს და მაგალითად, არ აქვს შესაძლებლობა, თავად მოახდინოს უძრავი ქონების რეალიზება და კრედიტორის ამ გზით დაკმაყოფილება. მხარეთა ნების დადგენის სირთულის გამო, სასამართლო პრაქტიკა არაერთგვაროვანია და ყოველთვის ვერ ხერხდება თვალთმაქცური გარიგების ამოცნობა. შედეგად, მოვალეები კიდევ უფრო დაუცველები აღმოჩნდნენ, რადგან იმ მინიმალური გარანტიებითაც ვერ სარგებლობენ, რაც ფორმალურ იპოთეკას ახლდა თან. კერძოდ, გადახდისუნარიანობის შეფასება, საკრედიტო დაზღვევა და სხვა იმგვარი მექანიზმები ფორმალურ საკრედიტო სისტემაში მოვალეს, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ ბინას იპოთეკით ტვირთავს, შედარებით მაინც იცავს საკუთრების დაკარგვის რისკისგან. ხოლო მაშინ, როდესაც იპოთეკის შენიღბვა ნასყიდობის ხელშეკრულებით ხდება და ამდენად, სრულად გადის იპოთეკის რეგულაციების სივრციდან, მოვალე აბსოლუტურად დაუცველი რჩება და გადაუხდელობის შემთხვევაში, საკუთრებასაც გარანტირებულად კარგავს.
ზემოაღნიშნული გამოწვევების პარალელურად აღსანიშნავია, რომ როგორც კანონმდებლობა, ისე პრაქტიკა გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა დაცვისა და მხარდაჭერის მინიმალურ მექანიზმებსაც კი არ იცნობს. გამოსახლებისა და უსახლკარობის პრევენციის ვალდებულება საერთოდ არ არის გათვალისწინებული რომელიმე სახელმწიფო უწყების (ცენტრალური თუ ადგილობრივი ორგანო) პასუხისმგებლობად და შეგვიძლია თქვათ, რომ ამ მიმართულებით პრევენციული პოლიტიკა ქვეყანაში საერთოდ არ არსებობს.
გამოსახლების პრევენციის ან/და გამოსახლებული პირების სათანადო მხარდაჭერის გარანტირებისათვის ე.წ. საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასა და პროცესში სასამართლო რგოლის შემოყვანას მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა ჰქონოდა - სწორედ სასამართლოს უნდა ემსჯელა გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი ოჯახების შემადგენლობაზე, მათ სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობასა და უსახლკარობის რისკებზე და თავიდან აეცილებინა გამოსახლება ან დაევალებინა შესაბამისი ორგანოებისთვის, გამოსახლების შემთხვევაში უზრუნველეყოთ ალტერნატიული სათანადო საცხოვრებლით. სამწუხაროდ, სასამართლოს მექანიზმთან დაკავშირებით უკიდურესად პრობლემურია ის ფაქტი, რომ:
მინიმალური სტანდარტების არარსებობის პრობლემაა უშუალოდ გამოსახლების პროცესშიც. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გამოსახლების აკრძალვას ზამთრის, ცუდი ამინდის ან/და ღამის პირობებში. იგი ასევე არ ითვალისწინებს აღსრულების შეჩერებას ან შეწყვეტას ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან ოჯახის შემადგენლობის (მაგ., ოჯახში ბავშვის არსებობის) გათვალისწინებით.
ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემას გამოსახლების შემდგომ, ადამიანებისათვის ალტერნატიული საცხოვრებლის შეთავაზება წარმოადგენს. აღსრულების პროცესი არ ითვალისწინებს საცხოვრისის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი ორგანოებისთვის გამოსახლების შესახებ შეტყობინებისა და პროცესში მათი მონაწილეობის საკითხებს. ადგილობრივი ორგანოებისთვის მიმართვის შემთხვევაში, ცალკეულ მუნიციპალიტეტებს აქვთ გარკვეული სერვისის (ბინის ქირის ან სოციალური საცხოვრისის) შეთავაზების შესაძლებლობა, თუმცა :
სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ და პარლამენტმა კოორდინირებულად იმუშაონ გამოსახლების კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისთვის, სახელმწიფო საკუთარი მოწყვლადი მოქალაქეების მიმართ რეპრესიულ პოლიტიკას ირჩევს და სრულიად უგულებელყოფს სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვის ვალდებულებას.
შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გამოსახლებებზე მორატორიუმის დაწესება სახელმწიფოს ვალდებულებაც კია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს ოჯახების უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოძევების პროცესი და დაინტერესებული მხარეების და ფართო საზოგადოების მონაწილეობით, დაიწყოს მუშაობა პრობლემის მოგვარების გრძელვადიან ხედვაზე, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს და უფლებებს სათანადოდ გაითვალისწინებს.
[1] მაგ., Orlic V. Croatia App. no. 48833/07 (ECtHR, 2011), პარ. 65; General Comment No. 7: The Right to Adequate Housing: Forced Evictions (art.11 (1)), Committee on Economic, Social and Cultural Rights, 1997, პარ. 14.
[2]Report of the Special Rapporteur on adequate housing as a component of the right to an adequate standard of living, and on the right to non-discrimination in this context, A/HRC/37/53, 2018, პარ. 19; Report of the Special Rapporteur on adequate housing as a component of the right to an adequate standard of living, and on the right to nondiscrimination in this context, A/HRC/43/43, 2019, პარ. 38.
[3] General Comment No. 7: The Right to Adequate Housing: Forced Evictions (art.11 (1)), Committee on Economic, Social and Cultural Rights, 1997, პარ. 15; Council of Europe, Digest of the Case Law of the European Committee of Social Rights, 2022, გვ. 143.
[4] General Comment No. 7: The Right to Adequate Housing: Forced Evictions (art.11 (1)), Committee on Economic, Social and Cultural Rights, 1997, პარ. 13.
[5] General Comment No. 7: The Right to Adequate Housing: Forced Evictions (art.11 (1)), Committee on Economic, Social and Cultural Rights, 1997, პარ. 16.
[6] იხ. Pilot Project – Promoting Protection of the Right of Housing – Homelessness Prevention in the Context of Evictions, Full Report – Final Version, European Commission, 2016.
[7] იხ. Საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი, აღსანიშნავია, რომ იპოთეკის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.
[8] ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წლიდან 2018 წლამდე, რეესტრში რეგისტრირებული ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით გარიგებების რიცხვი 1465-ს შეადგენდა, ხოლო 2018 წლიდან 2021 წლების პერიოდში რეესტრში 11 132 ასეთი ხელშეკრულება დარეგისტრირდა.
ინსტრუქცია