საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
დღეს, 23 იანვარს, კეკელიძის #1 ნომერში აღსრულების პოლიციამ საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის დახმარებით საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან ხატიაშვილების ოჯახი გამოასახლა.
ეს გამოსახლება ბოლო წლებში სამართალდამცავების მხრიდან გამორჩეული სისასტიკით და ძალის გამოყენებით გამოირჩეოდა. გამოსახლების პროცესში გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყოები და შედუღებული სახლის კარი ამ გზით გახსნეს. ჯანმრთელობის დაზიანება მიადგა მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და დაკავებული აქტივისტების ნაწილს.
გამოსახლებას თან ახლდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენება და აქტივისტების დაკავება. ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანილია 20 აქტივისტი. 12 ადამიანის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს, ხოლო ნაწილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დაუზუსტებელია. შესაბამისად, დაკავებულების ამ ნაწილთან ადვოკატების დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
აღსანიშნავია, რომ გამოსახლების პროცესში ადგილი ჰქონდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლასაც, არსებული ინფორმაციით, „მაუწყებლის“ ჟურნალისტი სამართალდამცავებმა მის საკუთრებაში არსებული მანქანიდან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანეს. დააკავეს “მთის ამბების” რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილიც.
უახლოეს პერიოდში ჩვენ დაკავებულების და მათ საქმეებზე მიმდინარე პროცესების დეტალურ შეფასებას გამოვაქვეყნებთ. მანამდე კი უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის აშკარაა, რომ პოლიციელების მხრიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დემონსტრაციულად რეპრესიული და აგრესიული მანერა, ერთი მხრივ, მევახშეობის წინააღმდეგ ამ ოჯახის, ადგილობრივი სამეზობლოსა და აქტივისტური ჯგუფების ბრძოლის დასუსტებას, მეორე მხრივ კი, სხვა ადგილებში დაგეგმილი იძულებითი გამოსახლებების პროცესის "გამარტივებას" ისახავს მიზნად.
იძულებითი გამოსახლება ზამთარში, ოჯახისთვის ჯეროვანი საცხოვრებელი ალტერნატივების შეთავაზების გარეშე, არღვევს მთელ რიგ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, პირველ რიგში, სათანადო საცხოვრისზე უფლებას.[1] სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა ზომა, რათა დააზღვიოს იძულებითი გამოსახლების მძიმე უფლებრივი და სოციალური შედეგები. ეს გულისხმობს ერთის მხრივ, საბანკო და საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობისა და გამოსახლების პროცედურების იმგვარ რეგულირებას, რომელიც ასიმეტრიულ ეკონომიკურ ურთიერთობებში დაიცავს ადამიანებს თვითნებობისა და ჩაგვრისგან, მეორეს მხრივ კი შექმნის საცხოვრისის იმგვარ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარობის წინაშე მდგარი ადამიანებისთვის თავშესაფრით უზრუნველყოფის გარანტიას. ამის ნაცვლად, საქართველოში ვხედავთ მდგომარეობას, როდესაც კაბალური სასესხო ხელშეკრულებების გზით, ადამიანები კარგავენ უძრავ ქონებას და ხშირად უკანასკნელ საცხოვრებელსაც.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის მიხედვით, უძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისების პროცესში, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების მიღმა, აქტიურად არიან ჩართულები კერძო ფიზიკური და იურიდიული პირები, ე.წ. მევახშეები. კვლევის თანახმადაც, ბოლო წლებში იძულებითი აუქციონის წესით გასხვისებული უძრავი ქონების 50 %-ზე მეტი ფიზიკური პირების და სხვა იურიდიული პირების, ანუ მევახშეების მიერ იყო რეალიზებული.[2] მოსახლეობის ეკონომიკურად უფრო სუსტი ნაწილი, რომელსაც არ აქვს სათანადო საფინანსო ისტორია და რესურსები და ამდენად, შეზღუდული აქვს წვდომა საბანკო კრედიტზე, კიდევ უფრო მძიმე პირობებით იღებს ვალს კერძო პირებისგან. ხშირად ეს არა სესხის, არამედ „ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით“ ხდება, რომელიც მსესხებელს კიდევ უფრო სუსტ სამართლებრივ დაცვას აძლევს. კერძო კრედიტორების მხრიდან მუდმივად აქვს ადგილი ჰქონდა სესხებზე მაღალი წლიური საპროცენტო განაკვეთის დაწესებას, ასევე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების არაპროპორციულ წესს, სესხების გადაყიდვას სხვადასხვა და რამდენიმე კრედიტორზე, მაღალი მოსაკრებლის დაწესებას ე.წ. შუამავალ პირებზე.[3] როგორც კვლევაც აჩვენებს, მევახშეების უპირატესი ინტერესი სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონების დაუფლება და არა ვალის ამოღებაა. ზოგიერთ შემთხვევაში მთლიანობაში მსესხებელი მევახშეს გაცილებით მეტ თანხას უხდის, ვიდრე აღებული ვალის თავდაპირველი ღირებულება იყო.
ამდენად, გარდა იმისა, რომ მაღალპროცენტიანი და კაბალური ვალის გადახდის პროცესში მსესხებელი მუდმივ ფინანსურ დეფიციტსა და სიღარიბეს განიცდის, ბოლოს ის მიზერულ ფასად აუქციონზე გატანილ ქონებას კარგავს და ოჯახთან ერთად ქუჩაში, საცხოვრებლის გარეშე დარჩენის რისკების წინაშე დგება. იძულებითი აუქციონის პროცესში ხშირად ქონების სპირალური გაუფასურება ხდება, რის გამოც ქონება მისი თავდაპირველი ღირებულის 5 %-ადაც კი შეიძლება გაიყიდოს. სამწუხაროდ, არსებული საკანონმდებლო სისტემა არ იცავს მოქალაქეებს არც კაბალური ურთიერთობებისგან (პროცენტის, პირგასამტეხლოს მარჟის თუ აუქციონის პროცედურების სათანადო რეგულირების გზით) და არც ქუჩაში, საცხოვრებლის გარეშე დატოვების უმძიმესი სოციალური რისკებისგან. ცხადია, რომ ეს რისკები განსაკუთრებით მძიმეა მრავალშვილიანი ოჯახების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და შშმ პირების მიმართ. ხშირად საცხოვრებლის დაკარგა მიგრაციას, ჯანმრთელობის გაუარესებას, ოჯახების დეზინტეგრაციას იწვევს.
აღსანიშნავია, რომ, როგორც ირკვევა, მიმდინარე კვირაში საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან გამოსახლების წინაშე მდგარი სამივე ოჯახი თანახმაა, დაფაროს დარჩენილი ვალი, თუმცა ამის მიღწევა მევახშეების და შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტების ნების არარსებობის გამო შეუძლებელი ხდება. ამ პროცესში კი სახელმწიფოს არ აქვს მოქალაქეების სასიცოცხლო სოციალური ინტერესების დაცვის მექანიზმი და საბოლოოდ ის ძლიერი ეკონომიკური ინსტიტუტების და მევახშეების ნების პირდაპირი გამტარებელი ხდება.
ზოგადად ჭარბვალიანობა ჩვენი ქვეყნის მძიმე გამოწვევაა და ვალი სიღარიბეში მყოფი ოჯახებისთვის საჭირო შემოსავლების მიღების და კრიზისების დაძლევის ერთადერთ გზად იქცევა ხოლმე. სხვადასხვა წლების მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილ თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს, ყოველთვიურად ვალის მომსახურებისათვის იხდის. 2015 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს ბანკის ვალი ჰქონდა. სწორედ ამიტომ არსებითია გავიაზროთ, რომ ჭარბვალიანობა ქვეყანაში სიღარიბის შედეგი, მისი ფორმაა. საინტერესოა ისიც, რომ ქვეყანაში საგანგაშოდ მაღალია პრობლემური სესხების მოცულობა და მისი ზრდის ტემპი და ყველაზე დიდი წილი ამ პრობლემისა, სწორედ სიდუხჭირეში მყოფ შინამეურნეობებზე მოდის და საბოლოოდ ამ პროცესში ყველაზე სუსტები კიდევ უფრო ღარიბდებიან და მოწყვლადები ხდებიან.
მოვუწოდებთ
საქართველოს მთავრობას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
[1] იხ., სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი #7, ხელმისაწვდომია: https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/TreatyBodyExternal/Download.aspx?symbolno=INT/CESCR/GEC/6430&Lang=en.
[2] მოსახლეობა მევახშეობის პირისპირ: მტაცებლური დაკრედიტება და მისი სოციალური შედეგები, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2020, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/mosakhleoba-mevakhsheobis-pirispir-mtatsebluri-dakrediteba-da-misi-sotsialuri-shedegebi
[3] იქვე
ინსტრუქცია