საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თბილისში, კეკელიძის ქ. N 1-ში უკანასკნელი საცხოვრისიდან ოჯახის, მათ შორის, 3 თვის ბავშვის, გამოსახლება მიმდინარეობს. თვითმხილველთა თქმით, საცხოვრისთან აღსრულების პოლიციაა მობილიზებული, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციელების მიერ რამდენიმე ადამიანია ნაცემი.
გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების პოლიცია გეგმავს სპეციალური საშუალებით კარის გაჭრას და ბინაში ძალის გამოყენებით შეჭრას. კორპუსის გარშემო მოსახლეობაა მობილიზებული, რომლის ნაწილი კორპუსის შესასვლელთან, ნაწილი კი გამოსასახლებელი ოჯახის ბინიდან ცდილობს გამოსახლებისათვის ხელის შეშლას.
კეკელიძის ქუჩაზე შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა მიმდინარე წლის მარტში იძულებით გამოსახლებებზე მორატორიუმის რეჟიმის გაუქმების შედეგია, რის გამოც ასობით ოჯახი გამოსახლების, ამ პროცესში აღსრულების პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ქუჩაში დარჩენის საფრთხის წინაშეა.
ამჟამად აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში გამოსახლების 2200-ზე მეტი საქმე აქვს, შესაბამისად, მიმდინარე წელს იძულებითი გამოსახლების შემთხვევების უპრეცედენტო ზრდაა მოსალოდნელი. აღნიშნული საფრთხეების საპირწონედ, მთავრობა არ იღებს არანაირ ღონისძიებას იძულებითი გამოსახლების პრევენციის, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, ღირსეული აღსრულების პრინციპისა და გამოსახლებული ოჯახების ალტერნატიული საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით. სუსტია სასამართლო რგოლიც - გამოსახლების საკითხებზე მსჯელობისას სასამართლო მხოლოდ საკუთრების უფლების გამორკვევაზე ორიენტირდება და უგულებელყოფს ოჯახის შემადგენლობას, მოწყვლადობას, უკანასკნელი საცხოვრისის არსებობის ფაქტსა და ქუჩაში დარჩენის საფრთხეებს.
მოვუწოდებთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, შეაჩეროს იძულებითი გამოსახლების პროცესი, უზრუნველყოს გამოსახლებას დაქვემდებარებული ოჯახის საჭიროებების შესწავლა და მათი პოზიციისა და მოწყვლადობის გათვალისწინება მოცემული საქმის წარმოების პროცესში.
მიმდინარე წელს უძრავი ქონებიდან და საცხოვრისებიდან გამოსახლების სტატისტიკური მონაცემები წინა წლებთან შედარებით უპრეცედენტოდაა გაზრდილი.
ინსტრუქცია