საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მიმდინარე წლის 1 მარტს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილების მიხედვით, საცხოვრისიდან იძულებითი გამოსახლების საქმეებზე კვლავ ძველი, პანდემიამდელი, რეჟიმი გავრცელდა, რაც ქვეყანაში გამოსახლების ტალღების დაწყებას ნიშნავს. მივიჩნევთ, რომ პანდემიისას, ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის ფონზე, ამგვარი ღონისძიებების განხორციელება ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო დონეზე არსებულ რეკომენდაციებს. ადამიანების ჭერის გარეშე დარჩენის პრევენციული ღონისძიებების არარსებობისას და იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის დასაწყისისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში გამოსახლების საქმეების რაოდენობა უკვე 1800-მდე იყო, სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასობით შინამეურნეობას ქუჩაში, უსახლკაროდ დარჩენის რეალური რისკის ქვეშ აყენებს.
მიგვაჩნია, აღნიშნული გადაწყვეტილება შინაარსობრივად აგრძელებს იმ რეპრესიულ ღონისძიებებს, რაც 2020 წლის შემდგომ, უსახლკარო ადამიანების მიერ თვითდახმარების მიზნით აგებული საცხოვრისების დემონტაჟებსა და ამ ადამიანების ფაქტობრივად გამოსახლებასა და უსახლკაროდ დატოვებაში გამოიხატა და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ნულოვან მგრძნობელობას, რაც მთავრობას საცხოვრისის საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ აქვს.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან მცირე ხანში, 2020 წლის 23 მარტიდან, იძულებით გამოსახლებებზე მორატორიუმის რეჟიმი დაწესდა.[1] რეგულაციების მიხედვით, ადამიანების საცხოვრისიდან იძულებითი გამოყვანა პანდემიის ვადით გადაიდო. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადაწყვეტილება თანხვედრაში მოდიოდა საერთაშორისო მექანიზმების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებთან. რეგულაციების შინაარსიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პანდემია არ დასრულებულა, ბუნდოვანია, თუ რატომ მიიღო სამინისტრომ გადაწყვეტილება გამოსახლების განახლებასთან დაკავშირებით.
პანდემიის, სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობისა და აღსასრულებელი საქმეების დიდი რაოდენობის ფონზე უკიდურესად პრობლემურია გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანებისათვის მხარდაჭერის სათანადო მექანიზმების არარსებობა. წლების მანძილზე, მათ შორის, არც მორატორიუმის პროცესში, მთავრობას არ მიუღია რაიმე ტიპის ღონისძიებები საცხოვრისისა და გამოსახლების სფეროში პოლიტიკის დახვეწისა თუ გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მინიმალური მხარდაჭერის სტანდარტების დაწესების მიმართულებით - არ არსებობს გამოსახლების პრევენციის, გამოსახლების დროს პირების ღირსების დაცვისა და გამოსახლების შემდგომ ადამიანების ალტერნატიული საცხოვრისითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფის მექანიზმები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოსახლების მექანიზმის გამოყენება, რომელიც სათანადო საცხოვრებლის უფლებაში ჩარევის უმძიმეს ზომას წარმოადგენს, მარტივად, გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანების დაცვის, მხარდაჭერისა და მდგომარეობის შემამსუბუქებელი ღონისძიებების გარეშე ხდება და უგულებელყოფს ადამიანის ბაზისურ უფლებრივ სტანდარტებს. მაგალითისთვის, არსებული კანონმდებლობა სრულიად დასაშვებად მიიჩნევს პანდემიისას, ზამთრის პირობებში, მრავალსულიანი ოჯახის (რომელთა შემადგენლობაშიც შეიძლება შედიოდნენ ბავშვები, ხანდაზმულების, შშმ პირები) გამოსახლებასა და უსახლკაროდ, ქუჩაში, დატოვებას. უკიდურესად ხარვეზიანი კანონმდებლობის ფონზე, გამოსახლებაზე მორატორიუმის გაუქმება ნიშნავს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირებისათვის მხოლოდ 10 დღის მიცემას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის, რაც პანდემიისა და უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მკვეთრად არაგონივრული ვადაა ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ მორატორიუმის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გამოსახლებების ახალ ტალღას გამოიწვევს, რომელიც უკიდურესად ხარვეზიანი რეგულაციებით აღსრულდება და ასობით ოჯახისათვის უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარება და გაიაზროს საკუთარი ვალდებულებები აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ მან გაითვალისწინოს საერთაშორისო დონეზე გაცემული რეკომენდაციები და პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში და პანდემიის დასრულებიდან გონივრული ვადის შემდგომ დაიცვას ადამიანები გამოსახლებისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ:
საქართველოს მთავრობას და საქართველოს იუსტიციის სამინიტროს:
საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს:
[1] საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, მ. 12; აქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის N 515 ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საკითხების განსხვავებულად მოწესრიგების თაობაზე“; საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 მაისის N 546 ბრძანება და 2020 წლის 15 ივლისის N 582 ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“.
ინსტრუქცია