საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
14 / 20
გასულ კვირას EMC-ს წარმომადგენლები ჩუღურეთში - “ოქროს უბანში” - იმ შენობაში წლობით მცხოვრებ ოჯახებს შეხვდნენ, რომელიც ამჟამად ბიზნესმენ თემურ უგულავას კომპანია “სითი ლოფტს” ეკუთვნის.
ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე შენობა-ნაგებობაში 15-მდე ოჯახი ცხოვრობს - ეს მათი ერთადერთი საცხოვრისია. ოჯახების ნაწილი დევნილია, ნაწილი კი - სოციალურად დაუცველი. უმეტესი მათგანისთვის ერთადერთი სტაბილური შემოსავალი სოციალური შემწეობა და სხვადასხვა სოციალური პაკეტია (დევნილებისთვის, შშმ პირებისთვის განკუთვნილი).
უსახლკარობის და საცხოვრისის სერვისების არასაკმარისობის გამო, მათ თვითდახმარების მიზნით თავი შეაფარეს ამ შენობა-ნაგებობას, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში (შენიშვნა: 2020 წელს ეს ტერიტორია მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადასცა) ირიცხებოდა. “ოქროს უბნის” მოცემულ მონაკვეთში ადამიანები წლებია, ზოგიერთ შემთხვევაში, 10-12 წელზე მეტია, რაც ცხოვრობენ. Ამ დროის განმავლობაში ისინი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვდნენ საცხოვრისების დაკანონებას ან/და ალტერნატიული საცხოვრისით/კომპენსაციით უზრუნველყოფას, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ისინი არ გრძნობდნენ ტერიტორიიდან გამოსახლების საფრთხეს, პირიქით, მუნიციპალიტეტი მათ კომუნალური სერვისების შემოყვანასა და გამართვაში დაეხმარა.
“ოქროს უბნის” მაცხოვრებლებს გამოსახლებისა და უსახლკარობის საფრთხე 2020 წლის ბოლოს დაემუქრათ, როდესაც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ტერიტორია სიმბოლურ ფასად „სითი ლოფტს“ საკუთრებაში გადასცა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ საცხოვრისების ადგილას კერძო მესაკუთრის მიერ მულტიფუნქციური სივრცის მოწყობა იგეგმება.
ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, ტერიტორიის კერძო საკუთრებაში გადაცემის შემდგომ მუნიციპალიტეტი მათ დაუკავშირდა და საცხოვრისების უმოკლეს ვადაში დაცლა მოსთხოვა. გამგეობამ ოჯახების ნაწილთან დაიწყო მოლაპარაკებები, რომლებიც, თავის მხრივ, თანახმანი არიან, სათანადო კომპენსაციის სანაცვლოდ დატოვონ საცხოვრებელი. ადგილობრივების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამგვარი მოლაპარაკებები ძირითადად სოციალურად დაუცველ ოჯახებთან მიმდინარეობს, ხოლო რამდენიმე დევნილ ოჯახთან კომპენსაციის ან განსახლების თაობაზე კომუნიკაცია არ შემდგარა და ისინი გამოსახლებისა და უსახლკარობის რეალური რისკის წინაშე დგანან.
მოლაპარაკებების პროცესში თავდაპირველად მუნიციპალიტეტმა შინამეურნეობების ნაწილს საცხოვრისის დაცლის სანაცვლოდ, ბინის ქირა (300 ლარის ოდენობით) ან კომპენსაცია (საშუალოდ 15 000 ლარი) შესთავაზა. მაცხოვრებლების ნაწილის თქმით, გაზრდილი კომპენსაციის სანაცვლოდ ტერიტორიის დატოვების შესახებ მუნიციპალიტეტთან შეთანხმება შედგა. თუმცა, ოჯახები არ არიან დარწმუნებულები, იქნება თუ არა მათთვის გადაცემული თანხა საკმარისი გონივრულ ვადაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მოსაძიებლად.
თუმცა, ამ შენობაში მცხოვრებ რამდენიმე დევნილ ოჯახთან საერთოდ არ წარმართულა მოლაპარაკებები. ამის მიზეზად სახელმწიფო სხვადასხვა დროს მათ მიერ საცხოვრისის ან კომპენსაციის მიღებას ასახელებს, თუმცა უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ ამჟამად ეს ადამიანები უსახლკაროები არიან და საცხოვრისი სჭირდებათ. მაგალითისთვის, ერთ-ერთმა დევნილმა ოჯახმა მთავრობისგან მიღებული საცხოვრებელი ჯანდაცვის ხარჯების დასაფარად აღებული იპოთეკური სესხის გამო დაკარგა. ალტერნატიული გამოსავლის შეთავაზების ნაცვლად, სახელმწიფო მათგან მხოლოდ საცხოვრებლის დატოვებას მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ოჯახებს წასასვლელი არსად აქვთ. შესაბამისად, რამდენიმე დევნილი ოჯახი გამოსახლებისა და ქუჩაში დარჩენის რეალური საფრთხის წინაშე რჩება.
ინსტრუქცია