საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
წლების განმავლობაში, ასობით ადამიანსა და შინამეურნეობას უწევს საცხოვრისის დატოვებისა და გამოსახლების რისკის ქვეშ ცხოვრება. ისინი ამ მდგომარეობამდე სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის, ბანკის ან ე.წ. მევახშისგან აღებული იპოთეკური სესხის გადაუხდელობის შედეგად, მიდიან. სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ამ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევები არა სოციალური, ჯანდაცვის, ან ფულად-საკრედიტო სისტემის ჩავარდნას, არამედ ინდივიდუალურ „ბრალს“ უკავშირდება. ამის ფონზე და სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერის გარეშე ასობით ოჯახი გამოსახლებისა და უსახლკარობის საფრთხის წინაშე პრაქტიკულად სრულიად მარტო რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ გამოსახლების რისკები წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ხელშესახები, ამ საფრთხეების დაზღვევა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის, პოლიტიკისა და პრაქტიკის შექმნა მთავრობის პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯერ კიდევ არ დამდგარა.
COVID-19-ის პანდემიამ გლობალურად უამრავი ადამიანის გამოსახლებისა და უსახლკაროდ დარჩენის დამატებითი რისკები შექმნა. ამ პერიოდში უსახლკარობამ ფიზიკური გადარჩენა ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, შესაბამისად, სახელმწიფოებმა არაერთი ღონისძიება განახორციელეს გამოსახლებების შეჩერებისა და ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის წინაშე დამდგარი პირებისა და შინამეურნეობების მხარდაჭერის მიმართულებით, რამაც ისინი ქუჩაში დარჩენისგან იხსნა.[1]
COVID-19-ის პანდემიის დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, იძულებით გამოსახლებაზე დაწესდა მორატორიუმი, თუმცა სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამოსახლების შესახებ განცხადებების რეგისტრაცია და საქმისწარმოება არ შეწყვეტილა. ცხადია, იმ სტატიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც საცხოვრისისა და გამოსახლების სფეროში წლების განმავლობაში არსებობს, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მორატორიუმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, პრობლემას ქმნის არაერთი სხვა სამართლებრივი რეგულაცია და არსებული პრაქტიკა, რაც კიდევ უფრო მძიმედ გამოვლინდება COVID-19-ის პანდემიის დასრულებისას, მას შემდეგ, რაც მორატორიუმი გაუქმდება და ქვეყანაში გამოსახლებების ტალღების წარმოქმნის ხელშესახები რისკები შეიქმნება.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოცემული დოკუმენტის მიზანია, მიმოიხილოს საცხოვრისიდან გამოსახლების პოლიტიკა უპირველესად COVID-19-ის პანდემიის ჭრილში, გააანალიზოს არსებული გამოწვევები, საფრთხეები და სამომავლოდ მათი დაძლევის მექანიზმები. ამასთან, გამოსახლების პოლიტიკის ძირეულ ხარვეზებზე არსებული კვლევების[2] გათვალისწინებით, დოკუმენტი მხოლოდ ზოგადად მიმოიხილავს მათ.
სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში
[1] იქვე.
[2] მაგალითად, იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), უფლება სათანადო საცხოვრებელზე - ძირითადი გამოწვევების ანალიზი, 2018; სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), საბანკო ვალდებულებები და უსახლკარობა, 2018; ღია საზოგადოების ფონდი (OSGF), გამოსახლების სტანდარტები და საუკეთესო გამოცდილება, 2019.
ინსტრუქცია