[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / ანალიტიკური დოკუმენტები

უსახლკარო ჯგუფების საცხოვრისით უზრუნველყოფის პრაქტიკა - რა არის ქალთა განსაკუთრებული საჭიროებები?

მარიამ ჯანიაშვილი 

სათანადო საცხოვრისის გარანტირება და უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლა ის საკითხია, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსურ და მრავალმხრივ ღონისძიებებს საჭიროებს. საერთაშორისო სტანდარტები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ უსახლკარობა გაცილებით უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ქუჩაში ცხოვრება და, სხვა მრავალ ფორმასთან ერთად, გულისხმობს საცხოვრისის სერვისებში, სხვადასხვა დანიშნულების მქონე ინსტიტუციებში, არასათანადო და გადატვირთულ საცხოვრისებში ცხოვრებას. მეორე მხრივ, სათანადო საცხოვრისის გარანტირების ვალდებულება სახელმწიფოსათვის არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანებისთვის ფიზიკური სივრცის გადაცემით, არამედ მოიცავს აუცილებელ სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე წვდომის, ფიზიკური და ფინანსური მისაწვდომობის უზრუნველყოფას, გამოსახლებისგან დაცვას და სხვა.

მიუხედავად ქვეყანაში უსახლკარობის საკითხის სიმწვავისა, საცხოვრისის გარანტირება წლების განმავლობაში ვერ გახდა მთავრობის პრიორიტეტი. ამ სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე მუშაობა ჯერ კიდევ არ განხორციელებულა – საცხოვრისის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ არსებობს, რელევანტური კანონმდებლობა უკიდურესად ხარვეზიანია, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების მიერ თავისი ვალდებულებების არასათანადო გააზრების პირობებში, მუნიციპალიტეტები ფრაგმენტულად, მხოლოდ ცალკეული ჯგუფებისათვის საცხოვრისის დროებით უზრუნველყოფაზე არიან ორიენტირებულნი.

არსებული კონტექსტიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფართოებს საცხოვრისისა და უსახლკარობის პოლიტიკის შესახებ დისკუსიას და აფასებს უსახლკარობის მდგომარეობაში მყოფი სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებებს. დოკუმენტი, ერთი მხრივ, მიმოიხილავს უსახლკაროთათვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების, ასევე, ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა თავშესაფარში მაცხოვრებელი ადამიანების მდგომარეობასა და სერვისების ტრანზიციულობას. მეორე მხრივ, დოკუმენტი მიმოიხილავს ქვეყანაში არსებულ ყველაზე დიდ არაფორმალურ დასახლებაში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ძირითად საჭიროებებსა და მათ მიმართ სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შინაარსს. კვლევის პროცესში აქცენტი ასევე კეთდება ქალების საჭიროებებზე, რომლებზეც უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა კიდევ უფრო მწვავედ აისახება.

კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული სერვისებისა და პრობლემური საკითხების ანალიზი, საბოლოო ჯამში, საშუალებას იძლევა, გაანალიზდეს უსახლკარო პირების საჭიროებებთან ეროვნული სისტემის შესაბამისობისა და ადეკვატურობის ხარისხი და მომზადდეს რელევანტური რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის.

უსახლკარო_ჯგუფების_საცხოვრისით_უზრუნველყოფის_პრაქტიკა_1646146425.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“