საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 13.2% ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნება. ეთნიკურად აზერბაიჯანელები (6.3%) და ეთნიკურად სომხები (4.5%), კომპაქტურად ძირითადად საქართველოს ორ რეგიონში - ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ. ქვემო ქართლის მოსახლეობის 41.7% ეთნიკურად აზერბაიჯანელია,[1] სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის 50.5% კი, ეთნიკურად სომეხი.[2]
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინტეგრაციისა და სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკა მოქალაქეობასა და თანასწორობის პრინციპებს ეფუძნება, ეთნიკური უმცირესობების სოციო-ეკონომიკური ინტეგრაცია, კულტურული აღიარება და პოლიტიკური ჩართულობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ინტეგრაციის ფორმალურ ჩარჩოებთან ერთად, დომინანტურ პოლიტიკურ დისკურსში კვლავ დამკვიდრებულია ეთნო-რელიგიურ ნაციონალიზმზე დაფუძნებული ნარატივი, რომლის თანახმადაც „ნამდვილი ქართველი“ განისაზღვრება როგორც ეთნიკურად ქართველი მართლმადიდებელი. ამგვარი დისკურსი ეთნიკურ უმცირესობებს განიხილავს როგორც „სხვებს“, „სტუმრებს“ ან მეზობელი სახელმწიფოების „დიასპორებს“, რაც მათ პოტენციურ საფრთხედ წარმოაჩენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის.[3]
ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური წარმომადგენლობა, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეებზე, სუსტია. ისტორიულად, მათი წარმომადგენლობა პარლამენტში არასოდეს ყოფილა მოსახლეობაში არსებული პროპორციული წილის შესაბამისი. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეთნიკურ უმცირესობებთან ასოცირებული დეპუტატების რაოდენობა 11-დან 6-მდე შემცირდა. ანალოგიურად, მნიშვნელოვნად დაბალია მათი დასაქმების მაჩვენებელი აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში.
საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევების გამო (საარჩევნო უბნიდან საარჩევნო ყუთის გატაცება[4], ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბნებზე ან მათთან ახლოს[5] და ა.შ.) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები, ყოველი არჩევნებისას მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. არჩევნებისას ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ამომრჩეველთა სისტემატური მოსყიდვისა და დაშინების შესახებ. ამავდროულად, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ეთნიკური უმცირესობები ყოველთვის მოქმედ ხელისუფლებას უჭერენ მხარს. ეს მოსაზრება იმდენად მყარადაა გავრცელებული ქართულ პოლიტიკურ ველში, რომ ოპოზიციური პარტიებიც კი წინასწარ წაგებულად მიიჩნევენ ამ ორ რეგიონს და მათ ნაკლებ ყურადღებასა და რესურსს უთმობენ.
არსებული სტრუქტურული და ისტორიული ბარიერების გათვალისწინებით, შესაბამისი პოლიტიკური წარმომადგენლობის გარეშე, შეუძლებელია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საჭიროებების ადეკვატური ასახვა პოლიტიკურ დღის წესრიგში. სათანადო წარმომადგენლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმგვარი პოლიტიკური ჩარჩოს ფორმირებისთვის, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები პრიორიტეტიზებული და გათვალისწინებული იქნება. ამასთან, ასეთი რეპრეზენტაცია ვერ განხორციელდება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს გარეშე, სადაც ყველა პოლიტიკური სუბიექტს თანაბარი შესაძლებლობა ექნება საარჩევნო კამპანიის ჩატარებისა და ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის, ხოლო მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის გაკეთების თავისუფლება ყოველგვარი ზეწოლისგან დაცულ პირობებში.
აღნიშნული გამოწვევების სიღრმისეულად შესასწავლად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით შეიმუშავა ინტეგრირებული კვლევითი მიდგომა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ ძალაუფლებრივი სტრუქტურებისა და ადგილობრივი მოქმედი აქტორების გამოვლენა, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ წინასაარჩევნო პროცესებსა და საბოლოო შედეგებზე. გარდა ამისა, კვლევა მიზნად ისახავდა პოლიტიკური პარტიების საქმიანობის ანალიზს, მათ შორის, წინასაარჩევნო ნარატივებისა და დაპირებების შესაბამისობის დადგენას ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ამომრჩევლის საჭიროებებთან. კვლევის ფარგლებში ასევე განხორციელდა საარჩევნო გარემოს მონიტორინგი როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს, სისტემური დარღვევების იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირებისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ასევე განისაზღვრა, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მეზობელი სახელმწიფოების ჩარევის შესწავლა.
[1] ეთნიკურად ქართველების რაოდენობა შეადგენს 41.3%-ს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საყოველთაო აღწერის შედეგები.
[2] ეთნიკურად ქართველების რაოდენობა შეადგენს 48.2%-ს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საყოველთაო აღწერის შედეგები.
[3] სოციალური სამართლიანობის ცენტრი. რეკომენდაციების რუკა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინტეგრაციის და უფლებების დაცვის პოლიტიკა, 2024. გამოუქვეყნებელი დოკუმენტი.
[4] ინტერპრესნიუსი, „’ნაციონალური მოძრაობის’ ინფორმაციით, მარნეულის 36-ე ოლქის 48-ე უბნიდან საარჩევნო ყუთი გაიტაცეს“. წვდომა: 14 მარტი, 2025. ბმული: https://www.interpressnews.ge/ka/article/401300-nacionaluri-mozraobis-inpormaciit-marneulis-36-e-olkis-48-e-ubnidan-saarchevno-quti-gaitaces/
[5] Civil.ge, „მარნეულის საარჩევნო უბანზე მომხდარმა დაპირისპირებამ ხმის მიცემის პროცესი შეაფერხა“. წვდომა: 14 მარტი, 2025. ბმული: https://civil.ge/ka/archives/155402
ინსტრუქცია