[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური დაცვა / ანალიტიკური დოკუმენტები

სიღარიბე საქართველოში: სოციო-კულტურული და პოლიტიკური ასპექტები

შესავალი

სიღარიბე ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ღრმად ფესვგადგმული პრობლემაა თანამედროვე საქართველოში. ჩვენი ქვეყნის პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებლობის ისტორიას უწყვეტად გასდევს გაჭირვებისა და უქონლობის გაუსაძლის მარწუხებში მოქცეული სოციალური რეალობა - მუდმივი, შემაწუხებელი და მკვეთრად ხილული. ამ სტატიაში ყურადღება გამახვილდება სიღარიბეზე, როგორც სოციო-ეკონომიკურ გამოწვევაზე და ასევე, კულტურულ ფენომენზე, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის მატერიალურ კეთილდღეობას არღვევს, არამედ ღრმად ეხება და ანგრევს მის ფსიქიკას, აღქმას, თვითშეფასებას და სოციალურ სივრცეში მას მარგინალურად აქცევს. რად ფასდება, როგორ ჩამოფასდება ან გადაფასდება ადამიანის ღირსება, თავისუფლება და  სიცოცხლე იქ, სადაც გარემო ჩაუდენელი დანაშაულისთვის გსჯის? როგორ ექცევა აგენტობისა და პასუხისმგებლობის საკითხები სოციალური უთანასწორობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ რეალობაში, სადაც არჩევანი ხშირად მხოლოდ ილუზია შეიძლება იყოს? ეს კითხვები აუცილებელია, თუ გვინდა, რომ გავიგოთ სიღარიბის არა მხოლოდ შედეგები, არამედ ის კულტურული და ფსიქოლოგიური ტრაექტორიები, რომლებიც მის საფუძველზე იბადება და ღარიბი ადამიანის ცხოვრების ყოველდღიურობას განსაზღვრავს.

ასევე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ზოგადად სიღარიბისა და ღარიბი ადამიანების მიმართ სახელმწიფოს როლისა და დამოკიდებულების გამოყოფა და შეფასება - იმ მოტივების, სტრატეგიებისა და მიზნების გააზრება, რომლებიც მათი პოლიტიკის ფუნდამენტში დევს; ის, თუ რამდენად ქმედითია სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები სინამდვილეში და როგორ იყენებს მმართველი კლასი სიღარიბეს, როგორც ინსტრუმენტს - მართოს ადამიანების აზრი და ნება.

ამ სტატიაში სიღარიბე განიხილება არა როგორც ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ როგორც სისტემური პრობლემა, რომელიც განგრძობით ჩაგვრას ბადებს.

საქართველო, როგორც გლობალური კაპიტალისტური სისტემის ნაწილი, ვერ განიხილება მოწყვეტილად იმ საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესებისგან, რომლებიც ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ უთანასწორობას აძლიერებენ. სიღარიბის ანალიზი მხოლოდ ადგილობრივი გარემოებების შეფასებით არ არის საკმარისი - აუცილებელია მისი გააზრება გლობალურ კონტექსტშიც, რათა სრულად გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმები და როგორ შეიძლება მათზე რეაგირება. როგორც გაიატარი სპივაკი აღნიშნავს, გლობალური ეკონომიკა არა ნეიტრალური, არამედ ძალაუფლების ასიმეტრიული განაწილების სივრცეა, სადაც „მარგინალიზებული ჯგუფები ხშირად აღმოჩნდებიან არა მხოლოდ უხილავები და ხმაწართმეულები, არამედ სრულიად გარიყული საყოველთაო წარმოდგენიდან“ (Spivak, 1988). სწორედ ამიტომ, სიღარიბეზე საუბრისას, აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ იმ გლობალურ პოლიტიკებსა და ეკონომიკურ პრინციპებზე, რომლებიც ეროვნულ დონეზე სოციალური უსამართლობის განმტკიცებას უწყობს ხელს.

სტატია ემყარება თვისებრივ კვლევას, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური დახმარების მიმღებთა გამოცდილების, აღქმისა და ემოციური რეალობის ინტერპრეტაციას. კვლევის ემპირიული ნაწილი მიღებულია ზეპირი ისტორიებისა და ნახევრად სტრუქტურირებული, სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე, რომლებიც ჩატარდა 15 სოციალურად დაუცველ ადამიანთან. რესპონდენტები მიზნობრივად შეირჩა და მონაწილეობდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც მინიმუმ 5 წელია, სოციალურ დახმარებას იღებენ, რაც შესაძლებელს ხდიდა სოციალური პოლიტიკის ხანგრძლივი ეფექტების, ბიუროკრატიულ პროცესებთან ურთიერთობისა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზემოქმედების დინამიკის გაანალიზებას. ინტერვიუები ჩატარდა როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და იმერეთში, რამაც შესაძლებელი გახადა რეგიონული თავისებურებების შედარებითი შეფასება. ინტერვიუები ინდივიდუალურ გარემოში მიმდინარეობდა, რაც ნდობისა და რეფლექსიისთვის უსაფრთხო სივრცეს უზრუნველყოფდა. მიღებული მონაცემები გაანალიზდა თემატური კატეგორიზების მეთოდით, რამაც გამოკვეთა გამეორებადი ნარატივები, ძირითადი სირთულეები და სტრუქტურული ფაქტორები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები  სოციალურად დაუცველი ადამიანების გამოცდილებებს განსაზღვრავს. ასევე, კვლევაში გამოყენებულია თეორიის სტრუქტურული ანალიზი, რამაც შესაძლებელი გახადა საქართველოს გლობალურ კონტექსტში განხილვა და კვლევის საკითხს უფრო ფართო ხედვა მისცა.

სიღარიბე_საქართველოში_GEO_1769412116.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შენიშვნა: ტექსტში მოცემული ციტატები არის ავტორის ნათარგმნი და შეიძლება იყოს ინტერპრეტირებული.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“