საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის საქმიანობა არსებითად შეიცვალა. არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული პოლიტიკური კრიზისის, მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტის, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ საპარლამენტო ბოიკოტისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების ფონზე, მე-11 მოწვევის პარლამენტმა საქმიანობა პრაქტიკულად ერთპარტიული შემადგენლობით განაგრძო. ამ გარემოებებმა, ჯამში, მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც პარლამენტის პოლიტიკური ფუნქცია, ისე მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხასიათი.
2024 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდში პარლამენტმა 300-მდე საკანონმდებლო ინიციატივა/პაკეტი მიიღო, რომელთა უმეტესობა შინაარსობრივი განხილვის გარეშე, დაჩქარებულად იყო მიღებული და უარყოფითი, რიგ შემთხვევაში კი დამანგრეველი გავლენა მოახდინა ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული ფუნქციონირებისა და ურთიერთკონტროლის და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემის ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტზე. ამავე პერიოდში, როდესაც რეგრესული ცვლილებები განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობდა, საკანონმდებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იყო მანამდე დაგეგმილი რეფორმების/პოლიტიკების გადავადებისა და მოქმედი ინსტიტუტების ალტერნატივის გარეშე გაუქმებისკენ.
წინამდებარე დოკუმენტი აფასებს, რა იყო მე-11 მოწვევის პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და რა საერთო ტენდენციები გამოიკვეთა მიღებული კანონმდებლობის ანალიზის შედეგად. დოკუმენტი აერთიანებს პარლამენტის საქმიანობის რაოდენობრივ და შინაარსობრივ შეფასებას და ცდილობს აჩვენოს, რომ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ერთიანი პოლიტიკურ-სამართლებრივი ლოგიკის ნაწილია, რომელსაც სულ უფრო ნაკლები საერთო აქვს საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან, და საპირისპიროდ, ძალაუფლების კონცენტრაციას ემსახურება.
ინსტრუქცია