საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შესავალი
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებათა გამიჯვნა სუბსიდიარობის პრინციპს ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეთა პრობლემები და საჭიროებები მათთან ყველაზე ახლოს მდგომმა ხელისუფლების ორგანომ უნდა გადაჭრას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება, უფრო ეფექტიანად მოწესრიგდეს სუბეროვნულ ერთეულში, ცენტრალურის ნაცვლად, ადგილობრივ დონეზე არჩეული ხელისუფლების კომპეტენციაში უნდა ექცეოდეს. ამასთან, პოლიტიკური ავტონომიისა და უფლებამოსილებების მიღებას თან უნდა სდევდეს ადეკვატური ფინანსური გარანტიების შექმნაც. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობა მის უფლებამოსილებებთან.[1] ამდენად, ცენტრალური ხელისუფლების დონიდან უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების თვითმმართველი ერთეულებისთვის გადაცემა სამ კომპონენტს - პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფისკალურ დეცენტრალიზაციას, მოიცავს.
2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიით, სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა, რაც უმთავრეს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორისაა განხილული, საქართველოში მმართველობის სისტემის რეფორმირების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად გამოცხადდა. ამავე დოკუმენტში დეცენტრალიზაცია დაკავშირებული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციასთან. მასში სამი სტრატეგიული მიზანი იქნა დასახული, რომელთა შორისაა: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდა საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის გადაწყვეტაში; 2. ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით;
3. სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბება.[2] საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული შუალედური შეფასების ანგარიშის თანახმად, სამივე სტრატეგიული მიზნის ქვეშ მოცემული შედეგების გაზომვის ინდიკატორები 68 პროცენტიანი საშუალო მაჩვენებლით მიღწეულად შეფასდა.[3] მიუხედავად ამისა, შესრულებული ინდიკატორები, დელეგირებული უფლებამოსილებების არაარსებითი ხასიათისა და არასაკმარისი ფინანსური ავტონომიის კვლავ გამოწვევად არსებობის პირობებში, რეალურად, თვისებრივად მნიშვნელოვნად არ ცვლის ქვეყანაში დეცენტრალიზაციის დონეს. მაგალითად, პირველი სტრატეგიული მიზნის ერთ-ერთი ამოცანის, სუბსიდიარობის პრინციპზე დაყრდნობით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გაზრდის, გაზომვის ინდიკატორს წარმოადგენდა ხუთი უფლებამოსილების გადაცემა მუნიციპალიტეტებზე, რაც შეფასების თანახმად, 80%-ით შესრულდა და თვითმმართველ ერთეულებს 4 უფლებამოსილება გადაეცათ. ეს უფლებამოსილებებია: საჯარო სკოლების კაპიტალური ხარჯების გაწევა, მოსწავლეთა ტრანსპორტირება, ადგილობრივი ტყის მართვა და უფლებამოსილებები ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში.
საქართველოში მმართველობის სისტემის კვლავ არასაკმარისად დეცენტრალიზებაზე მეტყველებს საერთაშორისო დაკვირვების ანგარიშებიც. მათ შორის, ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს (CEMR) კვლევის თანახმად, 40 ქვეყანას შორის, დეცენტრალიზაციის ხარისხით, რაც მთლიან სამთავრობო ხარჯებში სუბნაციონალური ხელისუფლების დანახარჯების წილით იზომება, საქართველო მხოლოდ 7 სახელმწიფოს უსწრებს (მალტა, კვიპროსი, საბერძნეთი, თურქეთი, უნგრეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო). ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ქვეყნებიდან ტერიტორიის სიდიდითა და მოსახლეობის რიცხოვნობით საქართველოს მხოლოდ თურქეთი, საბერძნეთი და უნგრეთი აღემატებიან.[4] კვლევის თანახმად, საქართველო, უნგრეთთან ერთად, ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის დანახარჯების წილი 2010-2020 წლების განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა.[5] დეცენტრალიზაციის პრობლემებზე მიუთითებს ევროკომისიის რეგიონული და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ 57 ქვეყანას შორის, ადგილობრივი ავტონომიის ინდექსით, საქართველო საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება და 32-ე ადგილზეა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქვეყანას განსაკუთრებული ჩამორჩენა აქვს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ფისკალური ავტონომია და ფინანსური თვითკმარობა.[6] სუბნაციონალური ერთეულების საპირისპიროდ, ფინანსური რესურსებისა და პასუხისმგებლობების ჭარბი კონცენტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებაში ასუსტებს ადგილობრივი თვითმმართველობის როლს და აფერხებს როგორც რეგიონების მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ისე ძალაუფლების დაბალანსებულ განაწილებას ცენტრსა და პერიფერიას შორის.
იმისათვის, რომ საქართველოში მმართველობის სისტემამ ადეკვატურად უპასუხოს საზოგადოებრივ მოთხოვნილებებს და უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, აუცილებელია ქმედითი რეფორმების გატარება დეცენტრალიზაციის მიმართულებით. მმართველობითი უფლებამოსილებებისა და შესაბამისი რესურსების გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის უნდა დაეფუძნოს არსებული პრობლემების ადეკვატურ და მიუკერძოებელ ანალიზს. აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტში მიმოხილულია პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით საქართველოში არსებული ძირითადი გამოწვევები და გრძელვადიანი ხედვა მათი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.
[1] საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 7: ტერიტორიული მოწყობის საფუძვლები.
[2] „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, https://cutt.ly/srKx0DR5.
[3] „დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025: შუალედური შეფასების ანგარიში“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, https://cutt.ly/BrKx2DKS.
[4] “European Local Government Finances and Local Autonomy,” Thomas Prorok & Sofia Calzola, https://cutt.ly/SrKx9N25.
[5] “Local Finances and the Green Transition,” Council of European Municipalities and Regions (CEMR), https://cutt.ly/hrKx3fKe.
[6] “Self-rule index for local authorities in the EU, Council of Europe and OECD countries, 1990-2020,” European Commission, Directorate-General for Regional and Urban Policy, https://cutt.ly/PrKx32JF.
ინსტრუქცია