საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შესავალი
1999 წლის 20 მაისს, საქართველოსთვის ძალაში შევიდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.[1] სწორედ ამ თარიღიდან გახდა შესაძლებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საჩივრების წარდგენა კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევის თაობაზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, როგორც „ადრეული გაფრთხილების სისტემა“, ტოტალიტარიზმის ხელახლა აღმოცენების საფრთხის გამოვლენისა და პრევენციისთვის.[2] უფრო კონკრეტულად კი, ევროპული სასამართლო არის ევროპის საბჭოს ფარგლებში შექმნილი რეგიონალური სასამართლო, რომელიც დაფუძნდა 1959 წელს, და მისი მთავარი მისია არის ევროსაბჭოს 46 წევრი ქვეყნის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ამ მიზნით, სასამართლო განიხილავს როგორც ფიზიკური პირების, ისე - იურიდიული პირებისა და ხელშემკვრელი სახელმწიფოების საჩივრებს, რომლებიც შეეხება წევრ ქვეყნებში კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას. სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს წევრი სახელმწიფოებისთვის შესასრულებლად სავალდებულო ძალა აქვს და მათი აღსრულების ზედამხედველობას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებს.[3]
სწორედ გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათი და მისი აღსრულების შედარებით ეფექტიანი მექანიზმი ქმნის ევროპული სასამართლოს მაღალი ავტორიტეტის ერთ-ერთ საფუძველს. გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ევროპის კონტინენტზე, წევრ სახელმწიფოებში (და არამარტო) ადამიანის უფლებების სტანდარტების დადგენასა და გაუმჯობესებაში.[4]
სწორედ ევროპული სასამართლოს ავტორიტეტიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები, თუ ცაკლეული მონაცემები ხშირად ხდება კონკრეტულ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის თაობაზე დასკვნების გამოტანის და ინტერპრეტაციების საფუძველი. თუმცა, ამ მონაცემების ანალიზის დროს მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორის მხედველობაში მიღება,[5] მათ შორის, არამხოლოდ მოცემულ პერიოდში ქვეყნის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობა, არამედ ამ გადაწყვეტილებების შინაარსი, დადგენილი დარღვევის სიმძიმე, მომჩივანთა რაოდენობა, და ამ გადაწყვეტილებების აღსრულების მაჩვენებლები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში იურიდიული ცნობიერების დონე და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოებისთვის აუცილებელი სპეციფიკური ცოდნიდან გამომდინარე. ამასთანავე, სტატისტიკის ინტერპრეტაციის დროს, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზოგადი კონტექსტიც - ევროპულ სასამართლოში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, სასამართლოს შეცვლილი პრიორიტეტები და საქმის წარმოების პროცედურები, რაც, თავის მხრივ, არსებით გავლენას ახდენს კონკრეტული ქვეყნების სტატისტიკურ მაჩვენებლებზე.[6] შესაბამისად, ცალკე აღებული, ევროპული სასამართლოს რაიმე სტატისტიკური მონაცემი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე სრულყოფილი სურათის შექმნის შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა მონაცემთა სწორი ინტერპრეტირების, დინამიკებზე გრძელვადიანი დაკვირვებით და კონტექსტის სათანადოდ გათვალისწინებით, შესაძლებელია გარკვეული ტენდენციების გამოკვეთა.
როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ისე პრო-სახელისუფლებო მედია საშუალებები ხშირად მანიპულაციურად იმოწმებენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის და ხელისუფლების ქმედებების სისწორის დამადასტურებელ მტკიცებულებას.[7] ამის საპირისპიროდ, ბოლო წლებში საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების და სხვა საქმისწარმოების მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში შექმნილი ადამიანის უფლებათა კრიზისი ბოლო წლებში ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და ხელისუფლების მიერ ამ გადაწყვეტილებების აღსრულების სტატისტიკაში უკვე ისახება (ცხადია, რომ 2024-2025 წლებში ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეებზე ადამინის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია). ამ მაჩვენებლების ზრდა მეტყველებს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლო და სისხლის სამართლის სისტემების არარსებობა მსხვერპლებს აიძულებს, დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით ევროპულ სასამართლოს უფრო და უფრო მეტად მიმართონ, როგორც სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელ და საბოლოო შესაძლებლობას.
[1] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ქვეყნების ბოლო განახლების თარიღი: იანვარი 2026, გვ.1 https://www.echr.coe.int/press#countryProfiles
[2] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის სახელმძღვანელო, გვ. 5, ბოლო განახლება 31 აგვისტო 2025 https://ks.echr.coe.int/documents/d/echr-ks/guide_art_18_eng
[3] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლი
[4] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გავლენის მაგალითები თემატიკის მიხედვით: https://www.coe.int/en/web/impact-convention-human-rights/#/ ასევე, Impact of the European Convention on Human Rights in States Parties: selected examples, 2016
[5] პირველ რიგში, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპული კონვენცია ძირითადად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განზომილებით შემოიფარგლება და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების უმეტესობა კონვენციის და ევროპული სასამართლოს ყურადღების მიღმა რჩება.
[6] Gnomon Wise, “ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული საქმეების დინამიკა სასამართლოს ინსტიტუციური ევოლუციის ჭრილში,” 2022, გვ. 53 https://gnomonwise.ug.edu.ge/public/storage/publications/December2022/lVhPmczSRLWXmW22BRWp.pdf?fbclid=IwAR02xPgxoVFdflQJwuXa1Gu-njYQR-kAxStnE8B2fhu_PfjhtUfVpYC4-PA
[7] Imedi.ge, “თეა წულუკიანი: „საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია, რომ ის ამ სარჩელზე, რომელიც ეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ნაწილობრივ უკვე დამარცხდა”, 23.01.2026 https://imedinews.ge/ge/politika/421206/tea-tsulukiani-saia-malavs-imas-rats-strasburgis-sasamartlos-tserilshi-tseria-rom-is-am-sarchelze-romelits-ekheba-2024-tslis-saparlamento-archevnebs-natsilobriv-ukve-damartskhda
ინსტრუქცია