საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში საარჩევნო კანონმდებლობის მასობრივი დარღვევები დაფიქსირდა.
დარღვევების ეს პრაქტიკები განსაკუთრებულად მკაფიოდ ქვემო ქართლში გამოჩნდა, სადაც ადგილი ჰქონდა მასობრივი დაშინების, ამომრჩევლის ნების მანიპულაციისა და გაყალბების შემთხვევებს. წინასაარჩევნო პერიოდში, ისევე როგორც კერძოდ არჩევნების დღეს, განსაკუთრებული წნეხის ქვეშ მოექცნენ ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. სოციალური დახმარებების შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, დამკვირვებლების, ოპოზიციური პარტიების აქტივისტებისა და მათი ოჯახის წევრების დაშინება, აზერბაიჯანის სახელმწიფოს პირდაპირი მუშაობა წინასაარჩევნო პროცესებში მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ზეწოლისა, რომელიც მმართველმა პარტიამ ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ხმების მობილიზაციისთვის გამოიყენა.
26 ოქტომბრის არჩევნებში, ქართულმა ოცნებამ, ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ხმების ძალიან მაღალი რაოდენობა მოიპოვა. არჩევნების შედეგებით იმედგაცრუებული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კი, ეროვნულ დონეზე ქართული ოცნების მაღალი პროცენტული შედეგი ეთნიკურ უმცირესობებს დააბრალა.
გასათვალისწინებელია, რომ ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებში განსაკუთრებით მაღალია სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური და ენობრივი გარიყულობა. ეთნიკურ უმცირესობებს არ აქვთ განცდა, რომ ისინი პოლიტიკაში საკმარისად არიან წარმოდგენილები და მათი ხმა და წუხილები ისმის.
შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ქართული ოცნების მიერ ეროვნულ დონეზე გამოყენებული ყველა ის უკანონო პრაქტიკა, რომელიც ხმების მაქსიმალური რაოდენობის მობილიზაციას ისახავდა მიზნად, კიდევ უფრო ეფექტიანი აღმოჩნდა ისტორიულად გარიყულ და მოწყვლად მოსახლეობასთან მიმართებაში. ჩვენთვის დაუშვებელია გაყალბებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის მოწყვლად მოქალაქეებზე გადატანა.
არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება სახელმწიფო აპარატსა და მმართველ პარტიას.
აშკარაა ისიც, რომ პოლიტიკური პარტიების მუშაობა ამ რეგიონში იყო არასაკმარისი და სუსტი.
Captions: Geo/Eng/Arm/Az
ინსტრუქცია