საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საცხოვრისის სფეროში უზენაეს სასამართლოში მნიშვნელოვანი დავა მოიგო. სასამართლომ გაიზიარა წინა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, არ დააკმაყოფილა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი და განაცხადა, რომ ერთ ადამიანზე მხოლოდ 6.4 კვ.მ საცხოვრებელი ფართის გამოყოფა სათანადო საცხოვრებლის უფლების დარღვევაა.
საქმეზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ დავა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისიდან დაიწყო. კერძოდ, ცენტრმა გაასაჩივრა მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულება, რომლითაც უსახლკაროდ რეგისტრირებულ მოქალაქე იამზე თავართქილაძეს, მის 4 შვილსა და 1 შვილიშვილს გადაეცა საცხოვრებელი ფართი 38.32 კვ.მ-ის ოდენობით.
თავის გადაწყვეტილებაში, სათანადო საცხოვრებლის უფლების განმარტებისას, უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ საცხოვრისით უზრუნველყოფის დროს მოქალაქისთვის გადაცემული ფიზიკური ფართი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ სტანდარტებს, რათა ოჯახს მიეცეს მასში ღირსეულად ცხოვრების საშუალება, ხოლო ერთ ადამიანზე 6.4 კვ.მ ფართობის გამოყოფა ამგვარ შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფს.
უზენაესი სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული რეგულაციები - უსახლკაროდ რეგისტრაციისა და საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი მიუთითებს, რომ ერთი ადამიანისთვის საორიენტაციო საცხოვრებელი ფართი მხოლოდ 6 კვ.მ-ს შეადგენს.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი და პრეცედენტულია. სამწუხაროდ, საკანონმდებლო დონეზე დღემდე არ არის გაწერილი, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრისი იმისთვის, რომ ის სათანადოდ ჩაითვალოს. ამგვარი სტანდარტები, პრაქტიკაში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმნის არაერთგვაროვანი მიდგომის გამოყენების საფუძველს. გარდა ამისა, ამგვარი პრაქტიკა აყალიბებს იმის რისკს, რომ საცხოვრისის პოლიტიკასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები იყოს ადამიანის უფლებების სტანდარტთან შეუსაბამო.
ვიმედოვნებთ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება სათანადო საცხოვრებლის გარანტირების მიმართულებით არსებული მანკიერი პრაქტიკების აღმოფხვრის კატალიზატორი და შეცვლის მუნიციპალიტეტების პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები უსახლკარო და უკიდურეს სოციალურ-ეკონომიკურ მოწყვლადობაში მცხოვრებ შინამეურნეობებს აკმაყოფილებენ საცხოვრებელი ფართებით, თუმცა არ ინტერესდებიან ამ საცხოვრისებში შექმნილი პირობებით და მდგომარეობით.
ამასთან, მოვუწოდებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებს, გადახედონ უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის ამჟამად არსებულ რეგულაციებს და შეუსაბამონ იგი სასამართლოს მსჯელობასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.
ინსტრუქცია