[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / განცხადება

აღსრულების კოდექსის პროექტი სათანადო საცხოვრებლის უფლებრივ სტანდარტებს უგულებელყოფს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) ეხმიანება აღსრულების კოდექსისა და მისი თანმდევი ცვლილებების შესახებ კანონპროექტს, რომელიც ამჯერად საპარლამენტო განხილვის პროცესშია და მიიჩნევს, რომ იგი არ ასახავს სათანადო საცხოვრებლის უფლებრივ სტანდარტებს. უფრო მეტიც, ცვლილებები ცალკეულ შემთხვევებში, მნიშვნელოვნად აუარესებს გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. ამასთან, აღსრულების ისეთი სისტემის შემოთავაზებით, რომელიც მოგებაზე ორიენტირებული, კერძო აღმასრულებლებისთვის საჯარო უფლებამოსილების განხორციელების - აღსრულების ფუნქციის მინიჭებას გულისხმობს, მხარეების საჭიროებების გათვალისწინებისა და მათ შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მნიშვნელოვანი რისკები იქმნება.

51 დოკუმენტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მთავარ მიზანს აღსრულების კანონმდებლობის სისტემატიზაცია და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება წარმოადგენს. დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის გაუქმებასა და მის ნაცვლად აღსრულების კოდექსის მიღებას.

აღსრულების კოდექსის პროექტი უმეტესწილად ინსტიტუციურ ცვლილებებს მოიცავს - უქმდება ამჟამად არსებული აღსრულების შერეული სისტემა და იქმნება აღმასრულებელთა წევრობაზე დაფუძნებული სსიპ - აღმასრულებელთა პალატა, რომელშიც ყველა აღმასრულებელი (გარდა ინსპექტორებისა და აღსრულების პოლიციისა) გაწევრიანდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეცემა აღმასრულებელთა საქმიანობაზე მუდმივი სამართლებრივი, ეკონომიკური და დისციპლინური ზედამხედველობისა და მათთვის ცალკეული სერვისების მიწოდების უფლებამოსილება, მოგებაზე ორიენტირებული კერძო აღმასრულებლებისათვის საჯარო უფლებამოსილების - სააღსრულებო საქმიანობის - უდიდესი ნაწილის გადაცემა (ინსპექტორებისა და აღსრულების პოლიციის მიერ აღსასრულებელი საქმეების გარდა) და სისტემის განკერძოება მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს ამ ინსტიტუტის სამომავლო ეფექტიანი და მიუკერძოებელი საქმიანობის მიმართ.

ზემოაღნიშნულ ინსტიტუციურ რეფორმასთან ერთად, განსაკუთრებით შემაშფოთებელია აღსრულების კოდექსის პროექტში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, აღსრულების პოლიციას გამოსახლების დაწყება სასამართლო რგოლის გვერდის ავლით, მხოლოდ ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე შეეძლება. იმის ნაცვლად, რომ კანონმდებლობამ ყველა ტიპის გამოსახლებისას გაითვალისწინოს სასამართლოს სავალდებულო მონაწილეობა, რომელიც შეაფასებს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების საჭიროებებსა და უსახლკარობის რისკებს, შემოთავაზებული რეგულაციებით, გარკვეულ შემთხვევებში, გამარტივდება აღსრულების პროცედურის დაწყება. ამგვარი რეგულირება ცალკეულ საქმეებზე დააბრუნებს 6 წლის წინ გაუქმებულ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების რეჟიმს, რომელიც მხოლოდ ქონების შემძენის ინტერესებს ემსახურება და ცალსახად უგულებელყოფს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების უფლებებს.

მოცემული ცვლილება კიდევ უფრო პრობლემური ხდება საქართველოში შექმნილი მდგომარეობის ფონზე. წლიდან წლამდე სსიპ-აღსრულების ეროვნულ ბიუროში მატულობს უძრავი ქონებიდან გამოსახლებაზე განცხადებების რიცხვი. შესაბამისად, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი რჩება სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე და დგება უსახლკარობის რეალური რისკის ქვეშ. მიუხედავად COVID-19-ის პანდემიის დროს იძულებით გამოსახლებაზე მორატორიუმის დაწესებისა, სისტემის ძირეული გარდაქმნის გარეშე, პანდემიის შემდგომ გამოსახლების ტალღები ასობით ოჯახს საცხოვრისის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენებს.

დამატებით, შემოთავაზებული ცვლილებებით კვლავ უგულებელყოფილია გამოსახლებისას მნიშვნელოვანი უფლებრივი გარანტიების კანონისმიერი რეგულირების აუცილებლობა. მიუხედავად ცვლილების ავტორების მიერ გაცხადებული მიზნისა, მოხდეს აღსრულების სისტემის ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, გამოსახლების პროცედურების შემოთავაზებული რეგულაციები იმეორებს დღეისათვის ძალაში მყოფ ნორმებს და უგულებელყოფს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რაც გამოსახლებისგან დაცვისა და სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების მიმართულებით საქართველოსთვის სავალდებულოდ შესასრულებელია. ისევე როგორც მოქმედი კანონმდებლობა, აღსრულების კოდექსის პროექტი არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • გამოსახლების ცნება - კანონმდებლობაში არაფერია ნათქვამი, თუ რა შემთხვევები ითვლება გამოსახლებად. არსებული ვითარება, მაგალითისთვის, იწვევს უნებართვოდ აგებული შენობების დემონტაჟის დროს ადამიანების გამოყვანის შემთხვევების გამოსახლების რეჟიმიდან გამორიცხვას;
  • იძულებითი გამოსახლების სხვადასხვა ფორმის აკრძალვა - რეგულაციებში არაფერია ნათქვამი იძულებითი გამოსახლებისა და მისი ფორმების (მაგ. მუქარით, ზეწოლით გამოსახლების, ფაქტობრივი გამოსახლების (საცხოვრისის დატოვების მიზნით პირისთვის კარის აჭედვა, წყლისა და ელექტროენერგიის განზრახ შეწყვეტა)) აკრძალვისა და ამგვარ შემთხვევებზე ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნის შესახებ;
  • რელევანტური ინსტიტუციური ჩარჩოს განსაზღვრა - მოქმედი და შემოთავაზებული რეგულირება არ მოიცავს პირებისა და შინამეურნეობების გამოსახლების პრევენციის ან გამოსახლების შემდგომ უსახლკაროდ დარჩენის თავიდან აცილების მიზნით შესაბამის ინსტიტუტებს (მაგ. სასამართლო სისტემა, აღმასრულებელი, სოციალური სამსახური და მუნიციპალიტეტი) შორის კოორდინაციის ვალდებულებას;
  • პირთა გამოსახლებამდე შესაბამისი დაცვის მექანიზმების შემუშავება - როგორც მოქმედი, ისე შემოთავაზებული რეგულირება უგულებელყოფს გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირებთან კონსულტაციების გამართვის, გამოსახლების ყველა შესაბამისი ალტერნატივის განხილვისა და სახელმწიფოს მიერ ყველა ზომის მიღების ვალდებულებას, რათა არ მოხდეს გამოსახლება;
  • გამოსახლების პროცედურებში ადამიანის ღირსების დაცვა - რეგულაციები არ ითვალისწინებენ ისეთ მინიმალურ ვალდებულებებს, როგორიცაა, გამოსახლების აკრძალვა ზამთრის/ცუდი ამინდის დროსა და ღამის საათებში;
  • გამოსახლებული ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფა - როგორც მოქმედი, ისე შემოთავაზებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ერთადერთი საცხოვრისიდან გამოსახლების შემდგომ პირების უზრუნველყოფას საცხოვრისით, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პარლამენტს, იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე, საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპით და უზრუნველყოს:

  • აღსრულების კოდექსსა და თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში გამოსახლებამდე, გამოსახლების დროსა და მისი შემდგომი ეტაპებისათვის რელევანტური ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების სრულად ასახვა;
  • აღსრულების კოდექსის პროექტში დაგეგმილი ცვლილებების ამოღება, რომლის მიხედვითაც, გამოსახლების პროცედურის დაწყება მხოლოდ ქონების შემძენი პირის განცხადების საფუძველზე მოხდება;
  • აღსრულების სისტემის იმგვარი რეფორმირება, რომელიც გამორიცხავს კერძო მოგების მიზნით მხარეებს შორის სამართლიანი ბალანსის დარღვევას და უზრუნველყოფს სახელმწიფოს ეფექტიან ჩართულობას საჯარო უფლებამოსილების - სააღსრულებო საქმიანობის - განხორციელების დროს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“