საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საცხოვრებლის დაკარგვა ადამიანების ცხოვრებაში განსაკუთრებულად დამანგრეველი პროცესია, მძიმე და ხანგრძლივი სოციალური ეფექტებით ხასიათდება და, ხშირ შემთხვევაში, ადამიანების გაღარიბების წინაპირობა ხდება. ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს საცხოვრებელი, მეტად დგანან ცხოვრების ხარისხის გაუარესების, სოციალური დაუცველობის, სიღარიბის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა უმძიმესი სოციალური ეფექტების წინაშე. სამართლებრივი გარანტიების არარსებობა, არასათანადო წვდომა სოციალურ თუ იურიდიულ სერვისებზე, მხარდაჭერის სისტემის სისუსტე და, ზოგადად, სახელმწიფო პოლიტიკის არსებობა განსაკუთრებით საზიანოა და ქმნის ადამიანებისა თუ კოლექტიურად ოჯახების გაღარიბების და სოციალური გარიყვის საფრთხეს.[1] საცხოვრებელი, როგორც ბაზისური და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი კომპონენტი, მნიშვნელოვანია, იყოს ხელმისაწვდომი, უსაფრთხო, დაცული და ხელშეუხებელი, რაშიც სახელმწიფოს განსაკუთრებული როლი ეკისრება.
საქართველოში საცხოვრებლის უფლება სახელმწიფოს მხრიდან არასათანადოდ აღიარებული და დაცულია. სახელმწიფოს არ გააჩნია მწყობრი და სისტემური პოლიტიკა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება პრევენციული და რეაგირებითი მექანიზმები ამ უფლების დასაცავად და ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემის გადასაჭრელად.[2] ამასთან, უსახლკარობის პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტის გზების მოძიების ნაცვლად, ხშირად სახელმწიფოს საკანონმდებლო თუ პოლიტიკური ინიციატივები რეგრესულია, აუარესებს არსებულ სტანდარტებს და მნიშვნელოვნად ავადებს პრობლემის გადაწყვეტისათვის რეალური ნაბიჯების გადადგმის შანსებს.
მოცემული სტატიის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების შუქზე და საქართველოში არსებული საპოლიციო გამოსახლების გამოცდილებით, გაანალიზოს სააღსრულებო კოდექსის პროექტში ასახული გამოსახლების ინიციატივა, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო,[3] ასევე, ამ სფეროში დაგეგმილი სხვა შესაძლო ცვლილებები, შეაფასოს და გამოავლინოს ძირითადი რისკები, რომელიც აღნიშნული ინიციატივების მიღების შემთხვევაში რეალური გახდება.
იძულებითი გამოსახლებისგან დაცვა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყველას აქვს სათანადო საცხოვრებლის უფლება, რომელიც, თავის მხრივ, ადეკვატური ცხოვრების დონის უფლების კომპონენტია.[4] ადეკვატური საცხოვრებლის უფლება მოიცავს ისეთ კატეგორიებს, როგორიცაა პირად ცხოვრებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევისაგან დაცვა, საცხოვრისის ხელშეუხებლობა, რაც მოიცავს დაცვას პირად სივრცეზე, ოჯახსა და საცხოვრებელზე, ასევე იურიდიულ გარანტიებს, რომ ეს უფლება არ იქნება ხელყოფილი.
იძულებითი გამოსახლება წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების უხეშ დარღვევას, მათ შორის, ადეკვატური საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, შრომის, პიროვნების უსაფრთხოების, ჯანსაღ საკვებსა და წყალზე წვდომის უფლებების უგულებელყოფას. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ იძულებითი გამოსახლებისგან დაცვა.[5]
გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი იძულებითი გამოსახლების ცნებას უკავშირებს ადამიანების, ოჯახების ან საზოგადოების ჯგუფების საცხოვრებლიდან ან მიწიდან დროებით ან მუდმივ გამოსახლებას, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, სათანადო და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გარეშე ან სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობის პირობებში.[6]
გაეროს სახელმძღვანელო დოკუმენტი იძულებითი გამოსახლების დეფინირებისას იზიარებს კომიტეტის შეხედულებას, თუმცა მიიჩნევს, რომ იძულებითი გამოსახლება მაშინაც სახეზეა, თუ ადამიანებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ასახლებენ საცხოვრებელი სივრცეებიდან ან მიწიდან,
ეს ელემენტები ერთად, ან ცალ-ცალკე ქმნის იძულებითი გამოსახლების საფუძველს.
გამოსახლება, გარდა ისეთი მოვლენებისა, რომელიც შესაძლოა განვითარების პროექტებით ან მეგაპროექტებით იყოს გამოწვეული, გულისხმობს ადამიანის/ოჯახის საცხოვრებელი სივრციდან გასახლებას, რომელიც, როგორც წესი, მოჰყვება იურიდიულ სამართალწარმოებას ან სასამართლო პროცესს და, ადგილი აქვს ურბანულ კონტექსტში.[8] საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გამოსახლება უნდა განხორციელდეს კანონიერად, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ადამიანის უფლებათა მოთხოვნების სრული დაცვით.[9] ამიტომაც, გამოსახლების რეგულირება და სისტემური მოწესრიგება სახელმწიფოთა ამოცანაა, რომელსაც მან, ერთი მხრივ, ძლიერი პრევენციული პოლიტიკის არსებობით და, მეორე მხრივ, საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური გარანტიების შექმნით უნდა უპასუხოს.
საქართველოს კონტექსტში გამოსახლების პრობლემა თვალსაჩინო და აქტუალურია. წლების მანძილზე საბინაო პოლიტიკის არარსებობა, საცხოვრისის უფლების დაცვის უგულებელყოფა, სუსტი ნორმატიული ჩარჩო და არაეფექტიანი ინსტიტუციური გარანტიები უამრავი ადამიანის უფლების დარღვევის მიზეზი ხდება. ქართული კანონმდებლობა არ იცავს ადამიანებს იძულებითი გამოსახლებისგან. გამოსახლება ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მესაკუთრეთა უფლების დაცვის მიზანს ემსახურება და სწორედ მათი ინტერესების დაცვის მიზნით არის წარმოდგენილი როგორც ნორმატიული, ისე პროცედურული გარანტიები.
საპოლიციო გამოსახლების ქართული გამოცდილება, ანუ რა შეიცვალა 2015 წელს?
2015 წლამდე, იძულებითი გამოსახლება, პრაქტიკულად წარმოადგენდა სამართალდარღვევის ფაქტის აღკვეთას სამართალდამცავი უწყების მიერ, რომელიც მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, სამართლებრივი პროცესის გამართვისა და სასამართლოს ჩართულობის გარეშე ხორციელდებოდა. საპოლიციო გამოსახლების მთავარ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსში არსებული სამართლებრივი ჩანაწერი, რომელიც გამარტივებული წესით, შეტყობინების შემთხვევაში, შესაძლებლობას აძლევდა სამართალდამცავ უწყებებს, წამოეწყოთ გამოსახლების პროცედურა საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, სადაც განმცხადებლის მესაკუთრეობა დასტურდებოდა.[10] გამოსახლების პროცესში პრაქტიკულად მხოლოდ სამართალდამცავი ორგანო მონაწილეობდა, რომელიც სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებაზე დაყრდნობით და მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საცხოვრებლიდან ასახლებდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც უძრავი ქონების მისამართზე დახვდებოდა.[11] ამ დროს სრულად გამოირიცხებოდა სასამართლო ან სხვა ტიპის სამართლებრივი პროცესის წარმართვა, გამოსახლებას დაქვემდებარებულ ადამიანებს არ გააჩნდათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის, საკუთარი მოსაზრების წარდგენის, მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისა თუ სხვა პროცედურული უფლებები.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ამგვარი გარანტია სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთრების გამოთხოვის სარჩელის (ე.წ. ვინდიკაციური სარჩელი) ალტერნატივის სახით ქართულ კანონმდებლობაში საკუთრების უფლების ხელშეუხებლობისა და მისი დაცვის მიზანს ემსახურებოდა, ხოლო გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, გამოსახლების პროცესში თუ მის შემდგომ გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანები სახელმწიფოს მხარდაჭერისა და სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩებოდნენ.
2015 წელს საქართველოს პარლამენტმა ‘საპოლიციო გამოსახლების’ მარეგულირებელი ნორმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ამის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ მიენიჭა გამოსახლების გზით უკანონო მფლობელობის შეწყვეტის უფლებამოსილება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემთხვევაში, უძრავ ნივთზე მფლობელობის დაწყების მომენტიდანვე.[12] აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელი გახდა საცხოვრებლიდან ადამიანის ან ოჯახის გამოსახლება იმ შემთხვევაში, თუ დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საცხოვრებელი უკანონო მფლობელობაშია.[13]
მიუხედავად იმისა, რომ საპოლიციო გამოსახლების გაუქმება საცხოვრისის უფლების დაცვისაკენ პარლამენტის მიერ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ერთადერთი პოზიტიური ნაბიჯია, და ამ ცვლილებას შესაძლოა, ფუნდამენტური და გარდამტეხი ეფექტი ჰქონოდა საცხოვრისის პოლიტიკასა და უსახლკარობაზე, მას არ მოჰყოლია საბინაო პოლიტიკისა და საცხოვრისის რეფორმა, რომელიც არსებულ მძიმე სიტუაციას რადიკალურად გარდაქმნიდა.[14]
საპოლიციო გამოსახლების აღნიშნული ფორმით გაუქმებას საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა და იგი, ძირითადად, უარყოფითად შეფასდა მესაკუთრეების და მათი ინტერესების დამცველი ჯგუფების მიერ. საპოლიციო გამოსახლების აღდგენის საჭიროებას ასაბუთებდა და დღემდე ითხოვს ბიზნეს-სექტორი და ამას საკუთრების უფლების დაცვის არგუმენტებით ამყარებს.[15]
რა (არ) გააკეთა ხელისუფლებამ გამოსახლების პრობლემების მოსაგვარებლად?
როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოსახლება, როგორც საცხოვრისის უფლებაში ჩარევის ინტენსიური ფორმა, შესაძლოა გამოყენებული იქნას, როგორც უკიდურესი საშუალება. ამასთან, სავალდებულოა, იგი განხორციელდეს სათანადო სამართლებრივი პროცედურის დაცვით, რომელიც გამოსახლებამდე, გამოსახლების პროცესში და მას შემდეგ მიმართული იქნება გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანების ინტერესების დაცვისაკენ.
იძულებითი გამოსახლებისას უმნიშვნელოვანესია, შეფასდეს სასამართლოს როლი და პასუხისმგებლობის ფარგლები, რომელიც უნდა იყოს რეალური და ეფექტიანი ინსტრუმენტი საკუთრებისა და საცხოვრისის უფლებას შორის გონივრული ბალანსის დასაცავად.
2015 წლის საკანონმდებლო ცვლილების შემდგომ, გამოსახლება სრულად დაექვემდებარა სასამართლო კონტროლს, რაც ნიშნავს იმას, რომ უკანონო მფლობელობის შეწყვეტა და ამ მიზნით გამოსახლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.[16] სარჩელის წარდგენისას მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მყისიერად აღსრულება, რაც ნიშნავს, რომ დავის ზემდგომ სასამართლოებში გაგრძელების, ასევე გადაწყვეტილების შეცვლის შემთხვევაშიც კი გამოსახლების პროცესი დასრულებული იქნება.[17]
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სრულად მოერგო მესაკუთრეთა ინტერესებს და სასამართლო წარმოებაც მხოლოდ გამოსახლების გადავადების საშუალებად დარჩა. რეფორმის ფორმალურობასა და მექანიკურობაზე უთითებს ისიც, რომ ნაცვლად გამოსახლების (როგორც გადაწყვეტილების აღსრულების პროცესისა) ადეკვატური და პროპორციული ღონისძიების მიღებისა, სასამართლო არ მსჯელობს გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანების საჭიროებებზე, ასევე, მათ დაკმაყოფილებაში სახელმწიფოს მონაწილეობასა და როლზე. ანუ, სასამართლო არ ინტერესდება ისეთი საკითხებით, როგორიცაა, მაგალითად: გამოიწვევს თუ არა გამოსახლება ადამიანებისა და ოჯახების უსახლკარობას; არიან თუ არა გამოსასახლებელ პირებს შორის ბავშვები, ქალები, მოხუცები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; როგორია მათი საჭიროებები; რამდენად ხდება უკანასკნელი საცხოვრისიდან გამოსახლება; არსებობს თუ არა დროებითი ალტერნატიული სერვისების შეთავაზების აუცილებლობა ან/და შესაძლებლობა და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების პაქტით გათვალისწინებული სტანდარტით, დაუშვებელია გამოსახლების ერთადერთი საფუძველი გახდეს უკანონო მფლობელობის ფაქტი, სასამართლო არ შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ამ გარემოების დადასტურებას და პროცესი უნდა მოიცავდეს საფუძვლიან და სიღრმისეულ შესწავლას საქმის გარემოებების შესახებ,[18] ერთადერთი პრიზმა, საიდანაც ქართულ სასამართლოში გამოსახლების საქმეები იხილება, სწორედ საკუთრების უფლება და მესაკუთრის ინტერესია. ეს ნიშნავს, რომ თუ საქმის გარემოებებით საკუთრების უფლების ნამდვილობა დადასტურება, სასამართლოს გააჩნია კანონიერი უფლება, მიიღოს გამოსახლების გადაწყვეტილება.
ამდენად, მართალია სასამართლო გამოსახლების გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ორგანოა, თუმცა, ის ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას ამ პროცესში და ვერ ახერხებს გამოსახლებას დაქვემდებარებული ადამიანების ინტერესების და საჭიროებების გამორკვევას, ისევე, როგორც საქმეზე ობიექტური და დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას.
რას ითვალისწინებს დაანონსებული ცვლილებები?
საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 2022 წლის თებერვალში პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც აღსრულების კანონმდებლობის ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს სფეროს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. დაანონსებული ცვლილებით უქმდება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ძალაში არსებული კანონი, ხოლო მის ნაცვლად ამოქმედდება აღსრულების კოდექსი, რომელიც აღსრულების ერთიან სისტემას ჩამოაყალიბებს.[19] ცვლილება ასევე ეხება გამოსახლების საქმეების აღსრულებას, რომელიც ამარტივებს და, ცალკეულ შემთხვევებში, არსებული დაცვის გარანტიების მიღმაც კი ტოვებს გამოსახლებას დაქვემდებარებულ ადამიანებს.
საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით მხარდაჭერილი პროექტი ამარტივებს გამოსახლების პროცედურას უძრავი ქონების შემძენებისათვის. პროექტის მიხედვით, გამოსახლების საქმეების წარმოება შესაძლებელია უძრავი ქონების შემძენის მიერ განცხადების წარდგენისას, რომლის საფუძველზეც ბიურო ვალდებულია, დაიწყოს გამოსახლების პროცედურა. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს საკუთრების უფლების წარმომშობი ან დამადასტურებელი დოკუმენტები (აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დოკუმენტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).[20] ამ შემთხვევაში გამოსახლებას დაქვემდებარებულ პირებს შორის შეგვიძლია მოვიაზროთ ის ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი გარკვეული ფინანსური ვალდებულების (მაგ. სესხი) შეუსრულებლობის გამო გაიყიდა. ბუნებრივია, ეს ჯგუფი სოციალური მოწყვლადობის კატეგორიაში მოხვედრის მაღალი რისკით ხასიათდება და ამ დროს სახელმწიფოს ჩართულობა უსახლკარობის პრევენციის მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გარდა საცხოვრებლის უფლებაში გაუმართლებელი ჩარევისა (რომელიც სასამართლოს მიღმა გამოსახლებაში გამოიხატება), ასეთ საქმეებზე გამოსახლების კანონმდებლობის დასუსტება აჩენს საზოგადოების ეკონომიკურად მოწყვლადი ფენის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების რისკებს.
ამას გარდა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მუშავდება იდეა, რომლის თანახმად საპოლიციო გამოსახლების პროცედურა შესაძლოა, იწარმოებოდეს უძრავი ქონების მესაკუთრეთა საქმეებზე, რომელთაც სარგებლობაში გადასცეს საცხოვრებელი სხვა პირს და საპირწონე ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნა არ ხდება. ამ იდეას საკანონმდებლო ცვლილების პროექტის ფორმა ჯერ არ შეუძენია.[21] ეს უკანასკნელი შემთხვევა კერძო პირებს შორის სახელშეკრულებო დავიდან არის წარმოშობილი და მიზნად მესაკუთრის სახელშეკრულებო რისკის შემცირებას ემსახურება. საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში საცხოვრებლის მესაკუთრეს ქირავნობის, იჯარის ან სხვა მფლობელობის ხელშეკრულების დარღვევის დროს, ადამიანებისა და ოჯახების საცხოვრებლიდან გამოსახლება სასამართლოს გვერდის ავლით, მხოლოდ მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დაწყებული წარმოებით, გახდება შესაძლებელი.
ორივე შემთხვევაში, სასამართლოს რგოლის გვერდის ავლით წარმოებული გამოსახლება აუარესებს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების მდგომარეობას და თეორიულადაც კი გამორიცხავს მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შანსებს. იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელი ხდება სახელშეკრულებო ურთიერთობის საგნად იქცეს გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების უფლებრივი და საპროცესო გარანტიები, საკანონმდებლო დონეზე საცხოვრისის უფლების სერიოზული დასუსტება მოხდება, ხოლო პრაქტიკაში წარმოიქმნება დაუძლეველი სირთულეები ამ უფლების დაცვისათვის.
ამასთან, დაანონსებული ცვლილებები ქართულ კანონმდებლობაში ცალსახად ახდენს სახელმწიფოს სამართლებრივი და პოლიტიკური ნების რეპრეზენტაციას, რომელიც უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებებსა და როლს გამოსახლების პროცესში გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების დასაცავად. სასამართლოს როლის ფორმალურად გამოთიშვა ამ პროცესიდან გააუარესებს ქვეყანაში გამოსახლების საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების მდგომარეობას და კიდევ უფრო რთულს გახდის საცხოვრებლის უფლების დაცვისაკენ გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯების შესრულებას.
დასკვნა
საცხოვრისის უფლებით სარგებლობა და იძულებითი გამოსახლებისგან დაცვა ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენციისაკენ მიმართული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სახელმწიფოს ვალია, საკუთარი მოქალაქეების მიმართ შექმნას უფლებების ეფექტიანი დაცვისა და აღსრულებისათვის აუცილებელი და ფუნდამენტური სამართლებრივი ბაზისი და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები. იძულებითი გამოსახლებისგან დაცვა სწორედ ის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც სახელმწიფოსგან აქტიურ ჩარევას, მნიშვნელოვან საკანონმდებლო ბაზასა და უფლების დაცვის მექანიზმების არსებობას მოითხოვს.
გამოსახლებისგან დაცვის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი უჭირავს სასამართლოს მონაწილეობას, რომელიც საცხოვრისისა და საკუთრების უფლების სამართლიანი ბალანსის შენარჩუნების გარანტი უნდა იყოს და დაუშვებელია, იძულებითი გამოსახლება სასამართლო კონტროლის მიღმა წარიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ საპოლიციო გამოსახლების ძველი ფორმის აღდგენას ახალი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით მიღებული, ასევე დაანონსებული ცვლილებები, საცხოვრისის უფლების დარღვევის რისკებს აჩენს. სასამართლოს გვერდის ავლით იძულებითი გამოსახლების წარმართვა ზრდის გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების უფლებების შელახვის, გამოსახლების პროცესის ინტერესთა დაბალანსების გარეშე წარმოების რისკებს. საკანონმდებლო პაკეტი განსაკუთრებით პრობლემურია მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებთან მიმართებით, რამდენადაც არ ითვალისწინებს მათი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას გამოსახლების შემთხვევაში.
როგორც უკვე აღინიშნა, ცვლილებების პროექტი და დაანონსებული ცვლილებები არ არის საპოლიციო გამოსახლების ზუსტი ანალოგი, თუმცა, ცხადია, რომ ის გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების ინტერესების ხარჯზე მესაკუთრეთა უფლებების დაცვისა და მათი სახელშეკრულებო რისკების შემცირების მიზანს ემსახურება. აღნიშნული ფორმით საპოლიციო გამოსახლების არსებობა კიდევ უფრო გაართულებს და ხელმიუწვდომელს გახდის გამოსახლებას დაქვემდებარებული პირებისათვის უფლების დაცვის ეფექტიან საშუალებებს და გაზრდის უფლების შემლახავი გამოსახლების პრაქტიკებს.
დოკუმენტი მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის ადვოკატირება“ – ფარგლებში. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
[1] Forced Evictions, Fact Sheet No. 25/Rev.1, United Nations, New York and Geneva, 2014, 5.
[2] იხ. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, უფლება სათანადო საცხოვრებელზე (ძირითადი გამოწვევების ანალიზი) 2020, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, უსახლკარობა - სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი, 2016.
[3] ნორმატიული აქტის - აღსრულების კოდექსისა და თანმდევი სამართლებრივი აქტების პროექტი N07-3/34/10. ხელმისაწვდომია აქ: https://parliament.ge/legislation/21636 , ბოლოს ნანახია: 20.07.2023.
[4] შენიშვნა: სათანადო საცხოვრისის უფლებას განამტკიცებს შემდეგი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (UDHR); ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (ICESCR); ევროპის სოციალური ქარტია (ESC); ევროპის კავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტია; კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (CRPD) და სხვა.
[5] Basic principles and guidelines on development – based evictions and displacement. Annex 1 of the report of the Special Rapporteur on adequate housing as a component of the right to an adequate standard of living A/HRC/4/18. პარ. 13 - 14.
[6] Committee on Economic, Social and Cultural Rights, general comment No. 7 (1997) on the right to adequate housing: forced evictions.
[7] Forced Evictions, Fact Sheet No. 25/Rev.1, United Nations, New York and Geneva, 2014, 3.
[8] Report of the Special Rapporteur on adequate housing as a component of the right to an adequate standard of living, and on the right to non-discrimination in this context, Mr. Balakrishnan Rajagopal, 2021, A/HRC/47/43. პ.58
[9] Basic principles and guidelines on development – based evictions and displacement. Annex 1 of the report of the Special Rapporteur on adequate housing as a component of the right to an adequate standard of living A/HRC/4/18.
[10] ავტორის შენიშვნა: აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ჩანაწერი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის (ე.წ. ვინდიკაციური) სარჩელის ალტერნატივას წარმოადგენდა და სასამართლოს კონტროლის მიღმა წარიმართებოდა.
[11] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 172.3 ‘თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოსაგან, კანონით დადგენილი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გზით, გარდა სავარაუდო ხელმყოფის მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობის ან/და სარგებლობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევისა’ [2015 წლის რედაქცია]. საქართველოს კანონი სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, 2015 წლის 11 დეკემბერი https://matsne.gov.ge/ka/document/view/3104655?publication=0#DOCUMENT:1;
[12] საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 1 მარტის N75 ბრძანება „საცხოვრებელი სახლიდან/ ბინიდან ან/და სხვა მფლობელობიდან უკანონო მფლობელისა და მასთან მყოფი პირის/პირების გამოსახლების/გამოყვანის წესის დამტკიცების თაობაზე“.
[13] იქვე. მუხლი 4.3.
[14] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, უფლება სათანადო საცხოვრებელზე (ძირითადი გამოწვევების ანალიზი) 2020.
[15] მაგალითისათვის იხილეთ: ბიზნეს ასოციაციამ საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს; bm.ge, ხელმისაწვდომია აქ: https://bm.ge/ka/article/biznes-asociaciam-sapolicio-gamosaxlebis-wesis--gauqmeba-shesadzloa-sakonstitucio-sasamartloshi-gaasachivros/729, ბოლოს ნანახია: 20.07.2023’ საპოლიციო გამოსახლების კანონი უნდა აღდგეს, ბიზნეს ფორმულა. ხელმისაწვდომია აქ: https://businessformula.ge/News/10398 , ბოლოს ნანახია: 20.07.2023.
[16] გარდა ზემოთ აღწერილი სცენარისა, როდესაც გამოსახლება დაშვებულია სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, თუ არსებობს ვარაუდი მართლსაწინააღმდეგო მფლობელობის შესახებ.
[17] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 268, ე1. ავტორის შენიშვნა: გამოსახლების საქმეების განხილვის ვადები მკვეთრად შემცირდა საკანონმდებლო დონეზე, მესაკუთრეს ასევე შეუძლია მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
[18] General Comment No. 4: The Right to Adequate Housing (Art. 11 (1) of the Covenant), Committee on Economic, Social and Cultural Rights, para. 8.a (1991).
[19] ნორმატიული აქტის - აღსრულების კოდექსისა და თანმდევი სამართლებრივი აქტების პროექტი N07-3/34/10. ხელმისაწვდომია აქ: https://parliament.ge/legislation/21636 , ბოლოს ნანახია: 20.07.2023.
[20] იქვე. აღსრულების კოდექსის პროექტი, მუხლი 4.კ; მუხლი 8.4. ; მუხლი 31.2.
[21] ხელშეკრულება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დარეგისტრირდება - რა ახალი წესი მუშავდება ურჩი მდგმურების გამოსახლებისთვის, ხელმისაწვდომია აქ: https://www.bpn.ge/article/109473-xelshekruleba-agsrulebis-erovnul-biuroshi-daregistrirdeba-ra-axali-cesi-mushavdeba-urchi-mdgmurebis-gamosaxlebistvis/ , ბოლოს ნანახია: 20.07.2023
ინსტრუქცია